x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქისტური ადათობრივი სამართალი – ტრადიციებისა და თანამედროვეობის გზაგასაყარზე
image
– შენ პანკისიდან არ ხარ?
– კი.
– ვერ იქნები!
– რატომ?
– მანდ ხო ბნელა!
ასეთი დიალოგი შედგა ჩემსა და ეთნიკურად ქართველს შორის რამდენიმე თვის წინ. როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ ადამიანს პანკისზე ასეთი წარმოდგენა დამახინჯებულად მიწოდებულმა ინფორმაციამ შეუქმნა ქისტების ადათ-წესების შესახებ. ამ სტატიაში შევეცდები, წარმოვადგინო სხვადასხვა მხარის მიერ დანახული ქისტური სამართალი. ჩემი რესპონდენტები არიან უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი და სამართალმცოდნე, ანი იმედაშვილი.

ხასო ხანგოშვილი: „ადათობრივი სამართალი არსებობს იმ პერიოდიდან, რაც ვაინახები, როგორც თემი, ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ დავსახლდით კავკასიაში. ქისტური ადათობრივი სამართალი უძველესი დროიდან მოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ განიცდიდა თავისებურ ცვლილებებს“.

სამართალმცოდნის, ანი იმედაშვილის შეფასებით, კოდექსი, რომელსაც დღეს აქვს უკვე წერილობითი ფორმა (თუმცა მასში სრულყოფილად არაა ასახული ქისტების ადათ-წესები), ადათობრივ სამართლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას. იმედაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვისას ადათობრივ სამართალს ბევრჯერ შეუსრულებია მედიატორული როლი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რესურსების ჩართვის გარეშე, მაგალითად, როცა ხდება მხარეების შერიგება.

მსგავსებები სახელმწიფო სამართალთან

„ქისტური ადათობრივი სამართალი მორგებულია კოლექტიურ საჭიროებებზე და განსხვავდება თანამედროვე მიდგომებისგან, თუმცა, არის ბევრი მსგავსებაც სახელმწიფო სამართალთან“ – ამბობს იმედაშვილი და მოჰყავს მაგალითებიც.


„ძველი ნორმების მიხედვით, მემკვიდრეობის გადანაწილებისას ქალს არ ერგებოდა წილი უძრავი ქონებიდან. კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი: „ქალიშვილები სამემკვიდრეო უფლებას მოკლებულნი არიან და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დღევანდელობის გათვალისწინებით რეფორმული ცვლილებების შეტანა არსებულ ადათში“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არის მცდელობა იმისა, რომ თანამედროვე სამართლის სტანდარტებთან იყოს მიახლოებული ადათობრივი სამართალი".

"კოდექსში განისაზღვრულია საქორწინო ასაკი – 18 წელი. დაუშვებლად მიიჩნევს ადათობრივი სამართალი ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ ისლამში ეს დასაშვებია. ეს შეიძლება ქართული კულტურის გავლენით აიხსნას. მიუღებელია როგორც იძულებით, ისე გარიგებით ქორწინება. სიყვარულით ოჯახის შექმნა პრიორიტეტია".

"კოდექსი არეგულირებს ოჯახურ სამართალსაც. შვილების მიმართ ორივე მშობელს ეკისრება პასუხისმგებლობა. განქორწინების შემთხვევაში ბავშვი რჩება დედასთან და მამა უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდაში. ქალს აქვს უფლება დაბრუნდეს მშობლების სახლში და მას უნდა მიეცეს ცალკე ოთახი, მიწის ნაკვეთი და საჭიროების შემთხვევაში, საქონელიც".

"თანამედროვე სამართალთან იდენტურია ანდერძის აღიარებაც. ქისტური ადათ-წესების მიხედვით, გარდაცვლილის ნება-სურვილი წმინდად ითვლება და აუცილებლად უნდა აღსრულდეს".

"კოდექსში არასწორი განსაზღვრებები აქვს ქურდობას, ყაჩაღობას და ჩვენ, სხვათაშორის, მოვამზადეთ სარეკომენდაციო პაკეტი უხუცესებისთვის და გავუკეთეთ სწორი დეფინიციები ამ ტერმინებს".


ქალების როლი სასამართლოში

"როგორც ვიცი, ჩეჩნეთში, ინგუშეთში არ აქვს წერილობითი ფორმა ადათობრივ სამართალს და ზეპირსიტყვიერად გადაეცემა თაობებს ადათები. პანკისი, ამ მხრივ, გამონაკლისია“ – აღნიშნავს ანი იმედაშვილი და აქვე ამატებს, რომ ბევრი ნორმა საჭიროებს დაზუსტებას. უხუცეს ხასო ხანგოშვილის ცნობით, ქისტური ადათობრივი სამართლი, როგორც წერილობითი ძეგლი, ჩამოყალიბდა 2017 წელს. სასამართლოში კი ქალები არ მონაწილეობდნენ თანამედროვე პერიოდამდე.

ანი იმედაშვილი: „სასამართლო პროცესს მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ და ქალს ამის უფლება არ ჰქონდა. წარმოიდგინე, რამხელა უსამართლობაა, როცა, მაგალითად, მსურს ქმართან განქორწინება და ჩემი ქმრისგან განსხვავებით, არ მაქვს უფლება დავესწრო სასამართლო პროცესს და დავიცვა საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ. ამის მაგივრად ჩემი გვარის მამაკაცი იცავს ჩემს ინტერესებს, რომელიც ისე ვერ დამიცავს, როგორც მინდა. ქალები ახლა უკვე მიმართავენ ქალთა საბჭოს, რომლის წარმომადგენლებიც მოიკვლევენ დაპირისპირებულ მხარეთა პრობლემას და იცავენ ქალის ინტერესებს კაცთა საბჭოსთან".

"2009 წლამდე კაცთა საბჭო ძალიან პასიური იყო და არც მოსახლეობაში ჰქონდა მაღალი ნდობა, რაც სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ""კახეთის რეგიონული განვიტარების ფონდის" ინიციატივით ხეობაში დაფუძნდა ქალთა საბჭო, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქალთა ინტერესების დაცვა და შუამდგომლობა უხუცეს კაცთა საბჭოსთან".

"ამას მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა, მალევე დარწმუნდნენ, რომ ქალთა საბჭო ალტერნატიული ორგანო კი არ არის, არამედ ეს არის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც საოჯახო ტიპის დავების და იმ პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, რაც ხეობისთვის მნიშვნელოვანია. ქალთა საბჭომ მიაღწია იმას, რომ კაცები და ქალები დასხდნენ ერთად და დღეს ისეთი პრობლემების შესახებ მიმდინარეობს საუბარი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო".

ანი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სოფელში შედგა სასამართლო, რომელზეც პირდაპირ მოითხოვეს ქალებმა, რომ უხუცეს კაცთა სასამართლოს წევრებს უშუალოდ დაზარალებული ქალისგან მოესმინა ყველაფერი. ეს გოგონა პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე და თვითონ ისაუბრა თავის პრობლემებზე.

"ცვლილებების დამტკიცებას რაც შეეხება, იღებენ ძალიან რთულად. ცვლილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით და ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენი შეთავაზებული ცვლილებები მოსწონებიათ უხუცესებს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით, მაგრამ არ დამტკიცებულა, რადგან სხვა უხუცესები არ დასთანხმებიან“.

უხუცესი ხასო ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ ადათობრივი სამართალი იარსებებს მუდმივად. "ჩვენი საზოგადოება იმართებოდა ადათებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“ – აცხადებს ის.


სისხლის სამართალი

ინტერვიუში იმედაშვილი თავს იკავებს სისხლის სამართალზე საუბრისგან. მისი აზრით, სისხლის სამართლის დავები სახელმწიფო სამართლის მიხედვით უნდა წყდებოდეს და არავითარ შემთხვევაში – ადათობრივი სამართლის მიხედვით. ამიტომ გთავაზობთ ამონარიდებს ქისტური სამართლის კოდექსის I თავიდან.


"I თავი, მკვლელობა

"1. ადამიანის მკვლელობა მძიმე დანაშაულია. სისხლის საფასური შეფასებულია 60 ძროხად. თუ მკვლელობა ჩადენილია სისასტიკით, მიცვალებულის უპატივცემულობით და სხვა მძიმე შედეგებით, არსებულ სისხლის საფასურს დაემატება 9 ძროხა, ე.ი. ამ შემთხვევაში დამნაშავე იხდის 69 ძროხას..."

"2. ქალის მკვლელობა კატეგორიულად დაუშვებელია.
მაგრამ ხდება შემთხვევები, როცა ქალის მკვლელობა ხდება სრულიად გაუცნობიერებლად, გაუთვალისწინებლად, შემთხვევით. ასეთ დროს ისლამის კანონით ქალის სისხლი შეფასებულია კაცის სისხლის საფასურის ნახევრად. მაშასადამე, ღირს 30 ძროხა.
შენიშვნა:
ა) ორსული ქალის მკვლელობა უდრის ორი ქალის მკვლელობას და მკვლელს ეკისრება ორი ადამიანის სისხლის საფასური".

"6. ხდება ისეც, რომ მკვლელი გაქცევის დროს თავშესაფარს ეძებს და სხვის ოჯახს აფარებს თავს. ასეთ შემთხვევაში იძულებითი მასპინძელი იძულებულია დაიცვას არასასურველი სტუმარი. მდევრებიც ვალდებულები არიან დაიცვან მასპინძლის უფლება და შეწყვიტონ დევნა, თუმცა, უფლება აქვთ, მოსთხოვონ, გაიყვანოს თავის ოჯახიდან მათი მტერი..."

"12. განსაკუთრებულ სასჯელს იმსახურებს სხვის ომში, მაგალითად, სირიაში ახალგაზრდების გაგზავნა. ეს სიახლეა, ქისტურ ყოფა-ცხოვრებაში ახლად გაჩენილი და რაიმე ადათურ ნორმაში არ ჯდება. მიგვაჩნია, რომ აგიტაცია-პროპაგანდით სირიაში ახალგაზრდის გაგზავნის შედეგად თუ ის იქ დაიღუპა, ეს უდრის მკვლელობას და გამგზავნი უნდა ჩაითვალოს მკვლელად..."

"14. სისხლის პატიების პროცესი არ უნდა დამთავრდეს უხუცესების, ხეობის ყველა სოფლის მაცხოვრებელთა თხოვნის დაზარალებულების მიერ დაკმაყოფილების შემდეგაც. აუცილებელია მოსისხლეთა შერიგება, დაზარალებულების მეირ დამნაშავეთა პურმარილის მიღება მათ ოჯახში. აქვე უნდა მოხდეს გუშინდელი მტრების დანათესავება, მათი დაძმობილება, ძმადგაფიცვა, რათა მტრობა სამუდამოდ აღმოიფხვრას".

"15. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია კაცის ღირსების შელახვის მიზნით შარვლის ჩახდა. ასეთი ქმედება იმდენად შეურაცხმყოფელია კაცისთვის, რომ სამაგიეროს გადახდა ხდება იმავე ქმედებით ან მოკვლით... ამ მუხლის შეტანა ქისტურ სამართალში აუცილებელია, რადგან ამ სახით კაცის ღირსების შელახვას უმთავრესად მკვლელობა მოჰყვება ხოლმე".


ქისტური სამართლის კოდექსი, როგორც წერილობითი ძეგლი

ანი იმედაშვილი: „ხეობის მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს სამართალდამცავებს და უმეტესწილად, ადგილზე ხდება დავების განხილვა. თუ არსებობს ალტერნატიული ორგანო და ადათობრივი სამართლის მიხედვით დავების მოგვარების პრეცედენტები არის, მათ შორის, აშშ-ში, ჩვენ პანკისის ხეობაში რატომ არ შეიძლება გვქონოდა ადათობრივი სამართალი, რომელიც იქნებოდა გაცილებით ფუნქციური, ვიდრე სახელმწიფო სამართალი და შეასრულებდა მედიატორის როლს დაპირისპირებულ მხარეებს შორის?!"

"ადათობრივი სამართალი არა მხოლოდ სამართლის აღსრულებას მოიცავს, არამედ ტრადიციების მატარებელიცაა, მაგალითად, არის ჩანაწერი მიცვალებულის დაკრძალვის, ქორწინების რიტუალების შესახებ".

იმედაშვილის აზრით, კოდექსში შესული ცვლილებები ყველა ეტაპზე უნდა აისახოს და არ დაიკარგოს ეს ინფორმაცია. ეს არ არის უბრალოდ ადათობრივი სამართლის კოდექსი. იგი ასახავს ქისტების უწყვეტ ტრადიციასა და ყოფა-ცხოვრებას. ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი საკითხების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ყოველდღიურობის, ყოფა-ცხოვრებისა და იმ ეპოქის ადამიანების შეხედულებების ამსახველი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:ევა გუმაშვილი
ევა გუმაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0