x
ბლეფარიტის ეტიოლოგიური ფაქტორები,სიმპტომატიკა და მკურნალობა



imageბლეფარიტი არის ანთებითი პროცესი, რომელიც ხასიათდება ქუთუთოების შეშუპებით, სიწითლით, გაღიზიანებით, ქავილითა და ქერცლისმაგვარი ფუფხების არსებობით წამწამების ძირებში.ბლეფარიტი არ არის კონტაგიოზური.
არსებობს ბლეფარიტის 2 ტიპი : წინა და უკანა.
წინა ბლეფარიტი გავლენას ახდენს ქუთუთოს გარეთა კიდეზე, იქ სადაც წამწამებია განთავსებული.მისი ძირითადი მიზეზი არის ბაქტერია (სტაფილოკოკური ბლეფარიტი) ან ქერტლის არსებობა სკალპზე ან წარბებზე (სებორეული ბლეფარიტი).იშვიათად თუმცა, წინა ბლეფარიტის მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგია და პარაზიტები.
უკანა ბლეფარიტი გავლენას ახდენს ქუთუთოს შიგნითა კიდეზე, ანუ ქუთუთოს იმ ზედაპირზე, რომელიც კონტაქტშია თვალთან, მისი მთავარი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობაა, თუმცა შესაძლოა გამოწვეული იყოს კანის სხვადასხვა მდგომარეობების გამო, მაგ.: როზაცეა.
შესაბამისად, ბლეფარიტის ეტიოლოგიური ფაქტორებიდან შეგვიძლია გამოვყოთ:
დიდი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა
ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობა
ჰორმონული პრობლემები
ალერგია (კონტაქტური ლინზა, მაკიაჟი, ზოგიერთი მედიკამენტი)
ვირუსული ინფექცია
დერმატოლოგიური მდგომარეობები : სებორეული დერმატიტი, როზაცეა, ეგზემა
წამწამების ტკიპა

ბლეფარიტის სიმპტომატიკა შემდეგია:

წვის შეგრძნება
სიმძიმის შეგრძნება
წყლიანი თვალები
ქავილი
სინათლის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა
შეწითლებული და შეშუპებული თვალები ან ქუთუთოები
თვალის სიმშრალე
ქერქით დაფარული ქუთუთოები ან წამწამები
თვალის ხშირი ხამხამი
ქუთოთოების შეწებება დილით გაღვიძებისას
მომატებული ცრემლდენა

ბლეფარიტის უფრო სერიოზული პრობლემებია:
მხედველობის დაბინდვა
წამწამების ცვენა
წამწამების არასწორი მიმართულებით გაზრდა
თვალის სხვა ნაწილების შეშუპება მაგ.: რქოვანას შეშუპება

როგორ ხდება ბლეფარიტის დიაგნოზის დასმა?
გარდა პაციენტის ჩივილებისა, დიაგნოზის დასასმელად ექიმი მიმართავს ობიექტურ გამოკვკლევას, რაშიც მოიაზრება თვალის დათვალიერება როგორც სპეციალური გამადიდებელი ინსტრუმენტით, ისე მის გარეშე, მოწმდება კანის სტრუქტურა, ქუთუთოების კიდეები და ცხიმოვანი ჯირკვლების შესავალი.
იმისათვის, რომ დადგინდეს კონკრეტული ბაქტერიების, სოკოს ან ალერგიის არსებობა, გამოიყენება ნაცხის ანალიზი.

ეტიოლოგიური ფაქტორის მიხედვით, ბლეფარიტის მკურნალობა განსხვავდება :
მკურნალობისთვის გამოიყენება სტეროიდული თვალის წვეთები, რომელიც ებრძვის სიწითლეს, შეშუპებასა და გაღიზიანებას.შესაძლოა გამოყენებული იქნეს თვალის წვეთები სახელწოდებით-ხელოვნური ცრემლი.
იმ შემთხვევაში, თუ ბლეფარიტი გამოწვეულია ბაქტერიის არსებობით გამოიყენება ანტიბიოტიკები წვეთების, მალამოების ან აბების სახით.

ბლეფარიტის სრულად გაქრობა, სწორად შერჩეული მკურნალობის შემდეგაც კი რთულია, აუცილებელია რუტინის შექმნა, რაც დაგეხმარებათ დაავადების გაკონტროლებაში : გაიწმინდეთ ქუთუთოები დღეში სულ მცირე ერთხელ, აუცილებელია წმენდა გააგრძელოთ მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები ალაგდება.
როგორ გავიწმინდოთ ქუთუთო სწორად?
პირველ რიგში, აუცილებელია ხელების სრულფასოვნად დაბანა, შემდეგ ერთმანეთში შეურიეთ თბილი წყალი და მცირე რაოდენობით გამწმენდი, გამოიყენეთ ბამბა, ჩაალბეთ იგი უკვე მომზადებული თბილი წყლისა და გამწმენდის ნაზავში, რამდენიმე წუთის განმავლობაში ბამბა დაიდეთ თვალზე, რათა ფუფხები დალბეს და ადვილად მოცილდეს, ამასთანავე ეს ცხიმოვანი ჯირკვლის დახშობის პრევენციასაც უზრუნველყოფს, შემდეგ ფოკუსირდით ქუთუთოსა და წამწამების შეერთების ადგილზე და ნაზად გაიწმინდეთ ის უკანა-წინა მიმართულებით, დაიბანეთ თვალი თბილი წყლით.ეს პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე, თუმცა სხვა ბამბის გამოყენებით, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე კომპრესის გამოყენება ორივე თვალზე.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0