x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მუსიკალურ კონკურსში დედოფლისწყარომ პირველი და მესამე ადგილები დაიკავა
image



ლუკა ყაჭაშვილმა და ლიზი ბუთხუზმა კიდევ ერთ სატელევიზიო კონკურსში გაიმარჯვეს. თბილისში გამართულ ფესტივალზე ნიჭიერი მოზარდები მთელი საქართველოდან იყვნენ წარდგენილნი, პირველი და მესამე ადგილები დედოფლისწყაროელმა ახალგაზრდებმა დაიკავეს. დედაქალაქში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საესტრადო სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებელთა სატელევიზიო ფესტივალ-კონკურსი „მიმღერე რამე“, რომლის ფინალიც სულ ახლახან შედგა. როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში გაზეთ „შირაქს“ განუცხადეს, პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება დედოფლისწყაროელმა ლუკა ყაჭაშვილმა მოიპოვა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ლიზი ბუთხუზს ხვდა.

.

კონკურსში ასამდე მოზარდი მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყო სამი ასაკობრივი ჯგუფი. დედოფლისწყაროელები უფროს ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდნენ. ყველა გამოსვლაზე ქულები ენიჭებოდათ, მათი დაჯამების შემდეგ კი ლუკა ყაჭაშვილმა 224 ქულა მიიღო, ლიზი ბითხუზმა კი 174.


ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია ამ ორმა შემსრულებელმა ჯერ კიდევ შესარჩევ ტურებში დაიმსახურა, რის გამოც ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს და ფინალამდე მიაღწიეს. მათი გამოსვლა დასკვნით ტურშიც წარმატებული აღმოჩნდა. ორივე კონკურსანტის მომზადებას კონკურსამდე და კონკურსის მიმდინარეობისას დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის პედაგოგი ნინო ნიკვაშვილი უზრუნველყოფდა. როგორც ნინო ნიკვაშვილმა გაზეთ „შირაქთან“ განმარტა, კონკურსი პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი შეზღუდვების დროს მიმდინარეობდა და ბევრი ხელისშემშლელი გარემოება იყო, თუმცა საბოლოოდ მათი ბრძოლა ნაყოფიერი აღმოჩნდა.


image


ნინო ნიკვაშვილი (პედაგოგი): „რამდენიმე თვის წინ ამ კონკურსის შესახებ თავად ორგანიზატორი, კომპოზიტორი გიორგი ბარამაშვილი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, დედოფლისწყაროელ ნიჭიერ ბავშვებს მიეღო მონაწილეობა. როცა ეს პროექტი მოსწავლეებს გავაცანით, მხოლოდ ორმა გამოთქვა სურვილი ბრძოლაში ჩართულიყო. პროცესი დაიწყო ზამთარში, როდესაც სკოლები ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული. დაკეტილი იყო კულტურული ცხოვრებაც. შემდეგ გავაგზავნეთ ლუკას და ლიზის სიმღერების ვიდეო ჩანაწერი და შეირჩნენ ასე, ონლაინ კონკურსით. თებერვალში იყო უკვე საკონკურსო ჩაწერა თბილისში, „შონი ტვ“-ს ოფისში, სადაც გამომსვლელებს უკვე 6 წევრის შემადგენლობით სპეციალური ჟიური აფასებდა. ჟიურის თავმჯდომარე ყველასთვის საყვარელი მომღერალი მანანა თოდაძე გახლდათ... მაშინ გამოცხადდა, რომ გაზაფხულზე იქნებოდა დაჯილდოება და შედეგებსაც მაშინ გავიგებდით. დაწესებული იყო პრიზები. პირველი ადგილის მფლობელს ორგანიზატორები სიმღერას ჩაუწერენ, ფონოგრამას გადასცემენ და ვიდეო-კლიპშიც გადაიღებენ. დიპლომი და ლოგო ლუკა ყაჭაშვილს უკვე გადაეცა. ლიზის სადღესასწაულო კაბების სახლი „მარიგოლდი“ გაუკეთებს საჩუქარს.


ლუკას სიმღერა უფრო ენერგიული და დატვირთული იყო. მიუხედავად დაწყებული ასაკობრივი პრობლემისა, ვთვლი, რომ მაინც კარგად გაართვა თავი. ლიზის სიმღერა უფრო მშვიდი იყო. არც მას გასჭირვებია მისი დაძლევა. თუმცა, შესასრულებლად ნამდვილად რთული იყო. ორივემ თვითონ აირჩიეს სიმღერები და რეპერტუარში აღარ ჩავრეულვარ. ერთს ვიტყვი, მომღერალი რომ სულ ფორმაში იყოს, მუდმივად ვარჯიშის რეჟიმში უნდა იყოს“.

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბრისას განმარტავს, რომ საპრიზო ადგილების მოპოვების მოლოდინი ჰქონდათ. მისი თქმით, ლუკა ყაჭაშვილი აღმოჩენაა დედოფლისწყაროსთვის და ის ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და პოპულარული მოზარდია.


ილია მარტყოფლიშვილი (დედოფლისწყაროს კულტურის და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი): - „სადაც ლუკა ყაჭაშვილია, იქ წარმატების იმედი ნამდვილად გვაქვს. ამ ბიჭს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ მაყურებელი მოხიბლოს. ჟიურის კომპეტენტური წევრები პირველივე წუთებიდან გააოცოს და თავი შეაყვაროს. ალბათ ამიტომაა, რომ ჟიურის წევრები ხშირად აქებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. როდესაც ლუკა ქვეყნის მასშტაბით თანატოლებთან შეჯიბრში ჩაერთო, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი პედაგოგის დახმარებით, ლუკა საპრიზო ადგილის გარეშე არ დაბრუნდებოდა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას და მის პედაგოგს ნინო ნიკვაშვილს, რომ ჩვენი იმედები გაამართლეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. როცა მთელი ქვეყანაა წარმოდგენილი და ერთი პატარა რაიონი ორ საპრიზო ადგილს წამოიღებს, ეს ბევრს ნიშნავს. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ლუკა ჩემი ფავორიტი მოზარდია. გაგიმხელთ იმასაც, რომ განსაკუთრებით მომწონს მის მიერ შესრულებული „გოგოვ, გოგოვ, შავთვალა!“ პერიოდულად, მის ამ ჩანაწერს უთვალავჯერ ვუსმენ. მისი რეპეტიციები ჩემი სამუშაო კაბინეტის გვერდით ოთახში მიმდინარეობს ხოლმე და ვერ აგიღწერთ, რაოდენ სასიამოვნო პროცესია, როცა მუშაობა მისი სიმღერების ფონზე მიწევს. ხშირად გვიან ღამემდე მღერიან. ვიცი და ვხედავ, რამხელა შრომის ფასად ხდება ამ შედეგის მიღება და რა ტკბილია გამარჯვების შეგრძნება. რამხელა ენერგიას დებს პედაგოგიც და მოსწავლეც. მახსენდება, როცა ლუკა პირველად გამოვიდა შესარჩევ ტურზე, ჟიური მსჯელობდა, დაეშვა თუ არა ის კონკურსზე. ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება მისი მცირე ასაკი იყო და არ გვინდოდა, ასაკის გამო უფროსებთან დაჩაგრულიყო. მაგრამ, ჟიური აღიარებდა, რომ ლუკა არაფრით ჩამოუვარდებოდა სხვა გაცილებით უფროს შემსრულებლებს და შანსი უნდა მიგვეცა. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

იცით, რომ ლუკა ყაჭაშვილის საჯარო დებიუტი სატელევიზიო შოუ „ახალ თაობაში“ შედგა. ამავე შოუში მონაწილეობდა ლიზი ბუთხუზიც, რომელიც ასევე წარმატებით გამოვიდა. ცნობილია, რომ გასულ წელს ლუკამ კახეთის რეგიონულ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა, დასკვნით ფინალურ კონცერტზე ქულების არასწორად დათვლის გამო მის ნაცვლად სხვა რაიონის კონკურსანტი გამოაცხადეს, თუმცა შემდეგ ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა ბოდიში მოიხადეს და აღიარეს, რომ მესამე ადგილის მფლობელი სწორედ ლუკა ყაჭაშვილი გახდა. იმის გამო, რომ კონკურსი ტელეკომპანია „გურჯაანის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მაყურებელიც შეცდომაში შევიდა, მოგვიანებით საინფორმაციო გამოშვებაში ამ ტელეკომპანიამაც გაასწორა ინფორმაცია და მაყურებელს აუწყა, რომ ქულათა დაჯამების დროს მომხდარი შეცდომის გამო ლუკას საპრიზო ადგილი არასწორად გაჟღერდა. კახეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მსოფლიო პანდემიაც დაემთხვა და სამწუხაროდ, ლუკას კონკურსით გათვალისწინებული პრიზები სრულად ჯერ არ მიუღია. მათ შორის ჯერ არ გამგზავრებულა დიდებული პარიზის დასათვალიერებლად, რომლის საგზურიც სწორედ ამ კონკურსზე წარმატებული გამოსვლისთვის ერგო. მინდა, მსოფლიოში მოგზაურობა მალე გახდეს უსაფრთხო და ნებადართული, რომ ლუკა გაემგზავროს და მოინახულოს პარიზის ღირსშესანიშნაობები. ფრანგულ კულტურას და პარიზის უნიკალურ სილამაზეს ეზიაროს და შთაბეჭდილებებით გამდიდრებული დაბრუნდეს. როგორც გახსოვთ, წინა კონკურსის დროს დედოფლისწყაროს მერიამ და კულტურის ცენტრმა მას ასევე აჩუქა სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ასეთივე საჩუქარს გადასცემს და ლუკას პოპულარულ საეთერო სივრცეს დაუთმობს ტელეკომპანია „იმედიც“, გია ჯაჯანიძის საავტორო შოუ „სხვა რაკურსი“. კოვიდ-ვითარების დასტაბილურებისთანავე დიდი სურვილი გვაქვს ლუკა ყაჭაშვილის სოლო კონცერტი დედოფლისწყაროში შედგეს და ამისთვის ყველა ღონეს ვიხმართ“.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0