x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როდის გვეშველება?
image
იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, როგორც ცირკის ციყვი ბორბალში, რომლიდანაც ვერა და ვერ გამოვდივართ. მშობლებისგან ვიცი, პატარა რომ ვიყავი, როდესაც სიარულს ვიწყებდი, ცალი ფეხით ვდგამდი თურმე ნაბიჯს და მეორეს ვერ ვბედავდი, ამიტომ წრეებს ვხაზავდი. ხშირად მახსენდება ეს, სწორედ ამ ახლად ფეხადგმული ბავშვის მდგომარეობაში ვართ უკვე ბოლო 30 წელია, თითქოს ნაბიჯს ვდგავთ და მეორეს გადადგმას ჯერ ვერ ვახერხებთ. ამ „მოჯადოებულ წრეს“ უკვე თავის სახელიც კი დაერქვა, პასაჟი ხალხური შემოქმედებიდან, ანუ რიტორიკული შეკითხვა - „გვეშველება რამე?“


ბოლო დღეებში გამახსენდა ანდერს ბრეივიკი, რომლის ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 უდანაშაულო ადამიანი. ისიც კი, დაპატიმრების შემდეგ სარგებლობდა მისი უფლებებით და სწავლის გაგრძელებას ითხოვდა, რამდენადაც ცნობილია. ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 77 სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა, ერთი კი გარდაიცვალა. სასამართლომ ნორვეგიელ ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შემდეგ კი გაუხანგძლივა ვადა. საყურადღებოა ამ დანაშაულის მოტივი - ბრეივიკი თვლის, რომ მან ქრისტიანობის გადასარჩენად ჩაიდინა ეს მასიური მკვლელობის აქტი! ცნობილია, რომ ხშირად ადამიანები თავიანთ დანაშაულს კეთილშობილური მიზნებით ხსნიან, რაიმე ამაღლებულის შირმით ნიღბავენ და ეს მენტალურ დონეზე ხდება, მათ ასე სწამთ და გულწრფელად სჯერავთ მათი მისიის მართებულობის!


ცივილურ სამყაროში ყველას უფლებები დაცულია, მ.შ. პატიმრების, თუნდაც ის სერიული მკვლელი ან ბრეივიკისმაგვარი მანიაკი იყოს. რა ხდება ამ მხრივ ჩვენთან? სრული კატასტროფა, პრეზიდენტების უფლებებიც კი არ არის დაცული, არამც თუ ნებისმიერი მოქალაქის და მითუმეტეს პატიმრის. უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, მგონი უკვე ტრადიციაშიც კი გადაგვეზარდა პრეზიდენტების მსხვერპლშეწირვა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, რაღაც იდუმალ „გველეშაპს“ ვწირავთ მსხვერპლად პრეზიდენტებს, რაც ცივილურობასთან გვაშორებს და ველურობასთან უფრო მიგვაახლოვებს. მერწმუნეთ, ეს მსოფლიოს თვალში ღირსებას არ გვმატებს, პირიქით, გვაკნინებს და მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს!


ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მ.შ. პრეზიდენტებსაც და პატიმრებსაც! ცივილურ ადამიანებს კეთილგონიერება და ჰუმანურობა უნდა გვკარნახობდეს, რომ პატიმრის და ნებისმიერი ადამიანის უფლებები დავიცვათ და არ დავჩაგროთ ისინი, ეს ღირსების საკითხია! ღირსების გარდა, ამას საერთაშორისო კანონმდებლობა გვავალდებუილებს, რომელთაც ნებაყოფლობით მივუერთდით, სხვადასხვა კონვენციების სახით. ამ კანონმდებლობის დარღვევა კი, როგორც წესი, ისჯება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა სანქციებით!



ბოლო ხანს მაწუხებს კითხვები და მჯერა, რომ არა მხოლოდ მე, საზოგადოებას აწუხებს ეს კითხვები. კერძოდ:

  • როდის გავიზრდებით იმდენად, რომ ხელისუფლებები ადამიანების კეთილდღეობისთვის და ხალხის სამსახურში ჩასადგომად მოდიოდნენ ქვეყნის სათავეში და არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების თუ საახლობლო წრის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პარტიული ინტერესების დასაცავად?
  • როდის დავიწყებთ ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას და მათ განხორციელებას?
  • როდის დამთავრდება პატიმრებზე და დამარცხებულ პოლიტიკურ ძალაზე შურისძიების ან საზოგადოების გაუთავებელი პოლარიზაციის ეს დამანგრეველი ტრადიცია, რომელიც რეგრესის გარანტია და პროგრესს ხელს უშლის?
  • როდის გავიზრდებით იმდენად, რომ კამათი გაწონასწორებული, არგუმენტირებული მსჯელობით შევძლოთ და არა ლანძღვა-გინებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით და ფიზიკური დაპირისპირებით?
  • და ბოლოს, რაც მთავარია, როდის გავაცნობიერებთ, რომ ერთი სანუკვარი მიზნის გარშემო გვმართებს გაერთიანება, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების გეზი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობას, მის დასავლურ ინტეგრაციას გულისხმობდა ისტორიულად?

ამგვარად, რიტორიკულ შეკითხვაზე - "გვეშველება რამე? " მაქვს ზუსტი პასუხი: დიახ, დააბრუნეთ ქვეყანაზე სიყვარული, გულმოწყალება და კეთილგანწყობა, დაგმეთ სიძულვილი, შური და მტრობა და გვეშველება!


რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, აი ეს არის რაზეც ვოცნებობ პირადად მე და თქვენი არ ვიცი.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0