x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2020 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
image

მიიწურა 2020 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ წელს.



ზაზა ხალვაში-გარდაიცვალა 4 თებერვალს 62 წლის ასაკში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის შვილი, რეჟისორი, მის ფილმოგრაფიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფილმი 2017 წლის „ნამეა“, რომელიც ეროვნმულმა კინოცენტრმა ოსკარზე წარადგინა.იგივე ფილმი “ ქართველმა კინომცოდნეებმა „პუბლიკის“ გამოკითხვაში 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს.ზაზა ხალვაშის ფილმები რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა, მხატვრული ტელეფილმი "მგლების ხორუმი" აშშ-სა და ევროპის გაქირავებისა და საკაბელო მაუწყებლობის ქსელმა გაავრცელა.

image



რობერტ შავლაყაძე-გარდაიცვალა 4 მარტს 86 წლის ასაკში, ქართველი მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).


1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1988-93). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სეოკის აღმასკომის წევრი. ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და სოკის ორდენის კავალერი.

image



გოგი ცაგარელი-გარდაიცვალა 9 აპრილს 72 წლის ასაკში, ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი

განათლებით ინჟინერ-მშენებელი, 1983 წლიდან პროფესიონალი ფოტოგრაფი. თანამშრომლობდა ახალგაზრდულ პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში „საქინფორმი“, „აას“ და „Prime News“, ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან. მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის საზღვარგარეთ.

გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის, თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის კონფლიქტის და ყარაბაღის ომის (ფოტოებს იღებდა სომხური მხრიდან) ამსახველი არაერთი უნიკალური კადრი.

გიორგი ცაგარელი 2020 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოების ალბომი გამოაქვეყნა.

image



რეზო ესაძე-გარდაიცვალა 18 აპრილს 86 წლის ასაკში, ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ერთხელ“ (1962); „ფრო“ (1965); „ოთხი ფურცელი“ (1966); „წამმზომი“ (1969); „ყოველ შაბათს“ (1973); „წკიპურტები“ (1976); „ერთი ნახვით შეყვარება“ (1980); „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981); „საქორწილო საჩუქარი“ (1982); „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985) და „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (2003).

იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

რეზო ესაძეს სხვადასხვა ავტორის ფილმებში შესრულებული აქვს როლები. მართავდა პერსონალურ გამოფენებს, 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

image



ზარბეგ ბერიაშვილი-გარდაიცვალა 22 აპრილს 80 წლის ასაკში, ქართველი მოჭიდავე თავისუფალ სტილში-

სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. სსრკ-ის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზია (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს (1969) ჩემპიონი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლით.

2015 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ჭიდაობის ფედერაციის წინ გაიხსნა ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი.მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის საპატივცემლოდ თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.

image



ზაალ გიორგაძე- გარდაიცვალა 10 მაისს 67 წლის ასაკში, კორონავიურისით გამოწვეული ინფექციისგან.რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, მეოთხე საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, დოცენტი, კათედრის გამგე, 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

რუსული მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მას სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა.

ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

image



ნოდარ ცინცაძე-გარდაიცვალა 22 ივნისს 90 წლის ასაკში- ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.არის სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აგრეთვე ორი მონოგრაფიის: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) და „10th European School on Plasma Physics“ (World Scientific, 1991). მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, ღირსების ორდენი.

image

გოვენ ჭეიშვილი-გარდაიცვალა 8 ივლისს 80 წლის ასაკში, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ჭეიშვილმა სახელი გაითქვა როლებით ფილმებში - „რეკორდი“, „სამოთხის ჩიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ჩვენი ბავშვობის დრო“, „ლომა“, ოქროს ფეხი“, „ბოშები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

image

ალექსი მახარაშვილი-გარდაიცვალა 4 სექტემბერს 50 წლის ასაკში გულის შეტევით. ქართველი ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მახარაშვილი იყო საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS), რუსეთის ქირურგთა საზოგადოებისა და აშშ-ის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ასევე საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების პრეზიდენტი (GSHR).

2003–2009 წლებში იყო მოსკოვის კლინიკა „Медана XXI Век“-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი; 2009–2018 წლებში მოსკოვის მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, „МакаМед“-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი; 2005–2018 წლებში — თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წამყვანი ქირურგი და დირექტორი. 2015–2020 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“; 2018–2020 წლებში კლინიკა „დეამედი“-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.

ალექსი მახარაშვილი 1 საავტორო უფლების, 2 გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

image



გარუნ აკოფოვი-გარდაიცვალა 18 ოქტომბერს 96 წლის ასაკში, ლეგენდარული ჟურნალისტი, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის მეტრი, ქართული სპორტის სახელისა და დიდების მემატიანე

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ფიზკულტურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ "სოვეტსკი სპორტისა"(1949-1987) და "ფუტბოლის"(1960-1978) საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში; 1997-2010წწ. მუშაობდა გაზეთ "სვობოდნაია გრუზიის" სპორტის განყოფილების გამგედ; სპეციალურ კორესპონდენტად იყო მივლინებული ოლიმპიურ თამაშებზე რომში, ტოკიოში, მიუნხენში, მოსკოვში, ატლანტაში, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კალათბურთში. მიღებული აქვს საქართველოს აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ფონდის პრემია, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრემია. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი წიგნი კალათბურთსა და ფეხბურთზე.

image



ფრიდონ ნიჟარაძე-გარდაიცვალა 12 ნოემბერს, მხატვარი უშგულიდან, რომელსაც ქართველ "სალვადორ დალის" უწოდებდნენ, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. დღემდე მხატვის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი და ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარულებში დიდ აღაფრთოვანებას იწვევს.

image


ლაზარე (სამადბეგიშვილი)-გარდაიცვალა 20 ნოემბერს 65 წლის ასაკში, კორონავირუსით.

ეპისკოპოსი ლაზარე, ერისკაცობაში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი
ბორჯომისა და ბაკურიანის მღვდელთმთავარი 2017-2020 წლებში. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავარი 2014-2017 წლებში.

image




თემურ ქევხიშვილი-გარდაიცვალა 8 დეკემბერს 80 წლის ასაკში კორონავირუსით,

ქართველი მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1970), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976 წლებში იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა ანსამბლის და გუნდის ლოტბარი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. 1981–1990 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი. მისი ქართული რეპერტუარი ძირითადად მოიცავდა ქართული ხალხური სიმღერებსა და საგალობლებს. გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა. მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია (2012). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1991).

image

ალექსანდრე რეხვიაშვილი-გარდაიცვალა 10 დეკემბერს 82 წლის ასაკში კორონავირუსით.

ქართველი კინორეჟოსრი, გადაღებული აქვს მხატვრული ფილმების: „ნუცა“ (1971), „მწვანე მდელო“ (1973), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989).

როგორც დამდგმელ ოპერატორს ალექსანდრე რეხვიაშვილს გადაღებული აქვს „ალავერდობა“ (1963), „მიქელა“ (1964), „ფიროსმანი“ (1969), „ძაღლი“ (1974), „რამაზ ჩხიკვაძე“ (2013).

არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).

image

დონარა კინწურაშვილი-გარდაიცვალა 12 დეკემბერს 82 წლის ასაკში, ქართველი ტელეწამყვანი, საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი.დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. 80-იან წლებში მიჰყავდა გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“.

image

რუსლან მიქაბერიძე-გარდაიცვალა 16 დეკემბერს 81 წლის ასაკში, მსახიობი, პოეტი

რუსლან მიქაბერიძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.კინოში შესრულებული აქვს 30-ზე მეტი კინოროლი.

რუსლან მიქაბერიძეს ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

image


გოგი ქავთარაძე-გარდაიცვალა 20 დეკემბერს, 80 წლის ასაკში, რეჟისორი, კინოს დაა თეატრის მსახიობი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი .

დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში.მისი დებიუტი კინოში შედგა 1964 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში "ქორწილი", პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "არ იდარდო", "განგაში" "ჩარირამა" და მრავალი სხვა.

image


ჯულიეტა ვაშაყმაძე-გარდაიცვალა 27 დეკემბერს, 87 წლის ასაკში-მსახიობი და ტელეწამყვანი.1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი ("რედაქციაში წერილი მოვიდა", "ცარიელ დარბაზში", "სპექტაკლის შემდეგ", "სტუდია-5", "ჩვენი მისამართია" და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

image

1
1250
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1250
  
2020, 31 დეკემბერი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1