ქალი და მამაკაცი
ისეთ მეზობლის ჭირიმე, დღეს რომ გისურვებს მზიანსო, შურით არ გამოიხედავს, გულს ამოიღებს მთლიანსო,
2020, 31 დეკემბერი, 10:57
სიტყვით მოგირჩენს ტკივილებს,
გულს წამლად დაგედებაო,
შენი ღიმილით ხარობს და
შენ დარდს ადვილად ხვდებაო.
ისეთი კაცის ჭირიმე,
ისეთი მეზობლისაო,
მშიერს, ლუკმას რომ გაგიყოფს,
არ ჩამოუშვებს ცხვირსაო.
ოჯახში შეგიპატიჟებს,
სიტყვას არ გეტყვის ძვირსაო,
ააჭრიალებს მარნის კარს,
არყის შტოფს მოხდის პირსაო.
არც ზამთარს შეუშინდება
ღობის პირს გაშლის სუფრასო,
შემოიკრეფავს მეზობლებს,
ვისაც ქეიფი უყვარსო.
ისეთ მეზობლის ჭირიმე
ფულს რომ არ ეხარბებაო,
დაკეტილ სახლის დარაჯად
ალალი გულით დგებაო.
მეზობლის ქალს არ გაჭორავს,
არ დაიბრმავებს თვალსაო,
უცხოსთან სიტყვით დაიცავს
და არ შეირცხვენს თავსაო.
კარგი მეზობლის ჭირიმე,
გულს უხარიხართ ყველაო,
ბოღმიანსა და შურიანს
ჩემგან დასჭირდეს შველაო.