x
ყვითელი ცხელების სიმპტომატიკა და პრევენციის გზები

image


ყვითელი ცხელება არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება ტრანსმისიული გზით-ვირუსი გადააქვს კოღოებს-ინფიცირებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შემდეგ, ვირუსი გადადის კოღოს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და აქ ცირკულირებს მანამ, სანამ დაილექება სანერწყვე ჯირკვლებში, მას შემდეგ რაც კოღო უკბენს სხვა ადამიანს ან მაიმუნს, ინფექცია გადადის მათ ორგანიზმში, რაც თავისთავად იწვევს ყვითელ ცხელებას.ინფექცია უფრო მეტად გავრცელებულია აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.მსუბუქი ფორმის ყვითელი ცხელება იწვევს თავის ტკივილს, ტემპერატურის მომატებას, გულისრევას და ღებინებას, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობა გართულდეს და გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემებიც-გულის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა, თანმდევი სისხლდენით.მძიმე ფორმის დროს ინფიცირებულთა 50%-ზე მეტი იღუპება.
ინკუბაციური პერიოდი 3-დან 6 დღემდე მერყეობს, ამის შემდეგ დაავადება გადადის ჯერ მწვავე, შემდეგ კი ტოქსიკურ ფაზაში.ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსიკური ფაზა სიცოცხლისთვის საშიშია.

მწვავე ფაზა მოიცავს შემდეგ სიმპტომებს:
ტემპერატურის მომატება
თავის ტკივილი
კუნთების ტკივილი, განსაკუთებით ზურგის
სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება
გულისრევა და ღებინება
მადის დაქვეითება
თავბრუსხვევა
გაწითლებული თვალები, სახე ან ენა

ეს სიმპტომები ჩვეულებრივ უკუგანვითარებას განიცდის რამდენიმე დღეში.

ტოქსიკური ფაზა
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ფაზაში აღწერილი სიმპტომები ქრება რამდენიმე დღეში, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც სიმპტომები არათუ უკუგანვითარებას განიცდის, არამედ უფრო მძიმდება და ზოგ შემთხვევაში ემატება სიცოცხლისთვის საშიში ნიშნებიც.
ტოქსიკური ფაზის სიმპტომებია:
კანის და სკლერის ყვითლად შეფერვა
აბდომინალური ტკივილები და სისხლიანი ღებინება
შარდის გამოყოფის დაქვეითება
სისხლდენა პირიდან, ცხვირიდან და თვალებიდან
გულისცემის სიხშირის შემცირება
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა
ტვინის დისფუნქცია-დელირიუმი, გულყრა, კომა

აღინიშნული ფაზა შესაძლოა ფატალური შედეგის მომტანი გახდეს.

რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება ყველა ვინც მოგზაურობს ან აპირებს მოგზაურობას სუბ-საჰარა-აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონას არ აქვს ოფიციალური მონაცემები ყვითელი ცხელების შემთხვევების არსებობაზე, ვინაიდან შესაძლებელია ლოკალური პოპულაცია იყოს ვაქცინირებული ან უბრალოდ კონკრეტული შემთხვევები ვერ დიაგნოსტირდეს და შესაბამისად ოფიციალურად არ იყოს აღწერილი.
თუკი აპირებთ მოგზაურობას აღნიშნულ ზონაში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს 3-4კვირით ადრე და ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომლის თითოეული დოზა იცავს პირს სულ მცირე 10 წლით.რაც შეეხება ვაქცინაციის გვერდით ეფექტებს არის მსუბუქი, გრძელდება 5-დან 10დღემდე და მოიცავს თავის ტკივილს, დაბალ ტემპერატურას, კუნთების ტკივილს, დაღლილობის შეგრძნებას და ტკივილს ინექციის ადგილზე.უფრო საყურადღებო ნიშნებია- ყვითელი ცხელების მსგავსი სინდრომის განვითარება, თავის ტვინის ანთება და სიკვდილი, რომელიც უფრო მეტად ვლინდება ჩვილებსა და მოხუცებულებში, ვაქცინა მოიაზრება უსაფრთხოდ 9 თვიდან 60 წლამდე პერიოდში.
ვაქცინაციის ჩაუტარებლობის შემთხვევაში თავი აარიდეთ იმ ადგილებს, სადაც დიდი რაოდენობით კოღოებია, ჩაიცვით ისეთი სამოსი, რომელიც სრულად დაგიფარავთ სხეულს და გამოიყენეთ ინსექტიციდური ნივთიერების მქონე საწოლის ბადეები.

ყვითელი ცხელების გართულებები
ინფექცია მძიმე ფორმის დროს 20% -დან 50%-ში იწვევს სიკვდილს, ტოქსიკური ფაზის დროს განვითარებული გართულებებიდან აღსანიშნავია თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, დელირიუმი და კომა.
მწვავე ფაზის უკუგანვითარების შემთხვევაშიც კი ინფიცირებულთა ორგანიზმს სჭირდება რამდენიმე კვირიდან თვემდე, რათა დადგეს სრული გამოჯანმრთელება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა შეინიშნებოდეს სიყვითლე და სისუსტე.
სხვა გართულებებს მიეკუთვნება მეორეული ინფექციები, როგორიცაა პნევმონია ან სისხლის ინფექციები.

დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია სამოგზაურო ისტორიის შესწავლა და სისხლის ანალიზის ჩატარება, სადაც ჩნდება ანტისხეულები და ვირუსისთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური მარკერები.

რაც შეეხება მკურნალობას, არ არის დამტკიცებული, რომ რომელიმე ანტივირუსული საშუალება კურნავს ყვითელ ცხელაბას.მკურნალობა მოიცავს დიდი რაოდენობით სითხის მიწოდებას, ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებას, ადეკვატური სისხლის წნევის შენარჩუნებას, დაკარგული სისხლის შევსებას, დიალიზს თირკმლის უკმარისობის პრევენციისთვის, ზოგ შემთხვევაში ხდება პლაზმის ტრანსფუზია, რათა გაუმჯობესდეს სისხლის შედედება.
ყვითელი ცხელების გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი, რომელიც გაყვება პირს დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0