x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბობ დილანი სახინკლეში კოლმეურნეობაზე-ლეგენდარული მომღერლის საბჭოური ვოიაჟის ქრონიკა
image


დღეს 24 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ბობ დილანს-ამერიკელ მუსიკოსს, სიმღერების ავტორს, მომღერალს, მხატვარს და მწერალს. 11 გრემის, ერთი ოქროს გლობუსის და ერთი ოსკარის მფლობელს .როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზების წევრს და ნობელის ჯილდოს ლაურეატს ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის".



თუმცა დღეს არ განვიხილავთ უდიდესი შემოქმედის მრავალფეროვან შემოქმედებას, გავიხსენებთ ერთ ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან, როგორ მოხვდა "შემთხვევით გაუგებრობაში", უფრო სხვა პროფილით ბობ დილანი საბჭოთა კავშირში და მათ შორის თბილისში.



1985 წელს, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოეტებმა ანდრეი ვოზნესენსკიმ და ევგენი ევტუშენკომ გადაწყვიტეს ლუჟნიკში მსოფლიო პოეზიის საღამო მოეწყოთ. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში პოეზიის საღამოები სტადიონებს ავსებდა. რუს ავტორებთან ერთად, ბულატ ოკუჯავა, ანდრეი დემენტიევი, რობერტ როჟდესტვენსკი, მოწვეულნი იყვნენ უცხოელი პოეტები: შეიმაზ ჰინი, ირვინ ალენ გინსბერგი და.... ბობ დილანი.


image

ვოზნესენსკის თქმით, ღონისძიებას განსაკუთრებით არ იყო რეკლამირებული. იმ აფიშებზე, რომლებიც ქალაქში შეგხვდებოდათ, უბრალოდ ეწერა, რომ პოეზიის საღამო იმართებოდა.


image

მაგრამ იმ საღამოს სტადიონი ნახევრად არ გაივსო. იმავე ვოზნესენსკის თქმით, სპეციალურად შემოწმებული ხალხი სტადიონზე ავტობუსებით წაიყვანეს.

დილანისთვის პირველი შოკი მაყურებლების რაოდენობა იყო, ის აშკარად არ ელოდა ნახევრად ცარიელი აუდიტორიის ნახვას, რადგან საკუთარი შემოქმედების განმავლობაში იგი ალბათ რადიკალურად საპირისპიროს იყო მიჩვეული, ყოველგვარი აკომპანიმენტის გარეშე, საკუთარი გიტარის თანხლებით, მან იმღერა Blowin 'In The Wind, რასაც მოჰყვა რამდენიმე ახალი სიმღერა. მაგრამ მაყურებელმა ის საკმაოდ ცივად მიიღო . 30 წუთიანი დაკვრის შემდეფ დილანმა აშკარად გაწბილებულმა და ცრემლმორეულმა დატოვა სცენა.


image

ევტუშენკოს თქმით, კონცერტის დასრულების შემდეგ, ვოზნესენსკიმ იგი პერედელკინოს აგარაკზე წაიყვანა, ჩაი დაალევინა და დაამშვიდა. ამის შემდეგ რუსი პოეტი სხვადასხვა საუბარში არაერთხელ იხსენებდა, თუ როგორ რცხვენია ბობ დილანის გამო, რადგან იგი სათანადოდ ვერ მიიღეს...


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ბრალი მხოლოდ ვიზნესენსკის არ მიუძღვოდა, მართალია იგი მხოლოდ როგორც პოეტი ისე მიიწვიეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ 'Like a Rolling Stone'ის, 'A Hard Rain's A-Gonna Fall-ის და სხვა უამარავი ჰიტების ავტორს იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ნაკლებად იცნობდნენ...


შემდეგ იყო ვიზიტი თბილისში, მწერალთა კავშირში ჰქონდა შეხვედრა, იგი იყო „მოსკოვის მიერ გაგზავნილი სტუმარი“, რომლისთვისაც დამკვიდრებული წესით უნდა ეცათ პატივი.


აი როგორ იხსენებს ამ დღეს დავით ზურაბიშვილი:"შენობაში ჩემი მაგიური მოწმობის წყალობით, ყველა კარს რომ აღებდა და რომელსაც დიდი ასოებით ეწერა „საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი“ (მეორე მხარეს კი ეწერა პატარა ასოებით კოლეგიის გრძელი სახელი, მაგრამ იმას ვინ კითხულობდა!), დაუბრკოლებლად შევედი შენობაში.

შემდეგ თარჯიმანთან ერთად გადავინაცვლე თავმჯდომარის ოთახში და ვიხილე სრულიად წარმოუდგენელი რამ.

ბობ დილანი, ეს ცოცხალი ლეგენდა, ვითომც არაფერი, ისე ზის დიდ ოვალურ მაგიდასთან, ერთ მხარე მისი შვილი, ახალგაზრდა ჯეიკობი უზის, მეორე მხარეს კი რეზო ამაშუკელი. მათთან ერთად მაგიდას კიდევ რამდენიმე ამერიკელი სტუმარი და ცნობილი ქართველი მწერლები უსხდნენ. დარბაზში ფეხზე მდგომი კიდევ უფრო მეტი იყო, ამიტომაც არავის უკითხავს, შენ ვინ ხარ და აქ რა გინდაო.

და ყოველივე ეს, განსხეულებული და განკაცებული, ახლა იჯდა აქ, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კაბინეტში, რეზო ამაშუკელის გვერდით.

ლაპარაკობდა ამერიკელი პოეტების დელეგაციის ხელმძღვანელი, რობერტ ბლაი, წმინდა რიტუალური სპიჩი ჰქონდა, მეგობრობა, ურთიერთგაგება და ა. შ.

სამაგიეროდ ჭაბუა ამირეჯიბმა გამოიჩინა თავი და სრულიად წარშეუხრელად განუცხადა სტუმრებს, რომ ამ შენობაში მუდამ იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც ოქტომბრის რევოლუციის იდეალებით ცხოვრობდნენ და სულდგმულობდნენ. მერე რა ილაპარაკა აღარ მახსოვს. ერთი ეს დამამახსოვრდა კარგად.

დილანს აშკარად ეტყობოდა, რომ ოქტომბრის რევოლუციის იდეალები სულ არ აინტერესებდა და საერთოდ ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა. სიგარეტის ამოღებას შეეცადა ჯიბიდან და იმდენი იწვალა, რომ ბოლოს რეზო ამაშუკელმა გაუძრო კონტრაბანდული „მალბორო“, სანთებელით მოუკიდა და თან ისე გადახედა, თითქოს ეუბნებოდა, რამე არ შეგეშალოს აქ შენზე ნაკლები ბიჭები არა ვართო."

რამდენიმე ახალგაზრდამ მაინც მოახერხა ბობ დილანთან შეხვედრა, როდესაც ბობ დილანი ბრუნდებოდა სასტუმროში, იქ რამდენიმე ახალგაზრდა ფანატი კვლავ ელოდა კართან, დაცვა ცხადია მათ არ უშვებდა, მაგრამ ამ დროს მომხდარა ძალიან უცნაური, თითქმის მისტიური ამბავი. დევნის მანიით შეპყრობილი დილანი თურმე გაჩერდა. ახალგაზრდებიდან ორი მათგანი მოიხმო და დაცვას უთხრა, აი ესენი შემოუშვიო. ამ ორი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი გახლდათ ზურა კაკაბაძე, მოარული როკ–ენციკლოპედია. იმავდროულად ვალერი კოჩაროვის ცნობილი ჯგუფის, „ბლიცის“ რიტმ–გიტარისტი, მეორე კი ასევე თბილისის როკ–სამყაროში კარგად ცნობილი ძმები ჭილაშვილებიდან ერთ–ერთი.

image

რანაირად მოხდა, რომ იმ ახალგაზრდებიდან დილანმა სწორედ ისეთები გამოარჩია, რომლებმაც მთელი მისი რეპერტუარი ზეპირად იცოდნენ და ალბათ ყველაზე მეტად ეკუთვნოდათ ეს პატივი, ძნელი სათქმელია. არა მგონია ეს შემთხვევით მომხდარიყო. და თუ შემთხვევითობა არაა, ეს უკვე მართლა მისტიკას წააგავს და რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება და ამ ახალგაზრდებთან დილანმა არა მარტო ისაუბრა, არამედ ნომერშიც მიიპატიჟა და რამდენიმე სიმღერა ერთადაც შეასრულეს. კაკაბაძემ თურმე ცოცხალი კლასიკოსის ქებაც კი დამსახურა. ტუჩგარმონზე შესრულებული პარტიისთვის.

აი რას მოყვა ზაზა ალექსიძემ:

"რეზო ამაშუკელს გადაუწყვეტია მისი სახინკლეში წაყვანა. ამაშუკელი ეტყობა იმიტომ მიამაგრეს, რომ ინგლისური იცის და ჯაზი უყვარს, რომელი ჯაზმენი დილანი იყო, მაგრამ რამდენადაც ძველი თაობის საბჭოთა მომენკლატურა მთელ ბურჟუაზიულ მუსიკას „ჯაზებს“ ეძახდა, ასეთი არჩევანიც არ იყო გასაკვირი.

მოკლედ, მიჰყავთ სახინკლეში, კოლმეურნეობის მოედანზე.

კოლმეურნეობის მოედანი დღეს რა არის და მაშინ ნამდვილი საშინელება იყო. იქაური სახინკლეები კი უგემური ხუთკაპიკიანი ხინკალით, ჭუჭყიანი კედლებით და ქონიანი ქაღალდებით სავსე ნაგვის ყუთებით, თითქოს ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა სტუმართან თავმოსაწონ ადგილად, . ოღონდ ეს ხომ საბჭოთა საქართველო იყო! ამიტომ ერთ–ერთ ასეთ ბინძურ სახინკლეში, მიწისქვეშა სარდაფში სპეციალური ოთახი გახლდათ გამოყოფილი საპატიო სტუმრებისთვის, სადაც ხინკალიც სხვანაირი კეთდებოდა, ქაბაბიც და ჩეხური ლუდიც მოჰქონდათ.



მაგრამ საწყალი ბობ დილანი ხომ საბჭოური ნიუანსების გაგებაში არ არის და თან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს: დევნის მანია სჭირს და სერიოზულად ეშინია, არ მომკლანო (ლენონის მკვლელობის მერე დაწყებია ეს ამბავი). ჰოდა, დგას ამ კოლმეურნეობის მოედანზე მანქანიდან გადმოსული, ირგვლივ სულ ლოთები და ბომჟები დაძრწიან, იქით ბაზრიდან მოდის ხალხი ჩანთებით ხელში, აქეთ ტრამვაი მოხრიგინებს და თან რეზო ამაშუკელი ექაჩება სადღაც ბნელ სარდაფში. გაგიჟდა თურმე, გაადგა ფეხი, ადგილიდან არ იძვრის და არსად არ წამოვალო, ყვირის, მაგრამ ვინ კითხავს დილანს? სულ კინწისკვრით ჩააგდეს სახინკლეში. იმან კი ერთი სიცოცხლე გაათავა, სანამ დაარწმუნებდნენ, რომ ეს პატივისცემაა და არა წამებით სიკვდილი, თუმცა ხინკალი მაინც უჭამია და მოწონებია კიდეც."

როგორც შემდგომ გაირკვა ბობ დილანს თავის ვაჟთან ერთად თბილისიდან ოდესაში სურდა წასვლა, რათა საკუთარი წინაპრების ფესვები ეხილა, მისი პაპა ზიგმან ციმერმანი(დილანის ნამდვილი გვარი) და ბებია ანა 1905 წელს ოდესიდან აშშ-ში გადასხლდნენ.


1
589
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
589
  
2021, 26 მაისი, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1