x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქორწინების მნიშვნელოვანი თარიღები
image


ყოველმა დაქორწინებულმა წყვილმა იცის, როდის უნდა აღნიშნოს ვერცხლისა და ოქროს ქორწინება, მაგრამ მათ არ იციან რომ აღნიშვნა და ერთმანეთისთვის საჩუქრების მიძღვნა ყოველ წელს შეიძლება.


პირველ წელს ჩითის ქორწილს აღნიშნავენ. მეუღლეებმა ერთმანეთის შეცნობის რთული წელი გაიარეს. ქორწილის დღეს ახალდაქორწინებულებმა ორი ბოთლი შამპანური უნდა გადაინახონ, პირველი ერთი წლის თავზე უნდა გახსნან, მეორე – პირველი შვილის დაბადებისას.


მეორე წელს ქაღალდის ქორწილს აღნიშნავენ. მეუღლეებმა ერთმანეთს სასიყვარულო ბარათები უნდა მიართვან. სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრები მეუღლეებს პატარა ქაღალდებზე დაწერილ სურვილებს სპეციალურ კოლოფში უტოვებენ. "კეთილი სურვილების კოლოფს" მეუღლეები სტუმრების წასვლის შემდეგ ეცნობიან.



მესამე წელს ტყავის ქორწილი დგება. იუბილეს აღნიშვნამდე მეუღლეებმა ყველა ვალი უნდა გაისტუმრონ, შეუნდონ თავიანთ მტრებს, გადაყარონ გაბზარული საოჯახო ნივთები, ძველი ტანსაცმელი. ამ დღეს მეუღლეებმა ერთმანეთს ტყავის ნივთები – საფულე, ხელთათმანი, ჩანთა უნდა აჩუქონ. კარგია ახალი ჩანთებითა და ჩემოდნებით სამოგზაუროდ წასვლა.


მეოთხე წელს სელის ქორწილს აღნიშნავენ. მაგიდაზე სელის სუფრა და ხელსახოცები უნდა იყოს. მეუღლეებს თავზე კანფეტებსა და სელის მარცვლებს აყრიან.


ხუთი წლისთავზე ხის ქორწილს აღნიშნავენ. ამბობენ, რომ ამ დროისათვის მეუღლეები ერთმანეთთან ფესვებით არიან შეზრდილნი. სტუმრები მეუღლეებს ხის ნივთებს (სამკაულებს, ზარდახშებს) ჩუქნიან. სასურველია, იუბილეზე გადაღებული სურათი მეუღლეებმა ხის ჩარჩოში ჩასვან.


მეექვსე წელს თუჯის იუბილეს აღნიშნავენ. თუჯი მეტად სუსტი მეტალია. მისი დაზიანება ადვილია. ასეა გრძნობებიც. 6 წლისთავზე ბევრი ოჯახი ინგრევა. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გრძნობებს, რათა წინ მრავალი ბედნიერი წელი და იუბილე გელით.


მეშვიდე წელი სპილენძისაა. მეუღლეებმა ერთმანეთს სპილენძის ბეჭდები უნდა აჩუქონ, სტუმრებმა კი – სპილენძის მონეტები.


image


ცოლ–ქმრობის პირველი სერიოზული იუბილე 10 წლისთავზეა. მას ვარდისა ჰქვია. არსებობს ასეთი ტრადიცია: ქმარმა ცოლს 11 ვარდი უნდა აჩუქოს. 10 წითელი, როგორც სიყვარულის სიმბოლო და ერთი თეთრი, იმედისა და მომავლის რწმენის სიმბოლო.


15 წლისთავზე მეუღლეებმა ბროლის ქორწილი უნდა გადაიხადონ. ბროლი და შუშა ურთიერთობის სისუფთავეს აღნიშნავს, მაგრამ მას ხშირად უნდა გაწმენდა და მოვლა – ისევე როგორც ურთიერთობებს.


20 წლისთავზე ფაიფურის ქორწილს აღნიშნავენ. მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ურთიერთობას ისეთივე ფაქიზი მოპყრობა ესაჭიროება, როგორიც ფაიფურს.


25 წლისთავი მნიშვნელოვანი იუბილეა. მას ვერცხლის ქორწილს ეძახიან. სადღესასწაულო სუფრის მაგივრად, მეუღლეებმა 25 დღიანი თაფლობისთვე უნდა მოიწყონ და ერთმანეთს ვერცხლის ბეჭდები მიართვან.


30 წელი მარგალიტის იუბილეა, ქმარმა ცოლს 30 ცალი მარგალიტის აცმა (მძივი) უნდა აჩუქოს. ასევე სტუმრებმაც მარგალიტისთვლიანი სამკაულები მიართვან დედოფალს.


ლალის ქვა სიყვარულისა და ვნების ქვაა. მის იუბილეს 40 წლისთავზე აღნიშნავენ. წინათ, საქორწინო ბეჭედეში ლალის ქვას სვამდნენ. შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, ან ახალი, ლალისთვლიანი ბეჭდები შეიძინოთ. იუბილეზე სტუმრებმა მეუღლეებს ძვირფასი ნივთები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები უნდა მიართვან.


წყვილის ყველაზე მნიშვნელოვანი იუბილეა ოქროს ქორწილი, რომელსაც დაქორწინებიდან 50 წლისთავზე აღნიშნავენ. იუბილეზე შვილები, შვილიშვილები, ნათესავები და ოჯახის ახლობლები იკრიბებიან. მეუღლეებმა ერთმანეთს ახალი ოქროს ბეჭდები უნდა გადასცენ, ძველები კი – შვილებს, რათა მათაც, მშობლების მსგავსად, დაებედოთ იღბლიანი და ბედნიერი ქორწინება.


55 წლისთავზე ზურმუხტის ქორწილს აღნიშნავენ. მეუღლეები მწვანე ფერებში უნდა იყვნენ გამოწყობილი. სუფრა და ხელსახოცები კი, სასურველია, მწვანე ფერისა იყოს.


60 წლისთავს ბრილიანტის ქორწილს ეძახიან. ეს ქორწინებაც ძვირფასი და ლამაზია. ამ დღეს მეუღლეებმა ბრილიანტისთვლიანი ბეჭდები უნდა ატარონ, საღამოს კი შვილებს გადაულოცონ.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0