x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
„ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი“ - თაკო ჩარკვიანი

image

ნიკა მელიას ახალ გუნდში, რომელშიც არც გრიგოლ და გიორგი ვაშაძე არიან და არც ანა დოლიძე, წარდგენის დროს ნინო ბურჯანაძის პარტიის ლოგო და სიმბოლიკაც გამოჩნდა. როგორც ჩანს ამან გაკვირვება და უკმაყოფილება გამოიწვია თავად ოპოზიციაშიც. მწვავე განცხადებებიც მრავლად გაკეთდა.

„პროცენტები სჭირდება კოალიციას, მაგრამ ბურჯანაძისგან რა პროცენტი უნდა აიღო, გარდა იმისა, რომ კიდევ ლანძღვის ახალი ტალღა უნდა წამოვიდეს ოპოზიციის თავზე“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, კოალიციური გაერთიანების გარდა ამჟამად ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს. თაკო ჩარკვიანის თქმით, ნინო ბურჯანაძის გამო აღნიშნულ გაერთიანებაზე უარის თქმას არ აპირებს.

„ვფიქრობ, როდესაც ღირებულებების ბრძოლაა, უნდა გავუფრთხილდეთ ამ ღირებულებებს. ეს ჩემგან ახალი არ არის, მე ასე ვფიქრობ. არ შეიძლება პარტიას, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის პარტია შენს ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო.

თუმცა 30 მოდის და ვემხრობი კოალიციას, რადგან ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში.

არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რა არჩევანი გვაქვს? ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს ეს კოალიცია რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. პროცენტულად რას აძლევთ, განულებული პარტიაა, რატომ გადაწყვიტეს რუსეთის მსახური პარტიის შეყვანა თან განულებული პროცენტით, არ ვიცი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამ ორი პოლიტიკოსის დაპირისპირება დიდი ხანია ღიად მიმდინარეობს და ისინი საკმაოდ უხეშ შეფასებებს აკეთებენ ერთმანეთის მისამართით.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ ვრეცლი მიმართვა გაავრცელა. აღნიშნულ მიმართვაში ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს – ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით “გაცოცხლებას” ლამობს”. საპასუხოდ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არავის უპირისპირდება და ვისაც თავშეკავების უნარი არ აქვს პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი ქვების სროლა მპლაპარაკებებს ხელს უშლის.

„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებას გააკეთებს ქალბატონი ჩარკვიანი. მე ვიცი, რომ ახლა ვიბრძვი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს. მე მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი ქვების სროლა ამ პროცესს აზარალებს და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების და ზოგიერთი ტელევიზიის, მათი რედაქტორების წისქვილზე ასხამს წყალს. მე არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად კეთდება, მაგრამ თუ უნებლიეთ კეთდება, როცა დიდ პოლიტიკოსად თვლი თავს, ეს გათვლა უნდა გააკეთო. ამიტომ მე არავის ვუპირისპირდები, არ არის ახლა მოწონება/არ მოწონების დრო, ახლა არის იმის დრო, რომ ვისაც რა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ ვადამდელი არჩევნების მოპოვებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ახლა ჭმუნვები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მეტ ინტერვიუს მიცემს, ვინმე მეტჯერ გამოჩნდება, ან ვინმე ბრძოლაში დაწინაურდება, ეს ახლა ძალიან ნაადრევია, ვიდრე ფონს არ გავსულვართ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დაუპირისპირდება.

0
558
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0