x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კახეთის სიდიადეს
image
ვეფხვის ტყავივით ციმციმებს, გომბორის მთიდან გახედვით,

ალაზნის სარტყელიანი დიდი ილიას კახეთი,

სიმღერის ცეცხლი ამოდის, ახალ ახმეტის მიწიდან,

თითქოს ხმლის ელვით ანათებს ჩოლოყაშვილი ბიძინა;


ცხრა ნაწნავ დაკიდებული ზღაპრულ რაშსა ჰგავს ალვანი,

სადაც დარბოდა ზეზვაი მტრის რისხვით დაუღალავი.

ვერ შეველევი ქისტაურს, მისთვის ავანთებ მეც ღიმილს,

ცხოვრება დუღს და გადმოდის აქ რაფიელის ლექსივით.


გატაცებულ შვილს მშობელი ქვითინით აღარ მისტირის,

დგას ალავერდის ტაძარი მშვიდობის ობელისკივით.

იყალთოს ტურფა ბუნება, ტოტებს შლის ზღაპრულ შტოებად,

შოთა აკვანს აქ ურწევდა ვეფხის ტყაოსნის პოემას.


კახეთის მკერდის მძივივით მოსჩანს ერეკლეს თელავი,

ჯაჭვგაუხდელი რაინდი ვერ დააჩოქა ვერავინ!

ხოხობს გავს ოქროს ფრთებიანს აპრილის თვეში მოფრენილს,

წინანდლის კაბა ჩაცმული ჭავჭავაძიანთ სოფელი.


აქ, გედებივით უვლიათ, ზღაპრული ბაღის ასულებს,

ვუყურებ იმათ ნატერფლებს და ერთ ლექსს ვეღარ ვასრულებ.

კახეთის ნატვრის თვალია მარჯანიშვილის ყვარელი,

მოდით ყველა აქ დასახლდით თუ სადმე აიყარენით.


გურჯაანი და ვეჯინი, გაწვდილან ცისარტყელებად,

სადაც ვარდივით აფეთქდა ნატო ვაჩნაძის მშვენება.

ვარსკვლავს გავს კოხტა სიღნაღი, კახეთის ცაზე აყვანილს,

დიდი ქართველი მომღერლის სარაჯიშვილის აკვანი.


მაღლობზე წითელწყარო დგას გულზვიადად და თამამად,

ყოველთვის გამარჯვებული ქართული ხორბლის თამადა.

ლაგოდეხს მივესალმები, ალალ ლექსს ვუძღვნი საკუთარს,

ღმერთების ფუნჯით დახატულს ჯიხვთა და შველთა საბუდარს.


მარტო დადექ და უყურე ამ ლამაზ ჭალებს ამ ხევებს,

არ ვმღერი მაგრამ კახეთი სატრფოს ყელივით მამღერებს.



ლექსის ავტორი: იოსებ ლონგიშვილი



0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0