x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ იყო კამო და რატომ დაერქვა მას ეს მეტსახელი
image

კამო – სიმონ არშაკის-ძე ტერ–პეტროსიანი დაიბადა 1882 წლის 15 მაისს გორში. აქვე გაატარა მან თავისი ბავშვობა და ყრმობაც. იგი თავიდანვე უშიშარი, მკვირცხლი და მოხერხებული ბავშვი იყო. სწავლა კამომ გორის საქალაქო სასწავლებელში დაიწყო. 1901 წელს კი მუდმივ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. აქ დაუახლოვდა თბილისის სასულიერო სემინარიის არალეგალურ მარქსისტულ წრეებს. ამხანაგებმა კამოში სულ მალე შენიშნეს კონსპირაციული მუშაობის განსაკუთრებული უნდა და დიდი ორგანიზატორული ნიჭი. კამოს ჯერ წერილები, აკრძალული წიგნები გადააქვს ერთი ადგილიდან მეორემდე, ავრცელებს პროკლამაციებს, შემდეგ პარტიის თბილისის კომიტეტმა 1901 წლის მაისის დემონტსრაციის მომზადებისა და ჩატარების საქმეში ჩააბა. ეს დემონსტრაცია კამოსთვის სერიოზულ რევოლუციურ წრთობას წარმოადგენდა. კამოს სულ უფრო და უფრო რთულ დავალებებს ანდობენ. მან 1903 წელს თბილისში მოაწყო ფარული სტამბა, სადაც ასიათასობით პროკლამაცია დაიბეჭდა.


რევოლუციურ მუსაობასთან ერთად კამო სწავლასაც განაგრძობდა. იგი დიდი გულმოდგინებით ეუფლებოდა მათემატიკას, გეოგრაფიას და რუსულ ენას. გატაცებით კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. სხვათა შორის, რუსული ენის გრამატიკის შესწავლასთანაა დაკავშირებული ს.ა. ტერ–პეტროსიანის პარტიული სახელი "კამო". თურმე კამო რუსულ ენაში მეცადინეობის დროს მიცემითი ბრუნვის კითხვა "კამუს" მაგივრად თითქმის სულ მუდამ "კამოს" ამბობდა. ამ ამბავს ბევრჯერ დასწრებიან ამხანაგები, ბევრი უცინიათ კამოს ასეთი გამოთქმის გამო და მისთვის "კამო" შეურქმევიათ.


კამო სწრაფად დახელოვნდა არალეგალურ-კონსპირაციულ მუშაობაში და სულ ადვილად ახერხებდა პოლიციისათვის თვალის ახვევას. იგი ერთსა და იმავე დღეს ხან გიმნაზიელის ტანსაცმელში გამოწყობილი ჩაუვლიდა გზაჯვარედინებთან გაჯგიმულ ჟანდარმებს, ხან კი კინტოსავით შემოსილი იკლებდა თბილისის ქუჩებს. ზოგჯერ სასროლი ბადითა და სათლით ხელში მტკვრის ნაპირ-ნაპირ დინჯად მიაბიჯებდა, მერე სადღაც გაქრებოდა და თუშური ქუდითა და ქალამნებით დამშვენებული კვლავ გამოჩნდებოდა ხურჯინაკიდებული. მეორე დღეს ძვირფას ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარი და ზვიადად წარბებაზიდული კამო მრისხანედ დაუბრიალებდა თვალებს მეფისნაცვლის საპარადო კარის წინ აყუდებულ "გოროდოვოის", ცოტა ხნის შემდეგ კი მოხელის კოკარდიანი ქუდით, ქალაქის მმართველობის შენობის წინ იდგა და გულგრილი, მოწყენილი სახით იხედებოდა გარშემო.



კამო უდიდეს მუშაობას ეწეოდა 1905 წლის რევოლუციის დღეებში. რევოლუციის პირველი დღეებიდანვე აქტიურად მონაწილეობს მშრომელთა გამოსვლებში, ჰქმნის მუშათა შეიარაღებულ საბრძოლო რაზმებს.


1906 წლის მარტში კამო პარტიის დავალებით პეტერბურგს მიემგზავრება. აქედან იგი ჩადის ფინეთში და კოუკალეს აგარაკ "ვაზაში" პირველად ხვდება მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადს ვ.ი. ლენინს. კამოზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ილიჩის საუბრებმა. ლენინმა გულწრფელად შეიყვარა პროლეტარული რევოლუციის ლეგენდარული რაინდი და ამის შემდეგ მას არასოდეს მოკლებია ილიჩის ნამდვილი მამობრივი ზრუნვა. ვ.ი. ლენინს ხიბლავდა ამ კავკასიელის განსაცვიფრებელი გამბედაობა და მოხერხებულობა, მისი უსაზღვრო რევოლუციური გატაცება და სიმტკიცე.


პეტერბურგიდან კამომ დიდძალი იარაღი ჩამოუტანა თბილისის პარტიულ ორგანიზაციას. მალე კამო ილიკო ჭაჭიაშვილთან და ვანო კალანდაძესთან ერთად ავჭალაში აწყობს რუსეთიდან ჩამოტანილი ახალი კონსტრუქციის ყუმბარების წარმოებას.


1906 წლის აპრილში, პარტიის სამხედრო ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კამო და ბაბე ბოჭორიძე აწყობენ მეტეხის ციხიდან პოლიტიკურ პატიმართა დიდი ჯგუფის (32 კაცი) გაქცევას.


კამო ხელმძღვანელობდა თბილისის კომიტეტის განსაკუთრებულ ჯგუფს, რომელშიაც შედიოდნენ ელისო ლომინაძე, ვანო კალანდაძე, პაჭუა კუპრაშვილი, დათიკო ჭიაბრიშვილი, ილიკო ჭაჭიაშვილი, აკაკი დალაქიშვილი, არკადი ელბაქიძე, თეოფილე კაკრიაშვილი, ანეტა სულაქველიძე და საშა დარახველიძე. ამ ჯგუფს პარტიის მიერ დავალებული ჰქონდა მეფის მთავრობის ფულადი თანხების ექსპროპრიაცია. ჯგუფმა, კამოს ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მოახდინა მნიშვნელოვანი თანხების ექსპროპრიაცია კოჯორში, ქუთაისში, ჭიათურაში, თბილისში. ჯგუფმა სახაზინო თანხების ყველაზე მსხვილი ექსპროპრიცია (250 000 მანეთი) განახორციელა 1907 წლის 13 ივნისს, დღისით, თბილისში, თავისუფლების (ადრე ლენინის) მოედანზე.


1907 წლის ზაფხულის ბოლოს კამო პარტიის დავალებით საზღვარგარეთ მიდის. იმავე წლის 9 ნოემბერს იგი დააპატიმრეს ბერლინში.


image


სამშობლოდან და მეგობრებისაგან მოწყვეტილ კამოს, რასაკვირველია, ციხიდან გაქცევის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მან ბევრი იფიქრა, ძალიან ბევრი, თუ როგორ გასხლტომოდა ხელიდან გერმანიის პოლიციას და ბოლოს გადაწყვიტა, მიემართა სიგიჟის სიმულაციისათვის. ძნელი იყო გერმანიის საქვეყნოდ ცნობილი ფსიქიატრი-სწავლულების მოტყუება. აუტანელი ტანჯვა-წამება უნდა გადაეტანა შემოწმების დროს. მაგრამ კამო არ შეუშინდა არაფერს. ეს იყო ადამიანის ნებისყოფისა და სულის სიმტკიცის არნახული, უმაგალითო გამოცდა.


დიდმა პროლეტარულმა მწერალმა მაქსიმ გორკიმ კამოს ამ მოქმედებას "გენიალური სიმულაცია" უწოდა.

კამოს სულიერი მდგომარების შემოწმების მიზნით ბარბაროსულად აწამებენ: ჩხვლეტენ ნემსებით ზურგში, ფრჩხილების ქვეშ ურჭობენ ქინძისთავებს, დაღავენ რკინის გახურებული შანთებით, ხელოვნურად უმტვრევენ ძვლებს და სახსრებს, თითქმის სრულიად ტიტველს ათავსებენ კარცერში, სადაც ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალი იყო. კამომ წარშეუხრელად გაუძლო ყოველგვარ წამებას. პროფესორებსა და ექიმებს არც ლიტერატურაში და არც პრაქტიკაში არ შეხვედრიათ ნორმალური მგრძნობელობის ადამიანი, რომელსაც ასე გაეძლოს ტკივილებისათვის. გერმანიის მეცნიერმა ფსიქიატრებმა თავი დამარცხებულად ცნეს კამოს გამძლეობის, რკინისებური ნებისყოფისა და გამარჯვების რწმენის წინაშე, მათ მიერ გამოტანილ საბოლოო საექსპერტო დასკვნაში კამო აღიარებულია სულიერ ავადმყოფად.


სიგიჟის სიმულაციასთან ერთად, კამოს გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა ვ.ი. ლენინის ხელმძღვანელობით პარტიის მიერ კამოს განთავისუფლებისათვის გაჩაღებულმა კამპანიამ. ვ.ი.ლენინის, კ.ლიბკნეხტისა და ევროპის სოციალისტური პარტიების მიერ წამოწყებულმა ბრძოლამ აიძულა გერმანიის ხელისუფლება გაენთავისუფლებინათ საპატიმროდან "გიჟი" კამო. 1909 წლის 12 ოქტომბერს კამო კვლავ მეტეხის ციხეში მოათავსეს, საიდანაც სიგიჟის სიმულაციის შემოწმების მიზნით, მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კამო საავადმყოფოდან ახერხებს თბილისის პარტიულ ორგანიზაციასთან კავშირის დამყარებას და 1911 წლის 15 აგვისტოს ანხორციელებს საავადმყოფოდან გაქცევას. ციხეებსა და საავადმყოფოებში 4 წლის ტანჯვა-წამების შემდეგ კამო კვლავ მთელი ენერგიით დაუბრუნდა რევოლუციურ მუშაობას.


image


1917 წლის ოქტომბერში, პეტერბურგში შეიარაღებული აჯანყების გამარჯვების შემდეგ, კამო ვ.ი.ლენინთან გაემგზავრა. მან ვ.ი.ლენინს გადასცა ს.შაუმიანის წერილი, რომელშიაც მოცემული იყო ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზი და ბოლშევიკური ორგანიზაციების ამოცანები ადგილებზე სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისათვის. სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებას შინაურმა და გარეულმა კონტრრევოლუციამ სამოქალაქო ომით უპასუხა. კამო ახალი ენერგიით ჩაება საბჭოთა ხალხის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.


1918 წლის თებერვალში გერმანელებმა ვერაგულად დაარღვიეს დროებითი ზავის პირობები და დაიწყეს შემოტევა რევოლუციის აკვნის – პეტერბურგის წინააღმდეგ. რევოლუციისთვის ამ მძიმე დღეებში კამო ფრონტზეა. იგი პეტერბურგის მუშების საგანგებო რაზმთან ერთად გაემგზავრა ფსკოვისაკენ. კამო მთავარი ეშელონის კომისრად დაინიშნა. მან უაღრესად დიდი მუშაობა გასწია გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლებში ფსკოვსა და ნარვის რაიონში.


გენერალი დენიკინი 1919 წლის ივლისში ამზადებდა მოსკოვზე ლაშქრობას. მან განკარგულება გასცა მოსკოვზე შეტევის შესახებ. ეს იყო ყველაზე მძიმე დღეები, როცა, როგორც ვ.ი.ლენინი აღნიშნავდა, – "დადგა სოციალისტური რევოლუციის უაღრესად კრიზისული, შესაძლებელია ყველაზე კრიზისული მომენტიც კი".


ვ.ი.ლენინის მოწოდების საპასუხოდ – "ყველანი დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად!" – პარტია ანხორციელებს გადამწყვეტი მნიშვნელობის ღონისძიებებს. პირველ რიგში ფრონტის განმტკიცების მიზნით იქ იგზავნებიან გამოცდილი ხელმძღვანელი კადრები: სერგო ორჯონიკიძე, კამო, სერგეი მედვედევი და ათი სხვა საიმედო, გამოწრთობილი კომუნისტი. სერგო ორჯონიკიძე დაინიშნა დასავლეთის ფრონტის XVI-ე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრად. ფრონტზე წავიდნენ სხვა ამხანაგებიც, გარდა კამოსი. კამომ მიიღო ვ.ი.ლენინის თანხმობა პარტიზანული რაზმის შექმნის შესახებ და ენერგიული მუშაობა გააჩაღა თავისი გეგმის განხორციელებისათვის. ვ.ი.ლენინი კამოს დიდ დახმარებას უწევდა. მისივე დავალების თანახმად სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ კამო დანიშნა შინაგანი ფრონტის არმიის შემადგენლობაში შემავალი ყველა პარტიზანული რაზმის უფროსად.


კამო პირადად შეუდგა თავისი რაზმისათვის საიმედო და გამოსადეგი პირების შერჩევას. მებრძოლი ახალგაზრდობის შერჩევაში კამოს, ვ.ი.ლენინის მითითებით, უშუალოდ ეხმარებოდნენ პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მდივანი ვ.მ.ზაგორსკი და ცენტრალური კომიტეტის მდივანი ე.დ.სტასოვა. კამო პირადად ესაუბრებოდა და ამოწმებდა სათანადო მონაცემების მიხედვით შერჩეულ ახალგაზრდებს. კამო მოხალისეებთან საუბარში ყურადღებით არკვევდა მათ ოჯახურ მდგომარეობას, მიდრეკილებას, ჩვევებს, გამბედაობას და სამშობლოსადმი სიყვარულს. კამო მათთან საუბარში სრულებით არ მალავდა, რომ რაზმში ყოფნა დიდ სიძნელეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული. იგი მოხალისეებს მუქ ფერებში უხატავდა იმ მოსალოდნენ სიძნელეებს, რასაც შეიძლებოდა წაწყდომოდნენ საბრძოლო დავალების შესრულების დროს.


ენერგიული, თავდადებული მუშაობის შედეგად კამომ 1919 წლის აგვისტოსათვის შეძლო შეექმნა განსაკუთრებული რაზმი. რაზმის უფროსი თვით კამო იყო, მოადგილე – სანდრო მახარაძე, შტაბის უფროსი – ვალოდია ხუტულაშვილი. რაზმი თავისი ეროვნული შემადგენლობით ჭეშმარიტად ინტერნაციონალური იყო, მასში შედიოდნენ რუსები, სომხები, ქართველები, უკრაინელები, ლატვიელები, ლიეტუველები და სხვა.


სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა რაზმის საბრძოლო წვრთნა. იგი, მებრძოლების მონდომებისა და თავდადების გამო ძალიან ეფექტურიც იყო.

მაგრამ კამოს არ ასვენებს აზრი – ხომ არავინ შემოგვეპარა რაზმში მტრის აგენტი, ან უბრალოდ სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელმაც მტრის ზურგში ყოფნისას შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს რაზმიო. კამოს რევოლუციური მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება უკარნახებდა, ყოფილიყო ზედმიწევნით ფრთხილი, მკაცრი, მომთხოვნი ხელქვეითებისადმი და თავის თავისადმი.


კამომ გადაწყვიტა რაზმის შემოწმება. იგი ამ მიზნით მოეთათბირა ცნობილ ჩეკისტს გ. ათარბეკოვს, რომელიც თავის ჩეკისტებით უნდა "დასხმოდა" კამოს რაზმს და საბოლოოდ გამოერკვია რაზმელების ერთგულება და სიმტკიცე.


შემოწმებისთვის დანიშნულ დღეს, 1919 წლის 4 სექტემბერს, კამომ დილით ადრე გაიყვანა ქალაქგარეთ თავისი რაზმი სროლაში სავარჯიშოდ. მეცადინეობა მიმდინარეობდა დაბურულ ტყეში. კამომ ისე ჩაატარა სროლაში ვარჯიში, რომ რაზმელებს არცერთი ვაზნა აღარ დარჩათ. სწორედ ამ დროს მათ თავს "დაესხა" "თეთრების" შეიარაღებული რაზმი. კამოს და მის რაზმელებს დანებება უბრძანეს. კამომ ხელები ასწია და დანებდა. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც. ისინი გაჩხრიკეს და შეკრეს. "თეთრების" უფროსმა პოლკოვნიკმა ბრძანა, რათა მისთვის რაზმის უფროსი წარედგინათ, რაზმმა არ გასცა თავისი უფროსი. ბოლოს თვით პოდპოლკოვნიკმა "გამოიცნო" უფროსი კამო. მას სცემეს და დასაკითხავად მოფარებულში გაიყვანეს. როცა კამომ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაშინ უფროსმა გასცა განკარგულება მისი დახვრეტის შესახებ. გაისმა სროლის ხმა, კამო "დახვრიტეს". ამის შემდეგ "დასაკითხად" რიგრიგობით გაჰყავდათ რაზმელები. გაისმოდა განკარგულება დახვრეტისა ან ჩამოხრჩობის შესახებ. თითქმის ყველა რაზმელმა წარჩინებით გაიარა გამოცდა. ყველა მათგანი ინარჩუნებდა გამძლეობას და სიმხნევეს, ვაჟკაცურად უსწორებდნენ თვალს სიკვდილს.


მაგრამ ამ გამოცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთმა რაზმელმა, როცა მისი "დახვრეტის" ჯერი დადგა, აკანკალებული ხმით წარმოთქვა: – ბატონო პოდპოლკოვნიკო, მე დენიკინის არმიიდან სპეციალური დავალებით ვარ წითლების ზურგში გამოგზავნილი. კამოს რაზმში ჩავეწერე საჭირო ცნობების შესაგროვებლად. გთხოვთ, ჩემს შესახებ აცნობოთ გენერალ დენიკინს. მე მზად ვარ ბოლომდე ვემსახურო მას და გავწყვიტო ყველა ბოლშევიკი. – მოღალატემ ნათქვამის დასადასტურებლად ჩექმის ძირიდან სათანადო დოკუმენტიც ამოაძრო. შემოწმების შემდეგ იგი მართლაც დახვრეტილ იქნა.


1919 წლის შემოდგომისათვის რაზმი უკვე ყოველმხრივ მზად იყო მტრის ზურგში საბრძოლო ოპერაციების საწარმოებლად.

რაზმი გაემართა კურსკისაკენ, საიდანაც იწყებოდა ფრონტის ხაზი. კამომ საომარი უბნის უფროსისგან მიიღო საბრძოლო დავალება და შეუდგა მის შესრულებას. კამოს რაზმელები ლომებივით იბრძოდნენ და გამანადგურებელ დარტყმას აყენებდნენ მტერს. კამოს რაზმმა მრავალი საგმირო საქმეები ჩაიდინა. დიდი ზიანი მიაყენა დენიკინის არმიის ნაწილებს და განსაკუთრებით გენერალ მამონტოვის ჯგუფს.


რაზმმა შეიპყრო სამხედრო სარდლობაში მოკალათებული მოღალატეები, რომლებმაც დეზორგანიზაცია შეიტანეს კურსკის ფრონტის უბანზე და მტერს ჩააბარეს ქალაქი კურსკი. ესენი იყვნენ მეფის ყოფილი ოფიცრები. მათ სძულდათ საბჭოთა ხელისუფლება. ოფიცრებს აღმოაჩნდათ მნიშვნელოვანი დოკუმენტები და დიდი რაოდენობის ძვირფასი ნივთები. ამ მოღალატეების შეპყრობით რაზმმა დიდი სამსახური გაუწია პარტიას მავნე ელემენტებისაგან სამხედრო სარდლობის გაწმენდაში.


ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს რაზმი მტრის ზურგში აღმოჩნდა. ეს იყო ქალაქ ნოვოარხანგელსკის მახლობლად. დენიკინელების მოახლოებასთან დაკავშირებით ქალაქში მზადდებოდა საბჭოთა დაწესებულებების ევაკუაცია. უცებ ქალაქში შეიჭრნენ დენიკინის არმიის სამხრეებით შემოსილი ცხენოსნები. მალე ქალაქში შემოსული ჯარის ნაწილის მეთაურს, დენიკინელ პოლკოვნიკს პურითა და მარილით ეახლა ქალაქის მდიდართა, ყოფილ მემამულეთა და ვაჭართა დეპუტაცია.


პოლკოვნიკთან და მის ადიუტანტთან მიდიოდნენ მნახველები. ერთნი მოითხოვდნენ მოხალისეთა არმიაში ჩაწერას, მეორენი იძლეოდნენ ცნობებს ქალაქში დარჩენილ კომუნისტთა შესახებ, მესამენი იუწყებოდნენ, რომ ისინი, დენიკინის შტაბის კონტრრევოლუციური ორგანიზაციების საგანგებო დავალებით, ცდილობენ გაძრომას წითლების ზურგში მტრული საქმიანობის საწარმოებლად.


რასაკვირველია, ქალაქის "რჩეულებს" აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მათ საქმე ჰქონდათ კამოს რაზმთან. დენიკინელი "პოლკოვნიკი" იყო ვ. ხუტულაშვილი, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა ეს "ოპერაცია". ამ ოპერაციის შედეგად გამოირკვა თუ ვინ იყო საბჭოთა ხელისუფლების მტერი, ვინ ეწეოდა გამცემლობას და ორპირობას. რაზმმა მტერს თავისი მიუზღო და სათანადო დახმარება აღმოუჩინა ადგილზე დარჩენილ კომუნისტებს.


ამ ოპერაციის შემდეგ კამოს რაზმი მოსკოვში ბრუნდება. გრძელდება გაძლიერებული საბრძოლო წვრთნა მტრის ზურგში სამოქმედოდ. კამომ 17 ოქტომბერს ჩაატარა მტრის ზურგში რაზმის მოქმედების გენიალური რეპეტიცია. გადაწყდა, რომ რაზმი ჩასულიყო ბაქოში და იქიდან გადასულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში, დენიკინის ზურგში. 24 ნოემბრისათვის რაზმი უკვე ბაქოში იყო.

კამო ბაქოში ჩასვლისთანავე დენიკინის შტაბების ასაფეთქებლად საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხზე მოეთათბირა ბოლშევიკური პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრებს: მ.დ.ჰუსეინოვს, ლ.დ.ღოღობერიძეს, ვ.ი.ნანეიშვილს. ი.ი.დოვლატოვს და სხვებს.


მაგრამ მალე სამოქალაქო ომის ფრონტზე ძირეულად შეიცვალა ვითარება. დენიკინის არმია თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ამ ვითარებასთან ერთად შეიცვალა კამოს მოქმედების გეგმაც. ამჯერად რაზმს, კავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაევალა ჩრდილო კავკასიაში მოქმედი პარტიზანული რაზმისადმი დახმარების გაწევა.


ამ ამოცანის განხორციელების მიზნით კამომ თავისი რაზმი მცირე ჯგუფებად დაჰყო. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც სანდრო მახარაძე მეთაურობდა, მოქმედებდა დაღესტნის მთებში. თვით კამო იანვრის შუა რიცხვებში გაემგზავრა თბილისში, საიდანაც იგი ნოვოროსიისკში უნდა წასულიყო დენიკინის შტაბის ასაფეთქებლად.


რასაკვირველია კამომ იცოდა, რომ თბილისში მენშევიკური მთავრობის რაზმელები მას გააფთრებით დაუწყებდნენ ძებნას. ამიტომ ხშირ-ხშირად იცვლიდა ბინას. მაგრამ მაინც მიაკვლიეს გამოცდილ კონსპირატორს მენშევიკების აგენტებმა. იგი მხოლოდ უბრალო შემთხვევამ გადაარჩინა დაჭერას. შერემეტიევის ქუჩაზე, იმ სახლში, სადაც კამომ შეაფარა თავი, ცხოვრობდა მ.ცხაკაიას გერი ნიკოლოზ გიორგის-ძე ირემაძე. კამო მ.ცხაკაიას მეშვეობით, დიდი ხანია იცნობდა ამ ოჯახს და სხვა რევოლუციონერებთან ერთად ხშირად იმალებოდა იქ. ნ.ირემაძე და მისი მეუღლე ფაცია კონსტანტინეს ასული ლაჭყეპიანი ყოველმხრივ ეხმარებოდნენ რევოლუციონერებს. ირემაძის სახლში მისულ კამოს მხოლოდ ფაცია დახვდა თავისი მცირეწლოვანი ბავშვებით. დიდი ხნის უნახავებმა გატაცებით დაიწყეს საუბარი, კამო ამავე დროს მადიანად შეექცეოდა ნიგვზით შეკაზმულ ბადრიჯანს, რომელიც მას ძალიან უყვარდა. საუბარში გართულებმა სრულებით ვერ შეამჩნიეს, რომ ფაციას პატარა გოგონას, ქეთინოს ხელი დაევლო კამოს მიერ მოტანილი ჩემოდნისათვის და იატაკზე აქეთ-იქით ათრევდა. ეს ჩემოდანი კი ბომბებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო სავსე. კამომ უცებ თვალი მოჰკრა ამ სურათს, ელდანაცემი წამოვარდა და ყვირილი დაიწყო. ფაციამ, როგორც კი გაიგო მიზეზი კამოს შეშფოთებისა, საშინლად აღელდა და გრძნობა დაკარგა. გონზე მოსულმა ფაციამ კამოს უსაყვედურა უყურადღებობა, რომლის გამოც ბავშვის სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ელოდა. კამომ იცოდა ფაციას ხასიათი და ამჯობინა დროებით გასცლოდა. მან ხელი დაავლო ჩემოდანს, გარეთ გავარდა და სახლის სხვენზე დაიმალა.


წუთებიც არ იყო გასული რომ ნ.ირემაძის სახლს საგანგებო რაზმელები მოადგნენ. მათ სულ გადააქოთეს ყველაფერი. ამჯერად სულ გამოალაგეს და გაჩხრიკეს თვით ის კარადაც, რომელსაც მიხა ხუმრობით "კამოს კარცერს" უწოდებდა. ერთხელ პოლიციის მიერ ბინის ჩხრეკისას კამო მთელ საათს გაშეშებული იდგა იმ კარადაში, ამ შემთხვევამ კამო ააცდინა იმ ოთახსაც და კარადასაც, სადაც მას აუცილებელი დაჭერა მოელოდა. ასეთ პირობებში კამოს რევოლუციური მუშაობა უკიდურესად გაძნელდა. თბილისში მისი შემდგომი დარჩენა შეუძლებელი შეიქმნა. მან გადაწყვიტა, ბათუმში გამგზავრებულიყო, ხოლო იქიდან მტრის ზურგში, ნოვოროსიისკში გადასულიყო. მაგრამ კამოს არ დასცალდა ამ გადაწყვეტილების განხორციელება. იგი, მის ჯგუფთან ერთად, თბილისის სადგურში დააპატიმრეს.


image


კამო მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა, ციხიდან განთავისუფლებული კამო კავკასიის სამხარეო კომიტეტის მითითებით ბაქოში მიდის. აქ იგი აყალიბებს მუშათა რაზმებს, წვრთნის და ამზადებს შეიარაღებული აჯანყებისათვის. ამ რაზმების დახმარებით, კამო თავდასხმებს, აფეთქებებსა და შეიარაღებულ გამოსვლებს აწყობს ბაქოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.

კამო და მისი რაზმელები ახერხებენ კონტრრევოლუციონერთა სამხედრო ზრახვების გამომჟღავნებას, იტაცებდნენ თეთრგვარდიელთა ბანდების საომარი მოქმედების ოპერატიულ გეგმებს, საიდუმლო ცნობებს, სპობდნენ მტრის აგენტებს, პროვოკატორებს, აფეთქებდნენ სამხედრო მატარებლებს, ხიდებს, გემებს, იარაღის საწყობებს და სხვა.


აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა და სამოქალაქო ომში მოპოვებული წარმატების შემდეგ რაზმი დაშლილი იქნა, ხოლო თვით კამო მოსკოვში გადავიდა და მუშაობდა კრემლში, საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში.


1921 წლის სექტემბერში კამო თეირანს მიავლინეს. თეირანიდან დაბრუნების შემდეგ კამო თბილისში ჩამოვიდა და 1922 წლის 8 მაისს დაინიშნა ამიერკავკასიის საბჭოს საოლქო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, სადაც იგი მუშაობდა მის ტრაგიკულ დაღუპვამდე – 1922 წლის 14 ივლისამდე.


სამოქალაქო ომში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის კამო დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.

0
776
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0