x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ოპოზიციიდან ვინ უჭერს ნაცმოძრაობის კანდიდატს თამაზ კოჭლამაზაშვილს მხარს დედოფლისწყაროში?
image


დედოფლისწყაროს მერის სავარძლის დასაკავებლად მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან“ მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ნაციონალური მოძრაობიდან არცთუ ცნობილი სახე, თამაზ კოჭლამაზაშვილი. წვრილ პარტიებს საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავთ. დედოფლისწყაროს ტელევიზია დაინტერესდა, მერობის რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საკუთარი მერობის კანდიდატი არ ჰყავთ.


გახარიას დედოფლისწყაროს პარტიული სიის პირველი ნომერი ნინო ბულაშვილი გვახსენებს, რომ კენჭისყრა ფარულია და საჭირო არ არის დაკონკრეტდეს. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ სამივე ბიულეტენში გააკეთებს არჩევანს.


დაკონკრეტება არც „ლელო“-ს ადგილობრივ ლიდერს და სიის პირველი ნომერს მერი ნატროშვილს სურს.



„არაფერზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ პასუხის შემთხვევაში უნდა ავხსნა მიზეზი. მერწმუნეთ, როცა არაა ჩვენთან კანდიდატი, თავს ვიკავებ ბევრი ლოგიკური მიზეზის გამო. „ლელო დედოფლისწყარო“ არ აფიქსირებს პოზიციას, “ - აცხადებს მერი ნატროშვილი.


„ლელო“-ს სიის მესამე ნომერი ომანი გიებაშვილი განმარტავს, რომ ნიკოლოზ ჯანიაშვილს არ დაუჭერს მხარს, თუმცა არ აკონკრეტებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს თუ არა.


„გირჩი - მეტი თავისუფლების“ დედოფლისწყაროს სიის მეორე ნომერი ენრი ლამაზოშვილი ოცნების სახელისუფლებო კანდიდატს არ უჭერს მხარს, თუმცა ამბობს, რომ არც ნაცმოძრაობის ნომინალურ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.


„სახელისუფლებო კანდიტატს კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს, ოპოზიციური კანდიდატის წარმატება კი გამიხარდება თვისთავად, თუმცა კოჭლამაზაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც მისი საქმეების შესახებ მსმენია, ამიტომ "მხარს ვუჭერთქო" ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. რადგან ოპოზიციიდან მხოლოდ ნაცმოძრაობას ჰყავს კანდიდატი, ძალაუნებურად ჩემი სასწორის პინა მისკენ გადაიხრება. როგორც ვიცი არც არაფერი გამორჩეული არ უკეთებია, ყოველ შემთხვევაში, რაც გავიკითხე, არავინ არაფერი იცის მის შესახებ, “ - ამბობს ლამაზოშვილი.


სოსო გოგაშვილის „სახალხო პარტიაში“ ამბობენ, რომ მათი ხმები რა თქმა უნდა, არ წავა ნაციონალურ მოძრაობაში. ადგილობრივი ლიდერი და სიის პირველი ნომერი შალვა ბატიაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ მერის ბიულეტენს გააუქმებენ და არცერთ კანდიდატს არ შემოხაზავენ. იგივე აზრზეა ამავე სიის მესამე ნომერიც. ისიც ამბობს, რომ ორივე ერთია.


„კოჭლამაზაშვილსაც ვიცნობ და ჯანიაშვილსაც, ორივეს პატივს ვცემ, მაგრამ ასეთია ჩვენი პარტიის პიზიცია, რასაც მეც ვიზიარებ. ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც მოიაზრება ერთ ორგანიზაციად და შესაბამისად არცერთს არ ვუჭერთ მხარს, “ - აღნიშნავს ბატიაშვილი.


„პატრიოტთა ალიანსის“ მოქმედი დეპუტატი შალვა ხორნაული ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს.


„ორი აზრი არ არსებობს, ნიკოლოზ ჯანიაშვილს დავუჭერ მხარს. ღმერთმა დამიფაროს, ასეთ ოპოზიციასთან კავშირი მქონდეს. ჩემი სოფლიდან ნაციონალებს ყოველთვის ცოტა ხმა მიჰქონდათ, “ - ამბობს ხორნაული.


საკითხზე კომენტარი არ გააკეთა ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს სიის მესამე ნომერმა ბიჭიკო ყოჩიაშვილმა. ის სიის პირველი ნომრის, გიორგი ყოჩიაშვილის ვაჟია. პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა და მედიის კითხვა უპასუხოდ დატოვა ზემო ქედის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესიკ ქავთარაძემ.

.

„გირჩის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ვერსად მივაკვლიეთ, სიაში მოცემული 30-მდე ადამიანიც სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი პოზიცია ჩვენთვის უცნობი დარჩა, ისევე, როგორც მათი ვინაობები.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0