x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
მელანომა
image
მელანომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება მელანოციტებისგან - ეს არის უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან მელანინს, იგი პასუხისმგებელია პიგმენტების წარმოებაზე და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაზე. მელანომა არის ძალიან აგრესიული და ხშირად მორეციდივე სიმსივნე, რომელიც მეტასტაზირებს სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით.

ავთვისებიანი პროცესები კანზე რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, ესენია:

  • ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
  • პაპილომების დაზიანებები;
  • ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
  • შესუსტებული იმუნიტეტი;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.
დაავადების რისკ-ფაქტორებია:

  • ღია ფერის კანი;
  • ღია ფერის თმა;
  • ცისფერი, მწვანე და ღია-ნაცრისფერი თვალები;
  • ოჯახური ანამნეზი.
დაავადების მიმდინარეობის სტადიებია:

  • მელანოციტური დისპლაზია -არის საწყისი ეტაპი, ე.წ. კეთილთვისებიანი მელანომა. იგი ხასიათდება მიმდინარეობის ხანგრძლივი პერიოდით. დაავადების მკურნალობა ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურია.
  • ეტაპი 0 - ორგანიზმში მხოლოდ რამდენიმე პათოლოგიური უჯრედია, რომლებიც პიგმენტს (მელანოციტებს) წარმოქმნიან.
  • ეტაპი 1 - სიმსივნე ვითარდება, მისი სისქე არ აღემატება 1 მმ-ს და მდებარეობს კანში.
  • ეტაპი 2 - მელანომის სისქე აღემატება 2 მმ-ს, იწყება კანის ფენებში შეღწევა.
  • ეტაპი 3 - კანის კიბო ვრცელდება ლიმფური სისტემის საშუალებით.
  • ეტაპი 4 - სიმსივნე მეტასტაზირებულია სხვა ორგანოებში (ტვინი, ფილტვები და სხვა).

  • არსებობს მელანომის რამდენიმე კლინიკური გამოვლინება:

    • ზედაპირული - ნელა იზრდება. ქალებში როგორც წესი ჩნდება ფეხების, ხოლო მამაკაცებში კი - ზურგისა და მკერდის მიდამოში.
    • კვანძოვანი - ვითარდება სხეულის ზედა მიდამოში, გულმკერდისა და ზურგის არეში;
    • აკროლენტიგინური - ვითარდება ფრჩხილების ქვეშ;
    • ლენტიგინური - ვითარდება ძირითადად სახეზე, დამახასიათებელია ნელი ზრდა და კეთილსაიმედო პროგნოზი;
    • აქრომატული - იშვიათი ტიპის მელანომა.
    დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით ჩატარდება:

    • დერმატოსკოპია - კანის გამოკვლევა სპეციალური მოწყობილობით;
    • ბიოფსია - ნიმუშის აღება კიბოს უჯრედების არსებობის ანალიზისა და გამოვლენისათვის.
    გარდა ამისა, დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება დაინიშნოს სისხლის ანალიზი, ულტრაბგერითი, მაგნიტო-რეზონანსული და სხვა კვლევები.

    მელანომის მკურნალობა მეტასტაზების გარეშე და მეტასტაზებით მხოლოდ ლიმფურ კვანძებში - ქირურგიულია. დაავადების მეტასტაზურ ფორმებში გამოიყენება ქირურგიული მეთოდი, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ზოგადი ჰიპერთერმია და ფოტოდინამიკური თერაპია. მელანომის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზებულ ონკოლოგიურ დაწესებულებაში.

    პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ზედმეტი ულტრაიისფერი გამოსხივების თავიდან აცილება:

    • გარუჯვა მხოლოდ უსაფრთხო საათებში (დილით და საღამოს);
    • თხელი მსუბუქი კანის მქონე პირებმა უნდა გამოიყენონ მზის სხივებისაგან დამცავი მაღალი ხარისხის კრემები;
    • მაღალი მზის აქტივობისას ჩრდილში ყოფნის აუცილებლობა;
    • სახის დაცვა მზის სხივებისაგან სპეციალური ფართო ქუდების გამოყენებით.
    0
    205
    შეფასება არ არის
    ავტორი:Galya Sarkisian
    Galya Sarkisian
    205
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0