x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერების უახლესი დასკვნა: როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?
მეცნიერებს ოდესღაც სწამდათ, რომ სამყარო იქამდე შეიკუმშებოდა, სანამ ერთ წერტილში არ მოიყრიდა თავს. დღეს მკვლევარების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის უბრალოდ გაცივდება და მოკვდება.

როგორი იქნება სამყაროს აღსასრული? ამ საკითხზე ადამიანთა მოდგმა სულ მცირე, რამდენიმე ათასწლეულია, რაც ფიქრობს. ყველა რელიგია ამ თემას განსხვავებულად უყურებს. დღემდე განსხვავდებოდა სამეცნიერო თეორიებიც, რომლებიც სამყაროს აღსასრულის ამა თუ იმ ვარიანტს წინასწარმეტყველებდნენ. ბევრის აზრით, სამყარო გარკვეულ წერტილემდე გაფართოვდებოდა, შემდეგ ისევ შეიკუმშებოდა და თავიდან დაიბადებოდა. ასე მოხდებოდა მრავალგზის, თუმცა ეს თეორია არ დადასტურდა. საბოლოოდ როგორც იქნა, მეცნიერები შეჯერდნენ აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოიპოვეს რა საკმარისი მტკიცებულებები იმ თეორიის სასარგებლოდ, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.


ტრილიონჯერ ტრილიონჯერ ტრილიონი და უფრო მეტი წლის შემდეგ, როცა დედამიწის ნასახიც აღარ იარსებებს, სამყარო შავ სიცარიელეში იტივტივებს, სანამ ენტროპია მას უკანასკნელ სუბატომურ ნაწილაკებად არ დაშლის. ყველა ვარსკვლავი ჩაქრება. თვით შავი ხვრელებიც კი, რომლებიც გასაოცრად ხანგრძლივი დროის მანძილზე კოსმოსის უკანასკნელ ობიექტებად გადაიქცევიან, აორთქლდებიან და მთელს ცაზე აბსოლუტური წყვდიადი დაისადგურებს, ხოლო სამყაროს საშუალო ტემპერატურა თითქმის მინუს 273 გრადუსს გაუტოლდება.


არადა, სულ რაღაც ასიოდე წლის წინ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი მთლიანი სამყარო იყო. იმ დროში კოსმოსი უძრავი ეგონათ. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი მარადიულად იარსებებდა, რასაც ცაზე ხედავდნენ. ვარსკვლავები მარადიულად იკაშკაშებდნენ და პლანეტებს საკუთარ მაცოცხლებელ სინათლეს გაუნაწილებდნენ. მაგრამ პირველად ალბერტ აინშტაინმა შეამჩნია, რომ ეს ასე არ იყო. ამას ედვინ ჰაბლის გამაოგნებელი აღმოჩენა მოჰყვა, რომელმაც დაადგინა, რომ ანდრომედას ნისლეული დამოუკიდებელ გალაქტიკას წარმოადგენდა.


საბოლოოდ მეცნიერებმა დაადგინეს სამყაროს ასაკი - 13, 8 მილიარდი წელი, თუმცა არ იცოდნენ, თუ როდის შეწყვეტდა ის არსებობას.



1922 წელს, რუსმა ასტრონომმა ალექსანდრ ფრიდმანმა ჩამოაყალიბა განტოლებათა ცნობილი სისტემა, რომელსაც ფრიდმანის განტოლებებს უწოდებენ. მათი მეშვეობით დადგინდა, რომ სამყაროს ბედს მისივე სისქე განსაზღვრავს და მას შეუძლია ან გაფართოვდეს, ან შეიკუმშოს და ის არასოდეს არ რჩება ერთსა და იმავე მდგომარეობაში.


70-იან წლებში მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ სამყაროს საკმარისი მასა ჰქონდა საიმისოდ, რათა წარმოუდგენლად მკვრივ წერტილამდე შეკუმშულიყო, რის შემდეგაც ხელახალი აფეთქება დაიწყებოდა.


70-80-იან წლებში ფიზიკოსი ჯონ უილერი შეკუმშვის თეორიის თავგამოდებულ დამცველად იქცა. მისი აზრით, შავი ხვრელები საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდნენ სამყაროს მომავლის წარმოსადგენად.


თუმცა, საუბედუროდ რეალობა არც ისე იოლი აღსაქმელია...


“ბნელი ერა”


90-იანების ბოლოს მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სამყარო სულ უფრო ჩქარა და ჩქარა ფართოვდებოდა. მკვლევარები ამოუცნობ ბნელ ენერგიას წააწყდნენ, რომელიც ყველაფერს დანგრევით ემუქრებოდა.


დღეს მეცნიერებს უკვე დადგენილი აქვთ, რომ ჩვეულებრივი მატერია სამყაროს მხოლოდ სულ რაღაც 5 %-ს შეადგენს. ბნელი მატერია შეადგენს 26 %-ს, ხოლო ბნელი ენერგია - დანარჩენ 69 %-ს. სწორედ ეს ბნელი ენერგია აჩქარებს სამყაროს და ხელს უშლის მის ხელახლა შეკუმშვას.


გაფართოების კვალდაკვალ, ორასიოდე ტრილიონ წელიწადში ყველა გალაქტიკა, ყველაზე ახლო მდებარე გალაქტიკების გარდა, იმდენად შორს აღმოჩნდება, რომ მათ ვეღარასოდეს ვეღარ დავინახავთ. 100 ტრილიონი წლის შემდეგ საბოლოოდ დასრულდება ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი. სამყაროს მთლიანად თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები და შავი ხვრელები დაიკავებენ.


დაახლოებით ერთი გუგოლი წლის შემდეგ (გუგოლი - ეს არის ერთეული, რომლის მიხედვითაც Google-ის საძიებო სისტემას სახელი დაერქვა და რომელიც 100 ნულს შეიცავს), სამყაროს უკანასკნელი ობიექტები - უზარმაზარი მასის მქონე შავი ხვრელები ჰოკინგის გამოსხივების ძალით აორთქლდებიან. ამის შემდეგ სამყარო ეგრეთ წოდებულ “ბნელ ერაში” შეაბიჯებს, როცა მატერია და დრო საბოლოოდ შეწყვეტენ არსებობას.


თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, ენტროპია განაგრძობს ზრდას მანამ, სანამ მაქსიმალურ ზღვარს არ მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო მიაღწევს იმ მდგომარეობას, როცა სითბო თანაბრად იქნება გადანაწილებული მის თითოეულ მონაკვეთში და ის აბსოლუტურ ნულზე ოდნავ უფრო მაღალი იქნება.


ამის შემდეგ თანდათან სამყაროს ტემპერატურა სულ უფრო დაუახლოვდება აბსოლუტურ ნულს, თუმცა მას საბოლოოდ ვერასოდეს მიაღწევს.


სამყარო

0
975
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0