საბუნებისმეტყველო კეპელი - ეგზოტიკური ხილი, რომელიც ნაყოფს არა მხოლოდ ტოტებზე, არამედ ტანზეც ისხამს 2021, 8 მარტი, 15:45 კეპელის ხე მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლემ შეიძლება, 20 მეტრს მიაღწიოს. არ გამოირჩევა განსაკუთრებული თავისებურებებით, გარდა იმისა, რომ მისი ნაყოფი განლაგებულია როგორც ტოტებზე, ისე პირდაპირ ხის ტანზე, ღეროზე, რაც ამ მცენარეს უჩვეულო შესახედაობას აძლევს. ამით კეპელი ჰგავს ბრაზილიურ ხილს, ჟაბოტიკაბას.
ჟაბოტიკაბა კეპელი
ჟაბოტიკაბას სამშობლო ამერიკის კონტინენტია, კერძოდ, ბრაზილია, ხოლო კეპელის - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორია, გამორჩეული ტროპიკული ნოტიო კლიმატით, კონკრეტულად კი ინდონეზია, ტაილანდი და კუნძული იავა. თანამედროვე ეპოქაში მცენარეს აქტიურად რგავენ აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე, ჩრდილოეთ ავსტრალიაში. კეპელის ხის ნაყოფი ვიზუალურად ჰგავს მსხალს, ან კივის, აქვს ღია შოკოლადისფერი შეფერილობა. რბილობი აქვს სურნელოვანი, ტკბილი, წვნიანი და ტიხრებად დაყოფილი.
გემოთი კეპელის ნაყოფი ჰგავს მანგოს, ან ყურძენს, მაგრამ ზოგი გურმანი მასში ანანასისა და მარწყვის გემოსაც ამჩნევს. კეპელის ხილს აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება: მათი გამოყენების მერე, ადამიანის ოფლი სასიამოვნო იის სურნელს იღებს. ადამიანებმა ძველ დროშიც იცოდნენ ამ ხილის პარფიუმერული თვისებების შესახებ და აქტიურად იყენებდნენ, როგორც ბუნებრივ დეზოდორანტს. კეპელის ხე ძირითადად არ აღემატება 12 მეტრ სიმაღლეს, დიამეტრით 70 სმ., ცალკეულ შემთხვევებში კი 20 მეტრი, ან მეტი იზრდება. გვირგვინი ხშირი და მომრგვალებულია. გვერდითა ტოტები იზრდება 3 მეტრამდე. ფოთლები ლანცეტის მსგავსია, ჩამწკრივებული, მუქი მწვანე, მოგრძო-ოვალური ფორმის, წაწვეტებული ბოლოებით, რომელმაც შეიძლება, მიაღწიოს 15 სმ. სიგრძეში და 7 სმ. სიგანეში. აქვს ყვითელი ყვავილი, დაახლოებით 1 სმ. სეზონის განმავლობაში ზრდასრული ხე ისხამს 1000-დან 1500 ნაყოფი. ნაყოფს ისხამს დარგვიდან 8 წელიწადში. გარდა პარფიუმერული თვისებებისა, კეპელს აქვს ფარმაკოლოგიური მახასიათებლები, არის ბაქტერიციდული და შარდმდენი. კეპელს, ასევე, შეუძლია, ქალებში დროებითი უნაყოფობის გამოწვევა. ამიტომაც მას ძველი დროიდანვე იყენებდნენ, როგორც კონტრაცეპტივს (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას). კეპელის ფოთლები შეიცავს დიდი ოდენობით ეთერზეთებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს (ტანიდებს). ამდენად, აქვს გამწმენდი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამის გამო, კეპელის ფოთლების ნახარში გამოიყენება პოდაგრის, თირკმლებისა და სახსრების დაავადებების დროს.
155 შეფასება არ არის
|