x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
რატომ მერგო ამხელა ჯვარი?-მსახიობ ლეილა ძიგრაშვილის ტრაგიკული ბედი,რომელმაც ორივე შვილი დამარხა

image

ამ დღეებში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, ბევრი კინომოყვარულისთვის ეს გვარი შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს სანამ სრულ ინფორმაციას არ შეიტყობს და ისიც არ იცოდეს, რომ იგი იყო ცნობილი მსახიობის, მამუკა კიკალეიშვილის დედა.



ლეილა ძიგრაშვილი დაიბადა 1926 წლის 4 ნოემბერს თბილისში, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს.1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის "პრინცესა ტურანდოტი"), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე") და სხვა - მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), დედამთილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ენონა (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვა - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.





ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ ლეილა ძიგრაშვილს გახმოვანებული აქვს უამრავი ფილმი, კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა. გახმოვანებული აქვს: ელდარ შენგელაიას ფილმი “შერეკილები” მარგალიტა – არიადნა შენგელაია, “წარსული ზაფხული” მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი “ჩვენი ეზო” რეჟ.რეზო ჩხეიძე, “პირველი მერცხალი“ გულჩინა დადიანის პერსონაჟი, “დათა თუთაშხიაში” მუშნის დედა, “დიმიტრი თავდადებულში” ლიანა ასათიანი; “დიდი მწვანე ველი”, ლია კაპანაძის პერსონაჟი, რეჟ. მ.კოკოჩაშვილი; “გარიგება”, ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი, რეჟ. ზ.კოლელიშვილი; ფატიმა, „”ფატიმა”, “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” არიადნა შენგელაიას პერსონაჟი და მრავალი სხვა. ლეილა ძიგრაშვილი ასევე ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებს.



ასევე მონაწილეობდა ფილმებში “ვირთხა”, “გამოცხადებ”, “ნატვრის ხე”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”( შოშმანა), სიყვარული, ივერია და..", “მოიტაცეს თამარ ქალი” (თამრიკოს დედა), ტელე-სერიალი “სახლი ძველ უბანში”, რომელშიც გურამ საღარაძის მეუღლის, თამილას პერსონაჟი განასახიერა.

image

„არ მიყვარს ეს სატელევიზიო ფილმი, არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, ვნახო. ავთო ვარსიმაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი როლი ჰქონდა ჩემთვის. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, მასზე ცუდად არ მიფიქრია, მაგრამ მერე თანდათან რომ გავერკვიეთ სცენარში, მეც და გურამ საღარაძესაც აღარ მოგვეწონა, შავი მაგია, არაქრისტიანული როლები... მერე ვიფიქრე, მართალია უარყოფითი როლია, მაგრამ ბოლო-ბოლო მსახიობმა ესეც ხომ უნდა ითამაშოს-მეთქი და დავთანხმდით. ასე, მაშინ იაგოც არ უნდა ითამაშოს არავინ, იმიტომ რომ ამაზე საშინელი და საზიზღარი როლი მგონია, არ არსებობს. იცით, ახლა ვგრძნობ, რომ რაღაც დავაშავე, როცა ამ როლზე დავთანხმდი. მე და გურამი ყოველი გადაღების წინ პირჯვარს ვიწერდით და ვამბობდით: „ღმერთო, გვაპატიე!“ ქუჩაში რომ გავდიოდი, ბავშვებს ეშინოდათ – თამილა მოდისო და იმალებოდნენ. რატომ დავთანხმდი? რა თქმა უნდა, ფინანსური დაინტერესებაც იყო. რეჟისორი გვპირდებოდა, რომ კარგი ანაზღაურება გვექნებოდა. ამდენად, სახარბიელო წინადადება ჩანდა. მერე მაყურებლის თხოვნით მეორე ნაწილი გაკეთდა, თუმცა, როგორც ვიცი, მეორე ნაწილი ნაწარმოებთან პირდაპირ კავშირში არ არის. დიდი დატვირთვა არ ჰქონდა ჩემს როლს, მაგრამ ამ გადასახედიდან საშინლად ვნანობ, ნეტავ, არ მეთამაშა. ჩემს უბედურებას ამას მივაწერ. ადამიანი შენს უბედურებას ყოველთვის რაღაცას უკავშირებ.(ლეილა ძიგრაშვილი


ქალბატონმა ლეილამ 2019 წელს გამოსცა წიგნი „მე… და ჩემი შვილები“, სადაც ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული ამბებია თავმოყრილი.

image

მისი პირადი ოჯახური ცხოვრება ძალზე ტრაგიკული გამოდგა, ყველაფერმა ქალბატონი ლეილას თავზე გადაიარა: მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაეცვალა – ვერაგმა სენმა, სიმსივნემ იმსხვერპლა; 42 წლის ასაკში დაეღუპა უფროსი ვაჟი – ლაშაც, უმცროსმა შვილმა – მამუკამ კი ამ ასაკამდეც ვერ მიაღწია – იგი 39 წლის ასაკში წავიდა…


"ჩემი მეუღლე ანდრო – კუკური კიკალეიშვილი რუსთაველის თეატრის დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრი რომ გაიყო, ჩვენს თეატრში გადმოვიდა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. იმ დროს მამუკა ათი წლის იყო, ლაშა – ჩვიდმეტის, უკვე სტუდენტი"-იხსენებს ქალბატონი ლეილა.


ლაშა კიკალეიშვილი მამუკაზე შვიდი წლით უფროსი იყო. ძმები ერთმანეთისგან გარეგნობით და ხასიათითაც ძალიან განსხვავდებოდნენ. გარდა იმისა, რომ ლაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის განხრით ლექციებს კითხულობდა, ტელევიზიაში, საზოგადოებრივ არხზე თავისი გადაცემა ჰქონდა და, აგრეთვე, სამეცნიერო-პოპულარულ გაზეთ „დვრიტას“ დამფუძნებელი იყო, რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა.სამწუხაროდ ლაშა, მამასავით 42 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.


"როდესაც საყვარელ ძმას ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნა, ეს მამუკასთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. ის ოჯახს ამშვიდებდა, სერიოზული არაფერია, პოლიპების ამბავიაო. თვითონ კი ქვეყანა დაატრიალა, რომ ძმისთვის რამე ეშველა. ურჩიეს, ისრაელში წაეყვანა. საელჩოში კი, მხოლოდ მამუკას ჩაურტყეს ვიზა. ამ დროს უკვე, ლაშას მდგომარეობა უარესდებოდა.'-

იხსენებს ქალბატონი ლეილა "თბილისელებთან" ინტერვიუში, რამდენიმე წლის შემდეგ კი თავად მამუკას შეექმნა ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები და გარდაიცვლა კიდეც 39 წლის ასაკში:

" მოსკოვიდან რძალმა დამირეკა, მამუკა საავადმყოფოშიაო. მეორე დღესვე გავფრინდი. მამუკა საავადმყოფოში ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, ბოლოს თირკმელები გაეთიშა. მე ვფიქრობ, ეს მისი ჭარბი წონის გამო მოხდა. თავს საერთოდ არ უვლიდა. სულ იმას ვეხვეწებოდი, თავს მიხედე-მეთქი. „დონ კიხოტის“ გადაღებების გამო მოიმატა წონაში, მანამდე ასეთი გასუქებული არ იყო, ჩვეულებრივ წონაზე იდგა. ბევრს ჭამდა, სმით ნაკლებს. ბოლოს წნევებიც აწუხებდა. რაც შეეხება ლაშას, ორი შვილი დარჩა, მათ ჰყავთ შვილები. შვილთაშვილი მამუკას ორმოცზე დაიბადა. ეს დღე ჩვენთვის ყველასთვის იყო ერთდროულად სიხარულის, ტირილის, მღელვარების.."(ლეილა ძიგრაშვილი)



შეგახსენებ, მამუკა კიკალეიშვილი თამაშობდა ფილმებში:"არაჩვეულებრივი რეისი" (1982), "ბატონი ავანტიურისტები" (ფრენკ ჯექსონი, 1985), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (სანჩო პანსა, 1989)"ოჰ ეს საშინელი ტელევიზორი"(1990); "პასპორტი"(1990) ; "უძინართა მზე" (1992), "ზნედაცემული ანგელოზი" (1992), "Coffee with Lemon" (Isr., 1994), «Карнавальная ночь-2» (Ru, 1996), «Принцесса на бобах» (Ru, 1997), «Старые клячи» (Ru, 1999), «Вместо меня» (Ru, 2000) და სხვა.

image

-არ ვიცი, რამ განაპირობა ჩემი ცხოვრების ტრაგიზმი ან იყო თუ არა ამაში რაიმე მისტიკური. ჩემი მეუღლე, ანდრო კიკალეიშვილი (მსახიობი), 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, შვილები კი – ლაშა 42 წლისა მიებარა უფალს, მამუკა – 39 წლის. ხშირად დამისვამს კითხვა – რატომ მერგო ამხელა ჯვარი? ეს ხომ ერთი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა. თურმე ძლიერი ვყოფილვარ, რადგან გავუძელი…


ცხოვრებაში არ მქონია შურის გრძნობა, ყველას სიკეთე მიხაროდა, სხვის სიხარულს ვიზიარებდი. ურთიერთობებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდი. რაც უნდა მწყენოდა, გულში ვმალავდი, არავისთან მქონია შეჯახება, მცირე უსიამოვნებაც კი…(ლეილა ძაგრაშვილი -ინტერვიუს ნაწყვეტი "სარკედან")


"


0
389
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0