პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოს ჩვენებას მისცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილიც, რომელიც უშუალოდ კურირებს პატიმართა შეწყალებისა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხებს. მას სავარაუდოდ, მოუწევს 2019 წელს, მათ შორის სკანდალურ შეწყალებამდე ცოტა ხნით ადრე შეძენილი ქონებისა და ფინანსური შემოსავლების დასაბუთება, რადგან მისი ქონებრივი მდგომარეობა ბოლო პერიოდის მიხედვით საგრძნობლად გაუმჯობესდა -ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ანგი ხუციშვილის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მონაცემები რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 19 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე აიტვირთა. დეკლარაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის 32 წლის მაღალჩინოსანს 2019 წლის დასაწისში რამდენიმეათასიანი ქონება აქვს შეძენილი. კერძოდ, 43 ათასი ლარი აქვს გადახდილი სოფელ დიღომში „თეთრაანთ უბანში“ მდებარე ბინაში, რომლის 100 პროცენტიანი მესაკუთრე თავად გახლავთ. ამასთან, 2500 დოლარი დაუჯდა თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხის შეძენა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია სახელფასო დანაზოგი - 17000 დოლარის და 35000 ლარის ოდენობით.