x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დედოფლისწყაროს #1 სკოლა ბოლო ზარის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

image

.

19 მაისს დედოფლისწყაროს 1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი იზეიმეს. სკოლის ყოფილმა დირექტორმა გარკვეული შენიშვნების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. საუბარი იყო სკოლის ჩაკეტილ კარზე და დამალულ დირექტორზე, სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება და მისი საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. დღეს სკოლის ადმინისტრაციამ ყოფილ დირექტორს უპასუხა და განცხადება გაავრცელა.

.

„სკოლის გვერდი, ზოგადად, ემსახურება მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, მაგრამ დღეს აღშფოთებული პედაგოგების მოთხოვნით დავარღვევთ ტრადიციას და ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომლებიც პუნქტებადაა ჩამოყალიბებული დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის მაია ლაპიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ბრალდების წერილში. ეს არ არის პირველი შემთხვევა მისი მხრიდან, როცა ძირს უთხრის და ჩირქს სცხებს იმ სკოლას, რომელშიც მუშაობს, წლების განმავლობაში თავად იყო სკოლის დირექტორი და დღემდე ვერ ეგუება თანამდებობის დაკარგვას. აქედან გამომდინარე, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს მისი მიზანმიმართული ქმედება სოციალურ ქსელში.
.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გაურკვეველი იყო, ჩატარდებოდა თუ არა ბოლო ზარი სკოლებში ან რა ფორმატით იქნებოდა შესაძლებელი. ველოდებოდით განათლების სამინისტროსგან რეკომენდაციას. სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, რომ მე-12ა კლასის რამოდენიმე მოსწავლე აანონსებდა 19 მაისს, 11 საათზე ბოლო ზარის ჩატარებას და იწვევდნენ მისალოცად მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებიდან თანატოლებს (ამის შესახებ არც ადმინისტრაციამ იცოდა რაიმე და არც კლასის დამრიგებელმა).
.
რეგულაციების დაზუსტების შემდეგ სკოლის დირექტორმა და მანდატურმა მოსწავლეებს გააცნო რეგულაციები ბოლო ზართან დაკავშირებით, დამრიგებელმა კი კლასის ჯგუფში დადო რეგულაციების ელექტრონული ვერსია, რათა მშობლებიც გასცნობოდნენ.
.
მე-12ბ კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარი დაგეგმეს 24 მაისს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რეგულაციების დაცვით, საკლასო ოთახში. მე-12ა კლასის მოსწავლეებმა კი განაცხადეს, რომ არანაირი აქტივობები არა აქვთ დაგეგმილი, გარდა იმისა, რომ "მშობლებმა დაუგეგმეს" დასვენება საირმეში, 20 მაისს. (მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ 20 მაისი სასწავლო დღეა და თანაც, რეგულაციების თანახმად, მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობა მიზანშეწონილი არ არის). ამიტომ სურვილი ჰქონდათ 19 მაისს სკოლის დამთავრება ერთმანეთისთვის მიელოცათ პერანგებზე წარწერებით, საკლასო ოთახში. მეთორმეტეკლასელების საგაკვეთილო პროცესი იწყება 11:20 საათზე (და არა დილის ცხრა საათზე). მასწავლებლებს სურვილი ჰქონდათ, საკლასო ოთახში ამოსვლის შემდეგ დამრიგებელთან ერთად მიელოცათ მათთვის სკოლის დამთავრება. მოსწავლეები მოვიდნენ დროზე ადრე, შემოვიდნენ სკოლის შენობაში სრულიად შეუფერხებლად, გამოვუყავით ერთი ოთახი ბუშტების გასაბერად, საკლასო ოთახის გასალამაზებლად. ("აგერ, ვიდეო-კამერები"). სკოლის დირექტორი მანდატურთან ერთად გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ეზოში მე-12 კლასელებთან. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ "მოწვეული" გარეშე პირები, მათ შორის იმ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ იზოლაციაში.
.
მეთორმეტეკლასელების საგაკვეთილო პროცესის დაწყებისას დირექტორმა შეახსენა შეთანხმება (სასწავლო დღეა, უნდა ჩატარდეს გაკვეთილები და არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი) და მოსწავლეებს სთხოვა ასულიყვნენ საკლასო ოთახში. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა და გაფრთხილებისა, ზოგიერთი მეთორმეტეკლასელი (მათ შორის მაია ლაპიაშვილის შვილი), მოითხოვდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების გაყვანას მათთან გაკვეთილების მიმდინარეობისას. რეგულაციების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით 10 წუთიან შესვენებაზე საჭირო გახდა სკოლის შესასვლელების ჩაკეტვა (სკოლაში არის სველი წერტილები და სასმელი წყალი). რამდენიმე მეთორმეტე კლასელი "თავისუფლად" შევიდა შენობაში და ცდილობდნენ დერეფანში მოსწავლეების თავშეყრას. შენობის დატოვების შემდეგ გავიდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოდებოდნენ გარეშე პირებთან, "მოწვეულ სტუმრებთან" ერთად. ერთ-ერთი კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა აღნიშნეს დირექტორთან, რომ გარედან შემოსული ხმაური ხელს უშლიდა გაკვეთილის მიმდინარეობას, ამიტომ დირექტორმა ურჩია, დაეხურათ ფანჯრები ( ეს ხდება ერთ საკლასო ოთახში, ერთ გაკვეთილზე).
.
რაც შეეხება მომხდარ სამწუხარო ფაქტს, სკოლას არ დაუმალავს სიმართლე, მანდატურებმა მაშინვე აცნობეს მანდატურის სამსახურს, ხოლო დირექტორმა - რესურსცენტრს და მშობელს. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა დისციპლინური კომიტეტის მიერ.
.
ბულინგის, ძალადობისა და შანტაჟის შესახებ კი გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე "დაწერილია" ტომები წარსულში, მაია ლაპიაშვილის დირექტორობის პერიოდში, როცა ჩვეული შანტაჟითა და ინტრიგებით ცდილობდა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების დაპირისპირებას“. - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
,
განცხადებას იქვე პასუხობს სკოლის ყოფილი დირექტორი მაია ლაპიაშვილი:
,
მოგესალმებით. მინდა მოვუბოდიშო სასკოლო საზოგადოებას, თუ გუშინ ჩემ მიერ გამოთქმული მწუხარება რომელიმე მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის აღმოჩნდა შეურაცხმყოფელი. ჩემი, როგორც მშობლის და არა მასწავლებლის, პროტესტი ეფუძნებოდა მეთორმეტეკლასელების, უმცროსკლასელი მოსწავლეებისა და მშობლების მოსაზრებებს, გადმოგეცით მათი წუხილი. პირადად მე ვატარებდი გაკვეთილებს და დავესწარი განვითარებული მოვლენების მხოლოდ ნაწილს. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის და ზოგიერთი ფაქტის დაზუსტებისთვის. ვფიქრობ, ასეთი დაძაბულობა არაეფექტური კომუნიკაციის შედეგია და კარგს არაფერს მოუტანს სკოლას. არცერთი მხარე არ ვართ შეუგნებელი და ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას. იმედს ვიტოვებ, რომ გამოვნახავთ გზებს და შევძლებთ თანამშრომლობით, კეთილგანწყობილ, ღია ურთიერთობებს. პატივისცემით, მაია ლაპიაშვილი.

.

პირვანდელი პოსტი, სადაც შენიშვნები იყო ჩამოთვლილი ამ დროისთვის მაია ლაპიაშვილის ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება.

.

.



* * *

უკვე ცნობილია, როდის დაიწყება დედოფლისწყაროს მდ „იორიდან“ წყალმომარაგების სამუშაოები

.

.

image


დედოფლისწყაროს უწყვეტი წყალმომარაგების პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახდა. ახლახან გაირკვა, რომ მდინარე „იორიდან“ დედოფლისწყაროს ცენტრალურ რეზერვუარამდე წყლის მარაგის ამოსატუმბად გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "კომპორტმშენ XXI"-მა გაიმარჯვა. ჯამში 57 მილიონი ლარი დაიხარჯება.


20 მაისს კომპანია "კომპორტმშენი XXI"-ის თანამშრომლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და დედოფლისწყაროს მერიაში შეხვედრა გამართეს. მათთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებიც. მას შემდეგ, რაც "კომპორტმშენი XXI" მდინარე იორიდან დედოფლისწყარომდე ქსელს მოაწყობს, ახლადაგებული ინფრასტრუქტურა სწორედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა, რომელიც დედოფლისწყაროს მთავარ რეზერვუარს ივრის წყლით შეავსებს და წლობით არსებული უწყლოობის პრობლემის მოგვარებაც სწორედ ამ გზით იგეგმება.


image


ქ. დედოფლისწყაროში და მეზობელ სოფლებში სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება-ამის შესაებ განცხადება მერიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.
.
სამუშაო შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და შპს “კომპორტმშენ XXI”-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქ. დედოფლისწყაროს, სოფლების ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კომპორტმშენ XXI” მომავალი თვიდან შეუდგება. პროექტის ფარგლებში მდინარე ივრიდან ამოიტუმბება სასმელი წყალი და შესრულდება შესაბამისი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ყველა პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგაც ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
.
„ესაა ისტორიული პერიოდი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ვიწყებთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რომელთა დასრულების შემდეგაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ეს უკვე რეალობაა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვუხდი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, “ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
.
წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 57 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
.
0
514
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0