x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 98 წლის ვეტერანმა კოვიდი დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა
image


დედოფლისწყაროში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 98 წლის ნიკო შანშიაშვილმა კოვიდ ვირუსი დაამარცხა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკის კოვიდ განყოფილებიდან ის 8 ოქტომბერს გამოჯანმრთელებული გაეწერა.


პაციენტის ოჯახში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, რომ ასაკოვანი მამაკაცი კლინიკაში 11 სექტემბერს გადაიყვანეს. მისი შვილიშვილის, მარინა შანშიაშვილის განმარტებით, ნიკო პაპას კოვიდის საწინააღმდეგო მხოლოდ ერთი, სინოფარმის აცრა ჰქონდა გაკეთებული.


„ვირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. რამდენიმე დღეში, ვინაიდან რისკ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ასაკის გამო მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა დადგა. სუნთქვა გაუჭირდა. ჯერ პალატაში იწვა, შემდეგ რეანიმაციაში. ფილტვების დაზიანების ხარისხი იყო 6 ქულა. ზუსტად ერთი თვის თავზე კი სახლში გამოწერეს. ძალიან დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინა კლინიკის მედპერსონალმა. განსაკუთრებით მკურნალმა ექიმმა ია უსენაშვილმა და რეანიმაციის ვასიკო ექიმი. რასაკვირველია დროული სამედიცინო მკურნალობა, მედპერსონალის პროფესიონალიზმი და თვითონ ძალიან ოპტიმისტი ბრძოლისუნარიანი ადამიანია. სწორედ ამ გარემოებების გამო დაამარცხა ვირუსი. იმედი მაქვს რეაბილიტაციის პერიოდს მშვიდად და ასევე წარმატებით გავივლით, “ — აღნიშნავს მარინა შანშიაშვილი.


დედოფლისწყაროს კლინიკის ხელმძღვანელი ხათუნა აგლაძე დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ შანშიაშვილის მდგომარეობა უმძიმესი იყო, თუმცა სწორი მკურნალობის მეთოდისა და უფლის წყალობით ვეტერანმა ვირუსის დამარცხება მოახერხა.



დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განმარტებით, 8 ოქტომბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 36 ახალი კოვიდ ინფიცირებული გამოვლინდა.


დედოფლისწყაროს მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დოდო ხუნაშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის დედოფლისწყაროში მეორე მსოფლიო ომის სულ ორი მონაწილეა შემორჩენილი, ერთ-ერთია 1923 წელს დაბადებული ნიკო პაპა.


დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ხათუნა აგლაძის განმარტებით, 2020 წლის 2 დეკემბრიდან დედოფლისწყაროს საავადმყოფო კოვიდ კლინიკად გადაკეთდა, რის შემდეგაც ინფიცირებული პაციენტები მთელი საქართელოდან შემოჰყავთ. მას შემდეგ, რაც საავადმყოფო კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა აქ ჯერ 25 პაციენტის მიღება იყო შესაძლებელი, შემდეგ 35, ახლა კი ერთდროულად 40-ზე მეტ კოვიდ პაციენტს მკურნალობენ. ჯამში დღემდე მათ 500-ზე მეტი კოვიდ ინფიცირებულის განკურნება შეძლეს.


ახლახან დედოფლისწყაროს კლინიკამ ჟანგბადის საწარმოს დანადგარები მიიღო, რის შემდეგაც მძიმე პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო ჟანგბადის ადგილზე წარმოება იქნება შესაძლებელი. საწარმო დაახლოებით ერთ კვირაში ამოქმედდება.


„კახეთი დღეს უკვე ლიდერია დადებითობის მაჩვენებლით!... დედოფლისწყარო კი კახეთში ერთ ერთი მოწინავეა. ეს იმიტომ, რომ არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, ნიღბები მხოლოდ მოსაჩვენებლად გვიკეთია და აცრებიც ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით სოფლებში! დღეობებსა სუფრებს ძველებურად ვაგრძელებთ! იმედი გვაქვს, რომ სხვას შეიძლება შეხვდეს კოვიდი, მაგრამ ჩვენ არა!.. რამდენი მაგალითია კიდევ საჭირო, რამდენი ჩვენი საყვარელი ხალხის სიცოცხლეა საჭირო, რომ დავრწმუნდეთ ამ ინფექციის ვერაგობაში? გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და ამით გაუფრთხილდით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, “ — აცხადებს ექიმი დიმიტრი ყოჩიაშვილი.



0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0