x
image
მანანა თურმანიძე
რით დავიცვათ იმუნიტეტი, რომელიც გვიცავს დასნებოვნებისგან

image


სტრესი აქვეითებს იმუნიტეტს

იმუნიტეტის გაძლიერების იდეა დამაბნეველია, მაგრამ ამის შესაძლებლობა არსებობს. იმუნური სისტემა, კარგად რომ იმოქმედოს, მოითხოვს ბალანსს და ჰარმონიას. მკვლევარებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან იმუნური რეაქციების სირთულეებისა და ურთიერთკავშირების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების წესის გავლენა იმუნურ სისტემაზე არ მოქმედებს. მკვლევარები იკვლევენ დიეტის, ვარჯიშის, ასაკის, ფსიქოლოგიური სტრესის და სხვა ფაქტორების გავლენას იმუნურ რეაქციაზე, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების სტრატეგიები კარგი გზაა იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე გადასვლის დასაწყებად.

შფოთვა, ქრონიკული სტრესი, პანიკის შეტევები - ასეთი პრობლემები სულ უფრო ხშირად გვხვდება ადამიანებში, განსაკუთრებით ვირუსული ეპიდემიის დროს, როდესაც პანდემიამ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან ამოგვაგდო. საიდუმლო არ არის, რომ სტრესი მხოლოდ აქვეითებს იმუნიტეტს და ამძიმებს სიტუაციას. შეეცადეთ დაისვენოთ და იზრუნოთ თქვენი იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ეს არის დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა.

ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევარები გვირჩევენ, რომ პირველი ხაზის დაცვა ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევაა. ეს არის ერთადერთი საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ, რათა ბუნებრივად შეინახოთ თქვენი იმუნური სისტემა ძლიერი და ჯანმრთელი. ორგანიზმის თითოეული ნაწილი, თქვენი იმუნური სისტემის ჩათვლით, უკეთესად მოქმედებს, როდესაც დაცულია გარემოსდაცვითი თავდასხმებისაგან და გაძლიერებულია ჯანმრთელი ცხოვრების სტრატეგიებით, როგორიცაა:

  • არ მოწიოთ
  • აირჩიეთ დიეტა ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველობით
  • ივარჯიშეთ რეგულარულად
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • თუ ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ, მიიღეთ ზომიერად
  • კარგად გამოიძინეთ
  • დაიცავით ზომები ინფექციის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, ხელების ხშირი დაბანვით და საკვების, განსაკუთრებით ხორცის, თერმული დამუშავების გზით, საფუძვლიანად მომზადებით.
  • შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესი

როგორ გავაკეთოთ ეს? ქვემოთ მოცემულია მეცნიერების ყველაზე ცნობილი რჩევები

image

იკვებეთ სრულფასოვნად

იმისათვის, რომ იმუნური სისტემა ოპტიმალურად მოქმედებდეს, თქვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ცილები, ცხიმები, მინერალები და ვიტამინები, განსაკუთრებით A, C და B ჯგუფის. თეთრი ხორცი, თევზი და პარკოსნები ცილის საუკეთესო წყაროა. ეს საკვები ყოველდღიურად უნდა იქნას მოხმარებული. უმჯობესია მონაცვლეობით, კვირაში 4-5 -ჯერ მიიღოთ თევზი ან ხორცი, ხოლო სხვა დღეებში უპირატესობა მიანიჭოთ პარკოსნებს, როგორიცაა ლობიო, ბარდა და ოსპი. ყვითელი და წითელი ბოსტნეული შეიცავს ჭარბი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად. კომბოსტო, კენკრა, ციტრუსები, ოხრახუში - C ვიტამინის რაოდენობის შემცველობაში რეკორდსმენები არიან. კაკალი (თხილი, ნიგოზი, წაბლი, ნუში, არაქისი და ა.შ.) სასარგებლო მინერალების შესანიშნავი წყაროა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორიც არის ომეგა 3, მაგენზიუმი, ვიტამინი E და შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს მრავალი ქრონიკული დაავადების რისკის ფაქტორების შემცირებაში, მათ შორის გულის დაავადებების და დიაბეტის დროს.

image

დალიეთ ბევრი წყალი

წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებსა და ნივთიერებებს, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსების მოქმედების შედეგებს. დეჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმის გაუწყლოვანება იწვევს ორგანიზმის დაბერებას და არაჯანსაღ პროცესებს უწყობს ხელს. წყლის ნაკლებობის გამო ორგანიზმში ირღვევა გაცვლითი პროცესები და არ გამოიყოფა ტოქსინები. ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება. ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია 1 თვე იცოცხლოს, წყლის გარეშე კი – მხოლოდ ერთი კვირა ძლებს. წყალს ორგანიზმიდან გარეთ გამოაქვს ნარჩენები და ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებას. წყალი ასევე ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკსაც.

სხვათა შორის, წყლის არა მხოლოდ შინაგანი მიღება, არამედ მისი პროცედურებიც არანაკლებ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძილის წინ ბანალური ცხელი აბაზანის მიღება, მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმში ჰორმონ ოქსიტოცინის დონეს - რომელიც პასუხისმგებელია კმაყოფილების გრძნობაზე და ამცირებს შფოთვას, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

image

კარგად გამოიძინეთ

ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ, 7-8 საათი სჭირდება ძილისთვის. ძილში აქტიურად გამოიყოფა სპეციალური ცილები - ციტოკინები, რომლებიც ორგანიზმს ანთების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ძილი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ნერვული სისტემის ჯანმრთელობასთან, ასევე ნაწლავების მიკროფლორის მდგომარეობასთან, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის. ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს ძილს, ის ხელს უწყობ ზრდას. თუ ბავშვი ძილის გამო კვებას გამოტოვებს, ნუ გააღვიძებთ, მისთვის ძილი მეტად ფასეულია, ვიდრე კვება.

image

იმოძრავეთ და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე

ვარჯიში გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, რომელიც ხშირად ხდება ინფექციებისა და გაცივებების მიმართ ორგანიზმის დაუცველობის მიზეზი. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ორგანიზმის ენერგიით გაჯერებისთვის, საკმარისია ყოველდღიურად შევასრულოთ 20-30 წუთიანი მარტივი ვარჯიში, ან რამდენიმე დამამშვიდებელი იოგას ასანი.

სიარულის დროს სისხლი იწყებს უფრო ინტენსიურად მოძრაობას სისხლძარღვებში, ხოლო შინაგან ორგანოებს ჟანგბადი უფრო აქტიურად მიეწოდება, მათ შორის ფილტვებს. უმჯობესია პარკებში ან ტყეებში სეირნობა. სუფთა ჰაერზე სიარული ხელს გიწყობთ სტრესის დაძლევაში და ამავე დროს ენერგიას და სიცოცხლისუნარიანობას შეგმატებთ.

image

ნაკლები ალკოჰოლი

მითი, რომ ალკოჰოლი გვეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში დაიმსხვრა. ჭარბი ალკოჰოლის მიღება უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. მისი მოქმედების ქვეშ ორგანიზმი ძნელად გამოიმუშავებს T უჯრედებს, რომლებიც შთანთქავენ პათოგენებს, რაც განსაკუთრებით საშიშია კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე.

image

რეგულარულად მიიღეთ მზის და წყლის აბაზანები

თუ მზეზე ცოტა დროს ატარებთ, სავარაუდოდ D ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ და ეს, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მუშაობაზე. შეეცადეთ გაატაროთ მზეზე დღეში მინიმუმ 20-30 წუთი. ასევე, კარგია დიეტის გამდიდრება D ვიტამინით მდიდარი საკვებით. ასეთებია - ზღვის ცხიმიანი თევზი, კვერცხი და სოკო.

მზის აბაზანები სასარგებლოა, მაგრამ ზომიერად, დილის 11 საათამდე და საღამოს 17 სთ-ის შემდეგ. შუადღის მზე საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და მხოლოდ ზიანს აყენებს მას. მზის სხივების გადაჭარბებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა, მზის დაკვრა და სხვადასხვა მავნე პროცესები ორგანიზმში, ამიტომ რეკომენდირებულია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

ცნობილია, რომ ტრადიციულად, იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად, მედიკოსები ხშირად ურჩევენ პაციენტებს ზღვაზე დასვენებას. მზის და წყლის აბაზანებს ადამიანებს უნიშნავდნენ უხსოვარი დროიდან, სტრესების და ორგანიზმის სისუსტის დასაძლევად. წყლის მაკურნებელ ძალაზე ბევრი რამ თქმულა, მისი შინაგანი მიღება არა მხოლოდ აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ბევრ დაავადებასაც კურნავს. აღსანიშნავია, რომ არც წყლის აბაზანებია ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ცურვა სპორტის ერთერთი ყველაზე ჯანსაღი სახეობაა, რომელსაც უამრავი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე. მაგრამ, თუკი ამის საშუალება ყოველდღიურად არ გაქვთ, სასურველია თბილი შხაპის ან აბაზანის მიღებით ჩაანაცვლოთ. წყლის და მზის პროცედურები ამაღლებს იმუნიტეტს, აკაჟებს ორგანიზმს და უებარი წამალია სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით.

image

უფრო ხშირად გაიღიმეთ

ღიმილი გიხდებათ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ცნობილია, რომ, როდესაც ვიცინით, ენდორფინები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები, იწყებენ ინტენსიურად წარმოქმნას ჩვენს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, მათ აქვთ სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ ხსნიან დაძაბულობას და დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ტვინის მუშაობაზე, იწვევენ არტერიული წნევის სტაბილიზაციას, დეპრესიისა და პანიკის შეტევების შემცირებას და ზოგადად, იმუნიტეტის ზრდას.

ალბათ შენიშნავდით, როდესაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში სტრესული მდგომარეობა აქვს, მოულოდნელად უჩნდება სიცილის დაუოკებელი მოთხოვნილება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც გარკვეულ შვებას ანიჭებს მას. ამიტომ უტყდებათ სიცილი ყველაზე შეუფერებელ სიტუაციებში. ხანგძლივი სტრესი ადამიანის ორგანიზმს და იმუნურ სისტემას ასუსტებს, ამიტომ ტვინი, სასწრაფო დახმარებსათვის მიმართავს სიცილის რეფლექსს, როგორც საუკეთესო თავდაცვით საშუალებას. ამის გამო, შავი შოკოლადის მიღებასაც კი ურჩევენ ექიმები სტრესის დროს. შავი შოკოლადი შეიცავს უამრავ სასარგებლო მინერალებს, აგრეთვე ანტიოქსიდანტებს, ფლავოლინსა და პოლიფენოლს. ის სასარგებლოა არა მხოლოდ სტრესების დასაძლევად და გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად, არამედ აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას, ასტაბილურებს არტერიულ წნევას და ა.შ. თუმცა მას აქვს უარყოფითი თვისებებიც, ამდენად უმჯობესია დავიცვათ ზომიერება, ისევე, როგორც ყველაფერში.

არანაირი გვერდითი მოვლენები და უარყოფითი თვისებები არ აქვს ღიმილს და სიცილს. მეცნიერები თვლიან, რომ ნერვულ-ფსიქიური დაძაბულობა იწვევს სისხლძარღვების შიდა კედლების დაზიანებას, გადაჭარბებული ნერვული დაძაბულობა და პესიმიზმი კი - გარკვეული ტიპის ანთებით რეაქციებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში იწვევენ ქოლესტერინის დაგროვებას გულის (კორონარულ) სისხლძარღვებში, რამაც შესაძლოა გულის იშემიურ დაავადებამდეც კი მიგვიყვანოს. მეცნიერების აზრით, როდესაც ვიცინით, უმჯობესდება გულის კუნთის მუშაობა, სისხლი უფრო მაღალი ინტენსივობით მდიდრდება ჟანგბადით, ხოლო ჭარბი კალორიები უფრო სწრაფად იწვის. აქ კი, დოზირებაც ჩვენი ნებაა. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ღიმილი დეპრესიის და ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის მძლავრი იარაღია.

ამიტომ, გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

5
516
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
516
  
2020, 21 აპრილი, 14:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 12:26
მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მაღალი შეფასება! ალკოჰოლის მიღებას კი მაინც ზომიერად გირჩევთ, ოქროს შუალედის დაცვა ყველაფერში - ოქროს წესია :)
2020, 21 აპრილი, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 აპრილი, 0:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5