პროზა ...და მაინც, პირველი სიყვარულის დავიწყება არ შეგიძლია... რას იგონებს ნოდარ დუმბაძე და ვინ იყო მისი პირველი სიყვარული... 2020, 9 ნოემბერი, 1:14 დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა:ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.
- უთხარი შემოვიდეს. -ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე,
- ეზოში დგას, ალაგესთან არ მოდის, თუ არ შეწუხდება აქ მოვიდეს ერთი წუთიო.რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი.ალაგესთან 45-50წლის ჭაღარა სოფლელი ქალი იდგა.ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.
- გამარჯობათ, ბატონო ნოდარ! - მომესალმა.
-გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! - მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: " შვილი მყავს მოსაწყობი", ან "იმას მიმიწერე", "იმას დოურეკე..." - არა, ბატონო მხოლოდ ერთი წუთით გეახელით. - რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო? - ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო.-მითხრა მან და ძალზედ სევდიანად გაიღიმა. - გამოგიტყდებით და ვერა ქალბატონო, - შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი. - არ მეგონა თუ ვერ მიცნობდით. - მითხრა მან და თავი დახარა. - რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით?! - გამეღიმა მე. - ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი. - თქვა მან. - ნათელა! - საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც... - ნათელა! - გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარად თუთუნის გახვევა დავიწყე . - მაისის თაფლია ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთაა ქარვასავით. - გმადლობთ, რაზე ირჯებოდი. - სოფელში თქვეს ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია...შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო... თავი დავუქნიე უაზროდ. - რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო თუ შემადგენლობით? იგი ლაპარაკობდა წყვეტილად თავაუღებლად. ხმა უთრთოდა. - როგორ ხარ, ნათელა? - შევაწყვეტინე ლაპარაკი... მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა. - ჩემი არ იყოს ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს? - ჩემი საქმე გამორკვეულია, შენ როგორ ხარ ნათელა? - ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს. - მაინც? - ვთოხნი, ჩაის ვკრეფ, საქონელს ვწველი, ქმარ-შვილს ვუვლი. - გათხოვდი? - გვიან გავთხოვდი ნოდარ ბატონო, ოთხი შვილი მყავს, ოთხივე სწავლობს.. - ქმარი კარგი მყავს, წესიერი კაცია, მშრომელი... - სახლში შემოდი, ნათელა ! - ვთხოვე მე და წამოვდექი. - არა, ჩემო ბატონო, აღარ შეგაწუხებთ და უხერხულად შეიშმუშნა. მივხვდი ეუხერხულებოდა . - რაღაც გაწუხებს, ნათელა, მითხარი და ნუ მომერიდები, ვუთხარი მე. - აგერ ის მოგიტანეთ, არ იფიქროთ რომ... სხვანაირად ნუ ჩამომართმევთ...თქვენ სახელიანი კაცი ბრძანდებით, თქვენ უფრო გამოგადგებათ, რამეში გამოიყენებთ ... მე კი ... - მან რაღაც ძველი, გაცრეცილი ქაღალდიგადმომცა ათრთოლებუკუ ხელით. - რა არის ეს ნათელა? - ლექსია. თქვენი დაწერილი... გული გამიწვრილდა ცნობისმოყვარეობისგან, ქაღალდი გავხსენი და ელდა მეცა. წიფნაგვარელი ნათელა ულამაზესი ქალია, ო, ჩემო ციცინათელავ, ჩემო ციხევ და გალია ... და შემდეგ : შენი თვალები მაღლები, სამხრეთის ზღვების ფერია, კბილები - თეთრი ძაღლები თეთრი ძაღლები მიღრენენ, არაფერია. მოგონებებში წასული შენ ბაგეს დავეხარბები, ოცნების ორი ასული, გადაწოლილან წარბები, გადაუთიბავთ თივები... .......... ...და მე გუშინდელი დღესავით გამახსენდა, როგორ შევიზიარე გალაქტიონი ჩემი ბავშვობის სიზმრებში დაბადებულ პირველ სიყვარულში, როგორ მიმქონდა მისგან სესხი, რომელსაც არასოდეს არ აბრუნებენ და როგორ ვკვებავდი ამ საზრდოთი ჩემი და ნათელას სიყვარულის მშიერ სულს. - კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია. ცოდვაა ამის ასე დაკარგვა... მითხრა მან. - და შენ ეს ლექსი არავისთვის გიჩვენებია? - რას ბრძანებთ, ჩემზე დაწერილ ლექსს სხვას როგორ წავაკითხებდი?მითხრა მან და გაკვირვებულმა შემომხედა. - არც შვილებს? არც შვილებს და არც არაფერ სულიერს. - მიპასუხა. ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია. - კარგი ქალი ხარ ნათელა შენ. მაპატიე, რომ ვერ გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. მაპატიე, ნათელა! - რა გჭირთ საპატიებელი?! ნათელას გაეღიმა და მერე ისე დუმილი ჩამოვარდა, - ნათელა ! - ბატონო?! - სულ ყველაფერი გამახსენდა, კუკურა, კუკურას ცხენიც, ჯარში რომ ერთად დაუძახეს. ის დღეც მახსოვს ძროხას ყიდდით შენ და კუკურა და მერე ფული უკან რომ დაუბრუნეთ...ის თუ გახსოვს მუნჯაძის სიზმრის და მატარებლის ამბავი? ნათელა ხმას არ ირებდა და ... თუმცა როგორ არ გემახსოვრება, იმ დღეს არ შეიცხადეს კუკურა? ... ლექსებს რომ გიკითხავდი ზვინის ძირში და რომ დაგვეძინა უცბად ორივეს...ისიც გახსოვ ალბათ. ნათელა წამოდგა. თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი და ნიკაპთან ეკვროდა. - ბიჭო, ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე - მთხოვა მან. მე ავიღე ქალისთვის შეუფერებელი, დაკოჟრილი და დამსკდარი მისი ხელი, მოწიწებით ვაკოცე და გული ამომიჯდა. მან ხელი ძალიან ფრთხილად გამომართვა, გულის მხარეს მკერდზე მაკოცა, მერე შეტრიალდა და წავიდა. - მაპატიე, ნათელა! - ვთქვი მე. ნათელამ არაფერი მიპასუხა, ისე გადავიდა ალაგეზე. მე დიდხანს ვიდექი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მოიხედავს - მეთქი, მაგრამ ნათელას აღარ მოუხედავ. იგი წავიდა და ასე უკანმოუხედავად წაიღო თან ჩემი ბავშვობა... ნოდარ დუმბაძე 457 1-ს მოსწონს
|