x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
ვინ იყვნენ ჰეტერები – ჩვეულებრივი მაძავები თუ კურტიზანი ქალები?
image


უპირველეს ყოვლისა ჯერ უნდა გავერკვეთ, თუ ვინ არიან ჰეტერები. დღეს მათ მეძავებთან აიგივებენ, მაგრამ ეს სულ ასეც არ არის. ჰეტერები თავიანთი ფუნქციებით ყოველთვის ახლოს იდგნენ გეიშებთან. ისინი სულაც არ იყვნენ ვალდებულები მამაკაცებისთვის სექსუალური სიამოვნება მიენიჭებინათ (ისე კი შეეძლოთ, თუმცა, მფარველებს თავად ირჩევდნენ). მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მამაკაცის გართობა ინტელექტუალურად. ჰეტერები იყვნენ ქალები, გამორჩეულნი თავიანთი განათლებით და სხვადასხვა შესაძლებლობებით. ისინი ღირსეულ მეგობრობას უწევდნენ იმ პერიოდის მოაზროვნეებსა და კულტურის წარმომადგენლებს. ჰეტერები არ უნდა ავურიოთ მეძავებში, რომლებიც ასევე არსებობდნენ საბერძნეთში და ეწოდებოდათ "პორნაი." ჰეტერებს საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ. "ჩვენ გვყავს ჰეტერები სიამოვნებისთვის, ხარჭები – ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ცოლები კი იმისთვის, რომ ბავშვები გაგვიჩინონ და სახლს მიხედონ." – დემოსთენეს ეს სიტყვები სრულიად გამოხატავს საბერძნეთის თავისუფალი მოქალაქის ქალებისადმი დამოკიდებულებას იმ პერიოდში.
ათენში არსებობდა სპეციალური დაფა, სადაც მამაკაცები ჰეტერებს წინადადებებს სთავაზობდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით. თუ ქალი თანახმახმა იყო, მაშინ ის წინადადების ქვემოთ შეხვედრის დროს წერდა. მათ კარგად იცოდნენ საკუთარი თავის ფასი, ამიტომ მფარველად მხოლოდ იმას ირჩევდნენ, ვინც მათ გულს გაუხარდებოდა. სანაცვლოდ ისინი ძალიან მდიდრულ და ძვირფას საჩუქრებს იღებდნენ თავიანთი თაყვანისმცემლებისგან. ცნობილია ფაქტი, როდესაც ერთ-ერთმა ჰეტერამ მისი მფარველისაგან ნაყოფიერი მიწები მიიღო ყურძნის ვენახებით.


imageანტიკურ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ჰეტერა ასპასია იყო (ჩვ. წ. აღ.- მდე Vსკ.). ჭკვიანი, ლამაზი და განათლებული – ის არა მარტო იპყრობდა იმ მამაკაცების გულებს, რომლებსაც ქვეყნის მმართველობაში პირველი ადგილები ეკავათ, არამედ მათ თავის კონტროლქვეშ აქცევდა. მასზე შეყვარებულები იყვნენ მოქანდაკე ფიდიასი და ათენის მმართველი პერიკლე (ბოლოს მასზე იქორწინა კიდეც). როგორც მმართველის მეუღლეს შეეფერება, ასპასია არა მხოლოდ ღვთაებრივად ლამაზი, ასევეიმდენად განათლებული და ჭკვიანი იყო, რომ მან, ერთმა ქალმა მოახერხა და მისი ქმრის მრჩეველთა მთელი გუნდის ადგილი დაიკავა. ის პერიკლეს უწერდა სიტყვას გამოსვლებისთვის, ეხმარებოდა სერიოზული სოციალურ– პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და საყვარელ მეუღლეს ომშიც კი აცილებდა, როგორც ეს მეთაურის მრჩეველს შეეფერებოდა. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა ანტიკური საბერძნეთის ისტორიაში, როდესაც ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები ქალის რჩევებს მიჰყვებოდნენ. პერიკლემ და ასპაზიამ ერთად ოცი წელი იცხოვრეს, მაგრამ როდესაც ათენს თავს აღმოსავლეთიდან მოსული შავი ჭირი დაატყდა, მან მმართველის სახლს გვერდი არ აუქცია – ბედნიერი წყვილის ბევრი ნათესავი დაიღუპა, ბოლოს თავად პერიკლეც გარდაიცვალა... ასპასია ქვრივად დიდხანს არ დარჩენილა–მალევე, ქმრის სიკვდილის მერე, ის ცოლად გაჰყვა სახალხო ბელადს ლისიკლეს.
თავისი განსწავლულობით რიტორიკასა და ფილოსოფიაში ეს უჭკვიანესი ქალი ტოლს არ უდებდა მეუღლის სწავლულებს. თავად სოკრატე აღფრთოვანებული იყო მისი გონიერებით, როდესაც მის მსჯელობას ისმენდა სხვადასხვა საკითხებზე. თუმცა, ასპაზია იმავდროულად სილამაზის ხელოვნებასაც არ ივიწყებდა. ის, რეალურ ცხოვრებაში, არა მარტო წარმატებით იყენებდა საკუთარ ცოდნას კოსმეტოლოგიასა და მაკიაჟის ხელოვნებაში, არამედ დაწერა "ტრაქტატი სილამაზის შენარჩუნებაზე" ორ ნაწილად, სადაც გაამხილა გაახალგაზრდავების საიდუმლო – სახისა და თმის ნიღბები და სხეულის მოვლის სხვა საშუალებები.


imageimage

მეორე ცნობილი ჰეტერა ანტიკურ ხანაში გახლდათ მოცეკვავე ფრინა (ძვ. წ. აღ.–ით IV ს). წარმოშობით ბერძნულ ქალაქ ფესპიადან იყო, ნამდვილი სახელი – მნესარეტი. შეძლებული ექიმის, ეპიკლეს ქალიშვილმა კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ფრინას ძირითად ღირსებას მისი არაჩვეულებრივი სილამაზე წარმოადგენდა. ის თავისი სახისა და სხეულის სრულყოფილებით არამარტო ირგვლივ მყოფებს აოცებდა, არამედ მშობლებსაც კი. ფრინა საკუთარი თავის ფასს ადრეულ ასაკშივე მიხვდა. ჭკვიანმა და პატივმოყვარე ლამაზმანმა გააცნობიერა, რომ გარეგნობის წყალობით ბევრი რამის მიღწევას შეძლებდა. მას სულაც არ იზიდავდა ჩვეულებრივი პროვინციელი დიასახლისის ყოფა, რაც ბევრი ახალგაზრდა ბერძენი ქალის ხვედრი იყო იმ პერიოდში. ეს რომ თავიდან აეცილებინა, ათენში გაემგზავრა. მას ერთი მიზანი ამოძრავებდა ჰეტერა გამხდარიყო, რადგან ამ თავისუფალ ელიტურ ქალებს ბევრი ისეთი უფლება ენიჭებოდათ, რაც სხვებისთვის აკრძალული იყო.

ათენში ქალებს მონებზე არც თუ ისე დიდი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ჰქონდათ. ანტიკური საბერძნეთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ძვ. წ. აღ.–ით III საუკუნამდე ბერძნები ყველა ქალს არაკეთილგონიერ არსებად თვლიდნენ, რადგან მათ განათლების მიღების უფლება ჰქონდათ ჩამორთმეული. ამასთან, ქმრები იმდენად იშვიათად იყოფდნენ მათთან სარეცელს, რომ სოლონს კანონში ჩაეწერაც კი მოუხდა, რაც მამაკაცებს ავალდებულებდა ცოლი-ქმრული მოვალეობის შეესრულებას სულ ცოტა თვეში სამჯერ. სოლონი, ამ კანონმდებლობით, ზნეობრივ ასპექტის გათვალისწინებით, ცდილობდა ქორწინება შეენარჩუნებინა, თუმცა ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობდა – ის ნებას რთავდა მამაკსცს ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომაც ურთიერთობები ჰქონოდა, ქალებს კი უკრძალავდა.

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, ჰეტერების თავისუფალი ცხოვრება იპყრობდა და იზიდავდა. ამ ქალებს შეეძლოთ ნებისმიერ შეკრებაზე გამოჩენა, პოლიტიკურზეც კი. ისინი მოურიდებლად ახდენდნენ თავიანთი სილამაზის დემონსტრირებას ძალიან გულახდილი სამოსით, ესაუბრებოდნენ და ეკეკლუცებოდნენ კაცებს, მათ შორის უცნობებსაც; იყენებდნენ კოსმეტიკას, სუნამოებს, პარიკებს და შინიონებს, რაც მიუღებელი იყო კეთილშობილი გათხოვილი ქალებისთვის.


imageimage

ასე რომ, ფრინა ნამდვილად არ მოტყუვდა. ათენში მისი ღირსებები ჯეროვნად დააფასეს: მისი თაყვანისმცემლები გახდნენ მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები თუ ხელოვნების წარმომადგენლები. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილ მოქანდაკე პრაქსიტელეს ერთი ნახვით შეუყვარდ და მორიდებით სთხოვა მისთვის პოზირება გაეწია აფროდიტეს ცნობილი ქანდაკების შესაქმნელად. მშვენიერი ჰეტერას სახელისა და დიდების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი დასაჩუქრების მასშტაბებიც და შესაბამისად მისი მადაც. ფრინა იმდენად გამდიდრდა რომ უკვე შეეძლო მიეტოვებინა თავისი ხელობა. ის მამაკაცებს თავისი სურვილისამებრ ირჩევდა, თუ თაყვანისმცემელი არ მოსწონდა, მასთან ურთიერთობაზე ლაპარაკიც კი არ იყო. ისტორიკოსების ცნობით, ფრინამ, რომელიც არ იყო კეთილგანწყობილი ლიდიის მეფის მიმართ, ასტრონომიული თანხა დაუწესა მასზე უგონოდ შეყვარებულ მონარქს, იმ მოტივით რომ მისი სიყვარული გაენელებინა. მაგრამ ვნებით შეპყრობილმა ლიდიის მეფემ უკან არ დაიხია და სრულად გადაუხადა რასაც ჰეტერა მისგან ითხოვდა. შემდგომში ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ბიუჯეტზე, შესაბამისად მეფეს მოსახლეობისთვის გადასახადების გაზარდა მოუწია. ამგვარად, ფრინა "საბერძნეთის ყველაზე სასურველ ქალად" იქცა და შესაბამისად პატივმოყვარე ჰეტერას სურდა ეს ტიტული რაც შეიძლებოდა დიდხანს შეენარჩუნებინა.


თუმცა ასეთი ქალბატონის ცხოვრება დრამატული მოვლენების გარეშე არ ჩაივლიდა. ის შეუყვარდა ორატორ ევფიასს და მზად იყო მისი გულისთვის მთელი თავისი ქონება დაეთმო, მან წვერიც კი მოიპარსა უფრო ახალგაზრდული იერი რომ ჰქონოდა, მაგრამ უმადური ჰეტერა მხოლოდ დასცინოდა. განაწყენებულმა ორატორმა მას ათენის სასამართლოში უჩივლა – ბრალი უღმერთობაში და აღვირახსნილობაში დასდო, რაც სერიოზულ ბრალდებად ითვლებოდა იმ პერიოდში. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ის შესაძლოა გაეძევებინათ ან სიკვდილით დაესაჯათ. ამის მიზეზი იყო აფროდიტე კნიდსელის ქანდაკება, რომელიც პრაქსიტელეს მიერ იყო შექმნილი, როდესაც ფრინა ჯერ კიდევ დამწყები ჰეტერა იყო. ამ ქანდაკებას ათასობით მორწმუნე თაყვანს სცემდა და მასზე ლოცულობდა. უარყოფილმა ორატორმა სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა და ფრინა ღმერთების უპატივცემულობაში დაადანაშაულა, თითქოს და ის აიძულებდა ამ ხალხს, რომ სინამდვილეში მისთვის ეცათ თაყვანი.


image

image

სასამართლოზე ფრინას ორატორი ჰიპერიდი იცავდა, რომელიც ასევე შეყვარებული იყო ჰეტერაზე. მიუხედავად მისი მჭერმეტყველებისა, მოსამართლეები ძალიან მკაცრად იყვნენ განწყობილნი. საქმეს უკვე ცუდი ბოლო უჩანდა, მაშინ ორატორმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოსთქვა: "ძვირფასო მოსამართლეებო, თქვენ ყველანი აფროდიტეს თაყვანისმცემლები ხართ, შეხედეთ და მიუსაჯეთ სიკვდილი მას, რომელსაც თავად ქალღმერთიც კი საკუთარ დად აღიარებდა." – მან ხელის მკვეთრი მოძრაობით ფრინას მხრებიდან მოსასხამი მოხსნა და სრულიად გააშიშვლა. 200 მოსამართლე ფრინას სხეულის სინატიფით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდა – ის ყველამ ერთხმად უდანაშაულოდ სცნო. იმ დროის ბერძენთა წარმოდგენით ასეთ სრულყოფილ სხეულში არ შეიძლებოდა არასრულყოფილი სული ყოფილიყო.
ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ფრინა სხვა ჰეტერებისაგან განსხვავებით მორცხვი იყო. ის არ ატარებდა გამჭირვალე სამოსს და ყოველთვის სქელ მოსასხამში მალავდა მკლავებს და თმასაც კი. მისი სიკვდილის შემდეგ პრაქსიტელემ პატივი მიაგო ფრინას ხსოვნას –ჩამოასხა ულამაზესი ჰეტერას ოქროს ქანდაკება და დიანა ეფესელის ტაძარში დადგა.


imageყველაზე ცნობილი ჰეტერა, ალბათ ათენელი თაისია, რომლსაც თავად ალექსანდრე მაკედონელი მფარველობდა. სხვათა შორის, ფრინასგან განსხვავებით ძალიან გულახდილ სამოსს ატარებდა – არა თუ მალავდა საკუთარ სხეულს, ნახევრად შიშველი თავხედურად დასეირნობდა სპარსეთის დაპყრობილ ქალაქებში. მას შემდეგ რაც მეფისა და მხედართმთავრის საყვარელ ქალად იქცა, თაისი სულ თან დაჰყვებოდა, საბრძოლო კამპანიებშიც კი. ერთხელ, პერსეპოლისში როდესაც ალექსანდრე თავის ამალასთან და თაისთან ერთად სპარსელებზე კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობდა დამარცხებული მეფის სასახლეში, სწორედ ჰეტერას მოუვიდა თავში აზრად, რომ "ბარბაროსებზე" შურიძიების მიზნით სასახლე გადაეწვათ. ეს მოვლენა იმ პერიოდის ბევრ ისტორიულ წყაროშია ნახსენები. განსაკუთრებით ხატოვნად დიოდორე სიცილიელი და პლუტარქე აღწერენ. თაისის სიტყვამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელზე, რომ არც კი დაფიქრებულა ანთებული ჩირაღდანი ისე ისროლა სასახლეში, მას არც თაისი ჩამორჩა და იგივე გაიმეორა. ცეცხლის ალი უზარმაზარ კედრის სასახლეს ერთიანად მოედო და დაიფერფლა. ყოველივე ზემოთხსენებულის მიუხედავად, ჰეტერა თაისზე ისტორიულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაციაა. ცნობილია კიდევ ის ფაქტი, რომ პტოლემეოს I სოტერს გაჰყვა ცოლად, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა.imageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არიან კურტიზანები და რით განსხვავდებიან სხვა ქალებისგან?


სახალისო ისტორიები ქერებზე


თქვენ თუ იცით რა სურთ ქალებს? – სახალისო ისტორიები


ეპიდემია, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს


სერიული მკვლელი "გრეფი" – დაუჯერებელი ფაქტები


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ


შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II)



0
467
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0