x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბეჭდების მბრძანებელი" - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა
"ბეჭდების მბრძანებელი" - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა


ინგლისელმა მწერალმა, პოეტმა, ფილოლოგმა, აკადემიკოსმა ჯონ რონალდ რეუელ ტოლკიენმა (1892-1973) ევროპულ მითოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა უკვდავი ნაწარმოებები - "ბეჭდების მბრძანებელი" და "ჰობიტი". ის იწოდა თანამედროვე ფენტეზის მამად. ამ ნაწარმოებებში მთავარი მოქმედება ვითარდება დედამიწის ლეგენდარულ წარსულში. ან შეგვიძლია ჩავთვალოთ პარალელური სამყაროს დედამიწაზე. ტოლკიენის დედამიწას ერქვა არდა (Arda). არდა შექმნა უმაღლესმა ღმერთმა სახელად, ილუვატარმა (Iluvatar). თავიდან, პირველ და მეორე ხანაში ეს პლანეტა იყო ბრტყელი და მასზე ორი კონტინენტი არსებობდა - შუახმელეთი და ვალინორი იგივე ამანი (Valinor, Aman), შუახმელეთთან ახლოს კი დიდი კუნძული სახელად ნუმენორი (Numenor). შემდეგ დადგა მესამე ხანა და უმაღლესმა ღმერთმა ილუვატარმა გაანადგურა კუნძული ნუმენორი და ასევე დატბორა შუახმელეთის დიდი ნაწილი სახელად ბელერიანდი და დისკოსებრ დედამიწას მისცა სფეროსებრი ფორმა. არდას კი არ უვლის გარშემო მზეს, არამედ მზე და მთვარე მას უვლის გარშემო. არდას სისტემაში შემდეგი პლანეტებია: სილინდო, კარნილი, ელემირი, ლუინილი, ლუმბარი და ნენარი. ყველაფრის ზუსტად გასააზრებლად აუცილებელია გავიგოთ როგორაა დაწყობილი ქრონოლოგიური სისტემა იმ სამყაროში და იმ პლანეტაზე, რომელსაც ჰქვია არდა: LOTR timeline..


არდა



ამანი ანუ ვალინორი (Valinor) არის არდას ორი კონტინენტიდან ერთ-ერთი. ის დალოცვილ სამყოფელად ან უკვდავ მიწებადაც იწოდება. შუახმელეთის კონტინენტის (Middle earth) დასავლეთით მდებარეობს და ოკეანე გამოჰყოფს მისგან. ვალინორი არის წმიდანთა სამყოფელი, ნახევარღმერთების, ანგელოზთა ანუ უმაღლესი ელფების და მკვდართა სულების მიწა.



ვალინორი



შუახმელეთი (Middle Earth) - არდას ორი კონტინენტიდან უდიდესი. მოკვდავთა სამყოფელი. ქართულ კოსმოგონიაში მას შეესაბამება შუასკნელი (ზესკნელსა და ქვესკნელს შორის მყოფი), კაცთა სამყოფელი, ადამიანთა მიწები, სკანდინავიურ მითოლოგიაში კი მანჰაიმი. შუახმელეთი იყო რვა დიდ რეგიონად: ლინდონი (Lindon), ერიადორი (Eriador), როჰანი (Rohan), გონდორი (Gondor), რჰოვანიონი (Rhovanion), რჰუნი (Rhun), მორდორი (Mordor) და ჰარადი (Harad).


შუახმელეთის რუკა


ამ შვიდი რეგიონიდან თითოეული შეიცავს სხვადასხვა სამეფოს და ქალაქს. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:


1. ლინდონი (Lindon) - ელფების სამყოფელი რეგიონი, ცისფერი მთების დასავლეთით მდებარე. მისი დედაქალაქია ნაცრისფერი ნავსაყუდელი. მთავარი დაბები კი ფორლონდი (Forlond), ჰარლონდი (Harlond) რომელიც იყო მინას ტირითის პორტი, თორინის დარბაზები, ჯუჯების დარბაზები და ჯუჯების მაღაროები ერედ ლუინში, ლურჯ მთებში. ლინდონი დასახლდა ჯერ კიდევ არდას პირველ ხანაში.


2. ერიადორი (Eriador) - შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი. თავად ის იყოფა შემდეგ ქვერეგიონებად: ანგმარი, არნორი, ართედაინი, ქარდოლანი, რჰუდაური, ერეგიონი, შირი და თორინის დარბაზები. თავდაპირველად ერიადორი ნანდორის ელფების სამყოფელი გახლდათ, სწორედ ელიადორის ნისლიან მთებშია გაშენებული ელფების ერთ-ერთი რჩეული ქალაქი რივენდელი. აქვეა გლადენის მინდვრები. შემდგომში ამ მიწებზე დასახლდნენ ადამიანთა სხვადასხვა ტომი, სულ ბოლოს კი მისი ერთ-ერთი რეგიონი - შირი მთლიანად ჰობიტებმა დაიკავეს და იქ სახლობენ. რეგიონის სალაპარაკო ენებია ვესთრონი და ჰობიტური. აქ დღემდე სამივე რასა: ელფები, ადამიანებიც და ჰობიტებიც გვერდიგვერდ სახლობენ, თუმცა ერთმანეთს არ ერევიან, ვინაიდან ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოშორებული დასახლებები აქვთ.


3. როჰანი (Rohan) - ეს სამეფო სხვანაირად ასევე იწოდება როგორც რაიდერმარკი (მხედართმარკი), უბრალოდ მარკი, ცხენოსანთა მარკი, როქანდი ან როქანი. მოიცავს ფანგორნის ტყიდან - თეთრ მთებამდე გაშლილ მიწა-წყალს. მდინარეების ისენს, იგივე ანგრენს და ენთვოშს შორის. როჰანის დედაქალაქი არის ედორასი (Edoras). როჰანის სამეფოს რეგიონებია: ისთემნეთი (აღმოსავლეთ ემნეთი), ვესთემნეთი (დასავლეთ ემნეთი), ისთფოლდი, ვესთფოლდი და ასევე ვოლდი. ამ სამეფოში სახლობს ადამიანთა ერი სახელად როჰირიმი და ასევე დურინის ხალხი - ჯუჯების მოდგმა. სახელმწიფოს სასაუბრო ენებია როჰირიმული, ვესთრონი და ხუზდული.


4. გონდორი (Gondor) - ეს დიდებული სამეფო შუახმელეთის სამხრეთ მიწებს იკავებს. ამ სახელმწიფოს ბევრ სხვა სახელს უწოდებენ, ესენია: ჰიარალონდი, ჰიალონდი, თურმენი, ჰიალონდიევა, სთონინგლანდი ან სამხრეთ-სამეფო. მისი ყოფილი დედაქალაქია ოსგილიათი, ხოლო შემდეგ დედაქალაქი გადმოიტანეს მინას ტირითში. გონდორის სამეფოს სასაუბრო ენებია ადიუნაიქი, ვესთრონი და სინდარინი.


5. რჰოვანიონი (Rhovanion) - ამ რეგიონს სხვანაირად ჰქვია ასევე ვაილდერლანდი, ველურმიწეთი და იკავებს შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას. მისი ქვერეგიონებია: ხაზად-დუმი, ლოთლორიენი, ტყიანი მხარე, დეილის სამეფო, იგივე დეილის ქალაქ-სახელმწიფო, ეული მთა, რკინის ბორცვები და დოლ გულდური. რჰოვარიონი ბევრ სხვადასხვა მოდგმის და არსების განსახლების დიდი რეგიონია. აქ სახლობენ თუ ბინადრობენ: ჯუჯები, ელფები, ჰობიტები, ადამიანები, ორკები, არწივები და დრაკონები.


6. რჰუნი (Rhun) - ამ რეგიონს სხვაგვარად აღმოსავლეთ მიწას ეძახიან იმიტომ, რომ შუახმელეთის კონტინენტის აღმოსავლეთ მიწებზეა გადაჭიმული. რჰუნის დიდი რეგიონი სამ ქვერეგიონად იყოფა: დორვინიონი, კუივიენენი და ჰილდორიენი. დორვინიონი მაგალითად მთელ შუახმელეთზე საუკეთესო ღვინითაა ცნობილი. რჰუნი ჯუჯებითა და ელფების ერთ-ერთი მოდგმით - ავარებითაა დასახლებული. რჰუნის დიდი რეგიონის სალაპარაკო ენებია ადამიანური ენები, რომელიც სხვა რეგიონებისთვის შუახმელეთზე სრულიად უცნობია, ასევე ხუზდული და ავარული ენები.


7. მორდორი (Mordor) - ეს მძლავრი საომარი სამეფო მდებარეობს გონდორის სამეფოს აღმოსავლეთით, შემოფარგლავს ერედ ლითუი ანუ ნაცრის მთები და ეფელ დუათი ანუ აჩრდილთა მთები. მორდორის სახელმწიფოს დედაქალაქია ბარად-დური. აქვე მდებარეობს ბედისწერის მთა ოროდრუინი, სადაც გამოიჭედა უძლიერესი ბეჭედი საურონის მიერ. მორდორის განაპირა მხარესაა მინას ითილის კოშკი. მორდორს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მკვდარი ჭაობები და ეს ჭაობები ჰყოფს მორდორსა და რჰოვანიონს. დასავლეთ მხრიდან კი მორდორს ესაზღვრება კირით უნგოლი ანუ ობობას ბილიკი, სწორედ ის ჰყოფს მორდორს გონდორისგან. მორდორის მცხოვრებლები არიან ურუქ-ჰაები. სალაპარაკო ენა არის შავსიტყვური (Black speech).


8. ჰარადი (Harad) - ეს რეგიონი მდებარეობს გონდორის და თვით მორდორის სამხრეთით. ესაა უცნობი მიწები, სადაც სამხრეთის ადამიანები სახლობენ. მათი მთავარი ქალაქის და სალაპარაკო ენა სხვადასხვა ადამიანური ენაა. ამ რეგიონს ასევე ეწოდება ჰარადვეითი, მზის მიწები ან სუზერლენდი. აქ სახლობენ ჰარადრიმები, ნუმენორეელები და შავი ნუმენორეელები.


"ბეჭდების მბრძანებელი" - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა

"ბეჭდების მბრძანებელი" - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა



შუახმელეთის მკვიდრი ადამიანისებრი არსებების სახეობები


1. გიგანტები (Giants) - ერიადორის დიდ რეგიონში, შირის ჩრდილოეთით, ჩრდილო მურების რეგიონში და ნისლიან მთებში მოსახლე 100 ფუტზე დიდი სიმაღლის უძველესი მოდგმა.


2. ენტები (Ents) - სახლობენ ერიადორის დიდ რეგიონში. ასევე სახლობდნენ ბელერიანდის მიწაზე, სანამ ხმელეთის ამ ნაწილს ოკეანე არ დაფარავდა. შემორჩენილნი არიან ფანგორნის ტყეში და ორთანქის თრიგარდში. ლაპარაკობენ ენტურ, ელფურ და ვესთრონურ ენებზე. არიან რამდენიმე მეტრიანი, დიდრონი ხეები, რომლებიც მოძრაობენ, აქვთ ინტელექტი და პიროვნულობა.


3. ოლოგ-ჰაი (Olog-hai) - ტროლების გაუმჯობესებული, უფრო ძლიერი რასა. სახლობენ მორდორის დიდ რეგიონში. ლაპარაკობენ შავსიტყვურ ენაზე. იზრდებიან 5 მეტრამდე, აქვთ პიროვნულობა, მაგრამ არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით.


4. ტროლები (Trolls) - სახლობენ ანგმარში, ტროლშოვში, მორდორში, ანგბანდში, ეთენმურსში და მორიაში. ლაპარაკობენ ვესთრონზე, შავსიტყვურზე და ორკულზე, არიან რუხი კანის ფერის და ადამიანზე დიდები იზრდებიან, ძლიერები არიან, მაგრამ დაბალი ინტელექტი აქვთ.


5. ოგრები, იგივე დევები (Ogres)


6. ურუქ-ჰაი (Uruk-hai) - ისინი სახლობენ მორდორში და იცავენ აიზენგარდს. ისინი არიან ორკების გაუმჯობესებული რასა, უძლიერესი და უასტიკესი მეომრები. ლაპარაკობენ შავსიტყვურ ენაზე.


7. გობლინები (Goblins) - ეს არის ორკების ის რასა, რომელსაც ახასიათებთ კლდეებში და მთების სიღრმეში ცხოვრება, გაჰყავთ უდიდესი გვირაბები და არიან მეომრები, მაგრამ უფრო მომცრო ტანის და უფრო სუსტი, ვიდრე ჩვეულებრივი, ხმელეთის ორკები.


8. ჰარადრიმები (Haradrim) - ადამიანთა ეს მოდგმა ჰარადრიმის დიდ რეგიონში ცხოვრობს. ვესტრონულ ენაზე მათ ეწოდებათ საუზრონები და ასევე სვერთინგები. მათი კანის ფერი შედარებით მუქია და სიცოცხლის ხანგრძლივობით ჩამოუვარდებიან ნუმენორეელებს. ჰარადრიმები ბოროტების მხარეს იბრძვიან.


9. ელფები (Elves) - შემქმნელი ღმერთის, ილუვატარის უძველესი პირმშოები, არდას პირველი მაცხოვრებლები, მოდგმათა შორის ყველაზე მაღალი ინტელექტის და სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონენი, ვინაიდან უკვდავები არიან, თუ მათი მკვლელობა არ მოხდა ომში ან სხვა მიზეზით, თავისი სიბერით არ კვდებიან, უბერებელნი არიან. სხვანაირად ელფები იწოდებიან როგორც ვარსკვლავების ხალხი და პირველშობილნი. ისინი ლაპარაკობენ სხვადასხვა ელფურ ენაზე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ელფი საუბრობს ენებზე სახელად ქვენია და სინდარინი. ასევე ელფები კარგად საუბრობენ ვესთრონზე. ელფების ერებია: ვანიარები, ნოლდორები, თელერები, სინდარები, ნანდორები, სილვანები, ფალმარები და ავარები. ყველა მათგანი თეთრკანიანია და ღია ფერის თმები და თვალები აქვთ, ასევე შეიძლება იყვნენ შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ქერა. არიან ძალიან მაღლები, დახვეწილი, გამხდარი ტანით, ფორმებით. გამოირჩევიან სიბრძნით და ბუნებასთან სრულიად სიმბიოზური, უვნებო, ურთიერთსასარგებლო არსებობით.


10. კაცობრიობა (Men) - სხვანაირად ამ მოდგმას ეწოდება მეორე რიგში შობილნი, ათანი, ჰილდორი, აფანონარი. ადამიანები შუახმელეთზე ცხოვრობენ შემდეგ გეოგრაფიულ არეალებში: ჰილდორიენი, ბელერიანდი, ნუმენორი, გონდორი, არნორი, როჰანი, დუნლანდი, ჰარადი, ხანდი, ფოროქელი, რჰუნი, რჰოვანიონი და შირი. ადამიანები ლაპარაკობენ შემდეგ ენებზე: ვესთრონი, ადუნაიქი, როჰირული, დალიური, რჰუნიული, ჰარადი და შავსიტყვური. კაცობრიობა შუახმელეთზე იყოფა შემდეგ მოდგმებად: ბეორიელები, ჰალადელები, ჰადორიელები, ისთერლინგები, ნუმენორეელები, შავი ნუმენორეელები, დუნედელები, არნორიელები, გონდორიელები, კორსაირელები, ფოროდვაითები, ჰარადრიმები, როჰირიმები, დუნლენდინგები, დეილის ხალხი, ბეორნინგები, ბარდინგები დრუედაელები და ჰობიტები. ჩვეულებრივი ადამიანები 80-დან 100 წლამდე ცოცხლობენ. ნუმენორელები - 300 - 350 წელი, ხოლო მათი მეფეები 400-500 წელი. დუნედაელები - 150-200 წელი. ჰობიტები 100 წელი ცოცხლობენ, ყველაზე ცოტა ხანს დრუედეელები ცოცხლობდნენ, რომლებიც შედარებით დაბლები, შავკანიანები და ტყეში მცხოვრები რასა იყო არდას არსებობის მესამე ხანაში. ადამიანები ყველაზე მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან შუახმელეთის ადამიანისებრი არსებებიდან. ადამიანების რასები თეთრკანიანებიც არიან, შავკანიანებიც და მათ შორის გარდამავალნიც. წითური, ქერა, შავგვრემანი. ველურიდან და ბოროტების მხარეს მებრძოლიდან დაწყებული მაღალგანვითარებულამდე და ჰუმანურამდე.


11. ჯუჯები (Dwarves) - დაბალი ტანის, უძველესი მეომარი არსებები, რომლებმაც შექმნეს დიდი ცივილიზაცია, მაგრამ დაკარგეს თავიანთი სამშობლო, საცხოვრისი და დიდი სიმდიდრე მათს მხარეში გამოჩენილი საზარელი დრაკონის გამო. ისინი 250-350 წელი ცოცხლობენ. ლაპარაკობენ ხუზდულ, ვესთრონულ და სინდარინულ ენებზე. მათ სხვანაირად ეძახიან ხაზადებს, ჰადჰოდრიმებს და ნაუგრიმებს.


12. ჰობიტები (Hobbits) - ადამიანთა ეს რასა იზრდება 60-დან 120 სანტიმეტრამდე. ლაპარაკობენ ჰობიტურ და ვესთრონულ ენებზე, არიან მშვიდობიანები, მისდევენ მიწათმოქმედებას და ფერმერობას. განსახლებულნი არიან შირში, ბრიში და მათი სხვადასხვა ტომი მოსახლეობს გლადენის მინდვრებზეც.


13. ვალარი სულები (Valar spirits) - ცხოვრობენ ალმარენში და ამანის კუნძულზე. არიან უკვდავები და ლაპარაკობენ შემდეგ ენებზე: ვალარიული, ქვენიური, სანდარიული, ტელერიული და ხუზდული.


14. მაიარი სულები (Maiar spirits) - ეს სულები ვალარების დამხმარედ გაჩნდნენ ადრეულ არდაზე. ისინი უკვდავები არიან, მაღლები, მაღალი ინტელექტით და დიდი ძალით.


"ბეჭდების მბრძანებელი" - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა



ფილმები "ჰობიტის" და "ბეჭდების მბრძანებლის" შესახებ, რომელიც ერთიანი ამბავია, არის შემდეგი თანმიმდევრობით საყურებელი:


1. ჰობიტი - მოულოდნელი მოგზაურობა (The Hobbit: An Unexpected Journey)

2. ჰობიტი - სმაუგის ნაოხარი (The Hobbit: The Desolation of Smaug)

3. ჰობიტი - ხუთი ლაშქრის ბრძოლა (The Hobbit: The battle of the five Armies)

4. ბეჭდების მბრძანებელი - ბეჭდის საძმო (The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring)

5. ბეჭდების მბრძანებელი - ორი კოშკი (The Lord of the Rings: The Two Towers)

6. ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება (The Lord of the Rings: The return of the King)



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
180