x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მჟავის შესხმით წართმეული მომავალი: შემზარავი შურისძიება ირანულად

image


სახეში მჟავის შესხმა - ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ირანში ძალადობის ეს აქტი "საშინელი" პოპულარობით სარგებლობს. "საშინელი" იმიტომ, რომ მას ძირითადად, მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ დასჯის ერთგვარ ფორმად იყენებენ. ასეთი სასჯელისთვის ადამიანები არა მხოლოდ გაუკონტროლებელი აგრესიის, არამედ საშინელი შურისძიების მსხვერპლიც ხდებიან.


image


ასეთი შურისძიების შედეგია: ქიმიური დამწვრობა, მხედველობის დაკარგვა, საშინელი ნაწიბურები სახესა და სხეულზე, ზოგჯერ სიკვდილიც. მჟავა - სოციალური სტიგმატიზაციის სასტიკი ფორმაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ოჯახური კონფლიქტების დროს შეხვდებით: მაგალითად, როდესაც ქალი მამაკაცს ხელის თხოვნაზე უარს ეუბნება ან განქორწინებას სთხოვს, თუმცა სიბრაზისგან წარმოსახვითი ზნეობის მცველებს ლინჩის წესით გასამართლებაში ასობით საპატიო მიზეზის პოვნა შეუძლიათ.


image


ირანელი ფოტოგრაფი ასგარ კამსეჰი, პორტრეტების სერია "Fire of Hatred"- ში იმ ადამიანების სევდიან ისტორიებზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთი ნათესავებისა და ნაცნობების მხრიდან საშინელი თავდასხმის ობიექტები გახდნენ. "ირანული შურისძიების" მსხვერპლნი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფინანსურ და სამედიცინო დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ, თუმცა სამწუხაროდ, ირანში არ არსებობს სამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით მათ დახმარებას აღმოუჩენენ. ქიმიური დამწვრობის შედეგად მიღებული სერიოზული დაზიანებების მკურნალობა ქალებს ან თავად, საკუთარი სახსრებით უწევთ, ან საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სიკეთე ყველასთვის საკმარისი არ არის.


image


შირინ მოჰამადი, თეირანის 18 წლის მკვიდრი. 2012 წლის პირველ დღეს, შირინმა საბოლოოდ, უარი თქვა მამაკაცზე, რომელსაც ცოლად უნდა გაჰყოლოდა. უარის თქმის შემდეგ, საქმრომ შირინის საქციელი შეურაცხყოფად ჩათვალა და სამაგიეროს გადახდის მიზნით, მას სახეში მჟავა შეასხა. ქალმა მარჯვენა თვალი და ყური დაკარგა, რაც შეეხება პირს მას ის ძლიერ აქვს დაზიანებული. ღრმა დამწვრობები გოგონას თითქმის მთელ სხეულზე ჰქონდა. შირინმა რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა რეაბილიტაციის რთული პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


image


38 წლის რაანა პორ ამრაი და 8 წლის ფატიმა კალანდარი ირანის ქალაქ ხორემაბადში ცხოვრობენ. რაანას სიძე დარწმუნებული იყო, რომ ქალმა მის ცოლს განქორწინება ურჩია. 2015 წლის ივლისში მან საკუთარი დანგრეული ოჯახისთვის რაანაზე შური იძია და მასა და მის პატარა ქალიშვილს მჟავა გადაასხა. რაანას სახე, თვალები და კისრის ნაწილი დაეწვა. ფატიმას კი ზურგი, ხელები და ხელისგულები დაუზიანდა.


image


მაჰნაზ კაზემი, 39 წლის. დღესდღეობით, ქალი თეირანიდან 130 კმ-ში, ქალაქ კუმში ცხოვრობს. მაჰნაზის ქმარი მის მიმართ ყოველთვის სასტიკი და დაუნდობელი იყო, რომელსაც ხშირად ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა. ერთ დღესაც ქალმა გადაწყვიტა ასეთი დამოკიდებულება აღარ მოეთმინა და განქორწინება გადაწყვიტა. სისტემატური ფიზიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, მაჰნაზი ყოველთვის მაინც ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც მოძალადე კაცმა შეიტყო, რომ მისი ცოლი მისგან თავის დაღწევას და განქორწინებას ითხოვდა, მან მეუღლისთვის მჟავის გადასხმით მთელი მისი სილამაზე 1 წუთში გაანადგურა.


image


მასუმეჰ აჰაი, 32 წლის, ქალაქი ისპაჰანი. 2008 წელს ის ქმარს გაშორდა. ორი წლის შემდეგ მასუმეჰის მამთილმა საკუთარი ვაჟის გამო ყოფილ რძალზე შური იძია და მას სახეზე მჟავა შეასხა. თავდასხმის შედეგად გოგონა ორივე თვალით დაბრმავდა.



image


ზივარ პარვინი, 37 წლის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ზივარს ცოლობა საკუთარმა სიძემ შესთავაზა, რომელსაც ქალმა მტკიცე უარი განუცხადა. 2011 წლის 9 ივლისის ღამეს, მისმა სიძემ, პირველ ცოლთან ერთად, მასა და მის 18 წლის ქალიშვილს იასრას ძილში მჟავა გადაასხა. იასრა თავდასხმიდან 18 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ზივარს ხელში საკუთარი ქალიშვილის ფოტოსურათი უჭირავს, რომელიც თავდასხმამდე სწორედ ასე გამოიყურებოდა.


image


38 წლის მარიამ ზამანი და 13 წლის არეზო ხაშემი ნიჯადი. ორივე მათგანი თეირანის მკვიდრი გახლავთ. 2010 წელს მარიამის ძმის ცოლმა მძინარე ქალსა და მის სამივე ქალიშვილს მჟავა გადაასხა. ასეთი სისასტიკე მხოლოდ შურით იყო ნაკარნახევი. ფოტოზე წარმოდგენილი არიან - მარიამი და მისი ერთ - ერთი დაზარალებული ქალიშვილი აზერო.


image


მოჰსენ მორტაზავი, 34 წლის. 2012 წელს მუშაობის პირველსავე დღეს მოჰსენი საკუთარი კოლეგის მხრიდან სასტიკი თავდასხმის ობიექტი გახდა, რომელმაც მას ჯერ სამი ლიტრი მჟავა გადაასხა, შემდეგ კი, დანით რამდენიმე ჭრილობაც მიაყენა. თავდამსხმელი დარწმუნებული იყო, რომ მოჰსენმა მას რამდენჯერმე დასცინა და მასზე შურისძიება სწორედ ამ გზით გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით როგორც ცნობილი გახდა მოჰსენს მისი მასხრად აგდება არც კი უფიქრია. მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სამუდამოდ დასახიჩრდა.


image


სომაიე მეჰრი, 29 წლის. სომაიეს "ბრალი" სწორედ იმაში მდგომარეობს რომ მან მოძალადე ქმართან გაშორება გადაწყვიტა, რისთვისაც მან 2011 წლის ივნისში სომაიესა და მის ქალიშვილს რაანს მჟავა გადაასხა. სწორედ მაშინ დაკარგა ორივე მათგანმა მარჯვენა თვალი. თავდასხმიდან 4 წლის შემდეგ ქიმიური დამწვრობის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო სომაიე გარდაიცვალა. ფოტოზე რაანა გახლავთ დედის სურათით ხელში.













0
258
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
258