x
image
მანანა თურმანიძე
შვიდი მარტივი წესი ბედნიერებისთვის
image

ერთხელ ერთი გლეხის ვირი ძველ, ცარიელ ჭაში ჩავარდა. საწყალი პირუტყვი დიდხანს ღრიალებდა სიმწრით, ვიდრე პატრონი ცდილობდა გაერკვია, როგორ დახმარებოდა მეგობარს, რომელიც ასე ერთგულად ემსახურა წლების განმავლობაში, ის ხომ ყველა საქმეში შველოდა და ოჯახის რჩენას უადვილებდა.


ბევრი იფიქრა გლეხმა, მაგრამ ჭა ძალიან ღრმა იყო და შეუძლებელი იყო ვირის გადარჩენა. საბოლოოდ ვერაფერი ვერ მოიფიქრა და გადაწყვიტა, რაკიღა მისი ვირი განწირული იყო ტანჯით სიკვდილისთვის, იმაზე ეზრუნა, რომ დაეჩქარებინა ეს პროცესი და ამით მაინც შეემსუბუქებინა საცოდავი არსებისათვის მდგომარეობა. გლეხმა მეზობლები მიიწვია და სთხოვა ჭის ამოვსებაში დახმარებოდნენ.


მეზობლებმაც არ დააყოვნეს, ყველამ მოიტანა თითო ნიჩაბი და ჭის მიწით ამოვსება დაიწყეს. სახედარი მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს და ღრიალს უმატა, გამაყრუებელი ყროყინი მორთო. უეცრად, ყველას გასაოცრად დადუმდა. დამწუხრებულმა გლეხმა ჩაიხედა ჭაში და გაოცდა იმით, რაც დაინახა. ვირი მის ტანზე დაყრილ მიწას ყოველ ჯერზე ძირს იფერთხავდა, შემდეგ ფეხებით ზედ დგებოდა და თანდათანობით მაღლა და მაღლა მიიწევდა. ვიდრე თვალცრემლიანი გლეხი და მისი მეზობლები განაგრძობდნენ პირუტყვისთვის მიწის მიყრას, ის იბერტყავდა მას და ზედ აბიჯებდა. მალე, ყველას გასაკვირად, ვირი ჭის პირს მოადგა, გადმოაბიჯა, საბოლოოდ ჩამოიბერტყა მტვერი და სიხარულით აკუნტრუშდა. გლეხმა გულით გაიხარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მეზობლებსაც გადაუხადა მადლობა დახმარებისთვის.



image


მორალი

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, განსაცდელისგან არავინაა დაზღვეული. შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ღრმა ორმოში აღმოჩნდეთ, საიდანაც ამოსვლა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. შესაძლოა ტალახიც გესროლონ, ყველანაირი ჭუჭყი შეიძლება მოგხვდეთ სრულიად დაუმსახურებლად, უსამართლოდ, მაგრამ გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს.


ჭიდან ამოსვლის შანსი გაქვთ, უბრალოდ უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ, როგორც ეს იგავში ვირმა გააკეთა. მთავარია მიწის ჩამობერტყვა და ნაბიჯის გადადგმა შეძლოთ. თითოეული პრობლემა საფეხურია, რომელსაც მაღლა ავყავართ. ღრმა ჭიდან ამოსვლა შესაძლებელია, მხოლოდ არ უნდა გავჩერდეთ, უნდა ვიმოქმედოთ!


თურმე, ვირისგანაც კი შეიძლება რაღაც ისწავლო. შეიფერთხეთ, ჩამოიყარეთ ტალახი, რომელსაც გესვრიან და ამოძრავდით, თქვენ ხომ ვირზე ჭკვიანი ხართ, იყავით თუნდაც ვირივით პროაქტიური!


დაიმახსოვრეთ, ყოველი გვირაბის ბოლოს სინათლეა.

image


შვიდი მარტივი წესი ბედნიერებისთვის:

  • გაათავისუფლეთ გული სიძულვილის ტყვეობისგან, არასოდეს დახარჯოთ დრო უსარგებლო შუღლზე და შურისძიებაზე - აპატიეთ, როგორც იესომ მიუტევა ცოდვილ კაცობრიობას.
  • გაითავისუფლეთ გონება შიშებისგან - მათი უმეტესობა ხომ დღემდე არ ახდენილა და არც არასოდეს ახდება.
  • იცხოვრეთ მარტივად, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და დააფასეთ ის, რაც გაქვთ.
  • გაეცით მეტი და ნაკლები მოითხოვეთ, ყველაზე მეტი საკუთარ თავს მოსთხოვეთ.
  • უსურვეთ სხვას სიკეთე, ყველანაირი ენერგეტიკა უკან ბრუნდება, სამყარო ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნებს ყველაფერს, რაიმე სახით.
  • თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, ან მთელი ცხოვრება იმაზე იდარდოთ, რომ ხალხი უდიერი, უმადური, შურიანი, ორპირი, პირმოთნე, მოღალატე და გულღრძოა, ან გაიღიმოთ და იმ ქვებისგან, რომელიც გესროლეს - სასახლე აიშენოთ.
  • ბოლოს და ბოლოს, ყველას ცხოვრება გადაშლილი წიგნია, ვიდრე ადამიანი ცოცხლობს და ვიდრე მისი წიგნი არ დახურულა. გადაფურცლეთ ის გვერდი, სადაც ტალახი და ჭუჭყი გესროლეს და სიკეთის კეთებით კვლავაც დატკბით, ეს თქვენ არანაკლებ გჭირდებათ, ვიდრე მათ, ვისთვისაც აკეთებთ.
  • ცხოვრება მშვენიერია, უბრალოდ ამ მშვენიერების დანახვის ძალა ყველას არ შესწევს, ან აღქმის უნარი ყველას თანაბრად არ აქვს განვითარებული.
image

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0