x
"თუ შენი საქმის პროფესიონალი იქნები, დაფასებაც გექნება", — ახალგაზრდა მასწავლებელი, თინათინ ყველაშვილი პედაგოგის პროფესიაზე
თინათინ ყველაშვილი

ამ სტატიაში ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტს, ახალგაზრდა მასწავლებელსა და "გზა მომავლისკენ" ორგანიზაციის წევრს, თინათინ ყველაშვილს გაგაცნობთ. თინათინი, 19 წლისაა და გორის მუნიციპალიტეტიდან არის.

პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვეცანით. ვინ ხართ? რას საქმიანობთ

მოგესალმებით! მე ვარ თინათინ ყველაშვილი, ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსელი და ორგანიზაცია "Road To The Future — გზა მომავლისკენ" ორგანიზაციის წევრი.


მაინტერესებს, რა არის მიზეზი ან მიზეზები, რის გამოც მასწავლებლის პროფესია აირჩიეთ?

დავიწყებ იქიდან, რომ მასწავლებლობა ბავშვობიდან მსურდა, რადგან მომწონდა ჩემი დაწყებითების მასწავლებელი ნაილი გოგიაშვილი. მე-12 კლასამდე ზუსტად ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემმა ინგლისურის მასწავებელმა, თამუნა ხარიბეგაშვილმა შეამყვარა და მასწავლა საგანი. შესაბამისად, ეს პროფესია და ამ საგნის სპეციალისტობა მსურდა და არა რომელიმე სხვა საგნის.

მეორე მიზეზი რატომაც გადავწყვიტე [მასწავლებლობა], არის ის, რომ მიყვარს მუდმივად რაღაც ახლის სწავლა და ბავშვებთან ურთიერთობა. მასწავლებლობა კი სწორედ ასეთია: მუდმივად ვითარდები და მუდმივად რაღაც ახალს სწავლობ.

ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას? მხარს გიჭერენ?

კი, ოჯახიდან ყველა მხარს მიჭერდა, თუმცა, იყო ოჯახის გარე პირებიდან საუბარი, რომ "ახლანდელი ბავშვები თავხედები არიან" და მათთან კონტაქტი გამიჭირდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვამზადებ მოსწავლეებს და მათ ქმედებებს, მიზანსწრაფულობას, სწავლისადმი ინტერესს, ზრდილობას და პასუხისმგებლიანობას, რომ ვხედავ, უფრო დიდი მოტივაცია მიჩნდება, მეტი ვაკეთო.

ახლა რას ფიქრობენ ის ადამიანები? შეიცვალა რამე მათ დამოკიდებულებებში?

არ ვიცი, ვიმედოვნებ, აზრი შეიცვალეს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ამ პროფესიით მე ვმუშაობ და უნდა ვიმუშაო და არა მათ.

როგორც ვიცი, სწავლის პარალელურად მუშაობთ კიდეც მასწავლებლად. რამდენიმე სიტყვით აღწერეთ თქვენი გამოცდილება და გვითხარით, ზოგადად, რამე სირთულის წინაშე თუ დამდგარხართ ამ პერიოდში და თუ კი, როგორ გაუმკლავდით გამოწვევას?

არანაირი პრობლემა შემქმნია ისეთი, რითიც ხელი შეგვეშლებოდა. ყოველთვის ადვილად ვპოულობდით გამოსავალს. გვქონია მომენტი, როდესაც ელექტროენერგია არ გქვონდა, მაგრამ გამოგვიყენებია მობილურის ინტერნეტი.

უნივერსიტეტი რამდენად გიწყობთ ხელს და რაში? რამე ჰომ არ არის, რის შეცვლასაც ისურვებდით?

თბილისის ღია უნივერისტეტის სტუდენტი ვარ. მოგეხსენებათ, ამ უნივიერსიტეტში მოხვედრა დაბალი ქულებითაც შეგიძლიათ, თუმცა, სწავლება ასეთი მარტივი არ არის. თითოეული ლექტორი პროფესიონალია. არ მახსოვს მომენტი, რამე არ აეხსნათ, როდესაც რამეს ვერ ვიგებდი. თითქმის ყველა სტუდენტი მუშაობს და მათ შორის, მეც. ამ კუთხითაც მაქსიმალურად ხელს გვიწყობენ ლექტორებიც და ადმინისტრაციაც.

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მოითხოვს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებას. შეგიძლიათ აღწეროთ, თქვენ რა მეთოდებსა და ხერხებს იყენებთ სასწავლო პროცესში? რამდენად ეფექტურია ისინი?

სწავლების ერთი მეთოდი არასდროს მაქვს. ტრადიცია რაც მაქვს და არასოდეს ვარღვევთ, არის ის, რომ ყოველთვის ვიწყებთ მოკითხვით, როგორ არის და როგორ ჩაიარა მისმა დღემ. შემდეგ გადავდივართ გაკვეთილზე. ვერ ვიტან ერთფეროვნებას, ვცდილობ, თითო გაკვეთილზე ერთი ახალი აქტივობა მაინც მქონდეს.

ჩემი პატარების ყველაზე საყვარელი აქტივობა სიტყვებით თამაშია. ვუყურებთ მოკლე მეტრაჟიან მულტფილმებს, ვაკეთებთ ტესტებს, ვასწორებთ და ვყვებით დავალებებს, ვდგამთ სხვადასხვა სიტუაციებს, ვაწყობთ წყვილებში საუბარს, გვაქვს პრეზენტაციებიც.

დიდებთან ცოტა განსხვავებული ფორმატია: აქ ვიდეოები გვაქვს, პრეზენტაციები, მოსმენა, kahoot, მოყოლა, დავალებების შესწორება, ტესტების წერა, ერთ სიტყვაზე საუბარი რამდენიმე წუთი და ა.შ. გვქონია დღეები, როდესაც თავად მთავაზობენ აქტივობებს და ვასრულებთ კიდეც.

საქართველოს განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბევრი ხარვეზი გვაქვს, რაც სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებას.

კი, ხარვეზები ნამდვილად გვაქვს. არ მომწონს ახალი გამოშვების წიგნები; არ მომწონს მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეებთან, (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება); არ მომწონს მოძველებული სწავლების მეთოდები, ხშირად გაკვეთილი რომ მოსაბეზრებელია; არ მომწონს ბავშვებთან ქულებით თამაში, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება: "თუ შენ ასე არ გააკეთებ ნიშანს არ გაღირსებ", "ვფიცავ, ქულას არ დაგიწერ", "ახლა შენ იცინე და მერე მე გავიცინებ" და მსგავსი ფრაზები, მოგეხსენებათ, რომ ხშირია.

ვფიქრობ, სკოლა უნდა აძლევდეს სათანადო განათლებას და ბავშვებს რეპეტიტორებთან სიარული არ უნდა უწევდეთ. თავს ამაზე იმით იმართლებენ ხშირად, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ, მაგრამ თუ სწავლების მეთოდი შეიცვლება, ბავშვებს, გარკვეულწილად, საგნის მიმართ ინტერესი გაუჩნდებათ. კიდევ ბევრი ხარვეზია, რაც იჩენს თავს. ეს ყველაფერი თუ გამოსწორდება, ბევრად უკეთესი განათლების სისტემა იქნება.

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მასწავლებელი და რატომ?

ერთი რჩეული არ მყავს.
ნაილი გოგიაშვილი — დაწყებითების მასწავლებელი;
ეკა ჭალიძე — ხელოვნების მასწავლებელი;
თამუნა ხარიბეგაშვილი — ინგლისური ენის მასწავლებელი;
მაია მიხანაშვილი — ისტორიის მასწავლებელი და ჩემი დამრიგებელი;
ეთერი იაშვილი — ქიმიის მასწავლებელი, რომელიც, სამწუხაროდ, კოვიდით გარდაიცვალა.

თითოეული ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება ხასიათით, თუმცა, მათ შემაყვარეს სკოლა და მათი წყალობით მივხვდი, რომ სკოლის პერიოდი ნამდვილად ჯობდა. კიდევ ის, რომ არასოდეს არაფერი დამეზაროს და მუდამ ყველაფრისთვის მზად ვიყო.

ყველაზე მეტად კი ეს ფრაზები მახსოვს: “თინა შეგიძლია", "თუ არ ისწავლი, მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე და არა სხვა ვინმე, თუ რამე გსურთ ყველაფერს მიაღწევთ". თუმცა, არიან კიდევ, ვინც მენატრება, ვისაც ვაფასებ და მიხარია, რომ მათი მოსწავლე მერქვა.

როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლის პროფესია დაფასებულია?

ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მასწავლებელი ხარ. შენი საქმის პროფესიონალი თუ იქნები, თუ ბავშვები გეყვარება და მათთან ვალდებულების მიზნით არ იქნები, თუ ბავშვებისთვის დროს გამოყოფ და თუნდაც შენს 30 წუთს მათ დაუთმობ, როცა საჭიროა, თუ ბავშვებს საგანს შეაყვარებ და საგნით დააინტერესებ, ვფიქრობ, დაფასებაც გექნება.

სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?

მასწავლებლად, მაგრამ სად, ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. ვთვლი, უფრო ისეთ ადგილას ვიქნები პედაგოგად, სადაც საჭირო ვიქნები.

თქვენს მიღწევებზე რას მოგვიყვებოდით?

ჩემი მიღწევები არის ის, რომ მყავს ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩავატარე კურსი ორ ორგანიზაციაში და მაქვს კიდევ ორი ორგანიზაციიდან შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდი.

ყველაზე დიდ მიღწევად რასაც მივიჩნევ, არის ის, რომ ხარისხიანად სწავლობენ ჩემი ბავშვები და განვლილი მასალა მუდამ ახსოვთ. შედეგი კი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი ბავშვების შედეგი ჩემი დიდი მიღწევაა, რადგან, როდესაც ვდებ დიდ ენერგიას, საპასუხოდ აუცილებლად ის შედეგი უნდა იყოს, რასაც მოველი.

რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიას ახლა არჩევენ?

არავის დაუჯეროთ პროფესიის არჩევის დროს. ისწავლეთ ის რაც გსურთ, რაც ბედნიერებას განიჭებთ, რისი კეთებაც არასდროს მოგბეზრდებათ. თქვენი შერჩეული პროფესიით უნდა იმუშაოთ თქვენ და არა სხვამ. ულევ წარმატებას გისურვებთ და ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ არ ინერვიულოთ.

რჩევა, რომელსაც საკუთარ მოსწავლეებს მივცემდი, არის...

არასოდეს შეიცოდონ საკუთარი თავი და ყოველთვის კარგად მოემზადონ ყველა საგანში, თუ უნდათ, რომ იყვნენ წარმატებულები და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

უკვე დასასრულს მივუახლოვდით. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!

მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის!

1
91
3-ს მოსწონს
ავტორი:ევა გუმაშვილი
ევა გუმაშვილი
91
  
2021, 2 სექტემბერი, 18:14
სტატიის ჩასწორების ფუნქცია არ არის, ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ თინათინი, ამჟამად, მეორე კურსის სტუდენტია და არა მესამე. ბოდიშს გიხდით უზუსტობისთვის!
0 1 1