x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მიჯაჭვულობის განვითარება

imageმიჯაჭვულობა წარმოადგენს ძლიერ, გრძნობით კავშირს, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ გააჩნიათ. ასეთი კავშირი ადამინისთვის სტრესის დროს სიამოვნების, სიმყუდროვის და შვების მომტანია. ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევრის პერიოდში, ახალშობილები მიჯაჭვულები არიან იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ მოთხოვნილებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ. პირველი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დედასთან ჩვილის ემოციური კავშირი სხვა ნებისმიერი გვიანდელი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს ეკუთვნის ფროიდს. იგი მიიჩნევდა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვილისა და მშობლის კავშირის ხარისხს. თუმცა თანამედროვე კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ ინდივიდის მიჯაჭვულობის განვითარებაზე მოქმედი ხანგრძლივი ეფექტი დამოკიდებულია როგორც ჩვილის ადრეულ გამოცდილებაზე, ისე მშობელსა და ბავშვს შორის ხანგრძლივ ურთიერთობაზე. ამასთან, ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისის მიხედვით, მშობლებსა (ან მშობლის ფუნქციის მქონე პირებს) და ბავშვებს შორის მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისას დიდ როლს ასრულებს კვება. კვებას დიდ მნიშვენლობას ანიჭებდნენ ბიჰევიორიზმის წარმომადგენლებიც, რომელთა თანახმად, თუ მშობელი ან მომვლელი ბავშვის შიმშილის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, ის უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მოფერებას, თბილ ღიმილს, დამამშვიდებელ სიტყვებს და სხვა. ანუ პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების შედეგად, მეორეულ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მეტი უპირატესობა ენიჭება და ამას დასწავლის ხასითი აქვს. მართალია საკვების მიღება მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მიჯაჭვულობა არ არის დამოკიდებული შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებაზე. ჩვილი ბავშვები მიჯაჭვულობას განიცდიან ოჯახის იმ წევრების მიმართაც, რომლებიც იშვიათად აჭმევენ მათ, მაგალითად, მამის, და-ძმის ან ბებია-ბაბუას მიამრთ. აღნიშნულ მიდგომაში კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში ჩვილების ხასიათის თავისებურებებს თითქმის ყურადღების მიღმა ტოვებენ და უპირატესობას მხოლოდ მშობლის როლს ანიჭებენ.

ამ საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ჯონ ბოულბის წვლილის აღნიშვნაც. ბავშვსა და მომვლელს შორის კავშირის იდეის შესწავლა პირველად სწორედ ჯონ ბოულბიმ დაიწყო. მისი თეორიის მიხედვით, უსაფრთხო მიჯაჭვულობა დამოკიდებულია მშობლის ან მომვლელის პასუხებზე ბავშვის საჭიროებებისადმი. ამასთან, ბოულბი კვებას არ მიიჩნევდა მიჯაჭვულობის საფუძვლად და ფიქრობდა, რომ მიჯაჭვულობას ბიოლოგიური ფესვები აქვს. ბოულბი თვლიდა, რომ ჩვილის ურთიერთობა მშობელთან თანდაყოლილი სიგნალებით იწყება, რომლებიც უფროსებს მათთვის ყურადღების მიქცევას აიძულებენ. თანდათანობით კი ნამდვილი მოსიყვარულე კავშირი ყალიბდება, რომელსაც არა მარტო ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობები, არამედ წარსული თბილი მზრუნველობაც უწყობს ხელს. ბოულბიმ შემოგვთავაზა მიჯაჭვულობის განვითარების ოთხი ფაზა: 1. მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე) - ისეთი თანდაყოლილი სიგნალები, როგორებიცაა ჩაჭიდება, ღიმილი, ტირილი და უფროსის თვალებში ყურება ახალშობილებს ეხმარება სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტის დამყარებაში. ამ ასაკის ბავშვები ცნობენ საკუთარი დედის სუნსა და ხმას, იწყებენ დედის სახის ნაკვთების გარჩევას და, ასევე, მათთან სიახლოვე აწყნარებს, კომფორტს უქმნის ჩვილებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ არ არის დედაზე მიჯაჭვული იქედან გამომდინარე, რომ იგი უცნობ უფროსთან დარჩენას არ ეწინააღმდეგება; 2. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8 თვემდე) - ბავშვის მზრუნველთან მიჯაჭვულობა აშკარა სახეს იღებს. ჩვილს მასზე მზრუნველსა და უცხო ადამიანებზე განსხვავებული რეაგირება აქვს. ამასთან, იწყება ნდობის გრძნობის განვითარება, ანუ იმის მოლოდინი, რომ მომვლელი რეაგირებას მოახდენს მაშინვე, როგორც კი მისგან სიგნალს მიიღებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვები მომვლელთან განშორებას არ ეწინააღმდეგებიან; 3. მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან 18-24 თვემდე) - ბავშვში ჩნდება განშორების შფოთვა, რაც წარმოადგენს ახლობელი მზრუნველის წასვლაზე დისტრესულ რეაქციას, კერძოდ, როცა ბავშვს ტოვებს მზრუნველი, რომელსაც ენდობოდა, ბავშვი მოუსვენარი ხდება და შფოთავს. საგულისხმოა, რომ განშორების შფოთვა ყოველთვის არ აღინიშნება და ის დამოკიდებულია ჩვილის ტემპერამენტსა და არსებულ სიტუაციაზე; 4. ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება (18 თვიდან - 2 წლამდე და შემდეგ) - ამ პერიოდში ახალფეხადგმულ ბავშვებს წარმოდგენისა და მეტყველების განვითარება ზოგიერთ იმ ფაქტორის გაცნობიერების საშუალებას აძლევს, რომელიც მშობლის მოსვლა-წასვლაზე ახდენს გავლენას. შედეგად, დაშორების მიმართ პროტესტი იკლებს და ბავშვები თხოვნისა და დარწმუნების გზით მზრუნველთან მოლაპარაკებასა და „ვაჭრობას“ იწყებენ, რათა შეცვალონ მათი მიზნები. ბოულბი მიიჩნევდა, რომ ზემოთ მოყვანილი ოთხი ფაზის განმავლობაში ბავშვები ამ განცდებიდან თუ გამოცდილებებიდან მყარ მოსიყვარულე კავშირს აყალიბებენ, რასაც მშობლების არყოფნისას უსაფრთხოების საფუძვლად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში მიჯაჭვულობის ხარისხი განსხვავებულია. 1-2 წლამდე ასაკის ბავშვსა და მზრუნველს შორის მიჯაჭვულობის ხარისხის განსაზღვრისთვის გამოიყენება მერი ეინსვორტის მიერ შემუშავებული ცნობილი ლაბორატორიული ტექნიკა - "უცნობი სიტუაციის ტესტი". უცნობი სიტუაცია 8 მოკლე ეპიზოდისგან შედგება, რომლის დროსაც ბავშვებს მცირე ვადით რამოდენიმეჯერ აშორებენ მშობლებს და შემდეგ კვლავ ახვედრებენ მას. ამ ეპიზოდების განმავლობაში ჩვილების რეაქციებზე დაკვირვების შედეგად, მკვლევრებმა ოთხი სახის მიჯაჭვულობის ტიპი გამოყვეს: 1. უსაფრთხო მიჯაჭვულობა - ჩვილები მშობელს უსაფრთხოების წყაროდ იყენებენ. მათი წასვლის შედეგად შესაძლოა იტირონ ან არ იტირონ. მშობლის დაბრუნებისას ისინი აქტიურად იწყებენ მათთან კონტაქტის ძიებას და წყვეტენ ტირილს; 2. განრიდებითი მიჯაჭვულობა - ჩვილები არ რეაგირებენ მშობლის ყოფნა-არ ყოფნაზე. ძირითადად, დედის წასვლის შედეგად არ განიცდიან დისტრესს. მათი დაბრუნებისას კი თავს არიდებენ ან ძალიან უღიმღამოდ ხვდებიან დედას; 3. რეზისტენტული მიჯაჭვულობა - ბავშვები მშობლებთან ახლო კონტაქტის ძიებაში არიან, მშობლის წასვლის დროს კი დისტრესს განიცდიან და მისი დაბრუნებისას არეულ გრძნობებს გამოხატავენ - ეკვრის და უბრაზდება მას, ტირის, ზოგჯერ ურტყამს კიდეც, მაგრამ თან ებღაუჭება მას. ამ დროს ბავშვების დამშვიდება საკმაოდ რთულია; 4. ორგანიზაციისა და მიმართულების არმქონე მიჯაჭვულობა - გამოხატავს ძლიერ საფრთხეს. როდესაც მშობლები დაბრუნდებიან ბავშვები ამას დაბნევით და წინააღმდეგობის გაწევით პასუხობენ. ზოგმა მათგანმა დამშვიდების შემდეგ შესაძლოა ისევ დაიწყოს ტირილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლები თავიანთი მიჯაჭვულობის გამოცდილების საფუძველზე საკუთარ შინაგან სამუშაო მოდელს აგებენ. ისინი შვილებთან სწორედ ამ საკუთარი შინაგანი სამუშაო მოდელის მიხედვით ამყარებენ კავშირს. მერი მეინმა და მისმა კოლეგებმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით ჩაატარეს ინტერვიუ, რომლის დროსაც უფროს ადამიანებს ბავშვობაში საკუთარი მიჯაჭვულობის გამოცდილების გახსენება სთხოვეს. შედეგად, გამოიკვეთა დედის შინაგანი სამუშაო მოდელის ოთხი ტიპი: 1. ავტონომიური/უსაფრთხო - მათ საკუთარი ბავშვობის გამოცდილებისა და განცდების განხილვისას ობიექტურობა და წონასწორობა გამოავლინეს; 2. უარმყოფელი - ამ დედებმა საკუთარი მიჯაჭვულობის ურთიერთობების მნიშვნელობა სრულიად გააუფასურეს. ისინი შეიძლება ითქვას, რომ უემოციოდ საუბრობდნენ; 3. ზედმეტად ჩამრევი - ეს დედები საკუთარი ბავშვობის გამოცდილებაზე ემოციურად საუბრობდნენ და ზოგჯერ საკუთარი მშობლების მიმართ ბრაზს გამოხატავდნენ; 4. გაუბედავი - ამ ტიპის დედებმა ზემოაღნიშნული სამივე მოდელის თვისებები გამოავლინეს. რაც შეეხება მამის როლს მიჯაჭვულობის განვითარებაში, უნდა ითქვას, რომ ჩვილები მამებთან ძლიერ მოსიყვარულე კავშირს ამყარებენ და რომ მამის თბილი მზრუნველობა უსაფრთხო მიჯაჭვულობას განაპირობებს. ეს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მამები, დედებთან შედარებით, გაცილებით მეტ დროს უთმობენ მასტიმულირებელ და გასართობ ინტერაქციას ბავშვებთან.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, რადგან ის ბავშვსა და მშობელს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და, შესაბამისად, მშობლის სენსიტიური მზრუნველობის გაგრძელების ალბათობას ზრდის. ჩვილობის ასაკში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის პატერნები კი შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდეს.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0