x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ხის კულტი ძველ მსოფლიოში
ხის კულტი ძველ მსოფლიოში


ხის კულტი უხსოვარი წარსულის უდავო დამახასიათებელი ნიშანია მრავალ ხალხში. ადამიანი თაყვანს სცემდა ან უბრალოდ მოწიწებით ექცეოდა საგანს, რომელზეც ბევრად იყო დამოკიდებული მისი ყოველდღიური არსებობა. ხე კი აძლევდა მზეში ჩრდილს, წვიმაში თავშესაფარს, აძლევდა ნაყოფს, საშენ მასალას. ხეს ეცემოდა მეხი, ეკიდებოდა ცეცხლი, ხეზე ჯდებოდა სიმბოლური ფრინველი. ყოველივე ეს პოულობდა სათანადო გამოძახილს. ეგვიპტეში, სადაც პაპანაქება სიცხეში მზე აცხუნებდა, თაყვანს სცემდნენ დიდ, ხშირფოთლიან ხეებს. თუ ხე სასაფლაოსთან იდგა, მის ტოტებზე სხდებოდნენ სულები და ხის ქალღმერთისგან იღებდნენ საჭმელ-სასმელს. ეგვიპტეში ხეს ცალკე ქალღმერთი არ ჰყავდა (საბერძნეთში ყოველ ხეს ჰყავდა თავისი ნიმფა - ჰამადრიადე, რომელიც ხესთან ერთად კვდებოდა: ჰამა - მყისვე, დრის - ხე), სამაგიეროდ იყო ცის ქალღმერთები (ჰათორი და ნუტი), ხე კი ჰყოფდა ცასა და მიწას, ან თვით ხე იყო ცის განსახიერება, რაზედაც ღმერთები ისხდნენ; ცის კიბე და სხვ. თაყვანს სცემდნენ ზეთისხილს (საბერძნეთშიც ის ღმერთქალის - ათენას ნაბოძებია). აკაციას, პალმას, განსაკუთრებით იშედს, რომლის ფოთლებზეც ქალღმერთი სეშადი ღმერთ თოთის ნება-სურვილს წერდა.


ხის კულტი ძველ მსოფლიოში


ინდოეთშიც, ინდის ველზე, ბუდას და შივას მიმდევრებს შორის ძლიერ გავრცელებული იყო ხის კულტი. თაყვანს სცემდნენ ლეღვის ხეს, ფიკუს ინდიკას, ფიკუს რელიგიოზას, რომელზედაც ღმერთები სხდებოდნენ. მათი ხელყოფა არ შეიძლებოდა, რადგან ასეთი ხე სულიერად, წმინდად ითვლებოდა. ზოგი ხე ფლობდა სასწაულებრივ ძალას, მსხვერპლის შეწირვას ითხოვდა (წყალს და სხვ.). ზოგი ხე არ აყვავდებოდა, სანამ სიყვარულით, სრულყოფილი ქალი მსხვერპლს არ შესწირავდა და ფეხით არ შეეხებოდა. მითებში და მწერლობაში აისახა რიტუალის ერთი სახეობა: ქალწული ქალი ხეს უნდა შემოხვეოდა და ეს იყო საქორწინო რიტუალი. ეს ხე წმინდა იყო.


საკურთხევლის ხეს ჩინეთში კაცი ვერ მოჭრიდა. სიცოცხლის ხე ძველ აღმოსავლეთში თაყვანისცემის საგანი იყო და აისახა რელიეფებშიც.


ხის კულტი ძველ მსოფლიოში


ძველ საქართველოშიც ხეს, მეტადრე ნამეხარ მუხას, სალოცავ ცაცხვს, ურთხმელს ანუ შაირას (ალბათ შუმერულ შამას, შამარერას გამოძახილი) დიდი საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა (ნ. ჭყონდიდი, კოლხეთის წარმართული სალოცავი მუხა). მას სიმბოლური ძალა ენიჭებოდა ("ალვის ხე რომ წაქცეულა...").

ცნობილია შუმერულ-ბაბილონური სიცოცხლის ხე, ბიბლიური სამოთხის (ედემის) სიბრძნის ხე და სკანდინავიური ხე - იფანი, სახელად იგდრაზილი. ამ ხეზე ჩამოიხრჩო თავი დიდმა ღმერთმა, ოდინმა, რათა ბუნების სიბრძნეს ჩასწვდომოდა. მისი ფესვები მთელ ქვეყნიერებას მოიცავენ და ქვესკნელს სწვდებიან. ამდენად, ის გამოხატავს სამყაროს მთლიანობას და განასახიერებს საიქიოსაც. მისი ფესვიდან მოედინება სიბრძნის წყარო, რაც მარჯვენა თვალის ფასად მიიღო ოდინმა.


ხის კულტი ძველ მსოფლიოში


სიცოცხლის ხის სიმბოლიკა აისახა ხელოვნებაში, ჰერალდიკაში, ფრესკებში, კერძო ჯვრების და ფასადების მოხატულობაში (სამთავისის მოხატულობა, სვანეთში დაცული ჯვრები, ჭედურობის ნიმუშები - XI საუკუნისა). სიცოცხლის ხე არის კოსმიური ხე, ხესთან დაკავშირებული კოსმიური სახე, სრულყოფილების სიმბოლო, ცნობილი ბიბლიაშიც. აღმოაცენა ღმერთმა. ხე ცნობადისა და ხე იგი ცნობად კეთილისა და ბოროტისა (შექმნ. 2, 9). გველმა მისი აკრძალული ხილის ჭამისკენ უბიძგა ევას. ბიბლიაში ჩაწერამდე დიდი ხნით ადრე ცნობილი იყო შუმერში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, ჰავაიზეც კი. ამ ხეში ხშირად განძია, იცავს გველი, დრაკონი. კოლხური დრაკონი ხოლკიკოსი მუხაზე დაკიდებულ ოქროს საწმისს დარაჯობს. შემეცნების ხის სიმბოლიკამ საყოველთაო გავრცელება ჰპოვა.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0