x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბაზრობების და ხელზე გადაკიდებული კალგოტკების დრო ჩაილურის წყალსა სვამს და მალე გათავდება!-ნინო კვაჭანტირაძე
image

“ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ბათუმში ვიცხოვრებდი- წვიმიან, ნესტიან ბათუმში, თვალს არ მოვაცილებდი სეინერებს ადევნებულ თოლიებს და რეიდზე მდგარ ტანკერებს, რამდენი მოგონება მაკავშირებს აქაურობასთან…


ქუთაისში ვიცხოვრებდი – ქარებიან ქუთაისში, მაგრამ როცა არ ვყოფილვარ სუ მზე იყო, ჩახჩახა. აქ იმდენი ამბავია თავმოყრილი, იმდენი ისტორიაა, მთელი ცხოვრება გეყოფა.

თელავში ვიცხოვრებდი, გომბორს რომ გადახვალ და კავკასიონი ერთი ხელის გაწვდენაზე გგონია, სხვანაირად მშვიდი და წყნარია აქურობა, ალავერდი, გრემი, ნეკრესი, მერე ყვარელია, იქაც ვიცხოვრებდი ჩემს ბედნიერ მოგონებებთან ერთად… სამეგრელოში ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში ვიცხოვრებდი და ვიქნებოდი ყველაზე მოვლილი და მწვანე ეზოს დიასახლისი…



იმერეთში თუ ვიცხოვრებდი, ცოტას გავიპრანჭებოდი, სულ ფორმაში ვიქნებოდი – მოფურჩქნული და კაიიი, თოთინა ხაჭაპურებსაც დავაცხობდი. თუ სამცხე -ჯავახეთში დავსახლდებოდი, რაღაცნაირად მედიდური ვიქნებოდი და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვილაპარაკებდი, ბოლო-ბოლო გურულების დიდი ნაწილი წარმოშობით აქედან უნდა იყვნენ…


ქართლშიც ვიცხოვრებდი, აი, მთაში ცხოვრებასთან ერთხელ ისე ახლოს ვიყავი, რომ ერთი ნაბიჯიღა მაკლდა შატილის სკოლის მასწავლებელი გავმხდარიყავი. თიანეთი მიყვარს, ხონი, რაჭაზე სუ ვგიჟდები და რომ ავდივარ, მინდა ყველაფერი შემოვირბინო. ვანი მიყვარს ზესტაფონი, დმანისი, ბოლნილი, სამაჩაბლოს, ცხინვალის სოფლები სუ ფეხდაფეხ მაქვს მოვლილი, აბა, აფხაზეთში, წალიწადი არ გავიდოდა, რო არ ჩავსულიყავი, სვანეთის დარდი სტუდენტობაში მოვილიე და მას მერე აღარც მივდივარ, ასე მგონია, მოდერნიზებული აღარ მომეწონება, თუშეთშიც ზუსტად იმ დროს ვიარე, სოფლის დღეობები და შურტობა რომ იყო, ხოდა, ყველგან ვიცხოვრებდი, სადაც ცხოვრებას ვერავინ დამაყვედრიდა, რასაც ჩემი ქვეყანა და სამშობლო ქვია.


გურია? გურია ჩემი სახლიაა, არ არსებობს სოფელი, ნათესავი და ნაცნობი არ მყავდეს, აქ ყველაფერი უბრალოდ ძვირფასია, ჰაერი მარტივი, ურთიერთობები უშუალო, აქ ადამიანები საკუთარ თავზეც ღლიცინებენ… აქ ვერავინ ვერაფერს ჩაკეტავს, ვერც ლოგდაუნი იმუშავებს, ფირალებად გავარდებიან და თუ საჭირო შეიქნა, საკუთარ რესპუბლიკასაც გამოაცხობენ! თბილისი, ახლა სულ რომ რაღაც შენდება, მაგრამ ხშირად ასეთ შენებას დანგრევა ქვია, კეთდება, ყველგან თუხთუხია, მაგრამ შენი არაა, შენ რომ ის გირჩევნია, მარტო ჭადრები რომ იდგა და ბევრი, ბევრი სინათლე, სიყვარული იყო, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტთან გატარებული 5 წელიწადი ახლა 50 წელი რომ გვგონია, იქაურ ადამიანებს დღეს ნათესავებივით რომ ხვდები და გიყვარს- ერთად ვსწავლობითო, ისე იტყვი, ვითომ ხელში დნმ-ის პასუხი გეჭიროს!..


მეტს აღარ გავაგრძელებ…კიი, თბილისი საყვარელი ქალაქია!!!

პ.ს. ოტიამ თქვა, იოსელიანმა, გაზაფხული მოდის და ან თოხს და ბარს მიეჩვით და ან ჭამას გადაეჩვიეთო… ბაზრობების და ხელზე გადაკიდებული კალგოტკების დრო ჩაილურის წყალსა სვამს და მალე გათავდება!”-წერს ფეისბუქზე ნინო კვაჭანტირაძე.

image

0
183
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0