x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

image

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა იგივე ოკა არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ობსესიები ან კომპულსიები (შეიძლეობა ორივე ერთად). ობსესიები გულისხმობს აკვიატებულ აზრებს, რომელსაც მოყვება შფოთვა. შფოთვის შესამცირებლად კი ადამიანი ავლენს აკვიატებულ ქმედებებს, რომელსაც კომპულსიები ეწოდება.

აკვიატებები შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც რიტუალის მსგავსი ქცევები, მაგალითად: ნივთების ერთ ხაზზე განლაგება გარკვეული თანმიმდევრობით, მუდმივი თვლა, ხელების ინტენსიური დაბანა და სხვა.

რა უდევს საფუძვლად ამ ქცევებს? თითოეულ ამ ქმედებას საფუძვლად უდევს უნებლიე აზრები, რომელიც შფოთვის მომგვრელია ადამიანში. სწორედ, შფოთვის ჩახშობის მიზნით ადამიანი ახორციელებს რიტუალის მსგავს ქცევებს. ობსესიური აზრები, უეცრად არ იწყება და არ მთავრდება კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით. ოკა-ის მქონე ბევრ ინდივიდს დისფუნქციური რწმენები აქვს. მათ შორის შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის გადაჭარბებული გრძნობა და პერფექციონიზმი, აზრების ზემნიშვნელოვნება და აზრების გაკონტროლების საჭიროება.

კრიტერიუმები დიაგნოსტიკისთვის :


1. ობსესიების, კომპულსიების ან ორივეს ერთად არსებობა.

2. ობსესიებს და კომპულსიებს მიაქვთ საკმაოდ ბევრი დრო. (დღეში 1 სთ მაინც)

3. იწვევს დისტრესს ან ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში გაუარესებას.

4. სიმპტომები არ არის სხვადასხვა ნივთიერების ეფექტით (მაგ: ნარკოტიკები) ან სამედიცინო მდგომერეობით გამოწვეული.

5. წარმოდგენილი პრობლემები უკეთესად ვერ აიხსნება ხვა ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებით.


ობსესიებისა და კომპულსიების შინაარსი ინდივიდიდან ინდივიდამდე იცვლება, თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანებში ობსესიების შემდეგი ჯგუფები გვხვდება :

სიმეტრია _ სიმეტრიის ობსესია და მოწესრიგების, თვლის კომპულსია.

დასუფთავება _ დაბინძურების ობსესია და დასუფთავების კომპულსია.

აკრძალული აზრები _ აგრესიული, სექსუალური ობსესიები და შესაბამისი კომპულსიები.

დაზიანება _ სხვისი ან საკუთარი თავის დაზიანების შიში და გადამოწმების კომპულსია.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა უფრო მეტად გვიანდელი ბავშვობიდან და მოზარდობიდან იჩენს თავს. ბავშვების შემთხვევაში სიმპტომები საკმაოდ ცვალებადია და სხვადასხვა ფორმასაც კი იღებს. მოზრდილებში კი სიმპტომები სტაბილურია.

რეკომენდაციები ოკა-ს დროს ბავშვებში:

  • დაანახეთ თანაგრძნობა _ აჩვენეთ, რომ გესმით მისი, მისი განცდების. აგრძნობინეთ, რომ არ არის მარტო და რომ ნებისმიერ დროს საჭიროებისამებრ დაეხმარებით.
  • ესაუბრეთ ღიად და გახსნილად _ როცა იმ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება, რომელიც ბავშვში შფოთვას იწვევს, უპასუხეთ გულახდილად, აუხსენით მოვლენები, მოვლენების თანმიმდევრობა და ეცადეთ, რომ საფუძვლიანად გაუქარწყლოთ შიშები.
  • წაახალისეთ _ ამ დროს ბავშვები ხშირად ღელავენ შეცდომებზე და მარცხზე. წაახალისეთ და დაეხმარეთ ახალი გამოცდილების მიღებაში, შეაქეთ შეცდომების დროსაც.
  • მიეცით მაგალითი _ ნუ ეტყვით, რომ უბრალოდ შეწყვიტონ ღელვა და შფოთვა. მიეცით მაგალითი საკუთარი ქცევებითა და ქმედებებით. როცა შფოთავთ გაახმოვანეთ და სიტყვიერად გამოხატეთ საკუთარი ემოციები, შემდეგ კი აჩვენეთ, რომ უმკლავდებით მას. გახსოვდეთ, რომ ბავშვები უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ და თქვენი ქცევა გარკვეულწილად ბავშვის ქცევაზეც მოქმედებს.


  • 0
    51
    შეფასება არ არის
    ავტორი:თამარ ხუჯაძე
    თამარ ხუჯაძე
    51
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0