x
image
არჩილ ვერულიძე
ძველი ეგვიპტის სასამართლო: როგორ სჯიდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის ფარაონების დროს
image

ძველ ეგვიპტეში ადამიანთა ქმედებები განიხილებოდა მორალური და რელიგიური კანონებით. ასამართლებდნენ არა მხოლოდ ცოცხლებს, არამედ მკვდრებსაც - ამ პროცესს «სვა სამყაროს სამსჯავრო» ეწოდებოდა. ეგვიპტელებს ჰყავდათ ღვთაებები ცხოვრების ყოველი შემთხვევისთვის და, რა თქმა უნდა, არსებობდა სამართლიანობის ქალღმერთიც. მას მაატს უწოდებდნენ, იგი ჭეშმარიტების, წესრიგისა და კანონის მფარველად ითვლებოდა.


ცნობილმა ეგვიპტოლოგმა, ფრანგმა პიერ ლალუეტმა თავის კვლევაში დაწერა, რომ ეგვიპტელთათვის მაატი ასევე იყო მსოფლიო წესრიგის სიმბოლო, რომლის გარეშეც საზოგადოებაში და ბუნებაში ქაოსი დაისადგურებდა. დანაშაულის ჩადენით ადამიანი ამცირებდა კოსმიურ ჰარმონიას, ზიანს აყენებდა არა მხოლოდ მის მსხვერპლებს და სახელმწიფოს, არამედ მთელ სამყაროს.

image

ქალღმერთი მაატი




ძველ ეგვიპტეში ყველა დანაშაული ორ კატეგორიად იყოფოდა. პირველი მოიცავდა საზოგადოების მიმართ ბოროტმოქმედებას, რომელშიც შედიოდა მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა და მრუშობა. მეორე კატეგორიაში შედიოდა დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ - ეს არის მოსყიდვა, თანამდებობის პირთა და მმართველთა სიცოცხლის ხელყოფა, ღალატი, სახელმწიფო ქონების ქურდობა, მკრეხელობა.


ქვეყანში ძირითადი ძალა კონცენტრირებული იყო ფარაონის ხელში. ეგვიპტის სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, ფარაონები პირადად იღებდნენ გადაწყვეტილებას - დაესაჯათ თუ შეეწაყალებინათ დამნაშავე, მოგვიანებით უფლებამოსილება გადაეცა ამ მიზნებისათვის შექმნილ ინსტიტუტებს - სასამართლოებს. მაგრამ ფარაონები სულაც არ თვითიზოლირდნენ სამართლიანობისგან - ეგვიპტის მმართველები განაგრძობდნენ მონაწილეობას ყველაზე რთულ და გახმაურებულ პროცესებში.


მკვლელობა



ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ძალების მიერაა ბოძებული და ვინც მას წაართმევს, თავად სიკვდილის ღირსია. ამგვარად განსჯიდა ნილოსის პირას მცხოვრები ხალხი, ჯერ კიდევ უძველეს დროში. მაგრამ ამავე დროს, ეგვიპტეში ანსხვავებდნენ განზრახ და შემთხვევით მკვლელობას. განზრახ მკვლელობა ყოველთვის არ ისჯებოდა სიცოცხლის ჩამორთმევით - ზოგჯერ ფსიქოლოგიური სასჯელი წესდებოდა და ეს შეიძლება სიკვდილზე ბევრად უარესი ყოფილიყო.

image

ადამიანი, რომელმაც მამა ან დედა მოკლა, საშინელი წამების ობიექტი ხდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ისჯებოდა სიკვდილით. ბავშვის მკვლელ მშობლებს კიდევ უფრო დახვეწილად სჯიდნენ. მათ მსხვერპლის მკვდარ სხეულს აბამდნენ და სამი დღე-ღამის განმავლობაში ამყოფებდნენ ცხელ ადგილზე, მცველების მეთვალყურეობის ქვეშ. მკვლელებს სიკვდილით მხოლოდ მას შემდეგ სჯიდნენ, როდესაც ცხედარი გახრწნას დაიწყებდა.


ფრანგი ეგვიპტოლოგი ფრანსუა დიუმა ამტკიცებს, რომ ეგვიპტელები განსაკუთრებით დახვეწილნი არ ყოფილან სიკვდილით დასჯის საქმეში. ყველაზე ხშირად, სიკვდილმისჯილს უბრალოდ მდინარეში აგდებდნენ, რათა ის ნიანგებს შეეჭამა. ზოგჯერ სიკვდილმისჯილი განსაკუთრებულ წყალობას იღებდა - მას ეძლეოდა საშუალება თავად დაესრულებინა სიცოცხლე.


იმ შორეულ დროში სასამართლოს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა სამართლიანობაზე. თუ ხდებოდა იმის დამტკიცება, რომ მკვლელობა არ იყო განზრახ ჩადენილი, დამნაშავეს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ და ჯარიმის გადასახადს აკისრებდნენ, მსხვერპლის ოჯახის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მკვლელს სპეციალური განწმენდის რიტუალის გავლა უწევდა, რის შემდეგაც სახლში შესვლის უფლება ეძლეოდა.

image

მკვლელობის ფაქტის დამალვას, ან შეუტყობინებლობას, ეგვიპტის სასამართლო განსაკუთრებით მკაცრად სჯიდა, დამნაშავეები ყველაზე ხშირად, იზიარებდნენ მკვლელის ბედს და სიკვდილით ისჯებოდნენ. წმინდა ცხოველის ან ფრინველის, მაგალითად კატის ან იბისის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი ასევე სიკვდილი იყო. შემთხვევითი მკვლელობა სერიოზულ ჯარიმას იწვევდა.


მრუშობა (ქორწინების სიწმინდის დარღვევა)



ეგვიპტელთათვის მრუშობა ითვლებოდა დანაშაულად რელიგიის წინააღმდეგ და ასევე ისჯებოდა სიკვდილით. ეს დანაშაული გაგებული იყო, როგორც მამაკაცისა და დაქორწინებული ქალის ურთიერთობა. ძველი ეგვიპტის კანონების გრაგნილებში არაერთხელაა ნათქვამი, რომ თუ კი ადამიანი სხვის მეუღლეს ეტრფის, მაშინ იგი უდაოდ დამნაშავე ცოდვილია და, შესაბამისად, მხოლოდ სიკვდილს იმსახურებს.

image

მაგრამ, ეს მხოლოდ მამაკაცებს ეხებოდა. მოღალატე ცოლის ბედი კანონიერი ქმრის ხელში იყო. მას შეეძლო ეპატიებინა ან თვითონვე აერჩია სასჯელი. თუ მოტყუებული ქმარი არ მიმართავდა სასამართლოს, მაშინ საყვარელიც თავს არიდებდა სასჯელს- ეს ოჯახის შიდა პრობლემად ითვლებოდა და ოჯახის უფროსს შეეძლო ეპატიებინა როგორც დამნაშავესთვის, ასევე მოღალატე ცოლისთვის.


ქურდობა და ძარცვა



ქურდობა ჩვეულებრივ ისჯებოდა ძველი ეგვიპტის სასამართლოების მიერ ჯარიმებით. უფრო მეტიც, თანხა, როგორც წესი, სამჯერ მაინც აღემატებოდა მოპარულის ღირებულებას. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხებოდა კერძო ან საზოგადოებრივ ქონებას. თუ ეგვიპტელს ხელი წაუცდებოდა სახელმწიფო ქონებაზე, მაშინ იგი ვალდებული იყო ზიანი 180-ჯერ მეტი საფასურით აენაზღაურებინა!


ასევე, სამართალდამრღვევს საჯაროდ უნდა ეთხოვა პატიება ჩადენილისთვის. მას უნდა დაეფიცა, რომ არასოდეს გაიმეორებდა თავის დანაშაულს. ზოგჯერ ამის შემდეგ, ქურდს მუშტებით აყენებდნენ 100 დარტყმას, რაც სხშირად ტრავმით და სიკვდილითაც კი სრულდებოდა. ამასთან, დილოდნენ, რომ ცემით არ მოეკლათ დამნაშავე, რადგან მას უკვე მოუხდა მოპარული საქონლის დაბრუნება და ჯარიმის გადახდა ან გამომუშავება.

image

ქურდი, რომელსაც ჯიუტად არ სურდა თავისი დანაშაულის აღიარება ან უარს ამბობდა საჯარო მონანიებაზე, ავტომატურად გადადიოდა გამოუსწორებელ დამნაშავეთა სიაში და მას ნიანგებით სავსე მდინარეში აგდებდნენ. ასევე ექცეოდნენ მძარცველებსაც, მკვლელობის შემთხვევაში.


კორუფცია სახელმწიფო მოხელეებს შორის



რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გვიპტის სასამართლოები თითქმის არ იყვნენ შემჩნეულნი მოსყიდვაში. კორუფციაში შემჩნეულ მოხელეს სირცხვილით სდევნიდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გლეხთა კატეგორიაში გადაჰყავდათ. რასაკვირველია, სანამ კორუფციონერი გლეხის საქმიანობას შეუდგებოდა, მას უნდა აენაზღაურებინა დანაკარგი.

image

გამონაკლისის სახით, ამპარტავან და ქედმაღალ მოხელეებს უხდებოდათ სასამართლოს წინაშე წარდგენა. ასეთი დანაშაული არ ითვლებოდა მძიმედ, ამიტომ ბრალდებულთაგან ბევრი ქრთამის საშუალებით არიდებდა თავს სასამრთლოს. წერილობითი წყაროებიდან ვიცით, რომ ეგვიპტელი იურისტები საფუძვლიანად იყვნენ კორუმპირებულნი და ხშირად ბრალდებულს სასამართლო სხდომამდე ათავისუფლებდნენ.


სახელმწიფო ღალატი



ყველა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განსაკუთრებით ფარაონის პიროვნებისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ისჯებოდა რაც შეიძლება მკაცრად. ამ შემთხვევაში სასჯელი საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის ერთი იყო - სიკვდილი. სიკვდილით დასაჯეს ფარაონთან დაახლოებული პირები და მისი ცოლები - ასეთი შემთხვევა მოხდა რამსეს III-ის დროს, როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეორეხარისხოვანმა ცოლმა - თიამ შეთქმულება მოაწყო ფარაონის წინააღმდეგ.


შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო თიას ძის ეგვიპტის ტახტზე ასვლა მმართველის კიდევ რამდენიმე ცოლი, მისი კარისკაცები და მხედართმთავარიც კი მონაწილეობდნენ. რამსეს მე-III დაიღუპა, მაგრამ ამან თიას ძე ძალაუფლებაში ვერ მოიყვანა. რამზეს მე-IV გახდა ახალი ფარაონი, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, მოღალატეები და ფარაონის მკვლელები კი შეიპყრეს და გაასამართლეს.

image

მათ ყველას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ მანამდე სახელების ჩამორთმევის ცერემონია გაიმართა. ყველა მოღალატეს მიანიჭეს დამამცირებელი მეტსახელი და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ დასჯილებს არ შესძლებოდათ ღირსეულად ცხოვრება მკვდართა საუფლოში. ფარაონის მკვლელობაში მონაწილე პირები აიძულეს თავი მოეკლათ, სხვები კი უბრალოდ ნიანგებს მიუგდეს.


აკლდამების ძარცვა



სამარხებისა და ტაძრების მძარცველებისადმი ეგვიპტის სასამართლოები ისევე დაუნდობელნი იყვნენ, როგორც მოღალატეებისადმი. ფარაონებთან და კეთილშობილ პირებთან ერთად დაკრძალული იყო უამრავი ღირებული რამ, რაც მუდამ გემრიელ ლუკმას წარმოადგენდა მძარცველებისთვის. ბოროტმოქმედებს არ ჩამორჩებოდნენ თავად ფარაონებიც - როდესაც ხაზინა ცარიელდებოდა, მმართველს შეეძლო დაეცარიელებინა წინამორბედთა აკლდამები.

image

მაგრამ ეს უკვე აკლდამათა ძარცვას აღარ წარმოადგენდა, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საკითხი იყო, თუმცა მისი აფიშირება არასოდეს ხდებოდა. მძარცველები კი სამარხებს საიდუმლოდ აცარიელებდნენ, ანადგურებდნენ ყველაფერს, რისი წაღებაც არ შეეძლოთ, ამასთანავე ზიანდებოდა მუმიები. ზოგიერთებს განსაკუთრებით გაუმართლა. მაგალითად, რამსეს მე-II 5-ჯერ დაკრძალეს - ყოველი ძარცვის შემდეგ განმეორებით.


ძველ ეგვიპტეში იყვნენ ისეთებიც, ვისაც სურდა ტაძრის დარბევა. ჯოგჯერ ღმერთების სახლებიდან იპარავდნენ ყველაზე ღირებულს - წმინდა ცხოველებს. თუ ქურდი ყიდდა ხარს, კატას ან იბისს, მაშინ იგი სიკვდილით ისჯებოდა, თუ თავისთვის იტოვებდა, ამ შემთხვევაში დამნაშავეს აჭრიდნენ ცხვირს და აყენებდნენ 100 დარტყმას მათრახით. გარდა ამისა, ქურდს 100-ჯერ უნდა აენაზღაურებინა ტაძრისთვის მიყენებული ზიანი.






0
579
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0