x
შეგრენის სინდრომის სიმპტომები,მიზეზები,დიაგნოსტირება და მკურნალობა

image


შეგრენის სინდრომი არის იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის და ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალით, ვინაიდან გამოიყოფა სულ უფრო მცირე რაოდენობის ცრემლი და ნერწყვი.
შეგრენის სინდრომი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, პაციენტთა უმეტესობის დიაგნოსტირება ხდება 40 წლის ასაკიდან, მდგომარეობა უფრო მეტად გავრცელებულია ქალებში, მკურნალობა კი მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ.

შეგრენის სინდრომში გამოიყოფა 2 მთავარი სიმპტომი:
თვალების სიმშრალე- წვის, ქავილის და თვალებში ქვიშის არსებობის შეგრძნება
პირის სიმშრალე-ზოგჯერ იმდენადაა ეს სიმპტომი გამოხატული, რომ პაციენტს უჭირს მეტყველება და საკვების გადაყლაპვაც კი

ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს:
შეშუპებული სანერწყვე ჯირკვლები
კანის სიმშრალე ან გამონაყარი
ვაგინალური სიმშრალე
გახანგრძლივებული მშრალი ხველა
მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
სახსრების ტკივილი, შეშუპება

შეგრენის სინდრომი არის ავტოიმუნური დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა მიმართულია საკუთარი უჯრედებისა და ქსოვილების განადურებისკენ, დღესდღეობით ამის მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს გარკვეული გენები, რომლებიც ზრდის სინდრომის განვითარების რისკს, თუმცა ამისთვის საჭიროა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც, მაგალითად: ინფექცია.

შეგრენის სინდრომი უპირველესად აზიანებს სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებს, მაგრამ ასევე აზიანებს ორგანიზმის სხვა ნაწილებსაც :
სახსრებს
თირკმელებს
ფარისებრ ჯირკვალს
ღვიძლს
ფილტვებს
კანს
ნერვებს

არსებობს სინდრომის განვითარების კონკრეტული რისკ-ფაქტორები:
ასაკი- შეგრენის სინდრომი ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება 40 წელს გადაცილებულ პირებში
სქესი- ქალები უფრო მეტად არიან დაავადების განვითარებისკენ მიდრეკილნი, ვიდრე მამაკაცები
რევმატოიდული დაავადება - რევმატოიდული ართრიტითა და ლუპუსით დაავადებულ პირებს აქვთ უფრო დიდი რისკი განუვითარდეთ შეგრენის სინდრომი

შეგრენის სინდრომის შესაძლო გართულებები შეგვიძლია დავყოთ ხშირ და ნაკლებ გავრცელებულად.

ხშირი გართულებებია:
კარიესის განვითარება-ვინაიდან ნერწყვს აქვს ბაქტერიებისგან დაცვის ფუნქცია, მისი ნაკლებობა განაპირობებს კარიესის განვითარებას
სოკოვანი ინფექციები- შეგრენის სინდრომის მქონეებს ხშირად უვითარდებათ პირის ღრუს კანდიდოზი
მხედველობის პრობლემები- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის დაბინდვა, რქოვანას დაზიანება

ნაკლებად გავრცელებული გართულებებია:
თირკმელების, ღვიძლისა და ფილტვების დაავადებები-პნევმონია, ბრონქიტი, თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, ჰეპატიტი ან ციროზი
ლიმფური ჯირკვლების პრობლემები- შეგრენით დაავადებულთა მცირე პროცენტში ვითარდება ლიმფომა
პერიფერიული ნეიროპათია- ცახცახი, დაბუჟება და წვის შეგრძნება კიდურებში

შეგრენის დაავადების დიაგნოსტირება არც თუ ისე მარტივია, გამომდინარე სიმპტომების ვარიაბელურობიდან. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

სისხლის ანალიზი
სისხლის უჯრედების დონის შესამოწმებლად
შეგრენის სინდრომისთვის დამახასიათებელი ანტისხეულების აღმოსაჩენად
ანთებითი პროცესის არსებობის დასადგენად
ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების არსებობის განსაზღვრისთვის

ოფთალმოლოგიური გამოკვლევა
თვალის სიმშრალის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს შირმერის ტესტი-ეს არის სპეციალური ფილტრის ქაღალდი, რომელიც თავსდება ქვედა ქუთუთოზე, პაციენტი ხუჭავს თვალს 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ფასდება ქაღალდის ტენიანობა.
გარდა ამისა, სპეციალური ოფთალომოგიური ნაპრალოვანი მიკროსკოპის გამოყენებით ფასდება თვალის ზედაპირის მდგომარეობა.

ასევე, ტარდება:
სიალოგრაფია-საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით სანერწყვე სადინრების ავსების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი
სცინტიგრაფია- რადიაქტიური იზოტოპის დახმარებით სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება
ბიოფსია- ტუჩიდან მცირე ზომის ქსოვილის აღება და მიკროსკოპში ანთებითი უჯრედების კლასტერების შემოწმება


შეგრენის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, ზოგ შემთხვევაში საკმარისია ხელოვნური ცრემლის გამოყენება და წყლის გაძლიერებული მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში კი აუცილებელია მედიკამენტების მიღება ან ქირურგიული ჩარევა.
თვალის საშუალო ან მძიმე ფორმის ანთებითი პროცესების დროს შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს ციკლოსპორინი(Restasis) ან ლიფიტეგრასტი (Xiidra).
ნერწყვგამოყოფის გაზრდისთვის პილოკარპინი (სალაგენი) და ცევიმელინი (Evoxac).მათი გვერდითი მოვლენებია ოფლიანობა, აბდომინალური ტკივილი და ხშირი ურინაცია.
ართრიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ხოლო პირის ღრუს კანდიდოზის დროს-ანტიფუნგალური საშუალების გამოყენება.
ქირურგია გულისხმობს მცირე მანიპულაციას-პუნქტალურ ოკლუზიას, რა დროსაც ხდება მცირე ზომის კოლაგენის და სილიკონის საცობების მოთავსება საცრემლე არხში, რის შედეგადაც ცრემლი რჩება თვალში უფრო დიდხანს და უზრუნველყოფს მის დატენიანებას.

შეგრენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია :
თვალის სიმშრალისთვის გამოიყენოთ ხელოვნური წვეთები და ლუბრიკანტები
თავი აარიდოთ მოწევას, თამბაქოს გამოყენება დაამძიმებს პირის ღრუს მდგომარეობას
გაზარდოთ სითხის მიღება- ეს პუნქტი ეხება მხოლოდ წყალს(ალკოჰოლს, ყავას და გაზიან სასმელებს თავი უნდა აარიდოთ)
უზრუნველყოთ ნერწყვის სტიმულაცია-შაქრისგან თავისუფალი საღეჭი რეზინის გამოყენებით
ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჯანმრთელობას და მიმართეთ ექიმს ყოველ 6 თვეში ერთხელ, ვინაიდან ნერწყვის ნაკლებობა ზრდის ბაქტერიების რაოდენობას და შესაბამისად კარიესის განვითარების რისკს
თუ თვალისა და პირის ღრუს სიმშრალეს ემატება კანის სიმშრალეც, ამ შემთხვევაში თავი აარიდეთ ცხელი წყლით აბაზანის მიღებას, სკრაბების გამოყენებას, გაიმშრალეთ ტანი რბილი პირსახოცით და ხშირად დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი.

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0