x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აქამდე უცნობ ფაქტები ხარება და გოგიას რაზმის ლიკვიდაციაზე
image(ტყის ძმების ყველაზე ცნობილი ფოტო – ხარება ჯიბუტიშვილი და ზალიკო სვიმონიშვილი)


პროტოკოლი


1913 წლის 13 იანვარი სოფელი მაღრაანი, თელავის მაზრა.
მე, თიანეთის მაზრის ფშავ-ხევსურეთის უბნის რწმუნებულმა მათურელმა, მივლინებულმა თელავის მაზრის თუშეთ-კახეთის უბანზე შევადგინე სარწმუნო პროტოკოლი შემდეგზე: 11იანვრის საღამოს 10 საათზე ვიმყოფებოდი რა სოფელ ალვანში ჩემს ჯგუფთან და თიანეთის სამაზრო სამმართველოს მოხელე დარჩიევთან ერთად, ყაჩაღების ბანდის თარეშის აღკვეთის მიზნით, მე ჩემი საიდუმლო აგენტის მეშვეობით მივიღე ინფორმაცია, რომ თელაველი ყაჩაღების ჯგუფი 9 კაცის ოდენობით, რომელიც გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა თელავის მაზრაში, კერძოდ ლეჩურის ხეობაში, სოფლების ლალისყურისა და ბაბანეურის გავლით გადაბარგდა ამავე მაზრის სოფელ მაღრაანის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაბანაკდა მაჭარეულის ხეობაში, სადაც უკვე მესამე ღამეა იმყოფებიან და საკვებით სოფელ მაღრაანის მოსახლეობა ამარაგებს.


ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მე შევადგინე ჯგუფი ჩემი განკარგულების ქვეშ მყოფი ჩაფრების, მაცნეებისა და სოფლის დარაჯებისგან. სახელდობრ: ფარაულიძე როსტომი (პოლიციის ჩაფარი), წიკლაური გიორგი (პოლიციის ჩაფარი), ლეკაიძე სიმონი (ზესაშტატო პოლიციის ჩაფარი), არინდაული ალექსი (სოფლის მაცნე), ხაციევი ფარი (სოფლის მაცნე), ფერაზაული ბუნუხო (სოფლის მაცნე), აბაშიძე გაბრიელი (დარაჯი ზემო ალვანიდან), თილიძე სტეფანე (დარაჯი ზემო ალვანიდან). მივამაგრე მათ დამხმარედ წოვა თუშების თემიდან მამასახლისი იოსებ უშარაული და მოხალისედ შემოგვიერთდა ამ ჯგუფში სოფელ ზემო ალვანის მცხოვრები სიმონ ბურკიშვილი.



11 იანვრიდან 12 იანვარს გარდამავალ ღამეს 12 საათზე გავაგზავნე ეს ჯგუფი ჩემი განკარგულების ქვეშ მყოფი თიანეთის სამაზრო სამმართელოს თარჯიმნის ეკი დარჩიევის ხელმძღვანელობით, ჩემი აგენტის მიერ მითითებული ადგილის დასაკავებლად. მათ გზა უნდა გადაეჭრათ ყაჩაღებისთვის თუ ისინი მთებისკენ დაიწყებდნენ მოძრაობას. მე დავრჩი სოფელ ზემო ალვანში 3 ვერსზე სოფელ მაღრაანიდან და დავიწყე მზადება შეტევისთვის, რომელიც უნდა განმეხორციელებინა ქვედა მხრიდან. ამასთან, დარჩიევთან წინასწარ ვიყავი შეთანხმებული, რომ ყაჩაღებზე თავდასხმას განვახორციელებდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისგან მივიღებდი შეტყობინებას, რომ მან დაიკავა ზემო აღნშნული პოზიციები. მანამდე მე მქონდა შემუშავებული საიდუმლო სამოქმედო გეგმა, ვვარაუდობდი რა, რომ ყაჩაღები ჩემზე მეთვალყურეობას დაიწყებდნენ, ამიტომ ჩემს სამოქმედო გეგმაში შედიოდა შემექმნა წარმოდგენა მოსახლეობაში რომ, ბანდის ადგილ-სამყოფელის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, რადგან ოპერაციის წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში ჩემს აგენტებს ემუქრებოდათ სერიოზული საფრთხე, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე, როგორც კანონიერად, ასევე ზნეობრივად, თავისთავად მაწვება მე.


12 იანვრის საღამოს 6-ის ნახევარზე მივიღე დარჩიევისგან როგორც მონაწერი, ასევე სიტყვიერი დანაბარები, რომელიც აჩქარებით მომიტანა ჩაფარმა გიორგი წიკლაურმა. ამ ინფორმაციით შევიტყვე, რომ სოფელ მაღრაანიდან ზემოთ, დაახლოებით 3 ვერსზე ხეობაში დარჩიევს მოუხდა შეტაკება ყაჩაღებთან და მისი მხრიდან ყოველგვარი დანაკარგის გარეშე განადგურებულია მთელი ბანდა. გავგზავნე რა მის შესახებ შეტყობინება თიანეთის მაზრის უფროსთან, მაშინვე გავემგზავრე შემთხვევის ადგილას და შევამოწმე დარჩიევის ჯგუფის ნამოქმედარი. გამოაშკარავდა შემდეგი: სოფელ მაღრაანიდან ჩრდილოეთით მიდის მაჭარაულის ვიწრო ხეობა, რომელშიც დაახლოებით 2 ნახევარ ვერსზე სოფელ მაღრაანიდან შევხვდი მოხელე დარჩიევისგან დაყენებულ ყარაულს. ამ უკანასკნელმა მიჩვენა 3 ადამიანის გვამი. ამათგან 2 იმყოფებოდა ერთმანეთთან ახლოს, მესამე კი დაახლოებით 50 ნაბიჯის მოშორებით. პირველი 2 გვამიდან ერთი აღმოჩნდა ცნობილი ყაჩაღი მიხეილ ბუზალაძე, მცხოვრები თელავის მაზრის სოფელ ქისტაურში, ხოლო მეორე ასევე ცნობილი ყაჩაღი ნიკო ბეჟუაშვილი, თელავის მაზრის სოფელ წინანდლის მცხოვრები. მესამე გვამში ამოვიცანით თიანეთის მაზრის სოფელ ხალაწანის მცხოვრები გიორგი იოსების ძე ჩოფიკაშვილი, რომელიც ჩვენი საიდუმლო წყაროების ინფორმაციით ბანდას შეუერთდა 12 იანვრის დილას. ამ გვამების ზემოთ, დაახლოებით 1 ვერსზე მიჩვენეს ბანდის სადგომი. ცეცხლის მახლობლად იყო შინელი, ჭურჭელი საკვებით და 3 გვამი. ამ გვამებში ამოვიცანით თელაველი ყაჩაღების მეთაური გოგია კენკიშვილი, მცხოვრები თელავის მაზრის სოფელ გულგულაში, მის მახლობლად სამ ნაბიჯზეა უცნობი პიროვნების გვამი, რომელიც უნდა იყოს 24-25 წლის, სუფთა სახით და პატარა შავი ულვაშით. შეხედულებით იგი ოსს წააგავს. აქვს 2 ჭრილობა ტყვიისგან მკერდში და მარცხენა ფეხი ტყვიისგან აქვს გადამტვრეული. მის გაგრძელებაზეა გვამი სოფელ მაღრაანის მკვიდრის ვანო დავითის ძე ჯავახიშვილისა, ხოლო ამ უკანსკნელიდან 20-25 ნაბიჯზე ვიპოვნეთ გვამი ასევე მაღრაანის მკვიდრის გიო შიშმანაშვილისა. აღნიშნული პირები - შიშმანაშვილი და ჯავახიშვილი ჩვენი ინფორმაციით ბანდას ამარაგებდნენ სურსათით. ამ გვამებიდან დაახლოებით 120 ნაბიჯზე არის უცნობი პირის გვამი, შეხედულებით იგი 30 წლისაა, მკვრივი აღნაგობის, ქერა სახის, გაპარსული, თხელი ქერა ულვაშით, მარცხენა თვალი ახვეული აქვს. ამ გვამიდან 10 ნაბიჯზეა ასევე უცნობი პიროვნების გვამი, შეხედულებით ასე 26 წლის, ქერა, გაპარსული წვერით, ყვითელი ულვაშით. გვამზე ორი ჭრილობაა ტყვიისგან და მარცხენა ფეხი ტყვიისგან აქვს გადამტვრეული. ამ გვამიდან 20 ნაბიჯზე ვიპოვნეთ გვამი სოფელ მაღრაანის მკვიდრის შიო ლომსაურისა, რომელიც ასევე ჩვენი ინფორმაციით სურსათს უზიდავდა ბანდას, ხოლო მის გასწვრივ ხის ქვეშ იყო გვამი ყაჩაღთა მეთაურისა-ხარება ჯიბუტიშვილის, იგივე ლეკის.


ბანდის სამყოფიდან 100 ნაბიჯზე, შემაღლებულ ადგილას ვიპოვნეთ გვამი ცნობილი ყაჩაღის, ილო ბებურიშვილის. მოკლული ყაჩაღებიდან ამოღებულია:
ცხრა თოფი-ამათგან 3 ღარიანი შაშხანა (კარაბინი), 10 მაუზერის პისტოლეტი, ბრაუნინგის ერთი რევოლვერი, თოფის და შაშხანის 1075 ვაზნა, რევოლვერის და პისტოლეტის 615 ვაზნა, ორი ბინოკლი, 4 ოქროს ბეჭედი, ფული-166 მანეთი და 95 კაპიკი და ტყვიისგან დაფლეთილი საკრედიტო ბილეთები 135 მანეთისა. უბის წიგნაკები, 4 საფულე და პასპორტი დუშეთის მაზრის სოფელ მჭადიჯვარში მცხოვრებ გიორგი ალექსანდრეს ძე ბალხანიშვილის სახელზე გაცემული, რომელსაც აზის ბეჭედი მჭადიჯვრის თემის მამასახლისისა. ერთ თოფს კონდახზე ქართულად აწერია - „ვანო ღვინიაშვილი“, ხოლო ერთი რევოლვერის ბუდეზე ამოკვეთილია ასოები - „მ.ბ.“


image(ტყის ძმების გამანადგურებელი ჯგუფის წევრები ეკო დარჩიევის ხელმძღვანელობით. მათ უკან ჰკიდია ხარება და გოგიას დაჯგუფების იარაღი)


მოხელე დარჩიევმა დიდი ძალისხმევითა და სიფრთხილით გაიარა 15 ვერსის მანძილი სოფელ ქვემო ალვანიდან. იგი გვერდს უვლიდა გზებს, რათა არ შეემჩნიათ. ზურგიდან შემოუარა ბანდას და დაიკავა პოზიცია შემაღლებულ ადგილას. იქიდან გადაიშალა მის წინ მაჭარაულის ხეობის ის ადგილი, სადაც დაბანაკებული იყო ყაჩაღთა რაზმი. მივიდა რა ძალიან ახლოს, დარჩიევმა გათვალა დაყოვნების შემთხვევაში შესაძლოა შეემჩნიათ მისი რაზმის გადაადგილება ყაჩაღებს, ამიტომ დროის მოგების მიზნით აღარ შემატყობინა, სწრაფად გაყო რაზმი სამ ჯგუფად და დაიკავა ხეობის ყველა გასასვლელი, რის შემდეგაც საფარიდან გასძახა ყაჩაღებს: „დაგვნებდით, თქვენ ალყაში ხართ, ვერსად ვერ წახვალთ“. ხოლო როდესაც ამის პასუხად ყაჩაღთა მხრიდან დაიწყო უწესრიგო სროლა, დარჩიევმაც გასცა ბრძანება სროლის შესახებ. ყაჩაღები მოექცნენ დარჩიევის რაზმის ჯვარედინ ცეცხლში და ამის წინაშე უძლურები აღმოჩნდნენ და მალე ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს უსულოდ დაცემა.
ასე განადგურდა ყაჩაღთა 12 კაციანი ჯგუფი და როგორც შემდეგში აღმოჩნდა, 13 კაცი.


image(მაჭარაულის ხეობა 1913 წელი. ხარება და გოგიას და მათი რაზმის გარდაცვლილ წევრებთან ერთად მოპოზიორე მადევრები)


ყაჩაღები: გოგია კენკიშვილი, ხარება ჯიბუტი, ბეჟუაშვილი, მიხეილ ბუზალაძე, გიორგი ჩოფიკაშვილი, ყაჩაღების სურსათით მომმარაგებლები მაღრაანის მცხოვრებნი ვანო ჯავახიშვილი, გიო შიშმანაშვილი და გიო ლომსაური. ასევე 3 უცნობი, რომლებზეც აგენტურის მონაცემებით ვვარაუდობთ, რომ ისინი დუშეთის მაზრიდან გადმოსული ყაჩაღები უნდა იყვნენ. ამასთან ამ პროტოკოლში აღსანიშნავია, რომ ჩემს მიერ დარჩიევისათვის დაქვემდებარებულ რაზმში არავინ დაშავებულა და ჯგუფი გამარჯვებული გამოვიდა.


დიდება მაღრაანის ტყეში დაცემულ ქედმოუხრელ კახელ გმირებს!


აღნიშნული მასალა (რუსულ ენაზე) დაცულია თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში. მასალა თარგმნა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა მიხეილ მგელიაშვილმა.

0
1029
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0