x
მეტი
  • 26.09.2021
  • სტატია:114563
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488126
რა არის აღზრდის მთავარი პრინციპი?

image

არასდროს წამიკითხავს ადამიანის აღზრდის შესახებ უფრო ჭკვიანური და ლაკონიური ფრაზა, ვიდრე ეს არის:

"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო" (ეს სიტყვები დავით გურამიშვილს ეკუთვნის). შევეცდები, ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე.

ადამიანი სამსახოვანია - ნებისმიერი ჩვენგანი არის:


1. განუმეორებელი ინდივიდი

2. რომელიმე ერის შვილი

3. მთლიანი კაცობრიობის წარმომადგენელი.

დავით გურამიშვილი გვეუბნება, რომ ადამიანმა თავისი სამივე "განზომილებით"(რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთ განუყოფელ მთელს ქმნის) უნდა გაიაზროს, "ვინ არის". მაშასადამე, განათლება, პირველ ყოვლისა, თვითშემეცნებაა - ძველთაგან ცნობილია, რომ საკუთარი თავის შემმეცნებელი მთლიან სამყაროსაც შეიმეცნებს. მაგრამ რას ნიშნავს თვითშემეცნება? ეს არის თვითგააზრება არა მხოლოდ დროსა და სივრცეში ცალ-ცალკე, თანაც ამგვარი თვითგააზრება სტატიკური კი არა, დინამიურია - არსებითი სახით მოძრაობაში იკვეთება. ამ მოძრაობას ადამიანის ცხოვრება ჰქვია

დავით გურამიშვილია ნათლად გაგვიმართავს, როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას "ვინ არის"? მართლაცდა, ვინ ვართ ჩვენ? ყველაზე მარტივად აღსაქმელი პასუხი ასეთია: ჩვენ ვართ ის, რაც ვიყავით, რაც ვართ და ვიქნებით.

ვინ ვარ მე, როგორც ინდივიდი? საიდან იწყება ჩემი პიროვნული ცნობიერება? რა ოჯახიდან მოვდივარ? როგორია ჩემი ღირებულებები და ტრადიციები? ეს არის იმის გააზრება, თუ საიდან მოდის ადამინი.

ახლა რას წარმოვადგენ, განვითარების რა სტადიაზე ვიმყოფები? როგორია ჩემი დღვანდელი სახე, მიზნები და ამოცანები? - ეს უკვე მეორე კითხვას ეხება: "სად არის?"

და ბოლოს, საით მივყავარ ჩემი პიროვნული განვითარების ლოგიკას? სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი? როგორი მსურს იყოს თვითრეალიზების ხარისხი?

მეორე მხრივ, მე ქართველი ვარ - კონკრეტული ერის შვილი. ამ თვალსაზრისითაც პასუხი უნდა გავცე სამივე კითხვას:
როგორია ჩემი სამშობლო? რას მეუბნება მისი ისტორია და თანაცხოვრების ეროვნული გამოცდილება? რას მივიჩნევ მე, როგორც ქართველი, "დაუკარგავ წარსულად"? რა ღირსებები და ნაკლოვანებები მომდგამს? როგორ აყალიბებს ჩემს მოქალაქეობრივ ცნობიერებას საქართველოს წარსული ("სიდამ მოსულა"?)
როგორია ჩვენი თანამედროვე მდგომარეობა? რას მიაღწია ან ვერ მიაღწია ქართველთა მიერ ორგანიზებულმა სახელმწიფომ? როგორია თანამედროვე გამოწვევები და რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებთ მათ? ("სად არის"?)
საით მიდის ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი?


მესამე მხრივ, ვინ ვარ მე, როგორც კაცობრიობის წევრი, როგორც ზოგადად ადამიანი?
რისი და ვისი მემკვიდრე ვარ? საიდან მოვდივართ ჩვენ ყველანი, სად ვართ ან საით მივდივართ? ამ შემთხვევაში (ამ განზომილებაში) პასუხი შესაძლოა ყველაზე მარტივიც იყოს: ჩვენ ყველანი სამოთხიდან მოვდივართ, წუთისოფელში ვართ და...აი, საით მივდივართ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული (როგორც ცნობილია, ორი გზაა - სამოთხისკენ მიმავალი და მეორე არც კი მინდა ვახსენო).


აღზრდის არსებითი მიზანი პიროვნებად ჩამოყალიბებაა და არა მაინცდამაინც რომელიმე სასკოლო დისციპლინის დაუფლება - ადამიანად ყოფნა აღემატება თავისთავად ფიზიკოსობას ან თავისთავად ლიტერატორობას. არ არსებობს უფრო დიდი მეცნიერება, ვიდრე საკუთარი არსების შესწავლაა. აღზრდის მიზანი სწორედ ეს არის - ყველაფერი დანარჩენი საშუალებაა.







0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0