x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?

image

სახლს ქალაქ პრაღაში, რომელიც კარლოვი მოედნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, დღეს ფაუსტის სახლს უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, მე-16 საუკუნეში, აქ გერმანელი შავი მაგიის მიმდევარი, იოჰან გეორგ ფაუსტი ცხოვრობდა. ჩეხები თვლიან, რომ გოეთეს რომანის გმირმა სწორედ აქ დადო ცნობილი გარიგება ეშმაკთან, რომელზეც სისხლით მოაწერა ხელი.

image

როცა ფაუსტის მიწიერი ცხოვრება დასრულდა, სატანამ იგი თავისთან მიიხმო. შედეგი ისეთი სიძლიერის იყო, რომ ჭერში დიდი ხვრელი დარჩა. მისი შეკეთება ხელოსნებმა მაშინვე ვერ შეძლეს, მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდა "ჯოჯოხეთის" ხვრელის ამოქოლვა.

შეგახსენებთ, რომ იოჰან გოეთე თავის უკვდავ ტრაგედიას "ფაუსტს", 60 წლის განმავლობაში წერდა. ეს ნაწარმოები მან დოქტორ ფაუსტზე გავრცელებული ლეგენდის შთაგონებით დაწერა, სადაც დოქტორმა სატანას მიჰყიდა სული.

image

მიუხედავათ იმისა, რომ თვითონ ფაუსტი ისტორიული პიროვნება იყო, მისი სიკვდილის შემდაგ მითი და სინამდვილე ერთმანეთში აირია.

ბნელი საქმე

რეალური იოჰან ფაუსტი დაიბადა გერმანიის ქალაქ კნიტლინგენში 1480 წელს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიებიც. განათლების მიღების შემდეგ 28 წლის ფაუსტი მასწავლებლად მოეწყო კრეიცნახში, მაგრამ მისი მისტიკური გარეგნობა და უცნაური ცდები ქალაქის მაცხოვრებლებს აშინებდა და იგი კრეიცნახიდან გააგდეს.

image

სხვა ლეგენდის თანახმად, იოჰანი 29 წლამდე ღვთისმეტყველებას სწავლობდა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში, სადაც თეოლოგიის ბაკალავრი გახდა. მისტიკით გატაცებამ იგი კრაკოვის უნივერსიტეტში მიიყვანა, სადაც ისევ გააგრძელა მაგიასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ მან დაიწყო მოგზაურობა ევროპაში. თავს ირჩენდა იმით, რომ ხსნიდა ჯადოებს და ატარებდა შელოცვის რიტუალებს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ფაუსტის ეშინოდათ, მაგრამ კლიენტების რაოდენობა მაინც უამრავი იყო, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას თავსატეხს უჩენდა. 1532 წელს ქ. ნიურნბერგის ხელისუფლებამ "დიდ სოდომისტს და ნეკრომანტს, დოქტორ ფაუსტს" აუკრძალა ქალაქში შესვლა. ამ აზრის იყო ქ. ერფურტის ხელისუფლებაც. ისტორიული წყაროების თანახმად, 1540 წელს ქ. შტაუფენ–იმ–ბრაისჰაუს სასტუმროში, ერთ-ერთი მაგიური რიტუალის მსვლელობის დროს გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. ფაუსტი დაიღუპა... მისი სხეული საცოდავი შესახედი იყო... გვამის შემხედვარე ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ვინ თუ არა, თვითონ სატანა მოვიდა თავისი მსახურის წასაყვანად.

ერთი მეორის მიყოლებით

შენობა, რომელიც ახლა ფაუსტის სახლად იწოდება, აშენებულია ჩეხეთის პირველი სამეფო დინასტიის–პრჟემისლოვიჩების სასახლის ადგილზე.

image

დინასტიის ერთ–ერთი წევრი, თავადი ვაცლავი, დაინტერესებული იყო ფიზიკური და ქიმიური ცდებით, რისთვისაც ხალხმა სატანის მსახურად მონათლა. ცოტა მოგვიანებით, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორის, რუდოლფ მეორის (1552–1612) მმართველობის პერიოდში, ე.ი. უკვე ისტორიული ფაუსტის სიკვდილის შემდეგ, სახლი იყიდა იმპერატორის ვარსკვლავთმრიცხველმა იაკუბ კუცინკემ. მისმა ორმა შვილმა რაღაც ვერ გაიყვეს ერთმანეთში და უმცროსმა ძმამ უფროსი ძმა მოკლა. მკვლელი ვაცლავის მოედანზე ჩამოახრჩვეს. 1590 წელს სახლი შეიძინა ინგლისელმა ალქიმიკოსმა ედვარდ კელიმ. სხვადასხვა ტრიუკების გამოყენებით კელიმ მოიპოვა ავტორიტეტი გავლენიან პირებს შორის და სარგებლის გამორჩენის მიზნით არისტოკრატებს ატყუებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მან იმპერატორ რუდოლფ მეორის ფავორიტი მოკლა, იგი ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სახლის შემდეგი პატრონი გახდა ფერდინანდ მლადოტი. იგი მრავალ ცდებს ატარებდა ქიმიასა და ფიზიკაში, ხალხი ხშირად ხედავდა ფანჯრებში ცეცხლის ანარეკლებს. მისი საქმე შვილმა, პეტრემ გააგრძელა, რომელსაც ასევე მაგად თვლიდნენ და ეშინოდათ მისი.

გასაკვირი არ არის, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის, კარლოვის მოედანზე მდებარე სახლი, სატანის მსახურის სახელთან ასოცირდებოდა. ამიტომ, როცა გოეთემ 1808 წელს გამოსცა თავისი "ფაუსტი", პრაღელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სახლი იდეალურად შეეფერება მეამბოხე დოქტორს.

არცერთი სანდო ისტორიული ქრონიკები არ მიუთითებენ ფაუსტის პრაღაში ყოფნაზე, მაგრამ ლეგენდა საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. სახლის ახალმა მდგმურებმა კი უფრო გაამყარეს იგი. ასე, მე-19 საუკუნის ბოლოს, სახლში დაბინავდა მღვდელი კარელ იაენიგი. ბინის კედლები მან შავად შეღება და საფლავის წარწერებით შეამკო, თვითონ კი საწოლის ნაცვლად კუბოში ეძინა, მაგიდაზე ადამიანის თავის ქალა ედო, ოთახის კუთხეში კი ყულფი იყო ჩამოკიდებული.

პრაღის მმართველობამ, გადაწყვიტა რა შენობის ცუდი რეპუტაცია მოესპო, 1903 წელს იქ საავადმყოფო მოაწყო. 1945 წლის 14 თებერვალს სახლს ბომბი დაეცა, რომელმაც დააზიანა სახლის სახურავი და ორი სართული, მაგრამ რატომღაც არ აფეთქდა. ამბობენ, რომ ბომბის დაცემის ადგილი, ზუსტად ის ადგილია, საიდანაც სატანამ ფაუსტი წაიყვანა.

მოდი და ნუ დაუჯერებ ამის შემდეგ მისტიკას.

0
270
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0