x
image
ბერდია
შექსპირის სონეტები 66; 73; 93; 95; 96; 125
66.
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, image
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

73.
შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ:
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა,
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მოუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღეებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ,
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ, _ სააქაოს თითქმის არღა ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად.


93.

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება:
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.

95
თუმც ალამაზებ შენს ცოდვიან ზნეს და ქმედებას,
თუმცა მშვენებაც გარეგნულად გრჩება უცვლელი,
ცოდვა ყოველი სამარცხვინო ლაქად გედება,
რადგანაც ჭიას ვერ გაუძლებს ვარდის ფურცელი.
შენს გასაჭორად ზოგჯერ თავს რომ გამოიდებენ,
შენვე მაქებრად გარდიქცევა შენი მძრახველი,
და უნებურად ყველა მღერის შენს სადიდებელს,
ვინმემ შემთხვევით თუ ახსენა შენი სახელი.
და დაებედა სილამაზეს ცოდვის ტარება,
სასახლედ შენ რომ აგირჩია მანკიერებამ,
მაგრამ ვერავინ იგრძნო შენი გადაგვარება,
რადგან მშვენების შემხედვარეთ ბანგი ერევა.
არ გათამამდე, გიჯობს ჩემთვის ყურის დაგდება:
უდიერობით უბასრესი ხმალიც ბლაგვდება.


96.
ზოგიერთები სიყმაწვილეს გითვლიან ცოდვად,
სხვებმა კი მთელი შენი ყოფა ცოდვად დასახეს,
და ბოლოს მაინც შენდა ქებად იწყებენ ბოდვას,
რადგან, მაცდურო, ღირსებებად ცოდვებს ასაღებ.
დედოფლის თითზე რიყის კენჭიც ალმასად ბრწყინავს,
ცოდვები ლაქად შენც ვერასდროს ვერ მოგედება,
ცოდვას დღევანდელს, ანდა ურცხვად ჩადენილს წინათ,
ბოლოს ხომ მაინც დაერქმევა ქველმოქმედება.
ო, რამდენ ბატკანს შეიწირავს ცბიერი მგელი,
სხეული მისი ბატკნის ქურქში თუ გაიმართა,
ცხოვრების გზაზე შენც რამდენი ზვარაკი გელის,
შენი მშვენების ჯადოქრობას თუკი მიმართავ.
ეცადე, თავი შეიკავო ამდენ ავიდან,
რადგან, ძვირფასო, შენს დაცემას მე ვერ ავიტან.

125.
ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს,
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.
გაკოტრებულა განდიდების ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ძაძებად.
მე კი შენს გულში დამაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.
განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!


9
10410
23-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
10410
  
მართალი ბრძანდებით ბატონო ზურაბანდ ,პრობლმები საძებარია თარგმანში. ის მაინც გენიოსი იყო.
2016, 2 მაისი, 13:42
ბატონო პლატონ მეც მაგ აზრის ვარ , მაგრამ ინგლისური ენა ლათინურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, იქ კი იმ ხანაში რა დონეზე იყო ტარტოლოგიური პრობლემები გასარკვევია...
მართალი ბრძანდებით ბატონო ზურაბანდ, თუმცა მე გამოვთქვი ჩემი პირადი აზრი ,მე მაინც მივიჩნევ, რომ უილიამ შექსპირი ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი იყო, მაგრამ ტარტოლოგიას ვერ გავექცევით.
2016, 1 მაისი, 23:02
მაგრამ ის გენიოსი იყო!...
მე როგორც გამოცდილი ფილოლოგი ბ. პლატონ ჭიაბრიშვილი უილიამ შექსპირს ვაფასებ როგორც უმაღლესი ინტელექტის მქონე კაცი,თუმცა მე ვარ ასევე კრიტიკოსი და ვაკრიტიკებ შემდეგნაირად:რადგანაც ის 66 სონატში ძალიან ხშირად იმეორებდა სიტყვა "რადგან"-ს და ეს ტარტოლოგიაა. ის იყო უძლიერესი, თუმცა არ დაიცვა გრამატიკა და ეს სამწუხაროა.
2014, 21 აგვისტო, 21:49
სონეტი 66 შექსპირის გენიაა
2013, 2 თებერვალი, 16:15
ჩემი საყვარელი სონეტია 66,ზეპირად ვიცოდი ერთ დროს:)
2012, 8 აპრილი, 2:26
რომეო და ჯულიეტა... :)
2012, 7 აპრილი, 23:09
თუ ეს თვალები მაგ ცრურწმენას მიირებს ნებით, ჩემო ცრემლებო ნაკვერჩხლებათ იქეცით მაშინ, დასწვით დადაგეთ შენიღბული ეს მწავლებლები, რომელბიც დღემდე არ დამარხულან ცრემლების ზღვაში
0 1 9