x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო"..- სახალისო ისტორია

image

"- მაიტა, ერთი, უფროსო, ბილეთი ამიღეო, - ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს.

ამან: - ჩემს გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, დაადე და აიღეო.

იმან: - შენ რომ ამიღო, არ გეკადრებაო?

ამან: - ეგ რა შუაშიაო, სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო.

- შენ რაღას მიკეთებ, აქ რომ დამდგახარ იმასავითო.

- ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონ დგახარო.

- შენ ახლა ცოტა "ასტაროჟნად" იყავიო.

- შენ თვითონ მოიქეცი "სპაკოინად" და არავინ არაფერს გეტყვისო.

- შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე, ვინა ვარო.

- აი, ჩემს ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო.

- რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? - გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი.

- შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო, - კონტროლიორმა.

- შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო, - პირბადეჩამოწეულმა.

- ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო, - მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა.

ქალი დაუკვირდა.

- დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო, - უკანა რიგებიდან გამოსძახა კაცმა.

- შენ შენნაირები დააწყნარეო, - წინა რიგებიდან შეეხმიანნენ.

- რა ამბავია, ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო, - უკანა რიგებმა.

- სამსახურში თორემ ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო, - წინა რიგებმა.

- ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე "იბლატავეო", - უკანამ.

- ზედვე გეტყობა, რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო! - წინამ.

- ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო, არა, ბიჭოს, მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო, - უკანა რიგებმა.

- ერთი სტალინი წამოახედაო, - შუა რიგებმა.

- რა გაჩხუბებთ, ხალხო, ქართველები არა ვართო? - ჩემს მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო.

- ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო? - ჩემს მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა.

- კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, - მარცხენამ.

- რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო, - მარჯვენამ.

- შეაყარე კედელს ცერცვიო, - მარცხენამ.

- ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო, - მარჯვენამ.

- ახლა ყველა გაჩუმდით, თორემ გავაჩერებ ავტობუსსო, - მძღოლს ამოასხა.

- გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და "რულს" ხელი მოჰკიდე, თუ ძმა ხარო.

მიტრიალდა და მოჰკიდა.

სკოლისჩანთაჩამოკიდებულ გოგონას სიცილი აუტყდა, დედამისმა - ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა.

- ზაურ, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო, - ქალმა ჩასძახა ტელეფონს.

- ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო, - კონტროლიორმა ჩაიქირქილა.

- შენ გირჩევნია, ბილეთებს მიხედოო! - ქალმა.

- ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო, - კონტროლიორმა და დაიწყო ისევ თავიდან.

მე არ ჩავრეულვარ. მდუღარეყავაგადასხმული ხელი მეწვოდა და ჩემი გამჭირვებოდა.

ავტორი უცნობია".

წყარო: "მწვანე - მხოლოდ პოზიტივი"


0
392
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0