სხვა „მაოხრებელი გზირი“ 2020, 25 მაისი, 15:15 დიდი ხნის წინათ, ახლანდელი თურქეთის მიწა-წყალზე, კლარჯეთის მხარეში, ქართველები ცხოვრობდნენ. აქ ერთ ქართულ სოფელში იყო ერთი გოთვერანი გზირი, ანუ სახელმწიფო მოხელე. ეს კაცი იმისთანა ანჩხლი და უბედურის ერთი იყო, რომ მთელი სოფელი აკლებული და გამწარებული ჰყავდა. გზირს სული იმაში ამოსდიოდა, თუ როგორ დაებიზღებინა თავისიანები თურქ ხელისუფლებთან და როგორ გაეღელიტვინებინა ისინი. ამის გამო თურქები თავიანთ კაცად თვლიდენ და უპირობოდ ენდობოდნენ.
სიკვდილი ვის უყვარს, მაგრამ ვიდრე სიკვდილი არსებობს, მანამდე იმისი იმედიც არსებობს, რომ უხეირო ადამიანი ადრე თუ გვიან მოშორდება “ტურფასა საბაღნაროსა”. ჰოდა ამ ჩვენს გზირსაც მოუვიდა სიკვდილის ჟამი. ვიდრე მიქელა წამოადგებოდა თავზე, დაიბარა მან თავისი თანასოფლელები და თავმოკატუნებულმა უთხრა:
მაპატიეთ, რომ მე მთელი ცხოვრება გამწარებდით, თქვენ კიდევ არასდროს გქონიათ შანსი, რომ ჩემთვის სამაგიერო გადაგეხდათ. ამიტომ, ღმერთს გაფიცებთ, როგორც კი მოვკვდები, ყელზე თოკი მომაბით და ქუჩა-ქუჩა მათრიეთ, მერე მომკიდეთ ხელი და ხეზე ჩამომკიდეთ!
ხალხიც გაბრიყვდა. როგორც კი მოკვდა გზირი, მოკიდეს ხელი მის გვამს და სიტყვა-სიტყვით შეუსრულეს სურვლი: ქუჩა-ქუჩა ათრიეს მისი გვამი და მერე, თრევით რომ გული იჯერეს, ხეზე ჩამოკიდეს.
შემთხვევით იმ სოფელში გამოიარა ვიღაცა თურქმა მოხელემ და ნახა ხეზე ჩამოკიდებული გზირის გვამი. მაშინვე მთავრობას აცნობა: ამა და ამ სოფელში ჩვენი ერთგული გზირი ჩამოუხრჩვიათო ხეზე. ხელისუფლებამ მაშინვე მიუსია მოხელეები სოფელს და იმისთანა ჯარიმა აჰკიდა, რომ ლამის მთელ სოფელს ლუკმა-პური გაუხდა სანატრელი. იმ სოფლის ხალხი მოდგნენ ამ სულძაღლ გზირსა და გულიანად აგინეს, თან ამბობდენ: “ამ ოხერმა, ცოცხალმა ხომ გაგვაუბედურა და მკვდარმა კიდევ სულ დედა გვიტირაო". 777 შეფასება არ არის
|