x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„შიმშილობას ღირებულად ჩავთვლიდი, რომ ეთქვა, ვინანიებ, შემეშალა და თვითდასჯას თქვენ გიძღვნითო“ - ნათია ფანჯიკიძე

image

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. ის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის ეს ნაბიჯი ღირებული სულაც არ არის, რადგან მას ბოდიში არ მოუხდია:

„მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი ყოფილ პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით... აბა, თვითმფრინავი მოფრინავს... უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, - დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში ადამიანის სიცოცხლის მიმართ, კანონის მიმართ და სასჯელის მიმართ სრულიად სხვა კრიტერიუმი და აღქმა არსებობდა.

ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას, ვისთვისაც რამე დამიშავებია, მიიღეთ ჩემი სინანული. 40 დღე მოვკვდები და კიდევ 40 დღე თავიდან დაბადების შანსი მომეცით, რომ განახლებულ ადამიანად დავბრუნდე თქვენს შორის და არა ის, რომ ეს ამოდენა აღმაშენებელი ბიჭი რა უსამართლოდ ჩამასკუპეთ, მე ხომ იუსტიციის სახლი გავმართე და განა არ ღირდა ეს პროგრესი ადამიანების მასხარად აგდებად ან დასახიჩრებად, ან გამიზნულ, ან გადაცდომით მკვლელობად? მაგრამ არა, მამა აბრამის ბატკნობას და უცოდველობას აპროტესტებს და ვერც სცენარის უგემოვნობას ამჩნევს, მხიარული ფანტომასვით მწვანილის გადასაზიდი ყუთით შემოსული ახლა ბავშვივით ფაფაზე რომ ამბობს უარს. ყოველ დილას რომ ვიღვიძებ, სანამ გავწონასწორდები, ყველა დარდს ერთად ვდარდობ, თუკი რამე შემიცოდავს და იმასაც, რაც არ შემიცოდავს. როგორ შეიძლება არასდროს არაფერს გადახედოს გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა და არასდროს არაფერი ინანოს. სულ არ ვაპირებდი რამის თქმას ამ საკითხზე. ოცნების უმსგავსობამ მაიძულა - გოგო მოვიდა ახლა ჩემთან სახლში და მეტროში აღგზნებული ახალგაზრდების ბანდა ღრიალებდა ხალხის დასანახად, სააკაშვილს აგინებდნენო. შეგვეშინდა ხალხსო. ხოდა თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი კიდევ და იმ ხალხისაც, ფარშევანგებივით ცოცხებით რომ გამოდგით ტრასაზე და ბოლომდე კარგად ვერც ხვდებიან, რა აბუჩად იგდებთ მათ ისედაც უბადრუკობად ქცეულ ყოფას. ადამიანების მორალურად დაჩაჩანაკებაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს და ვინც ამას აკეთებს, ყველაზე დიდი დამნაშავეა ქვეყნის წინაშე. ვცდილობ გრილი ვიყო და შორიდან ვუყურო ამ გროტესკს, რაც ხდება, მაგრამ ამომეთქმევინა, მტკივა მაინც, როგორც ჩანს. ყველა დღე მენანება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ დაკარგა სწრაფი განვითარების გზაზე და ამ სისულელეში გახარჯა დრო. ბოროტებაზე და მტრობაზე დიდი სისულელე და ცხოველურ წარმოშობასთან ნათესაობის მამხილებელი ხომ ადამიანში სხვა არაფერი არსებობს“. - წერს ნათია ფანჯიკიძე.

მოგვიანებით ნათია ფანჯიკიძემ განმარტა:

"მეგობრებო, ამ პოსტზე კომენტარებს არ დავალაიქებ და არც ის მინდა, ზედმეტად ვინმეს დისკუსიაში შევყვე. მთელი გულით დამეწერინა ეს დილას. ცოტა რომ მომეცადა, არც დავწერდი, რადგან ყველაზე კომფორტულად ვარ, როცა მხოლოდ ჩემ საქმეზე ვფიქრობ და ძალიან მომბეზრდა ეს აკვიატებული მდგომარეობა ქვეყანაში. მუდმივი განგაშის მდგომარეობა, მუდმივი ტერორი გრძნობებზე და ბოდიშების ხდა, ყვავილების მოვლა რომ მინდა გამოვამზეურო და უხერხულობის გრძნობა მაქვს, რადგან ხან ერთი ნაწილია მეგობრების ემოციურად შეშლილი და ხან მეორე და არცერთი ჩემი მეგობრის ემოცია არ არის ჩემთვის უმნიშვნელო, მიუხედავად იმისა, ვის ემხრობა და ვის უპირისპირდება. ამ მეგობრების გრძბნობებზე რომ არ ვიმოქმედო და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ამიტომ არაფერს, ან თითქმის არაფერს ვწერ პოლიტიკაზე. საქმიანი ატმოსფერო მინდა, ადამიანური. არაფერი მინდა მეტი. და ის მინდა კიდევ, ადამიანებს პირობები ჰქონდეთ გააზრების, რა გეზი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რატომ უნდა ჰქონდეს და რა ადგილი უნდა გვეჭიროს მსოფლიოში. დანარჩენს მე ჩემით და თქვენ თქვენით ვიშრომებთ და მივხედავთ, მივაღწევთ.

საქმეც ამაშია. თვითონ ერთი სიტყვის გამო მზად არიან გაგბრდღვნან და ის კი უკვირთ, სხვას რეალური წამება, მორალური თუ ფიზიკური რატომ არ ავიწყდება და რატომაა ბოდიში საჭირო. მე კი მიჩვეული ვარ უკვე, ბევრი წელია, ამათგანაც, იმათგანაც. წერონ, სხვებმაც ნახონ, რა ელით "ჭკვიანად თუ არ მოიქცევიან".

მოკლედ, ცოტა თუ ჩაახვევ, ბევრისთვის აზრის გაგება რთულდება და ნაცების ის მომხრეები, რომლებსაც არ ესმით, როგორ აბრაზებენ მათ, ვინც დარტყმა მიიღო იმ წლებში, როცა ეუბნებიან, რომ დიახაც, კარგი იყო რაც გიქნეს და ახლა უდანაშაულო გმირად უნდა აღიარო, რუსეთს უხარია და ამიტომ შენ უნდა დაივიწყო "პირადი წყენა" და ა.შ. სურათს არ ცვლის, პირიქით, ბრაზი აქტიურდება ძველად განცდილის გამო. ესენი ახლა მე მაბრალებენ რაფალიანცის ტრაგედიას და ასე "იცავენ" სააკაშვილს და უმტკიცებენ "ერთგულებას". სანდრა რომ საშვილოსნოებს ყიდდა, იგივე კატეგორიაა იქით მხარეს. ამიტომ მათთვის განვმარტავ, ვინც აზრიანი მომხრეა და ვისაც აქვს გრძნობა, რომ თავისთავად იგულისხმება მონანიების აქტი: განცხადებას აქვს მნიშვნელობა. ძალიან მხიარული ჩამოსვლა ჰქონდა. მაგ ხაზს რომ გაჰყოლოდა კამერაშიც, და ზუსტადაც ელარჯი მოეთხოვა, პირადად მე უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი და ბევრი სხვაც, ვინც აფასებს იუმორს. ჩამოსვლის და გამარჯობის სტილი მას ჰგავდა, ხან სახურავიდან ჰელოუ და ხან ზღვიდან ფანტომასივით, გამოაცოცხლა პროცესი, შემოიტანა განსხვავებული განწყობა. ახალი ცოლის ამბავიც მას ჰგავდა და ვიღაცას ნაკლი ჰგონია, მე არ მაწუხებს ეგეთი ამბები, ადამიანურია და ასევე მისთვის პორტრეტული, მხიარული მხარეა და უფრო სიმპატია მაქვს, ვიდრე რამე პრობლემა ამასთან. არ მომწონს რომ შიმშილობს, არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი. თუ თვითგვემა გადაწყვიტა, ჯობდა ეთქვა, უკანონო პატიმრობას კი არ ვაპროტესტებ, თუ ვინმესთვის დამიშავებია, ამას ვინანიებო (ციხიდან მაინც გამოუშვებენ, განცხადება კი ბევრად ამაღლებული იქნებოდა, ვიდრე ათასი პატიმარი რომ შიმშილობს, უდანაშაულობის სამტკიცებლად) და ნახევარი ოცნების ხმებს წაიღებდა, ვინც მხოლოდ მისი აუტანლობის გამო აძლევს ხმას ოცნებას და არა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ჰგონია ადამიანი ან ბიძინაზეა გადარეული. ძალიან ბევრი მიიღებდა ამ გაცხადებულ ბოდიშს. თუ უნდა ეშიმშილა, მისიანი რომ ვყოფილიყავი, ამას ვეტყოდი. ახლა უბრალოდ იზიანებს ჯანმრთელობას. რამე რომ დაემართოს, ქვეყანა მიიღებს გაუცნობიერებელ ტრავმას, ამიტომ მინდა ჭამოს ბულიონი, რადგან არაფერს მაძლევს ეს შიმშილობა, გარდა იმისა, რომ მაინც მეფიქრება და რომ არ მეფიქრებოდეს, არც არაფერს დავწერდი. ხოდა ვინც ვერ გაიგეთ, დატკბით პანელზე გამოდგმული ფარშევანგებით და ატრიალეთ ისევ იგივე და გაერთეთ ჩემი სქრინებით. მეტი მარტივად ახსნა არ გამომივა".




0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0