x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115352
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489320
«ეს დარტყმა, სტალინისთვის იყო!» — იაკობ ჯუღაშვილის შვილი, მამის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ყვება

იაკობ ჯუღაშვილის ტყვედჩავარდნის და საკონცენტრაციო ბანაკში მისი სიკვდილის შესახებ, უამრავი ჭორი და ლეგენდა დადიოდა, რომელშიც ტყუილი და მართალი ისე იყო ერთმანეთში არეული, რომ ჭეშმარიტების დადგენა ძალიან რთული იყო.


image


ამბობდნენ, რომ ბანაკში, იაკობი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. მაზე განსაკუთრებით დამთრგუნველად, ბანაკის რადიოთი, ხშირ-ხშირად, გადმოცემული სტალინის სიტყვები: «ჩვენ არა გვყვავს სამხედრო ტყვეები, გვყვავს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები» მოქმედებდა... და აი, 1943 წლის 23 აპრილს მან უარი განაცხადა ბარაკში შესვლაზე და «მკვდარი ზონისკენ» გაიქცა. ხოლო გუშაგმა, — გაქცეულ ტყვეს ესროლა. «მოკლეს, გაქცევის მცდელობის გამო» — ზემდგომ ინსტანციას ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსმა... იმასაც ამბობდნენ, რომ გაქცევის დრის, მას ეკლიან მავთულხლართებში გამავალმა დენმა დაარტყაო. იყო სხვა ვერსიებიც... მაგ., რომ სტალინის შვილი, 1945 წ. გაათავისუფლეს, სხვა 60 000 ტყვესთან ერთად და ის შვეიცარიაში წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ, არცერთი მათგანი სიმართლეს არ შეეფერება!..

იაკობ ჯუღაშვილი სტალინის შვილი იყო, მისი პირველი ქორწინებიდან. დედა ეკატერინე სვანიძე, შვილის დაბადებიდან მალევე, ტიფით, გარდაიცვალა და რადგან სტალინი სახლში თითქმის არასდროს იყო, პატარა იაკობს დეიდა ზრდიდა. როდესაც მას 14 წელი შეუსრულდა, კარგი განათლების მიცემის მიზნით, მამამ ის მოსკოვში წაიყვანა. იმ დროს, სტალინი უკვე ცკ-ს გენერალური მდივანი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოვში, მამა-შვილის ურთიერთობა თავიდანვე არ აეწყო. იაკობმა რუსული ცუდად იცოდა, ამის გამო, თითქმის არავის ეკონტაქტებოდა, გულჩათხრობილი ბავშვი იყო და სწავლაზეც გული აიყარა. შვილის ასეთი საქციელი, სტალინს ძალიან აღიზიანებდა და გამუდმებით ეჩხუბებოდა.

18 წლის ასაკში, იაკობმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. მისი რჩეული, მღვდლის ქალიშვილი ზოია იყო. სტალინი ამის გამო შვილს ეჩხუბა და გამწარებულმა იაკობმა, გულმკერდის არეში ტყვია დაიხალა. ის სულ რამოდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს. სტალინმა ექიმი გამოიძახა და შვილის გადასარჩენად, ყველაფერი გააკეთა. 3 თვის შემდეგ იაკობი სრულიად გამოჯანმრთელდა.

უკანასკნელად, შვილი სტალინმა ომის დაწყების დღეს ნახა, იაკობის ფრონტზე გამგზავრების წინ.

1941 წლის 16 აგვისტოს გაზეთი «კრასნაია ზვეზდა» წერდა: «ვიტებსკთან ბრძოლის დროს, ბატალიონის მეთაურმა იაკობ ჯუღაშვილმა განსაცვიფრებელი სიმამაცე და ჭეშმარიტი გმირობა გამოიჩინა. ის ფაშისტების წინააღმდეგ ბოლო ჭურვამდე, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოდა». ეს ინფორმაცია გაზეთის რედაქციამ დასავლეთის ფრონტიდან მიიღო. ხოლო კრემლში, 7 აგვისტოს, ჩრდ-დას. ფრონტის პოლიტხელმძღვანელობის საიდუმლო ბარათი მიიღეს, გერმანელების მიერ თვითმფრინავიდან ჩამოყრილი ფურცლებით, რომლებზეც იაკობის სურათები იყო წარწერით «გერმანელი ოფიცერი იაკობ ჯუღაშვილთან საუბრობს». მიღებული ინფორმაციის თანახმად, იაკობ ჯუღაშვილი 16 ივლისს, ვიტებსკთან შეტაკების დროს, ტყვედ ჩავარდა.


image


თუ როგორ მოხდა იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ აყვანა, არც მის საქმეშია (№T-167), რომელიც აშშ-ს კონგრესის არქივში ინახება და არც სხვა დოკუმენტში არის დაფიქსირებული. ტყვედ ჩავარდნილი იაკობი თვითონ არ იტყოდა, რომ ის სტალინის შვილი იყო. ხოლო ფრაზა, რომელიც, თითქოს, სტალინს ეკუთვნის — «მე ფელდმარშალს ჯარისკაცზე არ ვცვლი», ფილმის — «განთავისუფლება» (1969) სცენარისტის მოგონილი არის. გერმანიას არასოდეს შეუთავაზებია სტალინისთვის, მისი შვილის, სამხედრო ტყვეზე გაცვლა. და საერთოდ, სამამულო ომის დროს, ტყვეთა გაცვლის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა.

იაკობ ჯუღაშვილის ბედით ბევრი იყო დაინტერესებული, II მსოფლიო ომის პერიოდში და მისი დამთავრების შემდეგაც. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, 1968 წ. «შტერნმა» ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ტყვეთა ბანაკის კომენდანტმა, სტალინის შვილის გარდაცვალების შესახებ, მაშინვე აცნობა საიმპერატორო უშიშროების მთავარ სამმართველოს. ექსპერტიზის ჩასატარებლად ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, ორ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტთან ერთად, კრიმინალური განყოფილების დირექტორი ფრანც შულცი ჩავიდა. გიმლერისთვის წარსადგენ ანგარიშში, მათ იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს, ხოლო გარდაცვალების მიზეზად, დენის დარტყმა დაასახელეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანმა თავი მოიკლა. მაგრამ, სულ სხვა რამე წერია ექსპერტების მიერ შედგენილ სამედიცინო დასკვნაში. იქ დეტალურად არის აღწერილი გვამი და მასზე არსებული დაზიანებები: «ყვრიმალის არეში, ყურიდან 4 სმ-ში, აღენიშნება ბარდის ხელა ტყვიის შემავალი ხვრელი, დაზიანებულია თავის ქალის ძვლები, ჩაის თეფშის სიდიდის ზომაზე. მიღებული დაზიანების შედეგად, ტყვე მომენტალურად გარდაიცვალა».

«შტერნის» ჟურნალისტმა მაშინვე დააფიქსირა, რომ ექსპერტის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი დენის დარტყმაზე. ამ დასკვნის მიხედვით, იაკობ ჯუღაშვილი პისტოლეტით, ახლო მანძილიდან, უკნიდან ან გვერდიდან იყო მოკლული და არა 60 მეტრის დაშორებით მდგარი გუშაგის მიერ, რომელიც შაშხანით იყო შეიარაღებული (ასეთი მანძილიდან, შაშხანიდან გასროლილი ტყვია, მხოლოდ ყვრილალს არ გაუხვრეტდა). გარდა ამისა, ექსპერტის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი იმ იარის შესახებ, რომელიც იაკობს, გულის არეში, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დარჩა. გვამზე ასეთი იარის არსებობის ფაქტი, სს-ის ექსპერტებს ნამდვილად არ გამოეპარებოდათ. რაც ეჭვს აჩენს, რომ მოკლული ტყვე მართლაც ჯუღაშვილი იყო. ამას ისიც ემატება, რომ ტყვედ ჩავარდნილი, თუ ჩაბარებული, ბელადის შვილი, არ გადაიღეს გერმანული ქრონიკებისთვის. იმის მტკიცებულებად, რომ ტყვედ სტალინის შვილი ჰყავდათ, გერმანელებს მხოლოდ ათიოდე სურათის წარდგენა შეეძლოთ. გასული საუკუნის 40-იან წლებში ფოტოშოპი არ იყო, მაგრამ სურათების დამონტაჟება XX საუკუნეში კი არა, XIX საუკუნეშიც შეეძლოთ. დამონტაჟებისთვის კი, მათ საკმარისზე მეტი მასალა ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ ომის დაწყებამდე, დიდი ხნით ადრე, გერმანელიბი სტალინის ოჯახის ყველა წევრს უთვალთვალებდნენ და მათზე ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ იაკობ ჯუღაშვილის უამრავი ფოტოსურათი ჰქონდათ. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გერმანიიდან წაღებულ არქივს საიდუმლო გრიფი მოეხსნა (1968), სურათებს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც დამონტაჟებულები იყო და გაირკვა, რომ ბანაკში, ტყვე, სახელად იაკობ ჯუღაშვილი არასოდეს ყოფილა.

ახლა კი, იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა მოხდა:

იაკობ ჯუღაშვილი 1941 წლის 16 ივლისს, ბრძოლის ველზე, დაიღუპა. ამის შესახებ, მაშინვე გახდა ცნობილი გერმანელების გენშტაბისთვის (ალბათ, იმიტომ, რომ მას ომის დროსაც უთვალთვალებდნენ). სტალინის შვილის გარდაცვალების ფაქტი ჰიტლერსაც აცნობეს. სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ლეგენდა იაკობის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. ჰიტლერს არ უნდოდა, რომ სტალინს შეეტყო შვილის სიკვდილის შესახებ, რადგან არ იცოდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მას. ერთი იყო მოწინააღმდეგესთან ომის წარმოება და სულ სხვა — შვილის სიკვდილით, გამწარებული მამის შურისძიება.

ასე, რომ, იაკობ ჯუღაშვილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა, რისთვისაც ის, 1977 წლის 28 ოქტომბერს, გერმანელ-დამპყრობელების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის და გამოჩენილი თავდადებისთვის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 35 წლის დაგვიანებით, «სამამულო ომის I ხარისხის ორდენით» დააჯილდოვეს.


image


ამ საკითხთან დაკავშირებით, იაკობ ჯუღაშვილის შვილმა გალინამ ვრცელი ინტერვიუ მისცა პრესას, რომელიც «КП»–ში დაიბეჭდა:

... იაკობის ხელწერა გააყალბეს

— გალინა იაკოვლევნა, თქვენ ერთადერთი ბავშვი იყავით ოჯახში?
— დიახ.
— კარგად გახსოვთ მამა?
— რა თქმა უნდა, მახსოვს. მას ჩემთვის წიგნები მოჰქონდა, სათამაშო ზარები, მანქანით მასეირნებდა...
— მისი ფრონტზე წასვლა გახსოვთ?
— არა. ამის შესახებ ძიძა მიყვებოდა...
— არსებობს ვერსია, რომ იაკობ ჯუღაშვილი ფრონტზე მამის მოთხოვნით წავიდა. ეს სიმართლეა?
— არა, ეს სისულელეა. მამა პროფესიონალი სამხედრო იყო, დაამთავრა საავიაციო აკადემია და როდესაც ომი დაიწყო, მაშინვე ფრონტზე წავიდა. სხვანაირად მოქცევა აზრადაც არ მოსვლია.
— იმის «ნივთმტკიცებად», რომ იაკობ ჯუღაშვილი 1941 წლის ივლისში არ დაიღუპა და ტყვედ ჩაბარდა, გერმანელები წერილს იყენებდნენ, რომელიც თითქოს, მან მამას მისწერა...
— დიახ, სწორედ ეს წერილი იყო იმ ფურცლებს შორის, რომელებსაც გერმანელები საბჭოთა პოზიციების თავზე, თვითფრინავიდან ყრიდნენ. მაგრამ, კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო: ეს — სიყალბეა, რაც დოკუმენტებითაც მტკიცდება. არსებობს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალური ექსპერტების დასკვნა, რომელშიც ნათქვამია: «წერილი, რომელიც დაწერილია ი. ჯუღაშვილის სახელით, 1941 წლის 19 ივლისს, იწყება სიტყვებით «ძვირფასო მამა!..» და მთავრდება სიტყვებით «...მოკითხვა ყველას. იაშა», არ დაუწერია იაკობ იოსების ძეს, ის დაწერილია სხვების მიერ». იგივე ეხება საკონცენტრაციო ბანაკში, 1942 წლის 20 სექტემბერს, იუგოსლავიელი გენერლის სტეფანოვიჩის დღიურში «მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერსაც».
— როგორ დაამტკიცეთ რომ ხელწერა გაყალბებული იყო?
— მე ექსპერტიზაზე გადავეცი მამას კონსპექტები და ერთადერთი წერილი, რომელიც მან დედას ფრონტიდან გამოუგზავნა.
— და რას იტყვით «იაკობ ჯუღაშვილი ტყვედ ყოფნის» სურათებზე, რომლებიც ასევე იყო გერმანელების მიერ ჩამოყრილ ფურცლებზე...

— ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ექსპერტების დასკვნა ყველა «სურათი» დამონტაჟებული და რეტუშირებული არის. ამასთან, არ არსებობს სტალინის შვილის ტყვეობაში ყოფნის ამსახველი კინოფირები.
— ჩვენს წინა პუბლიკაციებში, იაკობ ჯუღაშვილის «დაკითხვის ოქმებსაც» ახსენებდით. თქვენთან როგორ მოხვდა ეს დოკუმენტები?
— მე მხოლოდ ასლები ვნახე. ისინი ჟურნალისტმა, გვარად აპტმა მაჩვენა, რომელიც სოხუმში ცხოვრობდა, ხოლო მასთან ოქმები გერმანიიდან მოხვდა. ყველა ოქმი, იმ ადამიანის ხელმოწერის გარეშე იყო, ვისაც ჰკითხავდნენ.
— შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვა გაჩნდეს: თუ იაკობის ნაცვლად, ბანაკში აბვერის აგენტი იყო და დაკითხვაზეც ის იმყოფებოდა, დაკითხვის ოქმზე მან ან ვინმე სხვამ ხელი რატომ არ მოაწერა? წერილი ხომ გააყალბეს ...
— ხელმოწერის გაყალბება ძალიან ძნელია. ამისთვის დრო იყო საჭირო.
— კიდევ რამ დაგაეჭვათ იმაში, რომ «ოქმი» გაყალბებული იყო?
— იმან, რომ ადამიანი, რომელიც თავს «სტალინის შვილად» ასაღებდა, მისი ბიოგრაფია ნორმალურად არ იცოდა. საკუთარ დაბადების ადგილად, მან ბაქო დაასახელა. მამა აზერბაიჯანში კი არა, სოფელ ბაჯშია დაბადებული, საქართველოში. ეტყობა გერმანელებმა ეს «ლეგენდა» სახელდახელოდ «გამოაცხვეს»...
— ამ მასალებს როდის ჩაუტარდა ექსპერტიზა?
— 2002 წ. მას შემდეგ, რაც ისევ გაჩნდა ეჭვი, რომ მამა შესაძლოა მართლაც ყოფილიყო ტყვეთა ბანაკში. მე მოვითხოვე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება. მაგრამ, ეს არ გააკეთეს, ვფიქრობ რომ წინა ექსპერტიზის შედეგები, არანაირ ეჭვს არ იწვევდა.



ბელადის რძალს ციხე ელოდა


— მე სადღაც წავიკითხე, რომ იაკობ ჯუღაშვილის ოჯახს, მას შემდეგ რაც ის თითქოს, ტყვედ ჩაბარდა, მოსკოვი დაატოვებინეს.
— არა, ასე არ ყოფილა.
— თქვენთვის ცნობილია რა რეაქცია ჰქონდა სტალინს «შვილის წერილზე», რომელიც მას დიპლომატიური ფოსტით მოუტანეს?

— ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.
— იქნებ ოჯახში მოგვიანებით იყო ამაზე საუბარი?
— არა. ამ თემაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდნენ.
— კრემლში სტალინს თუ შეხვედრილხართ?
— არა. კრემლში დეიდასთან, სვეტლანა ალილუევასთან ვცხოვრობდი, მოგვიანებით, დედასთან დამაბრუნეს.
— რა გაგებით?
— ომის დაწყებისას, დედა დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს.
— ქმრის გამო?
— დიახ. ყველაფერი ისე აეწყო... სურათზე, რომელზეც მამა გერმანელ ოფიცერთან ერთად მაგიდასთან ზის, მას ძველი ქურთუკი აცვია. ამ ქურთუკს ის თევზაობის და ნადირობის დროს იცვამდა. ეს აშკარად მონტაჟი იყო. დედას კი დააბრალეს, რომ ქმართან კავშირი ჰქონდა და ქურთუკიც კი გაგზავნა. ამიტომ, დააპატიმრეს.

იყო კიდევ ერთი მომენტი: მამის სამხედრო მისამართი მხოლოდ დედამ იცოდა. გერმანელებმა კი, მისი პოლკი ძალიან სწრაფად მოაქციეს ალყაში, თითქოს იცოდნენ, რომ იქ სტალინის შვილი იყო. გაიხსენეს ისიც, რომ 30-იან წლებში, დედა გერმანიაში მკურნალობდა და იქ ნაცნობები ჰყავდა. აი ყველაფერი ეს «ერთ საქმეში» გააერთიანეს და დედას ქმრის ღალატი დააბრალეს, — თითქოს მან შეატყობინა გერმანელებს იაკობ ჯუღაშვილის პოლკის ადგილმდებარეობის შესახებ.

— ციხეში დიდ ხანს იყო?
— წელიწადნახევარი. 1942-ში გაათავისუფლეს.
— სტალინი ჩაერია?
— არ ვიცი. მაგრამ, ყველა ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა და გამოუშვეს.


«ეს დარტყმა, სტალინისთვის იყო!»


— სტალინს სჯეროდა რომ მისი შვილი ტყვეთა ბანაკში იყო?
— არ ვიცი. ის ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო და არც თავისი გრძნობების გამომზეურება უყვარდა. ერთში კი დარწმუნებული ვარ: მას რომ დაეჯერებინა, რომ შვილი გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა, მისი ოჯახის წევრებზე არ იზრუნებდა.

— რას გულისხმობთ?
— მაშინ 12 წლის ვიყავი, სვეტლანა ალილუევასთან და მის შვილთან ერთად, აგარაკზე ვცხოვრობდი, როდესაც პაპა ჩვენს სანახავად მოდიოდა, ყოველთვის ერთი და იგივეს იმეორებდა: «გავს, გავს...». ამას რომ ამბობდა, მეფერებოდა და მკოცნიდა. მე ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა, შემდეგ სვეტლანამ ამიხსნა, რომ მამას მამსგავსებდა...
— როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ისახავდნენ გერმანელები, მამათქვენის ტყვედ ჩაბარების ისტორია რომ გაავრცელეს?
— რა თქმა უნდა, ამით მათ სტალინისთვის უნდოდათ დარტყმის მიეყენება. ეს გებელსის მიერ მოგონილი პროპაგანდის ნაწილი იყო. გერმანელების მიერ თვითფრინავიდან გადმოყრილ ფურცლებზე პირდაპირ ეწერა:


image


«სტალინის შვილი, იაკობ ჯუღაშვილი, მე-14-ე ჰაუბიცის პოლკის, მე-14-ე სატანკო დივიზიის, უფროსი ლეიტენანტი, გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა. თუ ასეთი გამოჩენილი ოფიცერი და წითელი მეთაური ტყვედ ჩაბარდა, ეს იმას ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. ამიტომ, დაასრულეთ ომი, იარაღი დაყარეთ, ისარგებლეთ საშვებით და ჩვენს მხარეს გადმოდით». საშვები იმავე ფურცლებზე იყო დაბეჭდილი.
— გალინა იაკოვლევნა, რამდენი ხანია რაც ამტკიცებთ «სიმართლეს იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის» შესახებ?
— 5 წელი იქნება, ალბათ. ეჭვი ყოველთვის მქონდა, რომ მამა ტყვედ არ ჩაბარებულა და ეს გრძნობა მაშინ უფრო გამძაფრდა, რაც ჩვენი ოჯახის მეგობარმა, გენერალმა არტემ სერგეევმა შეძლო მამის რაზმიდან, თითქმის ერთადერთ გადარჩენილ ჯარისკაცთან დალაპარაკება. მან ბრძოლის დროს კონტუზია მიიღო და როდესაც გონზე მოვიდა, ალყას თავი რაღაც სასწაულით დააღწია. მან არტემს უამბო, რომ რაც მამასთან დაკავშირებით ახსოვდა, ის იყო რომ: «უფროს ლეიტენანტს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა. მასზე ბევრი სისხლი იყო».

მამა ტყვეთა ბანაკში კი არა, უთანასწორო ბრძოლაში, 1941 წლის ივლისის შუა რიცხვებში დაიღუპა.
— საერთოდ, ბევრი ნათესავი დარჩა სტალინს?
— დიახ, ცოტანი არ არიან.
— რა დამოკიდებულება აქვთ მათ იაკობ ჯუღაშვილის პერსონისადმი?
— ძალიან კარგი.
— და ამ დისკუსიასთან? იყო სტალინის შვილი ტყვედ, თუ არ იყო?
— არანაირი. მათთვის სულერთია... ხოლო ჩემთვის, სიმართლე მამის შესახებ, — ყველაზე მთავარია.

imageimageimage

image

imageimageimage







0
741
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0