x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასაკობრივი და სქესობრივი ფაქტორების გავლენა თვითშეფასებაზე

თვითშეფასება

თვითშეფასება პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხშირად განაგებს ინდივიდთა გადაწყვეტილებებს (რებელოუ და პატრა, 2017). სამეცნიერო კვლევები გვაძლევენ ხელსაყრელ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ თვითშეფასებას უნდა ველოდოთ პიროვნებათა კონკრეტული კატეგორიებისგან. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება წინასწარი ვარაუდების გაკეთება ჩვენს სოციალურ გარემოში არსებულ ინდივიდთა იმ მახასიათებლის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს (კერმოდი და მაკლინი, 2002).


გენდერული ნიშნის გათვალისწინებით თვითშეფასების შესწავლით არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა. ერთ-ერთ სტატიაში (ბლეიდორნი და სხვ., 2016) წამოჭრილია მოსაზრება, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება თვითშეფასებაში საკმაოდ მკაფიოა. სხვაობა კერძოდ იმაში გამოიხატება, რომ მამაკაცებს ქალებთან შედარებით მაღალი თვითშეფასება გააჩნიათ. მეტიც, სტატიის ავტორთა მოსაზრებით, ეს სხვაობა კროსკულტურულად უნივერსალურია. ნაშრომი ასევე მიმოიხილავს ასაკობრივ განსხვავებასაც. აქ აღნიშნულია, რომ ინდივიდთა თვითშეფასება ასაკთან ერთად იმატებს. ასაკობრივი კრიტერიუმის მიმართ ინტერესს იჩენენ რობინსი და ტრზესნიევსკიც (2005), რომლებიც მიდიან დასკვნამდე, რომ მოზარდობის ასაკში თვითშეფასება იკლებს, ხოლო შემდგომ წლებში კვლავ ეტაპობრივად იმატებს. ამავე მოსაზრებას ადასტურებს აგამის, თამირისა და გოლანის (2015) სტატია. შედეგები აღწერენ, რომ თვითშეფასება მოზარდობისას ნამდვილად იკლებს, სხვაობები სქესთა შორის კი ადრეულ ასაკშივე შეიმჩნევა, რაც განპირობებულია განსხვავებული გენდერული როლებითა და ფიზიკური განვითარებით. თუმცა ნიშანდობლივია მარჩიჩისა და გრუმის (2011) ნაშრომიც, რომელიც ასკვნის, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი განსხვავება თვითშეფასების დონის, სტაბილურობისა და კონტინგენტურობის თვალსაზრისით. ამრიგად, თვითშეფასებაში სქესობრივ განსვლასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა: მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ სქესობრივი განსხვავება თვითშეფასებაში არაა სახეზე (მარჩიჩი და გრუმი, 2011), ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ განსვლას აუცილებლად ვაწყდებით (აგამი და სხვ., 2015; ბლეიდორნი და სხვ., 2016;). ასევე, ზემოთ განხილული ნაშრომების ყველა ავტორი თანხმდება თვითშეფასებაში ასაკობრივი განსხვავებების თაობაზე. ამ ნაშრომთა უმეტესობა ეყრდნობა საზოგადოებრივი გავლენისა (სხვაობა სქესის მიხედვით) და მომწიფების თავისებურებების (სხვაობა ასაკის მიხედვით) ასპექტებს.


საინტერესოა ის მიზეზები, რომელთა მიღმაც შეიძლება ვეძებოთ ზემოთქმული დასკვნების ახსნა. ერთ-ერთი მოსაზრებით (ბლეიდორნი და სხვ., 2016) სხვაობას სხვადასხვა ბიოლოგიური თუ სოციალური მექანიზმები უნდა გვაძლევდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მკვლევრები თვლიან, რომ თვითშეფასებაში გენდერული სხვაობა კულტურულად უნივერსალურია, მაინც უსვამენ ხაზს, რომ „განსვლის“ ინტენსივობა კულტურიდან კულტურამდე ვარირებს და ისეთი ფაქტორების გავლენას განიცდის, როგორებიცაა: „სოციოეკონომიკური და სოციოდემოგრაფიული მდგომარეობა, გენდერული თანასწორობა, კულტურული ღირებულებების ინდიკატორები“ (გვ. 13). თვითშეფასების ასაკთან ერთად მატების მიზეზად მკვლევრები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. კერძოდ, რობინსი და ტრზესნიევსკი (2005) მოზარდობის ასაკში დაბალ თვითშეფასებას პუბერტატის პერიოდში სხეულის ხატის ცვლილებასა და აკადემიურ გამოწვევებს მიაწერენ. ამავე მოსაზრებას იზიარებენ სხვა მკვლევრებიც (აგამი და სხვ., 2015), რომლებიც დასძენენ იმ ფაქტს, რომ გოგონებისგან განსხვავებით, ბიჭებისათვის ფიზიკური განვითარება პოზიტიური გამოცდილებაა. ისინი ამ „გარდამავლ“ პერიოდში გოგონებთან შედარებით უფრო კმაყოფილნი არიან საკუთარი სხეულებით. რაც შეეხება იმ მიზეზებს, თუ რატომ იმატებს თვითშეფასება ზრდასრულობის ასაკში, რობინსსა და ტრზესნიევსკს (2005) რამდენიმე ახსნა აქვთ. კერძოდ, ისინი თვლიან, რომ ინდივიდები ზრდასრულობისას აქტიურად იკავებენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან პოზიციებს, რომლის საშუალებითაც იხვეჭენ სტატუსსა და ძალაუფლებას. ამავდროულად, იღწვიან რა საკუთარი მიზნების მიღწევისათვის, სწავლობენ საკუთარი თავისა და გარემოს კონტროლს, მათი თვითშეფასება იმატებს და უფრო მყარდება. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთქმული მკვლევრების მოსაზრებები საკმაოდ სარწმუნოა, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო კვლევებში წინა პლანზე წამოიწიოს ისეთმა ყურადსაღებმა საკითხებმა, როგორებიცაა თვითშეფასების შესახებ ზემოთქმული დასკვნების უნივერსალურობა და აღნიშნული კონსტრუქტის კულტურული გაგების პოტენციური გავლენა (არსებობის შემთხვევაში) ინდივიდთა თვითშეფასებაზე.


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხუზმიაშვილი
ანა ხუზმიაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0