x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ღრმა დროის ექსპერიმენტი

კვლევის მონაწილეები

2021 წლის 24 აპრილს დასრულდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი, რომელმაც მეცნიერებს ახალი პერსპექტივა შესთავაზა ადამიანების მიერ დროის აღქმაზე. ჯგუფმა, რომელიც 15 წევრისაგან (27-50წ) შედგებოდა, 40 დღე გაატარა ლომბრივეს (Lombrive) მღვიმეში, საფრანგეთში, ყველანაირი დროის ინდიკატორის არსებობის გარეშე. ეს ბუნებრივია გულისხმობს იმასაც, რომ კვლევის მონაწილეებს თვეზე მეტი დროის გატარება მზის სინათლის გარეშე მოუწიათ. მეტიც, მათ კარვებში ეძინათ, თავად გამოიმუშავებდნენ ელექტროენერგიას და კავშირი გარე სამყაროსთან სრულიად ჰქონდათ გაწყვეტილი. მონაწილეების ტვინის აქტივობა და კოგნიტური ფუნქციები გაიზომა ექსპერიმენტის დაწყებამდე და მის შემდეგ, რათა მეცნიერებს გამოქვაბულის პირობების ეფექტის გაზომვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.


ექსპერიმენტის მონაწილეები გამოქვაბულში გატარებული დროის დახასიათებისას აღნიშნავდნენ, რომ ეს გამოცდილება ''დროის დაპაუზებას'' ჰგავდა. ჯგუფის მონაწილეები ვალდებულნი იყვნენ იზოლაციაში შეესრულებინათ დავალებები მხოლოდ მათი სხეულის დროსა და ძილის ციკლებზე დაყრდნობით. ცდის პირებს ეკრძალებოდათ სხვა მონაწილეების გაღვიძება, რადგან მათგან მოითხოვდნენ, რომ მაქსიმალურად მოესმინათ საკუთარი ბიოლოგიური საათისათვის. ერთ-ერთი მონაწილე (რომელიც ამავდროულად კვლევის ხელმძღვანელიც იყო) ამბობს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც იგი საუზმობდა, სხვა მონაწილეები კი ლანჩს მიირთმევდნენ ან უკვე იძინებდნენ. ცდის პირებმა სტანდარტული ოცდაოთხსაათიანი ციკლის მაგივრად, ოცდათორმეტსაათიანი ციკლი შეიმუშავეს. თითოეული ციკლი 1 დღის ექვივალენტია გარე სამყაროში. მთავარ გამოწვევას განსხვავებული ბიოლოგიური საათების მიუხედავად ჯგუფის გამართულად ფუნქციონირება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ექსპერიმენტი საკმაოდ არაეთიკური შეიძლება მოგვეჩვენოს (მას თანამედროვე სტენფორდის ექსპერიმენტადაც კი მოიხსენიებენ), მონაწილეებზე მას არანაირი უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. მეტიც, ერთ-ერთი ცდის პირი აღნიშნავს, რომ მოსწონდა კიდეც ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არ იყო დედლაინები და არავინ უბიძგებდა საქმის დროულად დასრულებისაკენ. აღნიშნულმა მონაწილემ დასძინა, რომ კიდევ რამდენიმე დღეს დიდი სიამოვნებით გაატარებდა გამოქვაბულში, თუმცა მალევე უკან წაიღო თავისი სიტყვები და გამოხატა სიხარული იმ ფაქტის შესახებ, რომ ახლა შეუძლია ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენითა და ნიავით ტკბობა.


ექსპერიმენტის მიზანს იმის გაგება წარმოადგენს, თუ რა გავლენა აქვს დროისა და სივრცის აღქმის დაკარგვას ინდივიდებზე და თუ როგორ ადაპტირდება ცერებრული პლასტიკურობა დროსთან მიმართებით. მეტიც, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით გაარკვევენ, თუ როგორ ადაპტირდებიან ადამიანები ექსტრემალურ პირობებში ცხოვრებისას. მკვლევართათვის საინტერესო საკითხს წარმოადგენს სრულიად ახალ და უცხო გარემოში ჯგუფის სინქრონიზების მექანიზმების შესწავლაც.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ხუზმიაშვილი
ანა ხუზმიაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0