x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
კვება შაქრიანი დიაბეტის დროს
შესავალი

კვებას, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს დიაბეტის მკურნალობაში ინსულინთან და თვითკონტროლთან ერთად. ისტორიული დროიდან კვებითი რეკომენდაციები დიაბეტიანი ადამიანებისთვის იყო სხვადასხვა. საინტერესოა, რომ თვიდან დიაბეტის სამკურნალოდ სთავაზობდნენ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, რადგან ფიქრობდნენ ამით შეივსებოდა ის გლუკოზა, რომელსაც კარგავდა ორგანიზმი შარდთნ ერთად. შემდეგ კი პირიქით, დიაბეტის მთავარ მიზეზად ნახშირწყლების მიღებას თვლიდნენ და შაქრისშემცველ პროდუქტებს საერთოდ იღებდნენ დიეტიდან. მაგრამ, ეს უკვე დაძველებული მეთოდებია და დღეს დიაბეტის მკურნალობაში ინსულინის დანერგვის წყალობით, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელი ადამიანის რაციონის მსგავსი საკვების მიღება. ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტიანი ადამიანების კვების მოდელი, თუ სურს იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დიდხანს შეინარჩუნოს ფიზიკური და სულიერი სიმხნევე.



  • კვების ძირითადი პრინციპები
    • დიეტა ფიზიოლოგიურად დაბალანსებული უნდა იყოს, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ასაკთან შესაბამისი თანაფარდობით;
    • კვების საერთო კალორაჟი უნდა იყოს ადეკვატური ბავშვის ასაკთან;
    • საკვებმა უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებით, მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით;
    • აუცილებელია ნორმალური ზრდის ტემპის და წონის შენარჩუნება, ბავშვის ინტელექტუალური განვითარების უზრუნველყოფა;
    • კვება უნდა იყოს სამჯერადი: საუზმე, სადილი, ვახშამი და მათ შორის წახემსებები ხილის, ბოსტნეულის სახით (პურის გარეშე);
    • ნახშირწყლების სახე და რაოდენობა უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ თავიდან ავიცილოთ გლუკოზის მკვეთრი მერყეობა;
    • აუცილებელია საკვების რეგულარული მიღება და კვების რეჟიმის მკაცრი დაცვა, რადგან მოუწესრიგებელი კვების დროს ძნელია გლიკემიის მართვა. თუ ინექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შეიძლება შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს და განვითარდეს ჰიპოგლიკემია;
    • ბავშვს უნდა შეეძლოს მიღებული საკვების რაოდენობის გამოთვლა პურის ერთეულების სისტემის მიხედვით (განვიხილავთ დაბლა);
    დიაბეტიანი ბავშვების დიეტა მიზნად ისახავს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ნორმასთან მიახლოებულ თანაფარდობას:


    ნახშირწყლები – 50-60 % ;

    ცილები – 15-20 %;

    ცხიმები – 25–30 %;



    • ცილები
    ცილა – ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობს. იგი არის უჯრედების საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთური მასის საფუძველი, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნიტეტს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ცილების საკმარისი რაოდენობა შემდეგი პროდუქტების სახით: ცხოველური ცილები (ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები), მცენარეული ცილები (ბარდა, ლობიო, ნიგოზი, სოკო).

    • ცხიმები
    ცხიმი საჭიროა საკვების ნორმალურად მონელებისთვის, ორგანიზმში ასრულებს ენერგიის ძირითადი წყაროს როლს, იღებს მონაწილეობას ვიტამინებისა და მინერალების ათვისებაში. ცხიმები გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედებში. ცხოველურ ცხიმებს შეიცავს: კარაქი, ღორის ქონი, მაიონეზი, რძისა და ხორცის პროდუქტები. მცენარეულს კი – ნიგოზი, მზესუმზირა, სიმინდი, ზეთისხილი, ქოქოსი და მათი ზეთები. ცხიმები, დიაბეტიანი ბავშვების კვებაში არ უნდა შეადგენდეს საკვების საერთო კალორაჟის 30-35 % -ზე მეტს. აქედან არასასურველია ისეთი ცხიმიანი საკვების მიღება, როგორიცაა კარტოფილი ფრი, ჩიფსები, ჰამბურგერი, საჭიროა თავის არიდება შემწვარი საკვებისგან. მოზარდების რაციონში სასურველია ნაკლებად ცხიმიანი ან უცხიმო რძის მიღება, მაგრამ 5 წლამდე ბავშვებში ეს დაუშვებელია, რადგან მასში არის ვიტამინ A-ს დაბალი შემცველობა, ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმი და შესაბამისად დაბალი კალორიულობა.

    ცხიმების დღიური დოზის 75 % უნდა იყოს წარმოდგენილი მცენარეული ცხიმებით.

    • ნახშირწყლები
    ბავშვის კვებაში (აგრეთვე დიდებშიც) ნახშირწყლებს უკავიათ განსაკუთრებული ადგილი, რადგან ისინი წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმში გლუკოზის სახით, რაც აუცილებელია ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს, განსაკუთრებით კი თავის ტვინის, გულის, კუნთების ფუნქციონირებისათვის. ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს, რომელიც საჭიროა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. გლუკოზა შეიწოვება სისხლში, სადაც ხდება მისი დაშლა და ენერგიად გარდაქმნა. სწორედ სისხლში შეწოვის სიჩქარით ნახშირწყლები იყოფა მარტივ და რთულ ნახშირწყლებად.

    მარტივი (ანუ სწრაფი) ნახშირწყლები ორგანიზმში ადვილად იშლებიან, სწრაფად შეიწოვებიან, რის გამოც იწვევენ სისხლში შაქრის დონის სწრაფად მატებას. ესენია: ე.წ. მონოსაქარიდები და დისაქარიდები

    მონოსაქარიდებია:

    • ყურძნის შაქარი – გლუკოზა (ყურძენი-მისი მიღება შეიძლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით);
    • ხილის შაქარი – ფრუქტოზა (შაქრის ტიპი, რომელიც გვხვდება ძირითადად ხილში, ბოსტნეულში და თაფლში). ორგანიზმში მოხვედრისას ფრუქტოზა გადამუშავდება გლუკოზად. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ხურმა და ლეღვი, რის გამოც მათი მიღება არასასურველია!
    დისაქარიდებია:

    • ჩვეულებრივი შაქარი – საქაროზა (შაქრის შემცველი სასმელები და საკვები). მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჰიპოგლიკემიის დროს, რადგან იწვევენ შაქრის სწრაფად აწევას.
    • რძის შაქარი – ლაქტოზა (შედის ყველა რძის პროდუქტში, გარდა ხაჭოსა და ყველისა). ამიტომ, მათი მიღების დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ასეთი შაქრის რაოდენობა.
    რთული ნახშირწყლები ან როგორც მათ უწოდებენ, „ნელი“ ნახშირწყლები შედგებიან ორზე მეტი მოლეკულისგან, ამიტომ, სანამ ორგანიზმი შეძლებს მათ ათვისებას, ჯერ იშლებიან მარტივ ნახშირწყლებად, ნელა შეიწოვებიან სისხლში და შესაბამისად არ იწვევენ სისხლში შაქრის დონის სწრაფად მატებას. მათ შეიცავს პარკოსნები (ლობიო, ბარდა); ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, ხილი, უხეშად დაფქული ხორბალი, ბურღულეული (შვრია, ქერი, წიწიბურა, ველური ბრინჯი).

    არსებობს რთული ნახშირწყლების სახეობა, რომლებიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ასეთია უჯრედისი, რომელიც წარმოადგენს მცენარეების საფუძველს. იგი ორგანიზმში ბევრ პროცესს აკონტროლებს: პირველ რიგში ხელს უწყობს პროდუქტების მონელებას ისე, რომ არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას; წმენდს ნაწლავებს; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს; მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციაში. ყველაზე დიდი ოდენობით უჯრედისი გვხვდება ცოცხალ ბოსტნეულში, ხილში, მარცვლეულსა და პარკოსნებში. მწვანე ლობიო, გრეიფრუტი, ლიმონი, მარწყვი და შავი მოცხარი, ასევე, შვრია, ჭვავი და ხორბალი საკმაო რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ.


    2.როგორ დავგეგმოთ კვება?

    იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ და შევარჩიოთ სასურველი მენიუ, საჭიროა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის მატებას. ნახშირწყლების შემცველი საკვების დიდი არჩევანი შესაძლებელს ხდის შევადგინოთ ჯანმრთელი და მრავალფეროვანი მენიუ. ამჟამად არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება რაციონალურად და გემრიელად კვებაში.

    ესენია:

    • პურის ერთულების გამოთვლის მეთოდი;
    • გლიკემიური ინდექსის მეთოდი;
    • თეფშის მეთოდი;
    • ხელის მეთოდი;
    • კვების პირამიდა;
    2.1 პურის ერთეული

    საყოფაცხოვრებო პირობებში დიეტურ საკვებში ნახშირწყლების შემცველობის სწრაფად გამოსათვლელად გამოიყენება ე.წ. პურის ერთეულის ცნება.

    პურის ერთეული (პე) არის პირობითი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საკვების იმ რაოდენობას, რომელშიც შედის 10-12 გ ნახშირწყალი. მაგალითად: 1სმ სისქის, საშუალო ზომის პურის ნაჭერი, რომელიც იწონის 25 გ – შეიცავს 10-12 გ ნახშირწყალს ე.ი. 1 ასეთი პურის ნაჭერი შეესაბამება 1 პ.ე. ასევე 1 ჭიქა რძე, 1 ვაშლი თუ, 1 საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს 10-12 გ ნახშირწყალს რაც უდრის 1 პე.

    დაიმახსოვრეთ, 1 პ.ე. = 10-12 გ ნახშირწყალს!

    პურის ერთეულების განსაზღვრა წარმოადგენს გლიკემიური კონტროლის უზრუნველყოფის ძირითად პრინციპს. პე სისტემის გამოყენების შემხვევაში, არ არის აუცილებელი ამა თუ იმ პროდუქტის აწონვა, გამოთვლა გრამებში. მათში ნახშირწყლების შემცველობის განსაზღვრა შესაძლებელია ვიზუალურად – მოცულობის კომფორტული (მოხერხებული) აღქმის მეშვეობით (ნაჭერი, ჭიქა, კოვზი და ა.შ.)

    ამრიგად, პურის ერთეულების სისტემის შესწავლით მარტივი ხდება კვების გეგმის შედგენა. მაგრამ, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

    • არ მივიღოთ ერთ კვებაზე 6-7 პე-ზე მეტი;
    • არ გადააჭარბოთ დღე-ღამეში 20-21 პე-ს;
    • ხანმოკლე მოქმედების ინსულინების გამოყენების დროს პე-ის სადღეღამისო რაოდენობა უნდა გადანაწილდეს 3 ძირითად კვებაზე და 3 წახემსებაზე;
    პურის ერთეულების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. კერძოდ, პაციენტის სქესზე, ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და კვების თავისებურებებზე.

    2.2 გლიკემიური ინდექსი

    გლიკემიური ინდექსი – ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ რა სისწრაფით იშლება ესა თუ ის პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში და გარდაიქმნება გლუკოზად. რაც უფრო სწრაფად იშლება პროდუქტი, მით მაღალია მისი გლიკემიური ინდექსი. შედარების ეტალონად მიჩნეულია გლუკოზა, რომლის გლიკემიური ინდექსი 100ის ტოლია. ყველა დანარჩენი მაჩვენებლის შედარება ხდება გლუკოზას გლიკემიურ ინდექსთან.


    გლიკემიური ინდექსის მიხედვით პროდუქტები დაყოფილია დონეებად:

    • დაბალი დონე 10-55. ასეთი პროდუქტებია – ხილი და ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები, თხილეული, ფრუქტოზა და სხვ. (სურათზე მწვანე სვეტი);
    • საშუალო დონე 56-69. ასეთი პროდუქტებია ხორბალი, ყავისფერი ბრინჯი, სიმინდი და სხვ. (სურათზე ნარინჯისფერი სვეტი);
    • მაღალი დონე 70-ს ზევით. ასეთი პროდუქტებია თეთრი პური, თეთრი ბრინჯი, გლუკოზა, მალტოზა (სურათზე წითელი სვეტი);
    პროდუქტებში გლიკემიური ინდექსის დონე დამოკიდებულია გლუკოზის ტიპზე, პროდუქტებში ცხიმებისა და ცილების შემცველობასა და თანაფარდობაზე, მომზადების წესზე და ა.შ.

    2.3 თეფშის მეთოდი

    ამ მეთოდით სარგებლობისას არ არის აუცილებელი საკვების აწონვა – თვითონ თეფში მოგვცემს ულუფის განსაზღვრის საშუალებას.

    მაგალითისთვის განვიხილოთ საუზმე

    დავყოთ ბრტყელი თეფში 3 ნაწილად და ზედ დავაწყოთ:

    • 1/4 ცილოვანი საკვები;
    • 1/4 სახამებლის შემცველი საკვები;
    • 1/4 შეიძლება დავამატოთ 1 ულუფა ხილი, 1 ულუფა რძის ნაწარმი;
    2.4 ხელის მეთოდი

    ამ მეთოდის მიხედვით გვეძლევა საშუალება ვიზუალურად, ჩვენი ხელის მეშვეობით განვსაზღვროთ ამა თუ იმ პროდუქტების რაოდენობა: მუჭა, ხელის გული, თითი და ა.შ. მაგალითები მოყვანილია დაბლა ილუსტრაციების სახით. კერძოდ: ხორცის ერთი ულუფა, რომელიც 100 გ უდრის, უნდა იყოს ხელის გულის ზომის; თეთრი თევზის ფილე შეიძლება იყოს მთლიანი მტევნის ზომა, რადგან უფრო დაბალკალორიული და ნაკლებცხიმიანია, ხოლო ცხიმიანი თევზი როგორიცაა ორაგული და სკუმბრია უნდა იყოს მხოლოდ ხელის გულის ზომის; სალათის ფურცლები, კენკროვნები – ორი მუჭის ოდენა; მაკარონის ნაწარმი, კარტოფილი – ერთი მუშტისოდენა;


    2.5 კვების პირამიდა

    კვების პირამიდა, რომელიც ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული.

    აქ პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:

    • მარცვლეული პროდუქტები (პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი, ქერი) რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ენერგიის ძირითად წყაროს, შეიცავენ მინერალებსა და ვიტამინებს, ასევე ბოჭკოს, რომელიც აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს უნდა მიიღოთ მინიმუმ 5-6 ულუფა;
    • ბოსტნეული და ხილიც როგორც ძირითადი საკვების ნაწილი მინიმუმ 5-ჯერ უნდა მიიღოთ დღეში;
    • რძე და რძის პროდუქტები (რძე, კეფირი, მაწონი, იოგურტი, ხაჭო, ყველი) მინიმუმ 3 ულუფა დღეში;
    • ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, ნიგოზი, თხილი – 2-3 ულუფა დღეში.
    • ცხიმები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კერძების დანამატის სახით. თქვენს რაციონში არსებული ცხიმები თევზის, თხილეულის ან მცენარეული უნდა იყოს. შესაწვავად გამოიყენეთ ზეითუნის ან მცენარეული ზეთი;
    • პირამიდის მწვერვალს წარმოადგენს ის პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს (ტკბილეული, შაქარი);
  • ინსულინის და საკვების თანაფარდობა
  • არცთუ იშვიათად, დიაბეტის მქონე პირი მიიჩნევს, რომ კვების შეზღუდვა მას არ ეხება, რადგან გარედან შეყვანილი ინსულინი ზრუნავს მის შაქრის დონეზე სისხლში. ეს მცდარი აზრია, რადგან ყველა დიაბეტიანის კუჭქვეშა ჯირკვალი დაზიანებულია და ფიზიოლოგიურად ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს. დიეტის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან, თუ დიაბეტიანმა მიიღო ჩვეულებრივ შაქარზე დამზადებული პროდუქტები, სისხლში შაქრის შემცველობა მკვეთრად მოიმატებს, რასაც გარედან მიწოდებული ანუ ეგზოგენური ინსულინი ვერ მოაწესრიგებს. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის დროს კვების ძირითადი პრინციპია ინსულინოთერაპიის რეჟიმისა და ადაპტირებული კვების შესაბამისობა, რაც დაფუძნებულია სასწორის პრინციპზე, ანუ, რამდენსაც მივიღებთ საკვებს (რომელიც განაპირობებს სისხლში შაქრის დონის მატებას) შესაბამისი დოზით უნდა გაკეთდეს ინსულინი (რომელიც უზრუნველყოფს შაქრის დონის დაწევას) და პირიქით!

  • შაქრის შემცვლელები
  • ბავშვებს, ტკბილის აკრძალვა ძნელად გადააქვთ, რაც იწვევეს მათში პროტესტის გრძნობას. გამოსავალს კი ჩუმად ჭამაში ნახულობენ, რის გამოც ხდება მშობლისთვის გაუგებარი გლიკემიის დარღვევა. დღეს, საკვების დასატკბობად გამოიყენება შაქრის ანალოგები, ანუ ბუნებრივი და ხელოვნური დამატკბობლები რომელთა უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობა დიაბეტიანების კვებაში დაადასტურა მრავალმა კვლევამ. ისინი შედიან დიაბეტური პროდუქტების შემადგენლობაში (ორცხობილები, ვაფლი, კამფეტები) და მათი დათვლა აუცილებელია პურის ერთეულების მიხედვით. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

    ბუნებრივი დამატკბობლებია:

    ფრუქტოზა – როგორც ვიცით მას ხილის შაქარსაც უწოდებენ, რადგან უხვად არის ხილში. მას შეიცავს თაფლიც. ის შაქრის მსგავსი ნახშირწყალია, თუმცა გლუკოზაზე 1.5-ჯერ უფრო ტკბილი. თანაც მისი გლიკემიური ინდექსი სულ რაღაც 31-ია. (შედარებისთვის – შაქრის გლიკემიური ინდექსი – 89-ს აღწევს), თუმცა შაქარივით მაღალკალორიულია. აქვს სასიამოვნო გემო, წყალში ადვილად იხსნება, ინარჩუნებს სიტკბოს ადუღებისას და ცხობისას, ახანგრძლივებს შენახვის ვადას საკონდოტრო ნაწარმებში. მაქსიმალური ნებადართული დოზა დღეში – 30 გ (კომპენსირებული ნახშირწყლოვანი ცვლის დროს).

    სორბიტი – ყველაზე მეტია ყურძენში, ვაშლსა და მოცვში. შაქარზე თითქმის ორჯერ ნაკლებკალორიულია და ამდენჯერვე ნაკლებად ტკბილი. უძლებს მაღალ ტემპერატურას, ამიტომ იყენებენ ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად, იოლად იხსნება წყალში, არ იწვევს კარიესს, რის გამოც შედის კბილის პასტებსა და საღეჭი რეზინების შემადგენლობაში.

    ქსილიტი – სორბიტის მსგავსი, მაგრამ გაცილებით კალორიული და ტკბილია. მას ძირითდად სიმინდის ფუჩეჩისა და ბამბის თესლის კანისგან იღებენ. სორბიტის მსგავსად მასაც იყენებენ დიაბეტური ტკბილეულის მოსამზადებლად. მაქსიმალური ნებადართული დოზა ასევე დღეში – არაუმეტეს 30 გ.

    სტევია – ბუნებრივი დამატკბობელია, რომელმაც ბოლო წლებია, რაც სახელი დაიმკვიდრა. ის შაქარზე 250-300-ჯერ ტკბილია, თანაც არც კალორიულია და არც სისხლში შაქრის დონის მატებას არ იწვევს. გარდა ამისა სტევიას სამკურნალო თვისებებიც აქვს: ხელს უწყობს ძალების აღდგენას ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის შემდეგ, ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არ შლის კბილის მინანქარს. ამასთან არის თერმულად მდგრადი, ამიტომ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად. სტევია გამოიყენება ტაბლეტების, ფხვნილის და სიროფის სახით. მაქსიმალური ნებადართული დოზაა 18 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამიანისთვის – 1.25 გ).

    გირჩევთ მიიღოთ სტევია და სტევიაზე დამზადებული საკვები პროდუქტები!

    ხელოვნური შაქრებია – ასპარტამი, საქარინი, ციკლამატი და სხვ. რომლებიც მიიღებიან ქიმიური სინთეზით. ისინი იწვევენ სისხლში შაქრის დონის მატებას, რადგან არ შეიცავენ ნახშირწყლებს და კალორიებს, არ გროვდებიან ორგანიზმში.

    ასპარტამი – შაქარზე 220-ჯერ მეტად ტკბილია და გემოთი ყველაზე მეტად ჰგავს ნამდვილ შაქარს. უკალორიოა, არ ვნებს კბილებს, წყალში იოლად იხსნება, არ ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას. მაგრამ, თერმულად არამდგრადია, რის გამოც მისი გამოყენება კულინარიაში შეზღუდულია. ეკრძალებათ ფენილკეტონურიით დაავადებულებს. მაქსიმალური ნებადართული დოზა დღეში – 2.5 გ.



    დასკვნა

    საბოლოოდ, კი შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ კვებას, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს დიაბეტის მკურნალობაში ინსულინთან და თვითკონტროლთან ერთად. მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა იცოდნენ, როგორ დაგეგმონ და შექმნან მათთვის შესაბამისი კვების რაციონი. დიაბეტიანის კვების რეჟიმი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია პაციენტის მკურნალობის რეჟიმზე. ინსულინზე მყოფი ადამიანისთვის ეს რეჟიმი უფრო მკაცრად დაცული უნდა იყოს. თუ ინიექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შეიძლება შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს და გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. რაც შეეხება ტაბლეტთერაპიაზე მყოფ ადამიანს, მისთვისაც, რასაკვირველია, განსაზღვრულია კვების რეჟიმი, მაგრამ ამ დროს ტაბლეტის მიღებიდან მცირე ხნით, მაგალითად, 10-15 წუთით კვების დაგვიანება ჰიპოგლიკემიას ნაკლებად გამოიწვევს. დიაბეტიანს უნდა ჰქონდეს სამჯერადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი და მათ შორის წახემსებები ხილის, ბოსტნეულის სახით (პურის გარეშე). საათების განსაზღვრა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია და გამომდინარეობს იქიდან, თუ რა სახის მკურნალობაზე იმყოფება, კერძოდ, რომელ ინსულინს რა დოზით იკეთებს, რომელ ტაბლეტს იღებს და ა.შ. საერთოდ, დიაბეტიანმა ყოველთვის თან უნდა ატაროს რამდენიმე ნატეხი შაქარი და ბარათი წარწერით, რომ აქვს დიაბეტი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დიაბეტთან ერთად ცხოვრება უფრო მარტივი და უსაფრთხოა.

    0
    255
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნინი შავაძე
    ნინი შავაძე
    255
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0