მსოფლიო ჟურნალმა “თაიმმა” კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი “წლის ადამიანებად” დაასახელა 2020, 11 დეკემბერი, 17:02 გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა “თაიმმა” აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მომავალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი “წლის ადამიანებად” დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის “ტვიტერის” გვერდზე გავრცელდა.
გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იოზეფ ფელზენტალმა ჟურნალის გადაწყვეტილება ამგვარი სიტყვებით დაასაბუთა: “კამალამ და ჯომ შეცვალეს ისტორიის მსვლელობა და დაამტკიცეს, რომ თანაგრძნობა უფრო ძლიერია, ვიდრე დახლეჩა და მსოფლიოს ტკივილები განკურნებას საჭიროებენ”. “თაიმის” სოციალურ ქსელში ასევე გაჩნდა ვიდეორგოლი, სადაც გამარჯვებულებს მომღერალი ბრიუს სპრინგსტინი წარმოადგენს. ჯო ბაიდენმა მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და საკუთარი მოწინააღმდეგე, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით დაამარცხა. ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, თუმცა იმისათვის, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდე, 270 ხმაც კი საკმარისია. საინტერესოა, რომ ჰარისი აფროამერიკული და აზიური წარმომავლობის პირველი ქალი იქნება ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. 2016 წელს “წლის ადამიანის” ტიტული დონალდ ტრამპმა მოიპოვა. წელს მოქმედი პრეზიდენტი 3 სხვა კანდიდატთან ერთად ნომინანტების მოკლე სიაშიც კი მოხვდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. გასულ წელს “თაიმის” მიერ “წლის ადამიანად” 16 წლის შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დასახელდა. “თაიმი” უკვე თითქმის 100 წელიწადია, რაც ”წლის ადამიანების” წოდებას ანიჭებს იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს სამყარო. ეს არ არის დამსახურების და პატივისცემის აღმნიშვნელი წოდება, რადგან “ცვლილებაში” მაინცდამაინც პოზიტიური ცვლილება არ იგულისხმება. სხვადასხვა დროს “წლის ადამიანებად” სტალინი, ჰიტლერი და პუტინიც კი დასახელდნენ, თუმცა მათი მისამართით რედაქციას პოზიტიური სიტყვები არ გაუმეტებია. 7 1-ს მოსწონს
|