x
image
მოზამბიკელი
როგორ დავძლიოთ შაკიკი - 5 რჩევა მათთვის, ვისაც შაკიკი ყოველდღიურობად ექცა 

შაკიკი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. აქტუალურ პრობლემად განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია იქცა, რადგან სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მაცხოვრებლების 30% -ს ეს დაავადება აწუხებს.

image

მას სხვადასხვა ფორმა გააჩნია და მკურნალობის მეთოდი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს გარშემო "შაკიკის კლუბის წევრები დღითიდღე" იზრდებიან, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილების გაზიარება.

5 რჩევა მათთვის, ვისაც შაკიკი ყოველდღიურობად ექცა:

1. მოერიდეთ სტრესს.

ცხადია, სტრესული სიტუაციების მართვა არც ისე იოლია, ყოველდღიურად არაერთ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება, მაგრამ ჩემი რეკომენდაციით, რაც ნაკლებად აიტკიებთ "აუტკივარ თავს", მით უკეთესი. თუკი სამსახურში ძალიან იღლებით, დღის განმავლობაში სრულფასოვან კვებას ვერ ახერხებთ. კარგი იქნება თუ საღამოს, საკუთარ თავს განტვირთვის საშულებას მისცემთ. მიიღებთ შხაპს, მსუბუქად ივახშმებთ და დაიძინებთ. არანაირი ტელეფონი და სოციალური ქსელი, მითუმეტეს შუქ ჩამქრალ ოთახში. თვალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაკიკის მართვაში, რაც უფრო დიდ ხანს გვიწევს ლეპტოპთან ან ტელეფონთან ყოფნა, მით მეტად იზრდება შაკიკის დაწყების რისკი.

image

2. არ დაელოდოთ, როდის მოგშივდებათ მგელივით.

ეცადოთ მიირთვათ, მაშინ როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ, არ აიძულოთ თავს მოთმენა, რადგან როგორც კი ჭამის დრო გადაგვიცდება, მაშინვე გვეწყება თავის გაბრუება, რაც შემდეგ ძლიერ ტკივილში გადაიზრდება ხოლმე.

3. ექიმები ხშირად გვირჩევენ, არ მივირთვათ ისეთი საკვები რაც, შაკიკის პროვოცირებას იწვევს.

არსებობს ამ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელთა ხშირად მიღება იმ ადამიანებისთვის, ვისაც შაკიკი აწუხებთ რეკომენდირებული არ არის. (ყველი, თხილი, შავი შოკოლადი, ალკოჰოლი(წითელი ღვინო), იოგურტი, ყავა, ძეხვი, შებოლილი თევზი, ცხარე საკვები და სხვა. (ამ ჩამონათვალის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საყავარელი პროდუქტების მიღებაზე უნდა ვთქვათ უარი. მაგრამ ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, არც ისე აუცილებელია :D)

image

4. მათ ვისაც შაკიკი აწუხებთ, მძაფრი სურნელების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ.

შეიძლება ითქვას, შაკიკის დროს ისეთ სურნელსაც კი გრძნობენ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. აუცილებელია, რომ მოვერიდოთ, ისეთ სუნებს, რომლებიც შაკიკის პროვოცირებას გამოიწვევენ. ქიმიური საშუალებებისა და პარფიუმერული პროდუქტის შერჩევისას აქცენტი უნდა გავაკეთოთ, მსუბუქ, გრილ და ნაკლებად შესამჩნევ სურნელზე. განსაკუთრებული ყურადღება სუნამოს შერჩევისას გვმართებს, რადგან მისი მოხმარება ხშირად გვიწევს.

5.იქამდე სანამ შაკიკის შეტევა დაგვეწყება, ზოგადი სისუსტე და გაბრუება იჩენს თავს, შესაძლოა წნევამ მოიმატოს.

ამ დროს, მსუბუქი გამაყუჩებლის დალევა შეიძლება, პრევენციისთვის, თუმცა იმ შემთხვავში თუ შაკიკის მწვავე ფორმები გახასიათებთ, სჯობს დაელოდოთ, ვიდრე ტკივილი არ გაძლიერდება. გულისრევის შეგრძნების შემდეგ კი აუცილებლად მიიღოთ ის მედიკამენტი, რომელიც შაკიკის შეტევების დროსაა რეკომენდირებული.

შენიშვნა: ჩამოთვლილი რჩევები, ჩემი პირადი გამოცდილების მიხედვით შევადგინე. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმი არ ვარ, თავს უფლებას ვერ ვაძლევ დავწერო ის მედიკამენტები, რომლებსაც თავად ვიყენებ შაკიკის შეტევების დროს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

1
76
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
76
  
0 1 1