x
ადისონის დაავადების ფორმები,სიმპტომატიკა,დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდი

image
ადისონის დაავადება, იგივე თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არის იშვიათი დაავადება, რა დროსაც ორგანიზმი ვერ პროდუცირებს კონკრეტულ ჰორმონებს საჭირო რაოდენობით და წარმოიქმნება მცირე რაოდენობით კორტიზოლი და ალდოსტერონი.
დააავდება ვლინდება ორივე სქესის და ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში.მდგომარეობა არის სიცოცხლისთვის საშიში, ხოლო მკურნალობა გულისხმობს შესაბამისი ჰორმონების მიღებას.
ჩვეულებრივ, სიმპტომებს აღენიშნებათ ნელი განვითარება, ეს პერიოდი ხშირად გრძელდება თვეების განმავლობაში, თუმცა სხვადსხვა ფაქტორებმა, როგორიცაა -სტრესი, ტრავმა, ავადმყოფობა და ა.შ. შესაძლოა დააჩქაროს მათი გამოვლინება.

ადისონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია:
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
მადის დაქვეითება და წონის კლება
კანის ჰიპერპიგმენტაცია
დაბალი არტერიული წნევა, ხშირია გულის წასვლა
მარილიანი საკვების მიმართ მოთხოვნილების გაზრდა
ჰიპოგლიკემია
გასტროინტესტინური სიმპტომები- გულისრევა, ღებინება და დიარეა
აბდომინალური ტკივილი
კუნთებისა და სახსრების ტკივილი
გაღიზიანებადობა
დეპრესია და სხვა ბიჰევიორული სიმპტომები
სექსუალური დისფუნქცია და სხეულის თმის საფარველის გაქრობა ქალებში

ზოგჯერ, სიმპტომები ვლინდება უცაბედად და ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა, იგივე თირკმელზედა ჯირკვლის კრიზი, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.მწვავე უკმარისობის სიმპტომებია:
უკიდურესი სისუსტის შეგრძნება
დეზორიენტაცია დროსა და გარემოში
ტკივილი წელისა და ქვედა კიდურების მიდამოში
ძლიერი აბდომინალური ტკივილი, ღებინება და დიარეა, შესაბამისად დეჰიდრატაცია
ცნობიერების დაბინდვა და დელირიუმი
დაბალი არტერიული წნევა
ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია


რა იწვევს ადისონის დაავადებას?
ადისონის დაავადების მიზეზი არის თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანება, შედეგად ვეღარ პროდუცირდება საჭირო რაოდენობით კორტიზოლი და ალდოსტერონი.
თირკმელზედა ჯირკვალი იყოფა ორ ნაწილად ტვინოვან და ქერქოვან შრეებად.შიგნითა, ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს ადრენალინსა და ნორადრენალინს.ხოლო გარეთა შრე ანუ ქერქი უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, მათ მიეკუთვნება: გლუკოკორტიკოიდები, მინერალოკორტიკოიდები და ანდროგენები.
გლუკოკორტიკოიდებს მიეკუთვნება კორტიზოლი, რომელიც მნიშვნელოვან როლს იღებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, არეგულირებს იმუნურ სისტემას და განაპირობებს ორგანიზმის ადეკვატურ პასუხს სტრესზე.
მინერალოკორტიკოიდებს მიეკუთვნება ალდოსტერონი, რომელიც უზრუნველყოფს წყლისა და ელექტორილეტების ბალანსის და შესაბამისად ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.
ანდროგენები არის მამაკაცის სასქესო ჰორმონები, თუმცა მისი მცირე რაოდენობა წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვალშიც და პროდუცირდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.მამაკაცებში განაპირობებს ნორმალურ სექსუალურ განვითარებას, გავლენას ახდენს კუნთურ მასაზე და ლიბიდოზე ორივე სქესის წარმომადგენლებში.

განსხვავებენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის პირველად და მეორეულ ფორმებს.

პირველადი ფორმის დროს დაზიანებულია საკუთრივ თირკმელზედა ჯირკვალი და სწორედ ამ მიზეზით აღარ გამოყოფა საჭირო რაოდენობით ჰორმონები, ეს კი თავის მხრივ, განპირობებულია ავტოიმუნური მდგომარეობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმი თავისივე ნაწილს, ამ შემთხვევაში თირკმელზედა ჯირკვალს, აღიქვამს როგორც უცხოს და მიმართულია მისი დესქტრუქციისკენ.ადისონის დაავადების მქონე პირებს, როგორც წესი, აღენიშნებათ სხვა ავტოიმუნური დაავადებებიც.
პირველადი ფორმის სხვა ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ტუბერკულოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ინფექციები, სისხლდენა და სიმსივნე.

იმ შემთხვევაში თუ თირკმელზედა ჯირკვლის ყველა პარამეტრი არის ნორმაში, მაგრამ ჰორმონები მაინც არ გამოიყოფა საჭირო რაოდენობით, მაშინ ეჭვი უნდა მივიტანოთ მეორეულ ფორმაზე.
ნორმაში, ამ ჰორმონების გამოყოფა რეგულირდება ჰიპოთალამო-ჰიპოჰიზური სისტემით : სისხლში ჰორმონების კონცენტრაციის სიმცირე განაპირობებს ჰიპოთალამუსში რილიზინგ ჰორმონების გამოყოფას, ეს ჰორმონები ზემოქმედებს ჰიპოფიზზე და ასტიმულირებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ACTH წარმოქნას, ის კი თავის მხრივ უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები, ანდროგენები) გამოყოფას.შესაბამისად, ჰიპოფიზის დაზიანება, სიმსივნე, ანთება, ასევე ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია გახდეს ამ ჰორმონების სიმწირის მიზეზი.
მეორეული ფორმის სხვა მიზეზს მიეკუთვნება ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის განკუთვნილი კორტიკოსტეროიდების ერთბაშად შეწყვეტა (საჭიროა მათი თანდათანობით შემცირება).
განსხვავება პირველად და მეორეულ ფორმებს შორის არის სიმპტომებშიც, მაგალითად : მეორეულ ფორმას არ ახასიათებს კანის ჰიპერპიგმენტაცია, ნაკლებად ვლინდება დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა.მეორეულ ფორმისთვის უფრო დამახასიათებელია სისხლში შაქრის დაბალი დონე.

დიაგნოსტირება ხორციელდება:
სისხლის ანალიზით, სადაც დგინდება კალიუმის, ნატრიუმის, კორტიზოლის, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონე, ასევე ანტისხეულების არსებობა.
ACTH მასტიმულირებელი ანალიზი-მისი საშუალებით განისაზღვრება კორტიზოლის დონე სისხლში სინთეზური ATCH შეყვანამდე და შეყვანის შემდეგ.
ინსულინ ინდუცირებული გლიკემიური ანალიზი-ტარდება მაშინ, როდესაც ეჭვი არის მეორეულ ფორმაზე, ტესტი მოიცავს სისხლში გლუკოზისა და კორტიზოლის დონის შემოწმებას ინსულინის ინექციამდე და მას შემდეგ.ჯანმრთელ პირებში გლუკოზის დონე ეცემა, კორტიზოლის დონე კი მატულობს.
CT- თირკმელზედა ჯირკვლის ზომისა და სხვა ანომალიების შესამოწმებლად, MRI- ჰიპოფიზის ვიზუალიზაციისთვის.

რაც შეეხება მკურნალობასა და პრევენციას, ადისონის დაავადების პრევენციის გზა არ არსებობს, ხოლო მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში არის მედიკამენტური, პაციენტს ენიშნება ჩანაცვლებითი თერაპია სტეროიდული ჰორმონებით, მაგალითად:
კორტიზოლის ჩანაცვლებისთვის-ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი
ალდოსტერონის ჩანაცვლებისთვის- ფლუდროკორტიზონის აცეტატი

ადისონის კრიზის შემთხვევაში გამოიყენება კორტიკოსტეროიდების, ფიზიოლოგიური ხსნარისა და დექსტროზას (გლუკოზა) ინტრავენური ინექციები.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0