x
VIP ტერმინალი და დატბორილი დოჰა - სახალისო ისტორია, რომელიც კატარში მოგზაურობისას გადამხდა
image


ალბათ მოგზაურობის დროს მომხდარი თავგადასავალი წლების გასვლის შემდეგ ყველაზე ტკბილად გასახსენებელი ამბავია, ხოდა მეც ერთი ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე. ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი ქვეყნების "დამელაშქრა" მოვინდომე, არჩევანი კატარზე გავაკეთე, ყველაფერი ტრადიციულად წინასწარ დავგეგმე, მეტროსა და ავტობუსის მოძრაობის ხაზებსაც გადავხედე (რაიცი რაში დაგჭირდეს, თუმცა უნდა ვაღიარო ტაქსის სერვისი იმდენად იაფია, ერთადერთი მოსანახულებლად თუ ჩაჯდები სხვა ტრანსპორტში).

და დადგა 2020 წლის 8 იანვარი, ეს ის პერიოდია, როდესაც ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა სუფევს, გინდა არ გინდა გეფიქრება “ვაიდა ომი დაიწყონ რა მეშველებათქო”, მსგავსი უაზრო ფიქრით შეშინებული თბილისის აეროპორტისკენ მივემგზავრები, დილის 10 საათიც შესრულდა, თვითმფრინავში სულ რაღაც 3 საათში ავალ და გავფრინდები იქით - დიდი სიმდიდრისა და ცათამბრჯემებისკენ. ჩემს ფიქრებში გართული "ფეისბუქს" ვათვალიერებდი და ამ დროს საშინელ სიახლეს წავაწყდი - "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავი ირანმა საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდო, აი აქ კი საშინელმა შიშმა ამიტანა, ნუთუ შესაძლებელია მსგავსი რამ? მეც ხომ უნდა გადავიფრინო ამ ქვეყნის თავზე? ვაიმე? რეგისტრაცია გავიარე, ბარგიც ჩავაბარე, თავს კი იმით ვიმშვიდებ, რომ თუ საფრთხე იქნება თვითმფრინავს აფრენის შესაძლებლობას არ მისცემენ და მართლაც ასე მოხდა, ჩავსხედით თვითმფრინავში, თუმცა გაფრენა 2 საათით დაგვიანდა, მგზავრები წყნარად ვისხედით და ველოდით სიახლეს წავიდოდით თუ გადაიდებოდა რეისი…

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ პილოტის ხმაც გაისმა, დიახ ჩვენ სულ მალე დავტოვებდით თბილისის აეროპორტს და ახლო აღმოსავლეთისკენ გავემართებოდით. ფრენა 3 საათს გაგრძელდა, პირველად შემეშინდა ასე ძალიან მგზავრობის, თუმცა როგორც კი დოჰა გამოჩნდა ყველაფერმა ჩაიარა, თვითმფრინავი დაჯდა, მგზავრებმაც ეკიპაჟის წევრებს ტაში დავუკარით, თავში კი ის აზრი მქონდა, ჩამოვედი, ახლა რაღა უნდა მოხდესთქო?! მაგრამ რა ვიცოდი რეალურად წინ რა მელოდა?!


თვითმფრინავიდან ჩამოსვლას არ ვჩქარობდი, კიბეების (ე.წ. ტრაპის) მეშვეობით ავტობუსამდე უნდა მივსულიყავი, ის კი საბაჟომდე მიმიყვანდა, სადაც ყველაფერს გავივლიდი და სასტურმოსკენ გავემართებოდი… გამოვედი თვითმფრინავიდან, "დამცხო ჩახუთულმა სიცხემ", ნელ-ნელა მოვდივარ კიბეებზე თან აქეთ-იქით ვიყურები, ჩამოვედი და რას ვხედავ, წინ ქალბატონი დგას, ჩადრშია გამოწყობილი და ხელში ფურცელი უჭირავს - ვკითხულობ წარწერას და გიორგი ღვინიაშვილი... ერთი გავჩერდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, არც ტრანზიტი მქონდა აღებული, რომ მეფიქრა აქ ასეთი მომსახურებაათქო. ნელ-ნელა ჩავედი, ამ ქალბატონის უკან ახალი BMW-ს მარკის ლიმუზინი დგას, უკვე გამეცინა, არა არა გამორიცხულიათქო.

image


მივედი და მივესალმე ადამიანს, ვაჩვენე პასპორტი და რაღაც არაბულად დაიძახა, მძღოლი გადმოვიდა მომესალმა ბარგი გამომართვა, საბარგული გახსნა ჩააწყო და ჩაჯდა, დამხვედრს ვუთხარი, რომ მშობელთან ერთად ვიყავი და ისიც ჩუმად ჩემს გვერდით დადგა, მამაც ჩამოვიდა, წამოდი ავტობუსზე არ დაგვაგვიანდესო და უცბათ მანაც გახედა ამ პოსტერს და მკითხა თუ რა ხდებოდა... ავუხსენი სიტუაცია, შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხე ქალბატონს თუ რატომ გვხვხებოდნენ, პასუხად ისევ მითხრა, რომ გადმოცემული იყო ჩვენზე და აუცილებლად უნდა გავყოლოდით, რა გვექნა? ჭიდაობას ხომ არ დავიწყებდით?

ჩავსხედით, ავტომობილიც დაიძრა, ამ ქალს მეათედ რომ ვკითხე რა ხდებათქო გაებრაზა და ნუ ნერვიულობ, მე თქვენს გვერდით ვიქნებიო, ამ პასუხმა სულ გამაგიჟა, რას მიპირებენ ასეთს კი მაგრამთქო, სრული ბედნიერებისთვის პასპორტიც გამომართვა მე მექნებაო, ახლა უკვე მართლა ვერაფერს ვიზამდი, ვთხოვდი მძღოლს, რომ მანქანა გაეჩერებინა, პასპორტი დაებრუნებინათ, მათი უარი კი ყველაფერზე მაფიქრებდა - დაწყებული პოზიტიური კუთხით, სადაც საიუბილეო სტუმარი ვიყავი და დახვედრის მიზეზი ეს იყო და რა თქმა უნდა, ნეგატიური ჭრილიც არსად მეკარგებოდა, ქურდი, ტერორისტი, ყველაფერი რაც კი ცუდთან ასოცირდებოდა.

რა უნდა მექნა? ყველაფერი ვცადე რაც კი შემეძლო, ბოლოს დავნებდი, ფანჯარას გავხედე და აქეთ-იქით ვიყურებოდი, სილამაზით მაინც დავტკბეთქო...

image


დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მანქანა გაჩერდა, ქალბატონმა გამომხედა, გამიღიმა და ჩასვლა მთხოვა, ვყოყმანობდი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. გადმოვედი მანქანიდან და რას ვხედავ?! ჩემს წინ უზარმაზარი, მოოქროვილი შენობა დგას, ირგვლივ კი გვერდს სხვადასხვა ძვირადღირებული ავტომობილები უმშვენებდა, გაოცებული ვიყურებოდი და ვფიქრობდი, აქ როგორ მოვხვდითქო?

საბარგული ჩემით გავხსენი, შეშინებულსა და დაბნეულს მძღოლმა ხელზე ხელი დამადო გაუშვიო, რაზედაც შევხტი, აი რომ არ შემშინებოდა ჭკუასაც ვასწავლიდი, მაგრამ იმ დროს ერთი ვფიქრობდი, აქედან გავაღწიოთქო...

ჩადრში გამოწყობილმა ქალბატონმა მანიშნა გამომყევითო, შევედი და მომსახურე პერსონალი ფეხზე წამოდგა, მესალმებოდნენ, მეც შევიფერე, თავს ვუკრავდი და სალამალეიქუმ (გამარჯობა) ვეუბნებოდი, აი აქ კი მართლა დავიბენი, ვათვალიერებდი და შოკში ვიყავი... მივუახლოვდი საბაჟოს, მანიშნეს ტერმინალთან მიდიო, როგორც ყველა სხვა აეროპორტში მივედი და ქამრის მოხსნა დავიწყე, ამავდროულად ჯიბეებიდან ზედმეტ ნივთებს კალათაში ვაწყობდი, რა დროსაც აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა და მთხოვა, რომ უბრალოდ გამევლო, გავიარე და ველოდებოდი ახლა დაიწრიპინებს, არა ახლათქო, თუმცა გამოვედი და რას ვხედავ, ტერმინალი გამორთულია, დაბნეულმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება, რა დროსაც ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი დავკარგე, გაუჩინარდა, ავნერვიულდი, აი ახლა იწყებათქო ვიფიქრე, ყველას ვეჩხუბე, დამიბრუნეთ პასპორტებითქო, თან ვიღაც კაცები გაივლიდნენ, ლამაზ თეთრ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი და მესალმებოდნენ, უკან რამდენიმე პირი მოყვებოდათ, ვერც კი ვხვდებოდი სად ვიყავი, 30 წუთიანი ლოდინის შემდეგ დავნებდი, რაც არის არისთქო...

ის ქალბატონი არსად ჩანდა, ამ დროს დერეფნის ბოლოს მამაკაცი დავინახე, რომ შეხედავდი იერით ქართველს ჰგავდა, მივუახლოვდი და ქართულად ვკითხე:

  • უკაცრად ქართველი ხართ?

  • გამარჯობა, დიახ გისმენთ, აქ რა გინდათ?

  • არვიცი, აეროპორტში დამხვდნენ, წამომიყვანეს, ჩვეულებრივად პასპორტშიც ბეჭედი დარტყმულია, თუმცა ერთ ქალბატონს აქვს ჩემი პასპორტი და ვერ ვტოვებ ამ ტერიტორიას, ისიც არ ვიცი სად ვარ...

კაცს გაეღიმა, ახლავე დაგეხმარებითო, თავისი კაბინეტისკენ გაგვიძღვა, შემდეგ დაგვტოვა და 15 წუთის შემდეგ მობრუნდა, სიცილით მითხრა არინერვიულოთ, უბრალოდ გვარი შეეშალათო და სხვის მაგივრად თქვენ დაგხვდნენო, მომაწოდა პასპორტი და ბედნიერი დასვენება გვისურვა...


გამოვედი კაბინეტიდან და ის ჩადრიანი ქალი დავინახე, მეთქი მივიდე ვუთხრა რას მერჩოდი ვერ მკითხე პირდაპირ თქვენ უნდა დაგხდეთო, მაგრამ არა, რამე არ ეგონოსთქო, ისედაც ერთადერთი რაც მინდოდა აეროპორტის ტერიტორიის დატოვება გახლდათ. გავიარე წინ, ამ ქალბატონს გავხედე, დავემშვიდობე და გამოვედი, ტაქსში ჩავჯექი და ვფიქრობდი, ოღონდ ახლა ჩემს თბილისში დამაბრუნათქო, მივუყვებოდი დოჰას ულამაზეს სანაპირო ზოლს, ვხედავდი ფერად-ფერად ცათამბრჯენებს, თუმცა სიხარული კიარა საქართველოში მინდოდა დაბრუნება, როგორც იქნა ცოტა დავშვიდდი ვივახშმეთ და მეორე დღეს პირდაპირ უდაბნოს ტური დავგეგმეთ.


დილით ვიღვიძებ და გარეთ კოკისპირული წვიმაა, სასტუმროს ნომრიდან ვიყურები და ქალაქში წყალდიდობაა, წარმოიდგინეთ იმდენად იშვიათად წვიმს, რომ მსგავსი დონის განვითარებულ ქვეყანაში სანიაღვრე სისტემა არ აქვთ, ვიყურები და უკვე მეცინება, რა ხდება კი მაგრამ ასეთითქო, უდაბნოში წასვლა ჩემი ოცნება იყო, წვიმის გამო ნატვრის ასრულებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, თანაც კომპანიის წარმომადგენელსაც არ დაურეკავს, რომ ტური არ შედგებოდა, გამოვეწყე, დაბლა მძღოლი დაგვხვდა, პირდაპირ წყალშიც ჩავხტი, გზად საშინელი საცობი დაგვხვდა, ქუჩების უმეტესობა გადაკეტილი იყო...



დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ქალაქიდან გავედით და ჩემს წინ უდიდესი, ქვიშით დაფარული ტერიტორია გადაიშალა, წარმოიდგინეთ მარცხნივ წითელი ზღვა, მარჯვნივ უდაბნო, უკან კი დაახლოებით 100 კილომეტრში ზე განვითარებული ქალაქი - დოჰა.



იმ საღამოს სასტუმროში დავბრუნდით, ისევ მეცინებოდა დილით ჩემი რეაქცია, რომ გამახსენდა, როდესაც დატბორილი ქალაქი დავინახე. ამის შემდეგ კიდევ 5 დღე დავრჩი, დავდიოდი და ვათვალიერებდი ულამაზეს ქალაქს, მაგრამ ის ამბავი რაც გადამხდა კიდევ მაშინებდა...

1 წლის გასვლის შემდეგ კი ყველაზე ტკბილ მოგონებად დამრჩა, 2020 წლის 8 იანვარი იყო დღე, როდესაც შიშითა და დაძაბულობით იმ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადაც შესაძლოა მეორედ ვეღარასოდეს მოვხვდე. სწორედ ასე იცვლება საშიში და სანერვიულო მომენტები ტკბილ და დასამახსოვრებელ მოგონებებად.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0