x
ზღაპრები და მათი როლი ბავშვების განვითარებაში

image

ზღაპრები კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მოუსმენია კეთილი დასასრულის მქონე ლამაზი ისტორია.

სანამ ზღაპრის როლზე ვილაპარაკებთ ბავშვების და ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში, განვიხილოთ რა არის ზღაპარი? ზღაპარი არის გამოგონილი ისტორია, რომელიც მოიცავს სიკეთის და ბოროტების ბრძოლას, სადაც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს. მოქმედება ერთი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება, რომელიც ძირითადად უსახელოა, ან აქვს მეტსახელი, მაგალითად: „კონკია“, „ფიფქია“, „წითელქუდა“ და ასე შემდეგ. რადგან ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მორალური და ცხოვრებისეული გაკვეთილების სწავლებაა, მისმა მკითხველებმა პერსონაჟებთან თავის გაიგივება უნდა შეძლონ. სახელის არმქონე გმირები ამარტივებს საქმეს, რომ მათ ტყავში ჩავძვრეთ, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირე ასაკში არ აქვთ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნების უნარი. ზღაპრის სიძლიერე მათი სიმარტივეა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავი ალეგორიით არის დატვირთული. ეს მარტივი, ჯადოსნური შინაარსი და „ძლიერ“, მიმზიდველ გმირებთან თავის გაიგივება ბავშვისთვის ძალიან საინტერესოა, ხოლო მნიშვნელოვანი იდეები, ამ მარტივი შინაარსის უკან, ქვეცნობიერში ილექება.

ამბობენ, რომ ზღაპრების ბედნიერი დასასრული: „და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად“, ინგლისურ შემთხვევაში: „Happily ever after”, ბავშვებს ცხოვრების მიმართ არარეალისტურ იმედებს აღუძრავს, ბრუნო ბეთელჰაიმი, ზღაპრების ფსიქოანალიტიკოსი პასუხობს:

  • ბავშვებს სჭირდებათ არარეალისტური იმედები, რადგან არარეალისტური შიშები აქვთ.
  • ზღაპრების ბედნიერი დასასრული შინაგან კომფორტს უქმნის ბავშვებს. ისინი რეალისტური დასასრულით რომ იყოს, იმედგაცრუებას აღძრავდა სიმშვიდისა და სიხარულის მაგივრად.
  • ზღაპრების ჯადოსნურობა ბავშვებს არ უქმნის არარეალისტურ წარმოდგენებს ტყეზე, არამედ ჩეულებრივ ტყესაც სძენს ჯადოსნურ იერს.


ზღაპარი ერთი მთავარი გმირის გარშემო ვითარდება. რომელიც ძირითადად სახლს ტოვებს, შემდეგ იგი გადალახავს სირთულეებს, ბოლოს მოიპოვებს გამარჯვებას და სიმშვიდეს. ზღაპრის ბოლოს გმირი უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ბედნიერია. ის თავგადასავალი კი, რომლის გამოვლაც მოუწია იყო განვითარების, სწავლის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ გახდეს უკეთესი, ანუ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გმირის, ალეგორიულად ჩვენ საკეთილდღეოდ არის მოწყობილი. ბავშვის ქვეცნობიერში რჩება, რომ რაც არ უნდა დიდ სირთულეებს წააწყდეს ცხოვრებაში, ის მას გაზრდის პიროვნულად, გააძლიერებს და ბოლოს, ბედნიერებას მოუტანს. ბედნიერი დასასრული კი მათ უნერგავს რწმენას, რომ „ყველაფერი ჩემ, გარშემო, ჩემ სასიკეთოდ ხდება, შეიძლება ის მე არ მესმოდეს, არ მომწონდეს და მეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემი გზაა ბედნიერებამდე“.

ზღაპრების მიზნებისა და დანიშნულების განსაზღვრა არაერთმა მწერალმა თუ ფსიქოლოგმა სცადა, მათ შორის არიან ტოლკინი და ბეთელჰაიმი რომლებიც ადასტურებენ, რომ ზღაპრები არის ბავშვებისთვის აუცილებელი ისტორიები, რომელიც გვიყვება არა მხოლოდ ბედნიერი დასასრულის მქონე ისტორიებს, არამედ აქვს ერთგვარი მორალური გაკვეთილების დანიშნულება და ამავდროულად ანვითარებს წარმოსახვის უნარს.

ამ თემასთან დაკავშირებით ტოლკინი, გვიზიარებს ზღაპრების ოთხ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

  • ფანტაზია, რომელიც “ხელოვნების ყველაზე პოტენციური, ამაღლებული და სუფთა ფორმაა“, რომლის მიღწევაც საკმაოდ რთულია.
  • საგნების და მოვლენების ახლებურად დანახვა, რომელიც ხშირად გვინარჩუნებს ბავშვურობას.
  • რეალობისგან გაქცევა – მისი აზრით, ისევე როგორც პატიმარი არაა ვალდებული იფიქროს მხოლოდ ციხის კედლებზე, მკითხველსაც აქვს უფლება გაცდეს რეალობას.
  • ბედნიერი დასასრული – რომელიც, ტოლკინის აზრით, აუცილებელია ყველა ზღაპრისთვის და მათ უმაღლეს ფუნქციას წარმოადგენს. ესაა “უეცარი გადატრიალება ზღაპარში, რომელიც მკითხველს ანიჭებს წამიერ უძლიერეს სიხარულს და სურვილს რომ რეალურადაც ასე ხდებოდეს. ეს შეგრძნება შეიძლება აიხსნას ზღაპრის საფუძვლად მდებარე რეალობის ან ჭეშმარიტების წვდომით.”


სწორედ ბედნიერი დასასრული მოიაზრება ტოლკინის მიერ ზღაპრების იმ უნიკალურ ინსტრუმენტად, რომელიც მკითხველს მორალურობას შთააგონებს. სურვილი იმისა, რომ ზღაპარში აღწერილი მოვლენები რეალობაშიც ასე ხდებოდეს მსმენელს მორალური ქმედებისკენ უბიძგებს და მორალური ქმედების უპირატესობას ბავშვებისთვის გასაგები – ზღაპრების ენით – აჩვენებს.

რაც შეეხება ბეთელჰაიმის მოსაზრებებს, პირველ ფაქტორად ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განვიხილოთ მორალური ორიენტაცია. სწორედ ამ საკითხს იკვლევდა ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეთელჰაიმი, რომელიც თვლიდა, რომ ზღაპრები, რომლებსაც ერთი შეხედვით მხოლოდ ზღაპრულ გარემოში გადაყავს ბავშვები, მათი განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ფაქტორია, რადგან ისინი ბავშვებს სთავაზობენ ღირებულ გაკვეთილებს მათთვის გასაგებ ენაზე . როგორც ვიცით, ზღაპრებში ძირითადად ასახულია პრობლემები და მათთან განმკლავებას გზები, რომელიც მოზარდს უყალიბებს გამოსავლის ძიებისა და პრობლემების რელევანტურად გადაჭრის უნარებს . ეს კი იქიდან მომდინარეობს, რომ “ზღაპარი ფსიქოლოგიურად უფრო დამარწმუნებელია ბავშვისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეალისტური მოთხრობა, რადგან ის ბავშვს საოცნებო ტრიუმფს პირდება. ვინაიდან ზღაპარი ბავშვს სამეფოს აღუთქვამს, ბავშვი მზადაა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც მას ზღაპარი ასწავლის”

მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარში აღწერილი მოვლენები ხშირად შეუძლებელია რეალობაში მოხდეს, ბეთელჰაიმის აზრით, ისინი მაინც ყველა ლიტერატურაზე უკეთ ახერხებენ ბავშვის რეალობაში ორიენტირებას. როგორაა ეს შესაძლებელი? ბეთელჰაიმი, როგორც ფსიქოანალიზის მიმდევარი, ზღაპრების ასეთ ძალას სიმბოლოების ენაში ხედავს. ის მიიჩნევს, რომ ზღაპრებს იგივე მნიშვნელობა აქვთ ბავშვებისთვის, რაც სიზმრებს ზრდასრული ადამიანებისთვის. ზღაპრები ბავშვებს ეხმარება ქვეცნობიერის ზეწოლას ფანტაზიით გაუმკლავდნენ. შესაბამისად, ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან ზღაპრებს, მიდრეკილნი არიან ემოციური დარღვევებისადმი. ბეთელჰაიმი ზღაპრის ერთ- ერთ მთავარ ფუნქციად სწორედ ბავშვების ინტერპერსონალური პრობლემების მოგვარებაში ხედავს და მათ თერაპიულ ეფექტზე საუბრობს.

აქვე უნდა აღინიშნოს დანაპირების შესრულების იდეაც. მართლაც, თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ზღაპრებში ბედნიერი დასასრული დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავარი პერსონაჟი პირობას ასრულებს, სუსტს დაეხმარება, ან სიბოროტეს სიბოროტით არ უპასუხებს.

როგორც უკვე ვახსენე, ზღაპრებს ძალიან დიდი როლი აქვთ ბავშვის მორალურ განვითარებაში, ამ კუთხით მათი დანიშნულებაა ასწავლონ არა წესების გაუცნობიერებლად შესრულება, არამედ აზიარონ იმ მორალურ პრინციპებს, საიდანაც ეს წესები გამომდინარეობს. ბეთელჰაიმის აზრით, ბავშვი ახდენს იდენტიფიცირებას ზღაპრის დადებით გმირთან და ეს ის მექანიზმია, რომელიც მას მორალურობას შთაუნერგავს:

“ის რაც ბავშვს მორალურობას შთაუნერგავს, არის არა სიმართლის/კეთილის გამარჯვება ბოლოში, არამედ მიმზიდველი გმირი, რომელთანაც ბავშვი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს. ამ იდენტიფიცირების გამო ბავშვი თავის წარმოდგენაში გმირთან ერთად გაივლის ყველა განსაცდელს და მასთან ერთად ზეიმობს სიკეთის გამარჯვებას. ასეთ იდენტიფიცირებას გმირთან ბავშვი თავის თავად ახდენს. გმირის შინაგანი და გარეგანი ბრძოლები მას მორალურობას შთაუნერგავს”.

ზღაპრები ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე გადასცემენ მნიშვნელოვან მორალურ და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, მაგრამ ამას ახერხებენ არა მორალის თავზე მოხვევით და ინსტრუქციების მიცემით, არამედ მორალური ქცევის უპირატესობის ფრთხილად და სწორად წარმოჩენით.

მაგალითად, “მეთევზე და ჯინი”-ში, ჯინის დაჭერის სამი მცდელობა შეიძლება განვიხილოთ როგორც გზავნილი, რომ წარმატებას პირველივე მცდელობისას არ უნდა ველოდოთ და რომ ზოგიერთი რამ გაცილებით ძნელი მისაღწევია ვიდრე ჩვენ ეს გვგონია და მოველით.

ასევე, ბავშვი ზღაპრიდან “ურჩხული და მზეთუნახავი” სწავლობს, რომ ის რაც თავიდან შეიძლება საზიზღარი და შემაშინებელი ჩანდეს, შესაძლებელია, რომ მომავალში ყველაზე სასურველ პარტნიორად გარდაიქმნას. ეს ბავშვი შემდგომ, რეალურ ცხოვრებაშიც მზადაა დაიჯეროს, რომ უცნაური და/ან შემაშინებელი ბავშვი, რომელსაც ის სკოლაში ხვდება ასევე შეიძლება საუკეთესო მეგობრად გადაიქცეს.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრების როლი ადამიანის განვითარებაში საკმაოდ დიდია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში – იგი მორალურად გამართლებულ ქცევას სასურველად წარმოაჩენს, ხოლო მორალურად გაუმართლებელ საქციელს – არასასურველად და ამით ბავშვს შესაბამის სიტუაციაში სწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებს.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ეთო თანდილაშვილი
ეთო თანდილაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0