x
რა არის კავასაკის დაავადება?
image


კავასაკის დაავადება არის საშუალო ზომის არტერიების კედლის ანთებითი პროცესი, რომელიც ვლინდება ბავშვებში.ანთებითი პროცესი ყველაზე ხშირად ვითარდება კორონარულ არტერიებში, ეს სისხლძარღვები უზრუნველყოფენ გულის კუნთის ტროფიკას.ასევე ცნობილია მუკოკუტანური ლიმფური კვანძის სინდრომის სახელწოდებითაც, რადგან დაავადება გავლენას ახდენს ლიმფურ ჯირკვლებსა და კანზე, ასევე ხორხის, პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვანზე.კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება და კანის აქერცვლა. უმეტეს შემთხვევაში, დაავადებისგან განკურნება ხდება სერიოზული გართულებების გარეშე.მის მიმდინარეობაში გამოიყოფა 3 ფაზა.

1 ფაზაში ვლინდება:

3 ან მეტი დღის განმავლობაში ტემპერატურის აწევა 39°C-ის ზემოთ ჰიპერემიული თვალები
გამონაყარი ტანზე და გენიტალიების მიდამოში
წითელი, გამომშრალი და დამსკდარი ტუჩები
უკიდურესად წითელი ენა
ხელის გულის, ტერფის კანის ჰიპერემია და შეშუპება
ლიმფური კვანძების შეშუპება, უპირატესად კისრის
გაღიზიანებადობა



2 ფაზა:

კანის აქერცვლა კიდურებზე

დიარეა

ღებინება

სახსრების ტკივილი

აბდომინალური ტკივილი


3 ფაზა:

თუ გართულებები არ გამოვლინდა, სიმპტომები ნელ-ნელა ქრება.სრულად გამოჯანმრთელებას და ენერგიის აღდგენას შესაძლოა დასჭირდეს დაახლოებით 8კვირა.


დაავადების წარმოშობა არ არის ცნობილი.მეცნიერთა დასკვნით ის არ არის კონტაგიოზური დაავადება ანუ არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს.არსებობდა მრავალი თეორია, რომელთა მიხედვით, დაავადების განვითარებაში წვლილი მიუძღვის ზოგიერთ ბაქტერიას, ვირუსს და სხვა გარემო ფაქტორებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ დასტურდება.ზოგიერთი გენის არსებობამ შეიძლება გაზარდოს დაავადების განვითარების რისკი.


შესაძლებელია თუ არა კონკრეტული რისკ-ჯგუფებისა და ფაქტორების გამოყოფა დაავადების ეტიო-პათოგენეზში?

დიახ, შესაძლებელია და მათ მიეკუთვნება:

1.ასაკი- დაავადების განვითარების შანსი მაღალია 5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში

2.სქესი- ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დაავადების განვითარებისკენ, ვიდრე გოგონები

3.ეთნიკური ჯგუფი- დაავადება უფრო მეტად ვლინდება აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ხშირია იაპონელებსა და კორეელებში.


კავასაკის დაავადების გართულებად მიიჩნევა გულის შეძენილი დაავადებები:

სისხლძარღვების ანთებითი პროცესები, განსაკუთრებით კორონარული არტერიების

გულის კუნთის ანთებითი პროცესები

გულის სარქვლის პრობლემები

სწორად შერჩეული მკურნალობის საშუალებით შესაძლებელია ამ გართულებების თავიდან აცილება.


კორონარული არტერიების ანთებითმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს ანევრიზმა, რაც თავის მხრივ ზრდის სისხლის კოლტების წარმოქმნის და შესაბამისად გულის შეტევის ან შინაგანი სისხლდენის განვითარების რისკს.კორონარული არტერიების ანთებითი პროცესის მქონე ბავშვების ძალიან მცირე პროცენტში, მკურნალობის მიუხედავად დგება სიკვდილი.


დიაგონსტირებისთვის საჭიროა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი და გამოირიცხოს მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებები, ვინაიდან არ არსებობს სპეციფიკური ტესტები. მსგავსი კლინიკური გამოვლინების მქონე დაავადებებია:

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

სტრეპტოკოკური ინფექციით გამოწვეული სკარლეტის ცხელება

სტივენ-ჯონსონის სინდრომი

წითელა


გარდა დიფერენციალური დიაგნოზისა, ტარდება ფიზიკური გამოკვლევა, სისხლისა და შარდის ანალიზი, ელექტრო და ექოკარდიოგრამა.

გართულებების პრევენციისთვის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაწყებული, მთავარი მიზანი არის ტემპერატურის დარეგულირება, ანთებითი პროცესის შემცირება და გულის დაზიანების პრევენცია.მკურნალობისთვის გამოიყენება გამა გლობულინი და ასპირინი.გამა გლობულინის ინფუზია ხდება ინტრავენურად, ის ამცირებს კორონარული არტერიების დაზიანების რისკს.რაც შეეხება ასპირინს, მისი მაღალი დოზით გამოყენება ამცირებს ანთებით პროცესს, ასევე ტკივილს და ტემპერატურას, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასპირინის მაღალი დოზა შეიძლება გახდეს რეის სინდრომის განვითარების მიზეზი, ამიტომ მისი თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია და მისი მიცემა ბავშვებისთვის შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ასპირინის საწყისი მაღალი დოზის შემდეგ საჭიროა მისი შემცირება.მკურნალობა დაბალ დოზაზე გრძელდება დაახლოებით 6 კვირა, თუ აღინიშნება გართულებები კორონარული სისხლძარღვის ანევრიზმის სახით, ამ შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს.

მდგომარეობა უმჯობესდება გამა გლობულინის პირველი ინფუზიისთანავე.მკურნალობის გარეშე კი დაავადება გრძელდება დაახლოებით 12 დღე.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0